კონსტანტინე ფორჩხიძე: „ისრაელის კრიზისი მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა არ გახდება“

ბოლო დღეებია, მსოფლიოს ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ სარაკეტო თავდასხმები პირდაპირ იერუსალიმზეა მიმართული. ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის გამწვავებულ კონფლიქტს სულ 174 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, _ 47 ბავშვი.

საერთოდ, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი არახალია და ეს დაძაბულობა, შეიძლება, ითქვას, უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს, ანუ ბიბლიის თანახმად, ებრაელები თავიანთ მიწას სხვადასხვა სახელს ეძახდნენ _ ისრაელს, ქანაანს, სამარიას, გალილეას და ა. შ. მათ სწამდათ, რომ ღმერთმა ეს მიწები გადასცა უძველეს ებრაელებს _ მოსეს, აბრაამს და მის შთამომავლობას. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, როგორც მათთვის აღთქმულ მიწაზე და უამრავი ომი გამოიარეს ტერიტორიის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ ის მიწა, რომელზედაც ისრაელი მდებარეობს, უამრავმა სახელმწიფომ დაიპყრო, მათ შორის, მიდიამ, სპარსეთმა, რომმა და ა. შ. ბიბლიაში მოთხრობილია ებრაელთა ყოფა სხვადასხვა დამპყრობლის მმართველობის ქვეშ, აღწერილია მათი გამარჯვებებისა და დამარცხებების ამბავი, მათთვის მოვლენილი სასჯელებისა და ბედნიერი ხანის პერიოდი.
რომის იმპერიის მიერ აღნიშნული ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ უამრავი ებრაელი გააძევეს რომაელებმა საკუთარი მიწა-წყლიდან და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მხოლოდ XX საუკუნეში მოახერხეს მათ გაერთიანება.
ებრაელები საკუთარ თავს უწოდებდნენ „ისრაელიანელებს“, „იუდეველებს“ და ა. შ., როგორც ბიბლიაში არიან მოხსენიებულნი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი გააძევეს, თანდათან დასახლდნენ ეთნიკურად არაბები, რომელთა რიცხვიც მუდმივად იზრდებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა საცხოვრებლად, ბრიტანეთის მიერ ისრაელის ამჟამინდელი ტერიტორიის ექსპანსიის გამო.
ებრაელებს მუდმივად ჰქონდათ თავიანთი მიწის დაბრუნების იმედი, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა „სიონიზმი“, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და რომლის მიზანიც ებრაელების გაერთიანება და ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა მათ აღუთქვა, როგორც ებრაელთა მიწა. ეთნიკურად არაბთა მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ თანდათან იზრდებოდა ებრაული მოსახლეობის რაოდენობა ისრაელის ამჟამინდელ ტერიტორიაზე. ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, არაბები გამოეხმაურნენ და დაიწყო მცირე კონფლიქტი ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის, რომელმაც თანდათან გაცილებით ფართო სახე მიიღო. ვინაიდან ტერიტორია დიდი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყო, ბრიტანელები ებრაელთა სამხედროების დახმარებით ახერხებდნენ არაბთა მცირე ამბოხებების ჩახშობას.
დაპირისპირებულმა მხარეებმა თანდათან შექმნეს საკუთარი სამხედრო შენაერთები და შეიარაღება გააძლიერეს. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერო-ს ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1948 წელს, ისრაელი ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობამ მას სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭა. არაბულმა სახელმწიფოებმა _ ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ტრანსიორდანიამ, სირიამ, ლიბანმა და ერაყმა გადაწყვიტეს, გაერთიანებულიყვნენ პალესტინის დასახმარებლად და ომი გამოუცხადეს ისრაელს. ომი ისრაელის გამარჯვებით დასრულდა და უამრავ ეთნიკურად არაბს მოუწია ისრაელის ტერიტორიიდან არაბულ ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლა. ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაში კი გაერთიანდა ძველი პალესტინის თითქმის მთელი ტერიტორია, გარდა ორისა _ ღაზა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ღაზის სექტორს და დასავლეთ ბანკის ტერიტორია. ისრაელს მუდმივად ჰქონდა მცდელობა ამ ტერიტორიების შემოერთებისაც, თუმცა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში პალესტინამ, სხვა არაბული სახელმწიფოების დახმარებით, ღაზის სექტორთან არსებულ ტერიტორიაზე გაამკაცრა სასაზღვრო დაცვა და ისრაელს არ მისცა შესაძლებლობა, დაებრუნებინა რეგიონი.
1964 წლის 31 დეკემბრიდან ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ახალი ეტაპი დაიწყო. გამუდმებით მიმდინარეობდა ორივე სახელმწიფოს მხრიდან იერიშები, მათ შორის, გამორჩეულია 6-დღიანი ომი, რომელიც 1967 წლის ივნისში არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის მოხდა. ამ ომში გამარჯვებული ისრაელი დარჩა, რომელმაც კონტროლი მოიპოვა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. თანდათან კონფლიქტმა გაცილებით მასშტაბური ხასიათი შეიძინა და პრობლემის მოგვარება უფრო რთული გახდა.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამ სახელმწიფოებს შორის ომი ბუნებრივ მოვლენად იქცა. სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, გაერო და ნატო, ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ კონფლიქტში და მშვიდობიანად მოეგვარებინათ იგი. აშშ-მა არაერთი კონფერენცია მოიწვია, რომლებზედაც იქმნებოდა ებრაულ-არაბული კომისიები და მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, ორივე მხარის მოსმენა და პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიება. განსაკუთრებით საგულისხმოა 1993 წლის სექტემბრის შეთანხმება ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის დაიდო. შეთანხმების პირობები შემდეგი იყო, რომ უნდა შექმნილიყო პალესტინური ავტონომია ღაზის სექტორსა და იერიქონში, ასევე ჩამოყალიბებულიყო პალესტინის პოლიცია და ადმინისტრაცია. დიალოგი გაგრძელდა ვაშინგტონის შეხვედრაზეც, სადაც ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის სურვილი, თუმცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან არც ერთ მხარეს არ სურდა საკუთარი პოზიციის დათმობა. პალესტინა მოითხოვდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობა შეეჩერებინა და ყველა პოლიტპატიმარი გაეთავისუფლებინა, ისრაელს კი არ სურდა ამ პირობების დაკმაყოფილება და დიალოგის გაგრძელება ყოველგვარი მოთხოვნების წაყენების გარეშე სურდა. შესაბამისად, უთანხმოება სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა.
ასე იყო თუ ისე, ისრაელ-პალესტინის ურთიერთობა დღემდე მოვიდა. დღეს კი კონფლიქტი ისევ განახლდა. რა გახდა ამის მიზეზი? _ სამხედრო კონტრდაზვერვის თადარიგის ოფიცერი კონსტანტინე ფორჩხიძე კონფლიქტის განახლების მიზეზებზე საუბრობს და „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში არც რუსულ ფაქტორს გამორიცხავს:

_ თავის დროზე, „აი-სი-სის“ სახელმწიფო სახმელეთო ოპერაციით განადგურდა და ამ კატეგორიის ხალხის ნაწილი „თალიბებს“ შეუერთდა, ნაწილი კი _ „ჰამასს“. ერთი სიტყვით, ისინი ამ სიტუაციას არ ეგუებიან და, შესაბამისად, ისრაელი მათთვის ნომერ პირველი მტერია. სხვათა შორის, ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც, ალბათ, ასე იქნება.
ამ ხალხის უკან ირანი და ირანის ინტერესები დგას.
_ უფრო კონკრეტულად?
_ რომ არა ირანი და ირანული ფუნდამენტალიზმი, ეს პრობლემა შესაძლოა, არც დამდგარიყო.
ერთი სიტყვით, ის, რაც დღეს ხდება, პრაქტიკულად, ისრაელზე შეტევაა, რათა ის ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩაითრიონ.
_ ისრაელის ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩათრევას ვინ ცდილობს?
_ პრაქტიკულად, ყველა.
_ კერძოდ?
_ რეგიონში რუსეთია შემოსული. მეტიც: სირიაში, პრაქტიკულად, დამკვიდრებულია, ანუ სირიაში იგივე რეჟიმი შენარჩუნდა, რაც მხოლოდ რუსეთის კი არა, ირანის ინტერესებშიცაა.
საერთოდ, ისრაელის სახელმწიფოს განადურება იმთავითვე ჯიჰადის მიზანია. სხვათა შორის, ისრაელის სახელმწიფოს განადგურება მხოლოდ ჯიჰადის კი არა, „ალ ქაიდას“ საპროგრამო მიმართულებაც იყო. ამ დაპირისპირების კიდევ ერთი ნაპერწკალი კი ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება გახდა.
აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ პალესტინის სახელმწიფოს დაფუძნება ისრაელის სახელმწიფოს ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისრაელმა დათმო, რადგან მასზე დასავლეთიდან, მათ შორის, აშშ-დანაც ძალიან დიდი ზეწოლა იყო.
საბოლოო ჯამში, ჩახლართული სიტუაციაა და არსებობს ალბათობა, რომ დღევანდელი კონფლიქტი ძალიან სერიოზულად გაღვივდეს.
სხვათა შორის, ისრაელში გავრცელებულია ინფორმაცია და მთავრობის ოფიციალური პოზიციაცაა, რომ ლიბანზე იერიში მიიტანოს, რადგან „ჰამასი“ იარაღს, ძირითადად, ლიბანისგან ღებულობს.
_ ეს როგორ?
_ ამბოხებულებს, სხვადასხვა ქვეყნის გავლით, იარაღით მოვაჭრეები იარაღს ლიბანიდან აწვდიან. ცნობილი გენერალია ხალიფ ხაფდარი და არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ლიბანში ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ აეროდრომს აკონტროლებს.
ერთი სიტყვით, ეს ამბოხებულების ანკლავია, საიდანაც „ჰამასი“ იარაღს, ძირითადად, სირიის გავლით იღებს.
გარდა ამისა, მეორე გზაც არსებობს, რომლითაც „ჰამასი“ მარაგდება და ეს გზა ირანი, უფრო კონკრეტულად, ირანის სპეცსამსახურებია, რომლებიც ამბოხებულებს სარაკეტო კომპლექსებსაც აწვდიან. საუბარია ე. წ. მიწა-მიწაზე, რომლითაც დღეს ისრაელის ტერიტორია იბომბება. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი რაკეტაა, რომლის გაშვებაც მიწიდან ხდება და მეორე მხარეს ასევე მიწაზე ეცემა.
სამწუხაროდ, ამ კონფლიქტს მსხვერპლი მოჰყვა _ ოფიციალური ინფრომაციით, ასი ადამიანია დაღუპული, თუმცა არაოფიციალურად, უფრო მეტი, კერძოდ, 500-მდე გარდაცვლილზეა ლაპარაკი.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას აპირებს დ ამ ოპერაციას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ ამბოხებულების ე. წ. გვირაბებს, ანუ იმ ადგილებს არ გაანადგურებს, საიდანაც ისრაელი იბომბება.
_ ერთი ვერსიით, ამ დაძაბულობის მთავარი მიზანი პალესტინაში არჩევნების გადადებაა. ამაზე რას იტყვით?
_ შესაძლოა, მიზეზი ესეც იყო, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ კონფლიქტის ესკალაცია მივიღეთ.
საერთოდ, ასეთი კონფლიქტი ისრაელის ტერიტორიაზე პერიოდულად _ ათეული წლის განმავლობაში ერთხელ მაინც _ ხდება, თუმცა, თავის დროზე, როცა შეთანხმება შედგა, რამდენიმე წლის მანძილზე, მსგავსი არაფერი მომხდარა, ანუ არც „ჰამასს“ მიჰქონდა ისრაელზე შეტევა და, თავის მხრივ, პალესტინის ტერიტორიას, კერძოდ, ღაზის სექტორს არც ისრაელი ბომბავდა.
ამერიკელებს ისრაელთან მიმართებით ძალიან სერიოზული პოზიცია აქვთ, ანუ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია იმის მომხრე არაა, რომ ეს კონფლიქტი უფრო მეტად გაიწელოს, რადგან ამას მთელ რეგიონში შესაძლოა, ცეცხლის გაჩენა მოჰყვეს და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტში სირიაც ჩაერიოს.
ასეთ დროს შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები სირიის ტერიტორიაზე გადავიდნენ და ისრაელის დაბობვა იქიდან დაიწყონ. გარდა ამისა, სირიაში „ალ ქაიდასა“ და „აი-სი-სის“ ყოფილი მებრძოლების პატარ-პატარა დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც ამ კონფლიქტის ესკალაციას შეეცდებიან. ყველაფერი ეს კი რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების ტოლფასი იქნება, რომელშიც სირიასთან ერთად, ირანი და შეიძლება, თურქეთიც ღიად ჩაერთოს.
_ ყველაფერი ეს საქართველოზეც იმოქმედებს?
_ რა თქმა უნდა, რადგან საქართველოც დიდი აღმოსავლეთის ნაწილია და შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიიდან მებრძოლების გადასვლის საშუალება ისევ გაჩნდეს. იგივეს თქმა თურქეთზეც შეიძლება.
სხვათა შორის, ყველაფერი ის, რაც ისრაელში ახლა ხდება, რელიგიური დაპირისპირების ნიშნებს ატარებს.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, ბატონო კოტე?
_ რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, როგორც წესი, ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს ხოლმე.
გარდა ამისა, ყველაფერ ამას სამოქალაქო ომის ხასიათიც აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადან ეს პირდაპირ ისრაელის სახელმწიფოებრიობას ურტყამს.
ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან უნდა იყოს კავშირში _ იგივე პალესტინის მუსლიმური თემი ამ ფაქტს დღემდე ვერ ეგუება. ასევე ვერ ეგუებიან ირანელი ფუნდამენტალისტები და ისეთი ტერორისტული ორგანიზაციებიც, როგორიც, მაგალითად, „ალ ქაიდაა“.
გასაგებია, რომ ხელმძღვანელები განადგურდნენ, მაგრამ „ალ ქაიდა“ არსად წასულა და ეს ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოსთვის ისევ ნომერ პირველი საფრთხეა!
ისე, სხვა რამეც მენიშნა.
_ კერძოდ?
_ ამერიკელებმა თავიანთი სამხედრო დამკვირვებლები, რომლებიც ისრაელის ჯარზე არიან მიმაგრებულები, ისრაელიდან, პრაქტიკულად, გაიყვანეს. ლაპარაკია 120 ამერიკელ სამხედრო პირზე…
_ ბატონო კოტე, ისრაელის კრიზისის კვალი რუსეთამდე ხომ არ მიდის?
_ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ანდროპოვის განკარგულებით, „ჰამასს“ იარაღი მიეწოდებოდა და ეს დოკუმენტი პირადად მაქვს ნანახი.
სხვათა შორის, „ჰამასის“ ჩამოყალიბებაში საბჭოთა КГБ-ს დიდი როლი აქვს შესრულებული.
შეიძლება, დღევანდელ კონფლიქტში რუსეთი პირდაპირ ჩართული არაა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული ზემოხსენებული ურთიერთობა დღესაც გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, იარაღის უკანონო ვაჭრობის თემატიკის უკან რუსეთი რომ იდგეს, ამის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს სლობოდა ტეშიჩი, რომელიც ჩვენს რეგიონში იარაღის ძირითადი მომწოდებელია. ტეშიჩი იუგოსლავიის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც, თავის დროზე, საქართველოში დაფუძნდა.
_ ანუ?
_ არსებობდა ასეთი კომპანია _ „მელორ კორპორეიშენი“, რომელსაც, თავის დროზე, ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთანაც. ბოლო სკანდალი, რომელშიც სლობოდა ტეშიჩი და ეს კომპანია ფიგურირებდნენ, სულ რამდენიმე თვის წინ იყო.
_ რომელ სკანდალზე მიანიშნებთ?
_ ალბათ, გახსოვთ, არცთუ დიდი ხნის წინ აზერბაიჯანმა საქართველოს პრეტენზია წაუყენა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა იარაღი, რომელიც სომხეთში უნდა შესულიყო.
_ დიახ, ეს სკანდალი მახსოვს…
_ სხვათა შორის, ეს სლობოდა ტეშიჩი ის ადამიანია, რომელიც ლიბანის ამბოხებულებს იარაღს აწვდის.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ ტეშიჩი გაერო-ს ექსპერტთა მოხსენებაში 44-ე ნომერია.
_ გაერო-ს ექსპერტების ეს მოხსენება რას ეხება?
_ გაერო-ს უშიშროების საბჭომ შეადგინა სია, რომელშიც ცნობილი ალკასარი და სხვა ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც იარაღის უკანონო ვაჭრობის გამო დაკავებული არიან და აშშ-ში იხდიან სასჯელს. ზოგიერთ მათგანს 30 წელი ან სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
_ და ეს ტეშიჩიც ამ „შავ სიაშია“?
_ დიახ…
_ კოტე ბატონო, ისრაელის კრიზისი, რომელიც, თქვენი თქმით, შესაძლოა, მთელ რეგიონზე გავრცელდეს, მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა ხომ არ არის?
_ არა, არ მგონია, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა იყოს. ჩემი აზრით, ეს უფრო ენერგორესურსების გადანაწილებისა და სირიაში რუსეთის შესვლისთვის ბრძოლაა, ანუ რუსეთს სურს, რომ სირიის იმ პორტებზე, საიდანაც არაბული ნავთობის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი, კონტროლი დაამყაროს.
არაბეთს, უფრო კონკრეტულად, ოპეკი-ს ქვეყნებს, ევროპას ნავთობი რომ მიაწოდონ, შემოვლა სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანით უხდებათ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომლის წინაშეც დღეს დასავლეთი და აშშ დგას.
_ დღევანდელ კონფლიქტში აშშ-ის ინტერესებიც იკვეთება?
_ დიახ, იკვეთება, რადგან აშშ-ისა და საუდის არაბეთის ინტერესები, პრაქტიკულად, ერთნაირია.
აბა, გაიხსენეთ, საფრანგეთის პოზიცია როგორი იყო.
_ როგორი იყო?
_ ადრე სირიის პროტექტორ ქვეყნად ითვლებოდა და როცა სირიაში კონფლიქტი დაიწყო, საფრანგეთმა ძალიან ფრთხილი პოზიცია დაიჭირა.
სირიასთან თურქეთის ინტერესიც სწორედ ნავთობის მოპოვებას უკავშირდებოდა.
ერთი სიტყვით, წეღანდელი თქმისა არ იყოს, რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. ალბათ, გახსოვთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ყატარში შედგა ყატარის, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო ახალ სქემაზე, კერძოდ, ახალი სამკუთხედის ჩამოყალიბებაზე.
_ უკაცრავად, ეს ისრაელის კრიზისთან რა კავშირშია?
_ ასეთი კონფლიქტები, ბუნებრივია, რუსეთის პოზიციების გამაგრებას ემსახურება. ახლა ხომ ხვდებით, საუბარი რაზეცაა?
_ კი ბატონო, ვხვდები, მაგრამ ბოლოს, ბატონო კოტე, რეზიუმეს სახით, მითხარით, ისრაელის კრიზისი საქართველოს პირდაპირ არ შეეხება, ანუ რამე საფრთხეს უნდა ველოდოთ თუ არა?
_ ისრაელის კრიზისი საქართველოზე პირდაპირ არ აისახება, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ღმერთმა დაიფაროს და, დაშავდნენ. სხვათა შორის, ისრაელში საქართველოს ბევრი მოქალაქეა.
ამასთან, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს და პოზიცია არც ერთი მხარის მიმართ უნდა დააფიქსიროს და არც _ მეორის.

ვანო პავლიშვილი