გიორგი გიუაშვილი: „ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტში ჩასვრილი საქმეების „დასაკრიშად“ შევიდნენ“

გასულ წელს გიორგი გიუაშვილი იძულებული გახდა, ლეიბორისტული პარტია დაეტოვებინა. მისი ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურ მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა. ოპოზიცია ერთი მაგიდის გარშემო ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდა ხოლმე. გიუაშვილი ამბობდა, რომ აღნიშნული ერთობა არანაირ შედეგს არ მოიტანდა. იმის გამო ჩიოდა, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ზედმეტად ბევრი პოლიტნაგავი იყო თავმოყრილი. მას იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ პარლამენტის ბოიკოტი მხოლოდ მცირე ხანს გასტანდა და ოპოზიციის დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა.

რატომ არ სჯეროდა ოპოზიციური ერთობის? რატომ თქვა უარი ოპოზიციამ ბოიკოტზე? რა შანსი ეძლევა გარეთ დარჩენილ პარტიებს? რა ელოდება პარლამენტში შესულ ოპოზიციას? ვინ და რატომ გამოიყვანა პოლიტიკურ სცენაზე ლევან ვასაძე? _ ამის შესახებ გიორგი გიუაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გიორგი, თქვენ ყოველთვის პესიმისტურად იყავით განწყობილი იმ ოპოზიციური ერთობის მიმართ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იყრიდა თავს. რა იყო ამის მიზეზი _ შემადგენლობა, თუ იქ რამე ისეთს ხედავდით, რაც ოპტიმიზმის საფუძველს არ გაძლევდათ?
_ არა მარტო შემადგენლობა. ოპოზიციამ ძალიან ბევრი და სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ოპოზიციის ერთად დგომამ შედეგი გამოიღო. ამერიკა და ევროპა ყურებზე დადგა. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ მწვავე განცხადებებს. ისინი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდნენ.
პირველი და სერიოზული შეცდომა ოპოზიციამ გასული წლის მარტში დაუშვა. 8 მარტის შეთანხმებით, „ქართულმა ოცნებამ“ სატყუარა გადმოგვიგდო. 30 მაჟორიტარს ვგულისხმობ. არჩევნებზე სწორედ ამან ჩაგვაგდო ასეთ დღეში. არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, ივანიშვილის პარტია დამარცხდებოდა. ეს კარგად იცოდა ოლიგარქმა და ამიტომაც გადმოაგდო პროპორციულთან მიახლოებული სისტემა.
ხელისუფლება ოპოზიციას გასულ წელსაც ტყვეებით ევაჭრებოდა. იმ დროისთვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა იყვნენ. ახლაც იგივე განმეორდა. ამჯერად ხელისუფლებამ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას თავისუფლებით ივაჭრა ოპოზიციასთან. ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მხოლოდ ერთი პიროვნება დარჩა _ ეს ბიძინა ივანიშვილია. შექმნილი ვითარების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ხელსაყრელი დრო დადგა.
_ ვისთვის დადგა ხელსაყრელი დრო?
_ გარეთ დარჩენილი ოპოზიციისთვის. ვინც პარლამენტში შევიდა, სულგაყიდულები არიან, ხალხს უღალატეს და მათი მხარდაჭერა თბილ სავარძლებზე გაცვალეს. პარლამენტში შეთრევის გამო ხალხი მათ აუცილებლად აგებინებს პასუხს.
_ ამ შეფასების გამო სიძულვილის ენის გამოყენებაში დაგდებენ ბრალს.
_ მათ ქმედებას შეთრევა ჰქვია და მე სხვანაირად როგორ ვთქვა? ხალხსაც კი არაფერი ჰკითხეს, ისე შევარდნენ პარლამენტში. მგზნებარე არშესვლისტები ერთ წამში გარდაიქმნენ მგზნებარე შესვლისტებად. და ახლა ლამის ყველას მოღალატეს უწოდებენ, ვინც მათ ქმედებას არ ამართლებს. მათ აჰყვა შავბნელი მრევლიც, რომელსაც აზრი ვერ გამოაქვს და სხვის ქმედებას უკრავს ტაშს. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, მამალი თხა რომ დაიბღავლებს და მთელი ფარა აჰყვება: ბე, ბე, ბეეე.
_ მგზნებარე შესვლისტები ახლა ამბობენ, რომ პარლამენტის ბოიკოტმა აზრი დაკარგა. იქნებ, მართლა დაკარგა ბოიკოტმა აზრი? ამას რატომ არ უშვებთ?
_ ასეთი შეფასებებით მგზნებარე შესვლისტები საკუთარი ღალატის გამართლებას ცდილობენ. თავიდანვე არ მჯეროდა, რომ ოპოზიცია თავის დაპირებას ბოლომდე შეასრულებდა. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ. სიმართლე თუ გინდათ, ოპოზიციის მიმართ უფრო მეტი სკეპტიციზმი მქონდა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩემია და მინდა, კარგი იყოს. მინდოდა, ჩემიანების რიგებში ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ჭეშმარიტებაა, რომ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგებ, თუ შენს მხარეს ყველაფერი წესრიგში არაა. ოპოზიციაში ყველაფერი კარგად არ იყო, ამიტომაც ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი. ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ღიადაც ვაფიქსირებდი. ვამბობდი, რომ ოპოზიცია სერიოზულ შეცდომებს უშვებდა.
_ როდიდან დაიწყო ოპოზიციამ შეცდომების დაშვება?
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მოყოლებული ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს. იყო ნათელი პერიოდებიც, რასაც შედეგი მოჰქონდა, მაგრამ შეცდომები სჭარბობდა. თან იმ დროს ვუშვებთ შეცდომებს, როცა ხელისუფლება წამგებიან მდგომარეობაშია. ამ შეცდომებით კარგად სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი და ოპოზიციის გაბანძებას ახერხებს. ივანიშვილი სასწაულმოქმედი სულაც არ არის და ის, რომ ჩვენს გაბანძებას ახერხებს, ეს ოპოზიციის ბრალია. ვაღიაროთ? რუსი ოლიგარქი კი არ არის მაგარი, ჩვენ ვართ ძალიან სუსტები და უპრინციპოები.
_ რამდენჯერმე ახსენეთ, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვაო. იქნებ, არც იყო შეცდომა და ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებასთან პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე სარფიანად ივაჭრა?
_ მთელი ოპოზიციის საქციელს ვუწოდე შეცდომა, თორემ ვაჭრობაც იყო, როგორ არ იყო. თავიდანვე ვატყობდი, რომ ეს ერთობა გაურიგდებოდა ხელისუფლებას. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის, „ქრონიკა+“-სთანაც, რომ საქართველოში პოლიტნეხვის ტივტივი უნდა დასრულდეს. ჩემი ასეთი ხისტი დამოკიდებულების გამო იძულებული გავხდი, ლეიბორისტული პარტიიდან წამოვსულიყავი. მაშინ პარტიაში ჩემს ასეთ დამოკიდებულებას არ იზიარებდნენ. ჩუმად წამოვედი იქიდან, მოვერიდე ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას. არ მინდოდა, ოპოზიციისთვის ზიანი მიმეყენებინა. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ყველა არ გაიყიდებოდა.
მართალი რომ ვიყავი, ეს ბოლო მოვლენებმაც გამოაჩინა. ამ პოლიტნაგვიდან თუ არ გავთავისუფლდით, საქართველოს არაფერი ეშველება. ამ სულგაყიდულებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ. რა სარგებელი უნდა მოიტანოს ასეთმა ოპოზიციამ? მხარდამჭერები მათ არ ჰყავთ, ხალხთან არ დადიან, არიან ჩვეულებრივი 0%-იანი პარაზიტები. ამ ადამიანების გვერდით დგომა ვის რა ჯანდაბად უნდა? ასეთ ხალხს გვერდით რომ დაიყენებ, წაგებისთვის უნდა მოემზადო. არ მესმის, მარგველაშვილების, სამნიძეებისა და უსუფაშვილების გვერდით დგომა რატომ უნდა გინდოდეს?
ივაჭრეს თუ შეცდომები დაუშვეს, საბოლოოდ ოპოზიციამ პოლიტიკურად დაისამარა თავი. აქამდე თუ ხალხი ლანძღავდა ოპოზიციას, ახლა უკვე აგინებს. ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიცია ეზიზღებათ, ისე შეაჯავრეს ხალხს თავი. ამ ვითარებაში პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები კარგ მდგომარეობაში არიან. ისინიც კარგ მდგომარეობაში არიან, ვინც პარლამენტში არ შედის. მაგალითად, თაკო ჩარკვიანი და ლეიბორისტები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დავით ჭიჭინაძის მიმართ რაღაც სიმპათია გამიჩნდებოდა. ამ ადამიანმა ისე ზუსტად შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომ მის მიმართ პატივისცემით განვეწყვე. შესანიშნავი შეფასებები ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, _ მას რომ ვუსმენდი, ვისიამოვნე.
ახლა დაწყებულია შუის გაკრეფის, ანუ პოლიტიკური ველის გაწმენდის პროცესი: ერთ მხარეს დადგნენ „ქოცები“ და მეორე მხარეს არის ნამდვილი ოპოზიცია. „ქოცებში“ მოვიაზრებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, ელისაშვილს ოპოზიცია როგორ უნდა ვუწოდო? ან ხაზარაძისა და ჯაფარიძის „ლელოს“? არგაქოცებული ოპოზიცია ხალხისა და ქვყნის წინაშე მართალია. გაქოცებულები თავს იმითაც იმართლებენ, რომ დასავლეთი გვთხოვდა, პარლამენტში შევსულიყავითო. ეს ძალიან სუსტი არგუმენტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ.
_ არადა, დასავლეთი მართლაც სთხოვდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას.
_ ასე იყო. დასავლეთის აზრი გასათვალისწინებელია, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ხალხსა და ამომრჩველს უნდა სცე პატივი. სულგაყიდყულმა ოპოზიციამ ამომრჩევლის ინტერესები და ნება საერთოდ არ გაითვალისწინა.
_ ამომრჩეველს ოპოზიციისთვის არ მოუთხოვია, პარლამენტში ნუ შეხვალო, ეს ოპოზიციის ინიციატივა იყო. თავად თქვეს, არჩევნები გაყალბებულია და ამ პარლამენტში არ შევალთო.
_ თავად თქვეს და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ოპოზიცია რომ მართალი იყო, ამიტომაც დარბოდნენ ევროპელები აქ. სხვანაირად რომ გითხრათ, ოპოზიცია ხელისუფლებას მაზოლზე აჭერდა ფეხს. მთელი მსოფლიო ხედავდა, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი იყო. ეს ბერკეტები ახლა ხელიდან გაშვებულია. სულგაყიდულები იმას ამტკიცებენ, პარლამენტში შესვლა აუცილებელია, უამრავი კანონი გვაქვს მისაღები და შესაცვლელიო. ვის ატყუებენ,? ვინ შეაცვლევინებს უკვე მიღებულ კანონებს? ან რისი ახალი კანონების მიმღებები არიან? „ქართული ოცნება“ ამ მოღალატეებს ძაღლადაც არ ჩააგდებს. ამ თემაზე რამდენიმე ოპოზიციონერს ვეკამათე, მათ შორის იმათ, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებს. ერთ-ერთ მათგანს არგუმენტები რომ შემოელია, დამბლოკა.
_ შესვლას თუ აპირებდნენ, აბა, რატომ ქოლავდნენ ალეკო ელისაშვილს? იგივე არ გააკეთეს?
_ იგივე გააკეთეს. ვერანაირ ცვლილებებს ეგენი ვერ მიიღებენ და სპექტაკლები უნდა დადგან პარლამენტში. ჩვენც იძულებული ვართ, ამათ პოლიტიკურ კეკლუცს ვუყუროთ. შესულებს საერთოდ არ ადარდებთ სამშობლო და ხალხი. პარლამენტში პირადი ინტერესებისთვის შევიდნენ. დეპუტატებს კარგი ხელფასები აქვთ. ზოგიერთ ქალბატონს მაკიაჟისა და სალონებში წასასვლელი ფული შემოაკლდა და ასეთ დროს როგორ იფიქრებს ხალხზე ან ქვეყანაზე?!
_ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებია. ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ვადამდელის ბედი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. თქვენ რას იტყვით?
_ ვადამდელი არჩევნები იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებს, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ეს ძალიან კარგად მოეხსენება ოპოზიციას. კაცმა არ იცის, რა თამაში მიდის და რა გარიგებაშია შესული ოპოზიცია.
სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს, რომელი პარტია შევა პარლამენტში და ვინ გაიბანძებს თავს. მე ქვეყნისა და ხალხის ბედი მაღელვებს. აქცია არ გამომიტოვებია, ყველგან ვიყავი. სადაც საბრძოლი იყო, ყველგან ვიდექი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მთელმა ლეიბორისტულმა პარტიამ მხარი დავუჭირეთ გრიგოლ ვაშაძეს.
_ ეს გრიგოლ ვაშაძე ერთ-ერთი პირველი შევარდა პარლამენტში.
_ გრიგოლ ვაშაძეც ჩვეულებრივი სულგაყიდულია და ვნანობ, მას რომ ვუჭერდი მხარს. ოპოზიციის ერთობის გამო ყველა წყენა დავივიწყე. დავივიწყე ის წყენა, რაც „ნაციონალების“ მიმართ მქონდა. ვიფიქრე, ახლა ოპოზიციის ერთობაა საჭირო და პირადი წყენები გვერდზე უნდა გადაიდოს-მეთქი. მამუკა ხაზარაძის მიმართაც კი დავივიწყე წყენები. ამას თუ გავაკეთებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი.
_ ხაზარაძის მიმართ რატომ გქონდათ ასეთი მიუღებლობა?
_ მოგეხსენებათ, რომ მე ბორჯომიდან ვარ. მამუკა ხაზარაძე მთელ ბორჯომს ეზიზღება, არც მე ვარ გამონაკლისი. ეს ყველაფერი გვერდით გადავდე და ათვლის წერტილად 2020 წლის გაყალბებული არჩევნები ვაქციე. ჩემთვის მთავარი იყო, ამის შემდეგ ვინ როგორ მოიქცეოდა. ზემოთ ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობდით და დარწმუნებით გეტვით, რომ თუ ვინმეს არ უნდა იგი, ესაა პარლამენტში შესული ოპოზიცია. სამნიძე, ხაზარაძე, ელისაშვილი, სამადაშვილი ძლივს ეღირსნენ პარლამენტს და ესენი ვადამდელს დათანხმდებიან? გამორიცხულია. თბილი სკამები და ფრაქციები დაითრიეს და ახლა მაგათ პარლამენტიდან ვერავინ გამოიყვანს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ჩვეულებრივი საქულა და მაქულა. ესენი პოლიტიკაში თავიანთი ჩასვრილი საქმეების „დასაკრიშად“ მოვიდნენ. იმიტომ მოვიდნენ, ივანიშვილს რომ არ დაეჭირა. ვეუბნებოდი შალვა ნათელაშვილს, რომ ამნაირი ხალხის გვერდით დაყენება არ შეიძლება. სამწუხაროდ, არ დამიჯერა. შედეგი სახეზეა.
„ნაციონალები“ ამბობენ, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან და პარლამენტში თუ არ შევლენ, შესაძლოა თვითმმართველობა წააგონ. თვიითმმართველობის წაგების შანსი არის, მაგრამ სჯობს, თვითმმართველობის არჩევნები წააგო, ვიდრე პარლამენტში შეხვიდე და საბოლოოდ დაისამარო თავი. ნიკა მელიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის ერთი რამეა გაუგებარი: ამ ადამიანმა ბევრი უსამართლობა გამოიარა. მას თანამებრძოლებმაც უღალატეს. კაცი ამხელა პარტიის თავმჯდომარეა. ციხიდან გამოვიდა და ღიად არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
_ რასთან დაკავშირებით არ აფიქსირებს პოზიციას?
_ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ ადამიანმა იმდენი უსამართლობა გამოიარა, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტი იქნებოდა. მას აქვს იმის უფლება, რომ მაგიდაზე მუშტი დაარტყას და თქვას, _ ეს ასე უნდა იყოს! ნიკა ღიად არ აფიქსირებს პოზიციას. ინტერვიუს ჩაწერის მომენტამდე ასე იყო და აწი რა იქნება, ვნახოთ. კაცი ამხელა პარტიის თავმჯდომარეა და ცოტა უფრო მკაფიოდ უნდა ილაპარაკოს. გიმეორებთ, რომ მას აქვს უფლება, მაგიდაზე მუშტი დაარტყას და მოითხოვოს, რომ მის გადაწყვეტილებას პატივი სცენ.
_ ოფიციალურად ნიკა მელიაა პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადამწყვეტი სიტყვა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
_ გასაგებია, რომ მიშა მთავარია, მაგრამ ოფიციალურად ნიკა არის პარტიის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარე ცოტა უფრო ღიად უნდა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას. ნიკას მეტი თავდაჯერებულობა და ომახიანობა მართებდა. მე ეს ვერ დავინახე და ცოტა იმედგაცრუებული ვარ.
_ ოპოზიციის მიმართ დიდად ოპტიმისტურად განწყობილი არც ადრე ყოფილხართ, მაგრამ არც ასეთი პესიმისტი მახსოვხართ.
_ საშინლად იმედგაცრუებული ვარ. „ქართული ოცნება“, ეს ამხელა მონსტრი, არ დაშლილა და კიდევ უფრო ძლიერდება. მარტიდან მოყოლებული 15 მაისის აქციაზე საუბრობდნენ. ზოგი იმასაც კი გვპირდებოდა, ამ დღეს დასრულდებაო ბიძინა. 15-მა მაისმა ჩაიარა. სადაა ან აქცია ან დასრულებული ბიძინა? თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ აქციას. სოციალურ ქსელში ვიკითხე, რომელი წლის 15 მაისს ამთავრებენ ბიძინას-მეთქი და შემომივარდნენ, მლანძღეს. იყო 15 მაისი და სადაა აქცია? ხალხიც ელოდებოდა აქციას. არ შეიძლება, ამდენჯერ მოატყუო ამომრჩეველი. ჯარიმებაკიდებულ სამოქალაქო აქტივისტებზე არაფერს ვამბობ. ჯარიმები იქით იყოს და ამ სამოქალაქო აქტივისტებს, ფაქტობრივად, თავი ჰქონდათ გადადებული. ეს სულგაყიდულები კი ადგნენ და პარლამენტში შევიდნენ, თან უსირცხვილოდ იტყუებიან, „ოცნება“ იშლებაო. ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მონსტრი, სახელად „ქართული ოცნება“, არ დაშლილა, პირიქით, უფრო ფართოდ გაიშალა. ახალი ხალხიც შემოიმატეს.
_ ახალ ხალხში ვის გულისხმობთ?
_ ლევან ვასაძეს.
_ ვასაძეს ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს.
_ ვასაძე სერიოზულად ანგარიშგასაწევი ძალაა.
_ რატომ არის ანგარიშგასაწევი ძალა? რაღაც არასერიოზულად გამოიყურება.
_ შეიძლება, ლევან ვასაძე არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
_ ვინ უჭერს მხარს?
_ მომდურებული და ბნელი „ქოცები“ სულ მაგასთან წავლენ. მოძალადე და ბნელი ჰომოფობებიც სულ ვასაძის გარშემო მოიყრიან თავს. არ დაგვავიწყდეს გახარიას ფაქტორიც, ისიც „ოცნებაა“. ვასაძისგან განსხვავებით, მას უფრო ინტელექტუალი „ქოცები“ დაუჭერენ მხარს. ერთიც და მეორეც კარგად აიღებენ ხმებს. ოპოზიცია ვერ დადებს საერთო ჯამში 57%-ს. ეს არის ზღაპარი. ამას თავადაც გრძნობენ და ამიტომ შევიდნენ პარლამენტში, აბა, თბილ სკამებზე უარს ხომ არ იტყოდნენ? ხალხი ხედავს ამათ ღალატს და ხელისუფლებაზე მეტად მათ აგინებს. ეს განწყობა არჩევნების შედეგებზეც აისახება. ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე კატასტროფული შედეგი ექნება.
_ თუ მანამდე რამე არ შეიცვალა.
_ რა უნდა შეიცვალოს? პარლამენტში შევარდნილმა ოპოზიციამ საკუთარი თავის რეაბილიტაცია რომ შეძლოს, სასწაული უნდა მოხდეს. ხომ გეუბნებით, გახარია და ვასაძე წაიღებენ ძალიან ბევრ ხმას. „ტაბურეტკიანი“ მამაოებიც სულ ვასაძის მხარეს არიან. „ლელოზე“ მეტ ხმას ყველა ვარიანტში აიღებს რაინდი. ალბათ, ყველა აცნობიერებს, რომ პოლიტიკურ სცენაზე ვასაძე ახლა შემთხვევით არ გამოსულა. რუსეთმა ნახა, რომ მარტო გახარიას იმედად ვერ იქნებოდა და რაინდიც გამოიყვანა. ეს ყველაფერი ნარიშკინის გეგმის ნაწილია. წაართმევენ ოპოზიციას ხმებს და მერე ისევ ერთად „ოცნებაში“ იქნებიან.
_ ანუ ოპოზიციას არანაირი შანსი არ გააჩნია?
_ სულგაყიდულ ოპოზიციას არანაირი შანსი არ გააჩნია. დანარჩენს კიდევ შეუძლია რაღაცის შეცვლა. მთავარია, ეს სულგაყიდულები გვერდით აღარ გაიკარონ. ამით დროსაც დაკარგავენ და სახელსაც გაიფუჭებენ. პარლამენტში შევარდნას სჯობდა, მერობის საერთო კანდიდატები წარედგინათ. ეს მათ გამარჯვების შანსებს მოუტანდა, მაგრამ მათ პარლამენტში შესვლა ამჯობინეს და საკუთარი ჩასვრილი საქმეებს „დაკრიშვა“ დაიწყეს. მათთან თანამშრომლობა, როგორც უკვე ვთქვი, არ ღირს, ამიტომ გარეთ დარჩენილებმა უნდა შექმნან ერთობა და საერთო კანდიდატები დააყენონ. ამით მათ სერიოზული შანსი აქვთ. ოპოზიცია მათ კონკურენციას ვერ გაუწევს.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ გაუწევს?
_ იმიტომ, რომ ეგენი პოლიტიკურად უკვე დასამარებულები არიან. ხალხი მათ მხარს აღარ დაუჭერს. მერად მათ კანდიდატებს ვინღა აირჩევს? ასე რომ, დანარჩენმა ოპოზიციამ ცალკე უნდა იბრძოლოს. ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია. მოსახლეობის ეს განწყობა ოპოზიციამაც უნდა იცოდეს და პარლამენტში შესულებმაც.
_ ხალხის მხრიდან ძალიან დიდი ნეგატივი წამოვიდა და ეს შეუმჩნეველი, უბრალოდ, ვერ დარჩებოდათ.
_ აბა, რაღას ლაპარაკობენ თვითმმართველობის არჩევნების მოგებაზე? ეგენი არიან პოლიტიკურად დასამარებულები. მერამდენედ მოატყუეს ხალხი?! ამიტომაც არის, რომ ამომრჩველი არჩევნებზე აღარ დადის. თვითმმართველობის არჩევნებზე სულ არ მივა ხალხი.

შორენა მარსაგიშვილი