ნიკა ჩიტაძე: „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა პარლამენტში“

ვიდრე ოპოზიციური ძალები თავიანთი არითმეტიკით მისაღებ ხმებს ითვლიან, პოლიტიკურ ველზე ულტრარადიკალური პრორუსული ძალები გამოჩნდნენ.

რა შანსი აქვს ვასაძის ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას და რა უნდა გააკეთონ ოპოზიციურმა ძალებმა გამარჯვების მოსაპოვებლად? _ „ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგი, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ესაუბრა:

_ ბატონი ნიკა, საუბარი დავიწყოთ ლევან ვასაძის ახლად შექმნილი პარტიით. რამდენად აქვს მას ქართულ პოლიტიკურ რეალობაში წარმატების შანსი?
_ დავიწყოთ იმით, თუ რატომ მოვიდა ვასაძე პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პრორუსულ ძალას წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძის მოძრაობა. 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, მან 10% მიიღო, მესამე ადგილზე გავიდა მარგველაშვილისა და ბაქრაძის შემდეგ. მოგვიანებით, ბურჯანაძეს კონკურენტი გაუჩნდა „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელიც წარმოჩინდა მთავარ პრორუსულ ძალად. რუსეთმა ფსონი დადო ამ პარტიაზე. მისი წარმომადგენლები, როგორც ვიცით, რუსეთში სახელმწიფო დუმაში მიიღეს. მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ 3%-იც ვერ მიიღო (2016 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“ 5%-იანი ზღვარი გადალახა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებში ნაკლები ხმები მიიღო და მისი გავლენა შესუსტდა), რუსეთმა ფსონი დადო ვასაძეზე. როგორც ჩანს, რუსეთი იმედოვნებს, რომ ვასაძე უფრო მეტი ამომრჩევლის გადაბირებას შეძლებს და რატომ? _ მას აქვს ფინანსური რესურსები და შესაძლებლობა ექნება, ფილიალები ჩამოაყალიბოს საქართველოს რეგიონებში. მეორეც: ის სპეკულირებს ქართული ეკლესიის სახელით და ამიტომ შესაძლოა, მეტი მხარდაჭერა მიიღოს.
_ მხოლოდ სპეკულირებაა თუ გარკვეული ერთობა არსებობს?
_ თუ ერთობა არსებობს, მაშინ ღმერთმა დაიფაროს, შეიძლება ითქვას, რომ საპატრირქო რუსულ თამაშს თამაშობს, მაგრამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არიან მიტმასნილი ელემენტები, რომლებსაც სასულიერო პირებად ვერ მოვიხსენიებ, როგორი ლამაზი ანაფორაც უნდა ეცვათ და ლამაზი ჯვარი ეკიდოთ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის იდეებს ქადაგებენ პირდაპირ ან ირიბად. პირდაპირაა, როდესაც ამას დაუფარავად აკეთებენ და ირიბად, როდესაც აცხადებენ, რომ მარტო მართლმადიდებლური რელიგიაა ჭეშმარიტი და კათოლიკეები და პროტესტანტები მწვალებლები არიან და სხვ. ფაქტია, რომ ვასაძეს გარკვეული გავლენა აქვს ეკლესიის მრევლის ნაწილზე. შესაძლებელია, რომ მან ამ გზით მეტი ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად ვიცით, რომ საქართველოში მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მაინც ვფიქრობ, ვასაძეს გაუჭირდება იბრძოლოს ხელისუფლების მოსაპოვებლად. შესაძლოა, მან გარკვეული ნიშა დაიჭიროს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვასაძის პოლიტიკური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში.
_ თვითონ ლევან ვასაძის შესახებ რა იტყვით?
_ მე მას, სხვათა შორის, პირადად ვიცნობ, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაშინდელ პირველ საშუალო სკოლაში, ახლანდელ კლასიკურ გიმნაზიაში. ის ჩემზე უმცროსია, შემდეგ უნივერსიტეტშიც ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, მე გეოგრაფიულზე, ის გეო-ფიზიკის მიმართულებით. იქაც ვხვდებოდით, მაგრამ სულ სხვანაირი ადამიანი იყო მაშინ. ძალიან ევროპელობდა, ინგლისურად მშვენივრად მოსაუბრე გახლდათ და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვანაირი გახდებოდა. მან გარკვეული ბიზნესი განახორციელა რუსეთში და დიდი კაპიტალი დააგროვა იქ. მგონია, რომ ამან განაპირობა მისი პოლიტიკური სახეცვლილება. ვინც იცნობდა ვასაძეს ბავშვობიდან, ვერ წარმოიდგენდა მას ჩოხით და ეკლესიასთან, სხვანაირი ტიპაჟი არის. მგონია, რომ ის ეკლესიით უფრო მანიპულირებს.
_ ეს იმიჯია მისი და რეალურად ასეთი ადამიანი არ არის?
_ წარმოიდგინეთ, თავის დროზე, ძალიან სხვანაირი იყო, მარიაჟს რომ ეძახიან, „მოსვეცკო“ ტიპი, სლენგს გამოვიყენებ, ვისკი რომ უყვარდა და მიირთმევდა. დღეს სხვანაირ ტიპაჟად წარმოგვიდგება. გათვლა აქვს, რომ ჩოხით სიარულით, პირჯვრის გადაწერით, ლექსის თქმით (ეს უნარი აქვს), ბევრს აფიქრებინებს, რომ პატრიოტი ადამიანია…
_ ანუ ეროვნული და რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს?
_ დიახ, პარტიოტული და რელიგიური გრძნობებით თამაშობს, ამ დროს იცის, რომ რუსეთის აგიტაციას ეწევა.
_ როგორ ფიქრობთ, ეს კონკრეტულმა ძალებმა დაავალეს, თუ მისი არჩევანია?
_ შესაძლოა, დავალებულიც არის, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში საქმიანობდა, კაპიტალის დიდი ნაწილი რუსეთში დააგროვა, ალბათ, დავალებული არის. შესაძლოა, იქ დაამყარეს კავშირი, რუსეთში ფულს ისე არავის გააკეთებინებენ, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს.
_ რა მხარდაჭერის მიღებას შეძლებს ვასაძის ძალა?
_ თავისი ნიშა შეიძლება ჰქონდეს, ის ჩაანაცვლებს „პატრიოტთა ალიანსს“, იმედია, მეტი მხარდაჭერა არ ექნება.
_ მთავარი ოპოზიციური ძალა დილემის წინაშე დგას _ შევიდეს თუ არა პარლამენტში, თქვენი აზრით, რომელი ნაბიჯი უფრო სწორი იქნება?
_ დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლას. ეს ოპოზიციურ ფლანგს გააძლიერებს პარლამენტში. ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლებლობა ექნება, საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას ქუჩის აქციებზე.
ამასთან, „ქართულ ოცნებას“ დამატებითი პრობლემები ექმნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში. შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტშივე დაკარგოს უმრავლესობაა. ჩვენ ვიცით, უმრავლესობა დატოვა ექვსმა დეპუტატმა, ე. წ. გახარიას გუნდმა. თუ 10-15 დეპუტატი კიდევ დატოვებს მმართველ ძალას, მაშინ შესაძლებელი ხდება, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება დაკარგოს არა არჩევნების გზით, არამედ პარლამენტშივე _ ოპოზიციამ ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს და გადააყენოს მთავრობა.
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში ან მხოლოდ მისი ნაწილი შევა, უფრო გართულდება „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების გზით ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ რთულია. ვიცით, როგორ იყენებს იგი ადმინისტრაციულ რესურსს და სხვადასხვა თანხას, შემოწირულობებსა და სხვა ბერკეტებს.
_ მმართველი გუნდი ნიკა მელიას დისკრედიტაციას ცდილობს. თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს?
_ „ქართულ ოცნებას“, მგონია, ახლა არ აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილი უკვე შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და მმართველ ძალას უკვე შეუძლია განაცხადოს, რომ ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტია. რაც უფრო მეტად იქნება ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილი, მით უფრო გაიზრდება საფრთხე, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს უმრავლესობა.
_ ვინ შეიძლება იყოს ის 10-15 დეპუტატი, რომელზედაც თქვენ საუბრობთ? ხომ არ იქნება ეს კალაძის გუნდი?
_ მე უფრო გახარიას გუნდზე ვსაუბრობ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გუნდს სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კალაძის გუნდმაც დატოვოს უმრავლესობა. ამ შემთხვევაში, რეალობა ისაა, რომ გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და ის იკრებს ირგვლივ ადამიანებს, როგორც პარლამენტიდან, ასევე თვითმმართველობებიდან.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება სუსტდება.
_ ამ ფონზე რამდენად ახერხებენ გაძლიერებას ოპოზიციური ძალები?
_ ოპოზიციაში დღეს მაინც არსებობს გარკვეული უთანხმოება, ამიტომაც თუ ეს მოგვარდება, ოპოზიცია უფრო გაძლიერდება. პრობლემაა, რომ დღეს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ უთანხმოება, _ ერთი ნაწილი წინააღმდეგია პარლამენტში შესვლის, მეორე _ მომხრე. იმედია, ეს არ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის მიზეზი, როგორც მოხდა 2017 წელს, როდესაც მას გამოეყო „ევროპული საქართველო“.
_ მესამე ცენტრი, რომლის შექმნაზეც გიორგი ვაშაძე საუბრობს, რამდენად იქნება ოპოზიციისთვის საერთო გამარჯვების მომტანი?
_ რაც შეეხება მესამე ძალას, რის შესახებაც გიორგი ვაშაძე საუბრობს, ის არ გულისხმობს მხოლოდ მის პარტიას _ მისმა პარტიამ არჩევნებში მიიღო მხოლოდ 3%. აქ საუბარია, თუ ოპოზიცია გაიყო ორად, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა ცალკე და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები _ ცალკე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სამპოლუსიან პოლიტიკურ ცენტრზე.
არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად მიიღო ხმათა 48%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 27%, და დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს, დაახლოებით, 20%. შესაბამისად, მესამე ცენტრი თუ ჩამოყალიბდება, ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მათ შეეძლებათ ერთად მიიღონ, დაახლოებით, 20%. ვიმეორებ: ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრზე.
უმჯობესია, თუ ოპოზიციას კოორდინირებული მოქმედება ექნება, თუნდაც თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი, ეს მაინცდამაინც ნიკა მელია იყოს. ასევე სასურველია შეთანხმება მოხდეს სხვა თვითმმართველ ქალაქებთან, სადაც პირდაპირი წესით აირჩევიან ქალაქის მერები. მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ფრონტი არსებობდეს და ოპოზიციურმა პარტიებმა ამ შემთხვევაში გადადონ პირადი ამბიციები და საქართველოს ინტერესი უფრო მაღლა დააყენონ.

ირინა მაკარიძე