ლაშა ხუსკივაძე: „ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!“

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციური პარტიების კარვებს შორის, ნახავთ „მოძრაობა საქართველოსთვის“ კარავს, რომლის წევრებიც არჩევნების დღიდან დღემდე აპროტესტებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებასა და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების ხმების გაყალბებას. 6-თვიანი პროტესტის პარალელურად, არაერთი მოლაპარაკება გაიმართა დასავლელი პარტნიორების ჩართულობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია დამაჯერებლად და პრინციპულად გამოიყურებოდა მანამ, სანამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა 16-მა დეპუტატმა ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას მოაწერა ხელი. დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმაც“ მოაწერეს ხელი. დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს.

გასულ კვირას, 10 მაისს, კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის საპატიმრო დატოვა. ციხიდან მელიას გამოსვლას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზიციონერი ლიდერის წინასწარი პატიმრობიდან ევროკავშირის მიერ – 19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ – გადახდილ გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებაზე. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშეც, დღევანდელი მოცემულობით, მივიღეთ არა ერთპარტიული, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი.
„მოძრაობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ლაშა ხუსკივაძე „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ ბრძოლა გამარჯვებამდე იქნება, რადგან მათ უკან საქართველო დგას.

როგორია „მოძრაობა საქართველოსთვის“ სამოქმედო გეგმა? რა შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს და რა პოზიცია აქვთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ „მოძრაობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:

_ ლაშა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ციხიდან განთავისუფლდა, _ ეს ფაქტი თქვენთვის არის თუ არა კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი დამადასტურებელი და რაზე მეტყველებს მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე დათანხმება?
_ პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას ტყვეობიდან განთავისუფლებას. დიახ, ის იყო ტყვე საქართველოს ე. წ. ხელისუფლების ხელში, ეს არის მოცემულობა და როგორც არ უნდა შეფუთოს „ქართულმა ოცნებამ“, ამ მოცემულობას ვერაფერი შეცვლის.
რაც შეეხება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დასთანხმებოდა ევროკავშირის გირაოს მოცემულ სიტუაციაში, ეს იყო ყველაზე მახვილგონივრული გადაწყვეტილება. მელიამ გამოიჩინა მაღალი პოლიტიკური ინტელექტი და ხელისუფლებას სრულიად აუყირავა ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც გულისხმობდა 20 ივნისის შემზარავი დანაშაულების ამნისტირებას, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა ასცილდებოდა ყველა იმ ჯალათს, რომელმაც ადამიანები სასიკვდილოთ გაიმეტა _ თქვენ გახსოვთ, რომ მათ შორის იყო გიორგი გახარიაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე პირადად მადლობას ვუხდი ნიკა მელიას და წარმატებებს ვუსურვებ მას. ნიკა დღეს არის ევროპის მმართველი ორგანოს მიერ აღიარებული პოლიტიკური ტყვე, რაც „ქართული ოცნების“ ნამდვილი თავის ტკივილია. რაც შეეხება კრიზისის განმუხტვას, ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს. კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირველი: საყოველთაო პოლიტიკური ამინისტია, რაც გულისხმობს ეროვნული შერიგების აქტს და მეორე: ვადამდელი არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის პირობებში. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ შემადგენლობით სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. თუ ჩვენ შევძლებთ და უარს ვიტყვით პოლიტიკურ შურისძიებებზე, შევრიგდებით და ჩავატარებთ სამართლიან არჩევნებს, ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური ჩიხის დაძლევას. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაერთიანება, ისევ და ისევ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის.
_ „მოძრაობა საქართველოსთვის“ არჩევნების მეორე დღიდანვე აპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ამ მოცემულობით, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მოიტანა თქვენმა პროტესტმა?
_ დიახ, ჩვენ გვაქვს შეუგუებლობა გაყალბებული არჩევნების შედეგების მიმართ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. ეს ჩვენი სამართლიანი შეურიგებლობაა და არ ვაპირებთ ჩვენს სიმართლეზე, პრინციპებსა და ღირებულებებზე უარის თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, ვადამდელი არჩევნები, მიღწეული არ არის, ჩვენმა პროტესტმა საკმაოდ ბევრი წარმატება მოიტანა, მათ შორის, პოლიტპატიმრების თავისუფლება, პოზნერის გაძევება ქვეყნიდან, რომელიც პირდაპირი გაგებით ჩვენი, როგორც ერის ღირსების, გამარჯვება იყო, იგივე 5-დღიანი კარანტინის გაუქმება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და ა. შ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და ამას საქმით ვამტკიცებთ. „მოძრაობა საქართველოსთვის“ ყოველთვის იქ არის, სადაც ჩვენ მოქალაქეს სჭირდება თანადგომა _ ეს არის ამ მოძრაობის კრედო და მას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ. მოძრაობამ, რომელსაც მე წარმოვადგენ, გამოაჩინა მტკიცე ხასიათი და აგერ უკვე მე-6 თვეა, ვაკეთებთ იმას, რაც ვერავინ გაბედა. მეტიც, იყვნენ ადამიანები, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა დღეს ყველა აღიარებს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში სწორედ ჩვენ ვართ. ეს არის წარმატება და ამით მოძრაობის თითოეული წევრი ამაყობს!
_ ლაშა, „მოძრაობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ ამ დრომდე აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, რა შემთხვევაში შეწყვეტთ პროტესტს?
_ შევთანხმდეთ, რომ პროტესტი არის მრავალფეროვანი და იგი არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ კარვების ჭრილში. ჩვენ შეიძლება მოცემულობის შესაბამისად შევცვალოთ სტრატეგია და პროტესტის განსხვავებულ ფორმას მივმართოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული პროტესტის შეწყვეტად. პროტესტი შეწყდება მაშინ, როდესაც მივაღწევთ ჩვენს ძირითად მიზანს _ ვადამდელ არჩევნებს. მინდა, თქვენს მკითხველს განვუმარტო, რომ ვადამდელი არჩევნები ჩვენი ახირება არ არის. ჩვენ გვწამს და არგუმენტებიც გვაქვს, რომ ვადამდელი არჩევნები არის კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი და მოკლე გზა, პლუს ამას სამართლებრივადაც და მორალურადაც მართლები ვართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, რადგან ჩვენ უკან ანგარება კი არა ჩვენი ქვეყანა დგას!
_ მაშინ, როცა უკვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია, ახლა მთავარი კითხვა პარტიის მისამართით არის, შევლენ თუ არა პარლამენტში ისინი? როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხის შესახებ, უნდა დაიკავონ თუ არა საკუთარი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა?
_ არ შემიძლია გიპასუხოთ მათ ნაცვლად, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით: ამ საკითხზე ჩვენთანაც, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში, აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ესეც დემოკრატიის ნაწილია. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს და ამ არჩევნის წინაშე ისინი დიდწილად პარტნიორი ორგანიზაციების (რბილად რომ ვთქვათ) შეცდომების გამო დადგნენ. ოპოზიციის ნაწილის უპასუხისმგებლო ქმედებამ გააკეთა ის, რომ მოლაპარაკების შედეგად მაქსიმუმის ნაცვლად წამოვიღეთ მინიმუმი. ჩვენ ეს რეალობა არ აგვირჩევია, ჩვენ ამ რეალობის წინაშე დაგვაყენეს. ახლა ჩვენი ვალდებულებაა, ბრძოლა გავაგრძელოთ, რადგან ყველა სამართლიან ბრძოლას აუცილებლად მოჰყვება გამარჯვება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ოპოზიციის ნაწილის უპასუხისმგებლო ქმედებამ გააკეთა ის, რომ მოლაპარაკების შედეგად მაქსიმუმის ნაცვლად წამოვიღეთ მინიმუმი“, ფაქტია, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლომდე ვერ შეძლეს ერთობის შენარჩუნება და მათმა ნაწილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას, _ რამ განაპირობა ეს მოცემულობა?
_ პირდაპირ გეტყვით, _ რიგი პარტიების პოლიტიკურმა გამოუცდელობამ! პარტიები, რომლებმაც გაუგებარ დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ახლა არკვევენ, თუ რას მოაწერეს ხელი, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. დატყვევებულ ნიკა მელიას რომ თავი დავანებოთ, მათ ელემენტარულად საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ ჰკითხეს აზრი. მარტივ ექსპერიმენტს მივმართოთ: (თანამედროვე ტექნოლოგია ნამდვილად გვაძლევს ამის საშუალებას) სოციალურ ქსელში ჩავატაროთ გამოკითხვა და ვნახავთ, თუ რა მხარდაჭერა აქვს აღნიშნულ დოკუმენტს!
იცით, რატომ ვსაუბრობ ასე დარწმუნებით? _ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა პარტიის ამომრჩეველთან მომიწია შეხვედრა, ვიცი მათი პოზიცია.
_ ჯერჯერობით პოლიტიკური კრიზისი კვლავ კრიზისად რჩება. თქვენი აზრით, რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი?
_ ამაზე დიდი ილიას სიტყვებით გიპასუხებთ: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის… ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“ დიახ, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და წარმატებისთვის!
ინტერვიუს ბოლოს, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა: მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ გაიმარჯვოს და ვიღაც კომფორტის მოყვარულმა ადამიანებმა მეტი კომფორტი მოიწყონ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის წარმატებისთვის ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ბრძოლა ჩვენი შვილების ბედნიერი ბავშვობისთვის, ბრძოლა ჩვენი თაობების უკეთესი განათლებისთვის, ბრძოლა ჩვენი ბებია-ბაბუების ღირსეული სიბერისთვის, ბრძოლა ჩვენი ემიგრანტების სახლში დაბრუნებისთვის, ბრძოლა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებისთვის და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და თავმოყვარეობისთვის. გჯეროდეს, საქართველო! გჯეროდეს, რომ ამ ქვეყანას მთავარი წარმატებები წინ აქვს. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა! _ აი, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საძირკველი!

ნენე ინჯგია