ლია მუხაშავრია: „საზოგადოება ოპოზიციისგან მკვეთრ ნაბიჯებს მოელის“

ოპოზიციის ექვსთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ, დღევანდელი მოცემულობით, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული. ოპოზიციის ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ადგილები დაიკავა და საპარლამენტო მუშაობას შეუდგა.
შეთანხმების დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად კი, თუ „ქართული ოცნება“თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ აიღებს, 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს, შესაბამისად, ოპოზიციას მოუწევს შეუდგეს თვითმმართველობის არჩევნების სამზადისს, რადგან სწორედ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები.

რა პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში? როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და უნდა ჰყავდეს თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ წევრ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

_ ქალბატონო ლია, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქცია ჩაიშალა, _ რით აიხსნება და რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და როდესაც ოპოზიციამ თარიღი გამოაცხადეთ, ამას საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა. თავიდანვე იყო თუ არა შეცდომა მასშტაბური აქციის თარიღის გადაწევა და მისი 15 მაისს დანიშვნა?
_ მგონია, ეს აქცია რომ ვერ შედგა და ჩაიშალა, ადამიანურად გასაგებია. ახლა არის დაბნეულობა, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. ბევრი რამ მოხდა მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი, განუჭვრეტადი. თავად ის, რომ ნიკა მელია 87 დღე იყო ციხეში, როცა ასეთი ტიპის ლიდერი მოაკლდა მოძრაობას, მაშინ როცა შიგნით არ არის ისეთი საიმედო და მყარი ერთიანობა, რომ მის გარეშეც ყველაფერი წავიდეს ისე, როგორც დაგეგმილია, _ ასეთი ექსცესები დასაშვებია. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ 15 მაისს აქცია აღარ შედგება. ამ აქციის მომზადებას სჭირდებოდა ძალიან სერიოზული წინასწარი სამუშაო, რომელიც მელიას გარეშე, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდებოდა და ეს არის მიზეზი, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამის გამო რაიმე სათაკილო ჩაიდინა. ახლა ყურადღება და ფოკუსი უფრო მეტად უნდა იყოს გადატანილი იმაზე, რომ შინაგანი დაძაბულობა და რღვევა შეჩერდეს. ეს ერთიანობა, რომელიც ასეთი მოსაწონი იყო ამდენი ხნის განმავლობაში, ახლა რამე ფორმით მაინც შენარჩუნდეს. თუ სრულად არ აღდგება, რაღაც ნაწილი მაინც შენარჩუნდეს.
_ დღევანდელი მოცემულობით, რამდენად არის ოპოზიციურ სპექტრში იმის რესურსი, რომ ერთიანობის შენარჩუნება მოხერხდეს მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტშია, ნაწილი კი გარეთ რჩება?
_ ჩემი აზრით, სოლიდარობის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ ნიკა მელიასთან არ იყო საუბარი ან წინასწარი შეთანხმება ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლაზე, ეს გახლდათ შეცდომა. ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ, განსაკუთრებით სოლიდარულები უნდა ვიყოთ იმ დროს, როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი პოლიტპატიმრის სტატუსით არის ციხეში. ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც პარლამენტში შევიდა, ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი აღმოჩნდა. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და პოლიტიკოსებიც ჩვენნაირი ემოციურები არიან. ამან შემოიტანა ის გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაზედაც ვსაუბრობდი. ამ ეტაპზე გასარკვევია, რა იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საბაბი, მიზეზი და მოტივაცია, რომ ამის მიხედვით გაირკვეს, როგორი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ ამ ადამიანებთან. ამის გარკვევას კი დრო სჭირდება. ეს არ არის იოლი ამბავი და არ მგონია, ეს ერთი-ორი შეხვედრით მოხერხდეს. ამიტომ ეს დაბნეულობა, რომელიც ახლა ძალიან აწყობს „ქართულ ოცნებას“ და არახელსაყრელია ოპოზიციისთვის, დროულად უნდა დასრულდეს და სინათლე, სიცხადე შევიდეს ვითარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, რომ ოპოზიცია კარგავს რეიტინგს და, ალბათ, საზოგადოების ნდობასაც.
_ ეს გაურკვევლობა დროულად უნდა დასრულდესო, აღნიშნეთ. რა გზით უნდა წავიდეს ახლა ოპოზიცია?
_ ალბათ, ვერავის ვუკარნახებ, რა გზით უნდა წავიდეს, მაგრამ ერთიანი პოზიციის გამომუშავება და მოქმედება როგორც პარლამენტს შიგნით, ისე პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციასთან უნდა იყოს კოორდინებული. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, რადგან ეს, უბრალოდ, უალტერნატივო ვითარებაა, მაგრამ მანამდე უნდა გაირკვეს ურთიერთობები იმ პარტიებთან, რომლებიც რჩებიან პარლამენტს გარეთ და მათ კოორდინებულად უნდა იმოქმედონ პარლამენტს შიგნითაც და გარეთაც. არ არის გამორიცხული, პარლამენტს გარეთ მოეწყოს აქციები, რომელთა მოთხოვნებს პარლამენტს შიგნით გააჟღერებენ პარლამენტში მოხვედრილი პარტიის წარმომადგენლები. პარლამენტში ყოფნა და დეპუტატობა ამ შემთხვევაში აძლიერებს ოპოზიციას. უბრალოდ, არ უნდა დაიქსაქსონ და გაიყონ პარლამენტს შიგნით და გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს შორის. პირიქით, მათ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, ამის გარეშე წარმოუდგენელია ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება. თუნდაც ამ პრაგმატული მიზეზით უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ფრონტით იმოქმედონ. მტერი და მოწინააღმდეგე ბევრია და ისინი შეეცდებიან, ამის საწინააღმდეგო გააკეთონ, მაგრამ საკმარისი გონიერება და გამჭრიახობა იქნება ოპოზიციაში, რომ ერთიანად, კოორდინებულად შეძლონ მოქმედება.
_ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ პოლიტიკური კრიზისი, გარკვეულწილად, განიმუხტა?
_ ჩვენთან კრიზისის განმუხტვა ასე მარტივად რომ ვერ მოხერხდებოდა, ეს, ალბათ, ყველასთვის ცნობილი იყო. შეიძლება, ევროპელები არ ფიქრობდნენ ასე, მაგრამ მელიას ციხიდან გამოშვება არ არის კრიზისის უპირობოდ დაძლევის შესაძლებლობა, რადგან ის დაპირისპირება, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაა, არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი რიტორიკა, ის ისევ იმეორებს ძველ „პოსტულატებს“. პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა შეტყობოდა შარლ მიშელის დოკუმენტის არსებობა და მისი იმპლემენტაცია. არანაირად არ გამოვა, თუ ხელისუფლება არ შეცვლის ამ ტონალობას, რადგან ეს არის დაძაბულობის მთავარი წყარო. ხელისუფლება სრულიად არაევროპულად იქცევა. მისგან არ მოგვისმენია არანაირი გონივრული არგუმენტი. ის ისევ კუნთების თამაშს მიმართავს და აშკარად ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ხელისუფლების დამცინავი ტონი არ არის დემოკრატიული საზოგადოებისა და დემოკრატი პოლიტიკოსების ენა და სიტყვაკაზმული საუბარი. ხელისულების ეს ტონი ქმნის, პირველ რიგში, დაძაბულობას და სანამ ეს შეიცვლება, ოპოზიციამ რაც არ უნდა სცადოს და გააკეთოს, ვითარება არ განიმუხტება.
_ ოპოზიცია ხომ არ აძლევს მიზეზს ხელისუფლებას, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ ტიპის რიტორიკით აგრძელებენ საუბარს?
_ ოპოზიციამ რაც არ უნდა ცუდი ტონალობით ისაუბროს, ეს მისი უფლებაა. საერთოდ, ვინ როგორ იქცევა, ეს მასზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ის, თუ რას ამბობს მოწინააღმდეგეზე. პირველ რიგში, ხელისუფლებას მოეთხოვება, შექმნას ისეთი ატმოსფერო, როდესაც ასეთი ტონალობა არ არის დასაშვები, მისაღები და არ არის სახარბიელო. გარემოს შექმნა სწორედ ხელისუფლებაზეა. როდესაც ისევ გრძელდება კობახიძის მუქარები და ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებებში დაბარებები, ასევე შეხსენება, რომ ვიღაცებზე საქმეებია აღძრული, თაროზე კი დევს, მაგრამ იმას ჩამოიღებენ, მაშინ, როცა ყველამ ვიცით, რა სასამართლო და პროკურატურა გვყავს ამ ქვეყანაში, ვერ მოსთხოვ ვერც ოპოზიციასა და ვერც საზოგადოებას, რომ იყოს ძალიან კორექტული, ევროპულად გაწონასწორებული, ამავდროულად, ეთიკურიც. ისეთ მოცემულობაში ვართ, გინდება, რომ ცოტა ხმამაღლაც იყვირო და არაეთიკური ფრაზებიც წამოისროლო. თუ ოპოზიციას ხელისუფლება დაემუქრება დაგიჭერო, ცხადია, ოპოზიცია ეტყვის, ვერ დამიჭერო. არასდროს ვყოფილვარ გიგი უგულავას ფანი და არასდროს მქონია მის მიმართ პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ როცა ამდენი წელია, ამ კაცს ხან ერთი ხან მეორე ბრალდებით იბარებენ, ერთხელ უკვე გამოუშვეს, როგორც პოლიტპატიმარი და ახლა ეუბნებიან, რომ ისევ შეგაბრუნებო, _ ეს უკვე სასაცილო ხდება. ასეთ ვითარებაში ოპოზიციას ვერ მოსთხოვ კორექტულობას. მე კარგად მესმის, ევროპელების აზროვნების სტილი და დამოკიდებულებები. ჩვენთან შექმნილი ვითარება და ხელისუფლების ცინიკური, აგრესიული ტონი არამც და არამც არ შეიძლება ოპოზიციას მიეწეროს. „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კომენტარებს რომ მოუსმენთ, რომელიც არანაკლებ სიძულვილის ენას მოიცავს და პიტალო ფრაზებით საუბრობს, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი და არანაირად არ ქმნის განმუხტვის შესაძლებლობას, რაც არ უნდა ოპოზიციასაც უნდოდეს და მთელი ქვეყანა დადგეს ხელისუფლების წინააღმდეგ და იყვიროს, რომ „არიქა, შერიგდითო“, _ ასე არ გამოვა ეს ამბავი. ხელისუფლებაა პირველ რიგში, პასუხისმგებელი.
_ ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ დაბნეულობა, რომელიც შექმნილია ოპოზიციურ სპექტრში, თუ არ გაირკვევა, „ოპოზიცია კარგავს რეიტინგს და ალბათ საზოგადოების მხრიდან ნდობასაც“. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო არ დაკარგოს?
_ ვფიქრობ, იქმნება ტენდენცია, რომ საზოგადოება ოპოზიციისგან მოელის მკვეთრი, გარკვეული და ძალიან ცხადი ნაბიჯებისა და პროგრამების შეთავაზებას. მოლოდინი უსაშველოდ გაიწელა. ამავდროულად, ჩვენი ცხოვრება ძალიან დამძიმდა. ახლა თუ ვინმეს რამის იმედი აქვს, ეს, ისევ და ისევ, ოპოზიციის იმედია. თუ ოპოზიცია არ შემოგვთავაზებს მკაფიო გეგმებს, რას, როგორ და როდის აპირებს, საზოგადოებაში იქნება იმედგაცრუების განწყობა, რომელიც ისედაც არის ამ ქვეყანაში. ოპოზიციას ჯერ შიდა საქმეები გაუხდა გასარკვევი და მოსაგვარებელი, შემდეგ საერთო პროგრამებზე უნდა იზრუნოს. ეს ყველაფერი ხელს უშლის ოპოზიციას, იყოს უფრო ქმედითი, შედეგიანი და საინტერესო.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ისევ გრძელდება. ოპოზიციამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს. გარდა ამისა, ქუჩის მასშტაბური აქციები ვერ შედგა. ოპოზიციურმა სპექტრმა რატომ ვერ დააჯერა სათანადოდ ქართველი ხალხი და დასავლეთი ბოლომდე იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა?
_ მგონია, რომ საზოგადოებას ამაში დარწმუნება არ სჭირდება და ყველა დიდი ხანია მიხვდა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა და გაყალბდა. დასავლეთი ამაში თუნდაც დარწმუნებულიყო და ღიად ეღიარებინა, ეს იქნებოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. მთელი ევროპა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, ახლა ცდილობს, რომ საქართველოში ჩააქროს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც მცირე მასშტაბისაა. დასავლეთს რომ ეთქვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორ მღელვარებას გამოიწვევდა! ამიტომ დასავლეთი ახლა თავს იტყუებს და ძალიან რბილად ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც _ შამფური. თან ამბობს, რომ არ იყო მთლად სამართლიანი არჩევნები, მაგრამ არც იმას არ ამბობს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ზღვარზე გადის ის ფრაზეოლოგია, რომელიც მოვისმინეთ და ვნახეთ მათ ანგარიშებში. ძალიან კარგად მესმის, რატომ ხდება ეს, მაგრამ საზოგადოების გონიერმა ნაწილმა, ვინც 31 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდა, ხომ დაინახა, როგორ ტარდებოდა ეს არჩევნები? ამ ნაწილს არ სჭირდება ვინმეს მხრიდან ამის დადასტურება. ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს სასამართლო. რანაირად უნდა დაარწმუნო ვინმე არჩევნების გაყალბებაში, თუკი სასამართლომ ეს არ დაგიდასტურა და კომისიამ ამაზე გადაწყვეტილება არათუ არ მიიღო, არამედ არც კი განიხილა?! როცა ევროსასამართლოს საქმეებზე ვმუშაობ, ყოველთვის ვითვალისწინებ, რომ ევროპელებს სხვანაირი ფილოსოფია და დამოკიდებულება აქვთ. ისინი საგნებსა და მოვლენებს სხვანაირად აღიქვამენ. სიმართლე გითხრათ, ევოპელებისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია, არჩევნები რომ გაყალბდება, საჩივარს რომ დაწერ, ამ საჩივარს არ განიხილავენ და სასამართლომდე ვერც მიაღწევს; იმ შემთხვევაში თუ სასამართლომდე მიაღწიე, იქ სამართლიანი გადაწყვეტილების ნაცვლად, იმისთანა სისულელეს გეტყვიან, რომ შეიძლება, ქუჩაში გაგიჟებული გამოვარდე. ამის გაგება ევროპელებისთვის ძალიან რთულია, თუ ამას არ ასაბუთებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. ამ სასამართლო გადაწყვეტილების მოპოვება კი ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, _ ეს ვიცით. მესმის ეს ამბავი, ასევე მესმის, რომ ევროპელებს არ სურთ, ნავთი დაასხან ჩვენს კოცონზე და კიდევ უფრო ააგიზგიზონ. ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში.
_ დამეთანხმებით, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია ქუჩის აქციები. რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ მასშტაბური აქციების ორგანიზება? დღემდე ხელისუფლება ოპოზიციის მისამართით ირონიულად აღნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მობილიზებას ახერხებენ და მმართველი გუნდი მუდმივად ითვლის თავებს.
_ ხელისუფლების მხრიდან ეს არის სრულიად მახინჯი წარმოდგენა საპროტესტო ღონისძიებისა თუ პროტესტის გამოხატვის თაობაზე, რადგან ერთი ადამიანი რომ რაღაცას აპროტესტებს, ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში საყურადღებოა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში მრავალრიცხოვანი აქციები იმართება, ცდება. სტრასბურგში რამდენჯერაც ჩავედი, ყოველ მეორე ჩასვლაზე საპროტესტო აქციას შევეჩეხე, ხანდახან მთელი ქალაქი იკეტება ხოლმე, მაგრამ რომ გითხრათ, იქ თავებს ითვლიან-მეთქი, ეს ასე არ არის. ადამიანები ქუჩაში რამის გასაპროტესტებლად რომ გამოდიან, მათი ყოველი ასეთი გამოსვლა ხელისუფლებისთვის საყურადღებოა. პროტესტს შედეგი მოაქვს, რადგან ამ ადამიანებს უსმენენ. ჩვენთან მივიღეთ სრულიად მახინჯი ვითარება, როდესაც თუ 10 ათას კაცზე მეტი არ გამოიყვანე, ხელისუფლება საერთოდ ყურს არ უგდებს პროტესტის მოთხოვნებს, _ ეს არის ანომალია. როდესაც აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები ვიღაცებს და განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს დასცინიან, ეს საერთოდ სიმახინჯეა და წარმოუდგენელი ამბავია. მაგალითად, თუ ერთი ადამიანი რამეს აპროტესტებს, მე უფრო მეტი სოლიდარობა მიჩნდება მის მიმართ, რადგან ის უმცირესობაშია და მას უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავუგდოთ ყური. ხელისუფლების ეს დამოკიდებულება კი სრული სიმახინჯეა და სიძულვილის ენა! საერთოდ, რა ემართებათ ადამიანებს, როცა თავებს ითვლიან აქციებზე, არ უნდათ ჩავიდნენ პროტესტის გამომხატველ ადამიანებთან და მათთან ელემენტარული დიალოგის და მოსმენის სურვილი არ უჩნდებათ, _ ძალიან მაინტერესებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთოდ ავიწყდებათ, რომ არჩევნები კიდევ მოვა და ეს მთავრობა შეიცვლება. ის, რომ ხელისუფლება სრულად დარწმუნებულია, არჩევნებს გააყალბებს და კვლავ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს იმ მოჯადოებულ წრეზე გვატრიალებს, რომელიც ამ სიმახინჯეებსა და ანომალიებს ქმნის, თორემ ევროპელებს რომ უთხრა, თუ 10 ათასზე მეტი კაცი არ გყავს გამოყვანილი, იმ აქციას რატომ უნდა მივაქციო ყურადღებაო, ეს მათთვის სრულიად დაუჯერებელი იქნება. რამდენჯერმე გადაათარგმნინებენ, ალბათ, თარჯიმანს, რომ დარწმუნდნენ, ეს ფრაზა მართლაც ასე იყო თუ არა ნათქვამი.
_ თვითმმართველობის არჩევნებამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი. როგორია „ტრიბუნის“ პოზიცია, _ უნდა იყვნენ თუ არა ოპოზიციის საერთო კანდიდატები?
_ აუცილებლად უნდა იყვნენ საერთო კანდიდატები, თან შეთანხმებული, რადგან ყველა დონეზე კოალიციისკენ მივდივართ. აუცილებლად კოალიციური იქნება ადგილობრივი საკრებულოები, მომავალი პარლამენტი და მთავრობა. კოალიციაში არის ძალიან დიდი უპირატესობები და სარგებელი. სწორედ ეს უნდა დაინახონ პოლიტიკოსებმა. ვფიქრობ, „ტრიბუნაში“ არ არის ამის აუცილებლობა, რომ პარტიის შიგნით ვინმეს დარწმუნება ამ ნაწილში მოგვიწიოს. ამ საკითხზე არ არის არც უთანხმოება და არც რამე დავა ან კამათი. ახლა აუცილებელია, რომ ამაში დარწმუნდნენ ის მსხვილი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ეჩვენებათ, რომ რაკი უფრო მეტი მხარდამჭერი და ამომრჩეველი ჰყავთ, მაინცდამაინც ყური არ უნდა დაუგდონ შედარებით მცირერიცხოვან ოპოზიციურ პარტიებს. არადა, ყველა პარტიაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანდიდატი, რომელზე უკეთესი არ არსებობს ამ მცირერიცხოვან და გაჭირვებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ამ ღრმა კრიზისიდან ამოიყვანონ ქვეყანა, ვისაც ეს შეუძლია. ისინი ამას გააკეთებენ არა მხოლოდ თავისთვის და საკუთარი პარტიისთვის ან პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, იმ რეგიონებისთვის, რომელშიც ცხოვრება, პრაქტიკულად, გაუსაძლისია: გაუკაცურებულია რეგიონები, ადამიანები ლუკმა-პურის საშოვნელად გარბიან ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი პირობებით, რათა სამუშაო იშოვონ. თუ ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ვერ შეთანხმდებიან და სათანადო ყურადღებას არ დაუთმობენ ამას, ახიც იქნება, რომ ოპოზიცია დამარცხდეს და საერთოდ მოუწიოს პოლიტიკური არენიდან გასვლა.
_ დღეს არსებული ვითარებით არის თუ არა ოპოზიციაში იმის რესურსი, რომ საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ?
_ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუკი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპარლამენტო ბოიკოტი მოვახერხეთ და ასე წარმატებით განვახორციელეთ, არაფერი გვიშლის ხელს, ესეც წარმატებით განვახორციელოთ, მით უმეტეს, ადგილობრივი არჩევნებისთვის მობილიზაცია გაცილებით უფრო იოლია. რა თქმა უნდა, მეტ დროს მოითხოვს, რადგან ლოკალურად უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ინტერესები, რესურსებს ყური დაუგდონ და სწორად გამოიყენონ. მთავარია, მონდომება და სწორი ორიენტაციის აღება, რომ არ შეგვეშალოს. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, ეს არის ამ საზოგადოების წინსვლისა თუ დასამარების ეტაპი. თუ ამას ასე დავინახავთ, ვფიქრობ, არავინ დაიშურებს არც ძალას და არც ენერგიას, ასევე არც გონებრივ შესაძლებლობას, რომ ეს მიზანი მიიღწეს. ჩვენ ახლა ქვეყანა უნდა ამოვათრიოთ ძალიან ღრმა ჭაობიდან და ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ეს უნდა მივანდოთ მხოლოდ მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი აქვს.
_ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია პარტიის მხრიდან საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია. რა ფორმით და როგორ ეცდებით თქვენი მთავარი გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანას? „ტრიბუნას“ თუ აქვს გარკვეული სტრატეგია შემუშავებული?
_ დავით ჭიჭინაძეს ეს სტრატეგია დიდი ხნის წინათ ჰქონდა. ის იყო ინიციატორი, რომ რეგიონებში კოორდინებულად მომხდარიყო შეხვედრები, ჩამოყალიბებულიყო ისეთი ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ივლიდნენ და იმოქმედებდნენ კარგად გაწერილი, ორგანიზებული გეგმის მიხედვით. ადგილობრივ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია ადგილებზე შეხვედრების ჩატარება და ამომრჩევლებთან პირისპირ საუბარი. დარწმუნებული ვარ, ამის განხორციელება პარტიას დავით ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით და ოპოზიციას არ გაუჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ამაზე მათი მზაობა და თანხმობა იქნება.
თუკი ვინმეს აქვს შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყანასა და ამ უიმედოდ განწყობილ, ძალიან გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოს, იმ თვალსაზრისით, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ეს არ გააკეთოს. თუ ვინმეს ამის გაკეთების უნარი აქვს, ყველამ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ამ ადამიანებს ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვაყენებინოთ ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ.

ნენე ინჯგია