ვის და რატომ ხსნიან ზესტაფონის მერიაში?!

ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ უფროსის მოადგილე მაია კახნიაშვილი „ქრონიკა+“-სთან ზესტაფონის მერიაში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს. მისი თქმით, მერმა ის უკანონოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც კახნიაშვილმა საკუთარი უფლებების აღდგენა სამართლებრივი გზით სცადა.

უფრო კონკრეტულად, რით გამოიხატება ნეპოტიზმი და რა ეტაპზეა ახლა კახნიაშვილის საქმე?
„ქრონიკა+“ მაია კახნიაშვილს ესაუბრა:

_ მე ვიყავი არასამეწარმეო იურიდიული პირი, ზესტაფონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრის უფროსის მოადგილე, ასევე გახლდით სატენდერო კომისიის წევრი. სამსახურიდან გამათავისუფლეს ერთ-ერთი ტენდერის გამო. ტენდერი ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში მიიღო მონაწილეობა, არ ისურვა ხელშეკრულების დადება აღნიშნულ ა(ა)იპთან. მერის მოადგილე დავით მაღრაძემ 2019 წლის 18 დეკემბერს დაწერა მოხსენებითი ბარათი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტენდერის ჩავარდნასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად მიაჩნდა სამსახურიდან ჩემი განთავისუფლება, მერმა კი განთავისუფლების ბრძანება დაწერა ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. საქმესთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მერს ჩემი განთავისუფლების უფლება არ ჰქონდა. მან ულებამოსილებას გადაამეტა. მე ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ვიყავი. მართალია, იგი ამ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელია, მაგრამ განთავისუფლების უფლება არ ჰქონდა. დებულების თანახმად, მე მნიშნავდა და მათავისუფლებდა მხოლოდ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი.
_ მხოლოდ თქვენ გაგათავისუფლეს ამ მიზეზით სამსახურიდან?
_ მეორე მოადგილეც გაუშვეს და ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელს განცხადება დააწერინეს პირადი განცხადებით წასვლის შესახებ, თუმცა მერმა დააწერინა. ჩემი უფლებების აღსადგენად ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მივაკითხე. 2020 წლის 17 მარტს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენით ჩემ სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. 2020 წლის 18 მარტს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა ოლეგ შველიძემ გამოსცა ბრძანება და ჩამირიცხეს სამი თვის განაცდური თანხა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სამსახურში აღდგენამდე ჩემი ხელფასი ყოველთვიურად უნდა ჩამირიცხონ. ასევე სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი. მე მივმართე იმერეთის აღსრულების ბიუროს, რომ სისრულეში მოეყვანა სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ აღსრულების ბიურომ ჩემ სასარგებლოდ აბსოლუტურად არაფერი გააკეთა. მერიამ და დასუფთავების სერვისცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრად განიხილეს და დაუყოვნებლივი აღდგენა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რაც სააპელაციომ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს მთლიანი გადაწყვეტილება. სააპელაციომ ამ შემთხვევაშიც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სამსახურში არ აღმადგინეს. არაერთხელ მივმართე პროკურატურას განცხადებით, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის შემდეგ ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ოლეგ შველიძემ წერილობით მომმართა და იმავე სამსახურში სპეციალისტის პოზიცია შემომთავაზა, ხელფასი ამ პოზიციაზე 700 ლარია, მე კი ხელფასი 1120 ლარი მქონდა, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. მათ შემოთავაზებულ პოზიციაზე ვაკანსია ნამდვილად არ იყო, ეს გახლდათ თამაში, სატყუარა. მათ თუ ამაზე დავთანხმდებოდი, ისინი ჩემ მიმართ ყველა ვალდებულებას იხსნიდნენ.
_ რა გიპასუხათ პროკურატურამ თქვენს წერილზე?
_ პროკურატურამ მომწერა, რომ ეს საქმე საოლქო პროკურატურაშია გადაგზავნილი შემდგომი მოკვლევისთვისო. ამ საქმეს მოკვლევა რად უნდოდა, როცა სასამართლო გადაწყვეტილებები წინ ედოთ?! თავდაპირველად ამბობდნენ, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოშია და დაველოდოთ, იქნებ, აპელაციამ მათთვის გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანოსო. მეც დაველოდე, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც არაფერი ხდება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ჩემი დაუყოვნებლივი აღდგენა გასაჩივრებასაც კი არ ექვემდებარებოდა.
_ რა იყო სამსახურიდან თქვენი განთავისუფლების რეალური მიზეზი?
_ ჩვენი განთავისუფლებიდან მეორე დღესვე მერმა უახლოესი მეგობარი დანიშნა ხელმძღვანელ პოზიციაზე; მოადგილეებადაც ასევე მეგობრები დანიშნა. ჩვენ გამოგვიშვეს. უბრალოდ, ისინი ჩვენ გასაშვებ მიზეზს ელოდებოდნენ, რადგან ვაკანსიები შეექმნათ საკუთარი ახლობლებისთვის. როდესაც გიორგი გოგლიჩიძე 2017 წელს დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს არჩევნებზე, მისი მხარდამჭერები დაასაქმეს. მერს „ვალი“ ჰქონდა გასასტუმრებელი და უპატრონო ადამიანების ხარჯზე ეცადა, ისინი დაესაქმებინა.
_ ამ ეტაპზე რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?
_ ჩემი მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს! კატეგორიულად მოვითხოვ, დამაბრუნონ ჩემს თანამდებობაზე! _ ეს მკაფიოდ არის ნათქვამი სასამართლო გადაწყვეტილებაშიც, _ პირდაპირ წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღმადგინონ სამსახურში. მუდმივად მპასუხობენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ვაკანსია არ არის და ამიტომ სამსახურში ვერ დამაბრუნებენ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელფასი უნდა ჩამრიცხვოდა, თუმცა უკვე მე-13 თვეა, არ ჩაურიცხავთ, მხოლოდ სამი თვის თანხა ჩამირიცხეს.
_ რას გეგმავთ და როგორ აპირებთ უფლებების აღდგენას?
_ პროკურატურას მივმართე, თუმცა ფაქტია, _ უწყება მათ მხარესაა. არ იცავს სისხლის სამართლის კოდექსის არც ერთ ნორმას. პოლიციაშიც დავდიოდი გამოკითხვაზე, მაგრამ პოლიციის უფროსმა მიპასუხა: „მხოლოდ მე ხომ არ ვარ, ზემდგომი მყავს“, ე. ი. პროკურატურასა და პოლიციას შორის მომიწია სიარული, რის შემდეგაც ქუთაისის საოლქოში გადააგზავნეს საქმე. მერი ამბობს, რომ სამსახურში ჩემი აღდგენა მისი საქმე არ არის და ეს ა(ა)იპ-ს ეხება. მაშინ რატომ გამათავისუფლა თვითონ? ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვიცით, რომ მერის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ფაქტია, სამართლის ძიებაში გავიჭედე, ჩემს ხელთ არსებული ყველა კანონიერი უფლება გამოვიყენე, თუმცა შედეგი არ დადგა.

„ქრონიკა+“ ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ უფროს ოლეგ შველიძეს დაუკავშირდა, რომლის მიმართაც კახნიაშვილს პრეტენზიები აქვს და ამბობს, რომ შველიძე სასამართლო გადაწყვეტილებას არ აღასრულებს:
„მე ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად 2019 წლის დეკემბერში დავიწყე მუშაობა. მაშინ უკვე კახნიაშვილი ჩემი თანამშრომელი აღარ იყო, განთავისუფლებული დამხვდა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოვიყვანე ორი მოადგილე, რადგან ადგილები ვაკანტური იყო, მოადგილეების გარეშე ხომ ვერ ვიმუშავებდი?! ამის შემდეგ კახნიაშვილმა სასამართლოს მიმართა. მე რა უნდა მექნა? ვაკანტური ადგილი დღესდღეობით არ მაქვს, ჩემს თანამშრომლებს უკანონოდ ხომ ვერ გავათავისუფლებ და მაგას (კახნიაშვილს) ხომ ვერ მივიღებ?!
რაც შეეხება განაცდურს, ჩვენ კახნიაშვილს სამი თვის განაცდური ჩავურიცხეთ. მას შემდეგ საქმის ძიება მიმდინარეობს და თუ კიდევ მიმართავს სასამართლოს, კვლავ ჩავრიცხავ თანხას, პრობლემა არ არის“, _ აცხადებს შველიძე.

გარდა ამისა, ზესტაფონის მცხოვრები მაია კახნიაშვილი ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, კერძოდ, ქალაქი პარალიზებულია, რადგან ოთხი ქუჩა გადათხრილია და აგვისტოს შემდეგ მოსახლეობას გადაადგილება უჭირს:
_ არასრული დოკუმენტაციებით, არარსებული ლიცენზიით დაიწყეს ჭანტურიას ქუჩის გათხრა და სასარგებლო წიაღისეულის ქალაქიდან გატანა. ეს ქუჩა მეოთხე თვეა, საშინელ მდგომარეობაშია. თავის დროზე, გიორგი გოგლიჩიძე მაშინდელ მერ კახაბერ მახათაძეს ებრძოდა აქციებით. მთავარი თემა იყო, ჭანტურიას ქუჩა არ გადაეთხარათ და ის სიმდიდრე რაიონიდან უგზოუკვლოდ არ გადინებულიყო. როგორც კი მერი გახდა, მაშინვე დაიწყო ამ ქუჩის გადათხრა, ანუ რის წინააღმდეგაც იბრძოდა, იმის გაკეთება დაიწყო. ასევე მახათაძის მერობის დროსაც მახათაძემ უკანონოდ გაათავისუფლა თანამშრომლები, მათ შორის, ერთ-ერთმა, მერიის თანამშრომელმა იამზე არაქველიძემ, დაუყოვნებლივი აღდგენით მოიგო სასამართლო, თუმცა მერი არ ასრულებდა. მაშინ გოგლიჩიძე ამასაც აპროტესტდებდა და დღეს აბსოლუტურად იგივეს იმეორებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა გიორგი („რიჟა“) კაპანაძემ მოიპოვა ლიცენზია და სანაცვლოდ გზა უნდა გააკეთოს. თებერვალში ამოიღეს ქერქული ნარჩენები, 3-4 დღეში დაასრულეს ყველაფერი და იმის შემდეგ სამუშაოები მიტოვებულია. ეს ქუჩა ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩაა, ზესტაფონის ცენტრალური აგრარული ბაზარი სწორედ იქ მდებარეობს, ახლა კი იქ გავლა შეუძლებელია. გარდა ამისა, ჭანტურიას ქუჩა აკავშირებს კვალითის დასახლებას, სადაც არის ორი საავადმყოფო, ორი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღები, მოსახლეობას კი მისასვლელი გზა არ გააჩნია. 12 მაისს ადგილობრივმა მოვაჭრეებმა პროტესტი გამოხატეს, აქცია აქციაზეა. მრავალწლიანი ნარგავები წაქცეულია, სტიქიას დააბრალეს, ყველა ხეს ფესვები გადაუჭრეს და ძირი აღარ აქვს! სტიქია რა შუაშია?! ოთხი ქუჩა მთლიანად გადათხრილია, აგვისტოდან ასეთი მდგომარეობაა. ვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ და ადგილობრივებს ნორმალურ პირობებში გადაადგილების საშუალება მოგვეცეს.

ნენე ინჯგია