მურმან დუმბაძე: „გაძლევთ გარანტიას, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და დავხვდები კიდეც!“

„უჭირს მოლდოვას _ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. დანიშნა ვადამდელი არჩევნები, იქნებ, საქმე გამოვასწოროო.
უჭირს სომხეთს _ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. დანიშნა ვადამდელი არჩევნები, იქნებ, საქმე გამოვასწოროო.
„არ უჭირს საქართველოს“ _ ზღვაზე გასასვლელი აქვს. მთელი მთავრობა ანაკლიაშია, ღრმაწყლოვან პორტს აშენებს? არაფერი გამოსასწორებელი არ აქვს? ამიტომაც არ ნიშნავს ვადამდელს.
მიდი, ბიძინ, ვეფხვი ხარ უსურიის!
P. S. ოო, რა მძიმედ დაზარალდები“, _ ამ სიტყვების ავტორი ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძეა.

საერთოდ, ბატონ დუმბაძეს ხატოვანი გამონათქვამები ახასიათებს. აი, მაგალითად, დღემდე გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მის მიერ ნათქვამი ფრთიანი ფრაზა: თუ „ნაცმოძრაობას“ მარჯვენით შემოხაზავთ, მარჯვენა გაგიხმებათ, თუ მარცხენით, მაშინ _ მარცხენაო. მარჯვენა-მარცხენასა და გახმობას მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისევ ახსენებს და იმასაც ღიად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვართან დახვდება.
მოკლედ, უნდა შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და რა „სიღარიბე“ აქვს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს? _ „ქრონიკა+“ მურმან დუმბაძეს ესაუბრა:

_ ბატონო მურმან, მართალია, დარწმუნებული იყავით, რომ ბოიკოტი, საბოლოოდ, ოპოზიციის გამარჯვებით დამთავრდებოდა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, გამარჯვებას „ოცნება“ ზეიმობს…
_ რაც არის, ეს არის!
_ მაინც, რა არის?
_ იცით, ოპოზიციამ რა თვალსაზრისით გაიმარჯვა?
_ არა, არ ვიცი და ამიხსენით…
_ ხელისუფლება ამბობდა, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიანო, მაგრამ გიორგი რურუა და ნიკა მელია ციხიდან გამოუშვა. ამასთან, „ოცნება“ იმასაც ამტკიცებდა, არჩევნები არაა გაყალბებულიო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაყალბებულია და ის ვერსიაც არსებობს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
მოკლედ, მიშელის ინიციატივით შედგენილი დოკუმენტი ურიგო არაა. ამ დოკუმენტის ერთადერთი სიღარიბე პროცენტებშია, მაგრამ ეს პროცენტები საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაძლიონ. მეორე სიღარიბე კი ისაა, რომ ამნისტიის კანონში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, რომ განთავისუფლება ყველას შეეხოს. მიუხედავად ამისა, უდავოდ ოპოზიციის გამარჯვებაა, რომ დოკუმენტში სიტყვა „ვადამდელი“ გაჩნდა და გიორგი რურუა, ასევე ნიკა მელიაც თავისუფალია. ოპოზიციაში კი იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებმაც მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს და როცა მელია საპატიმროში იყო, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და ჯერჯერობით არც ახლა აწერენ.
_ სიმტკიცეც კარგია და ისიც, რომ მიშელის დოკუმენტში სიტყვა „ვადამდელი“ გაჩნდა, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და, აპრიორი, ვადამდელი დაინიშნება?
_ გარანტია საქართველოს მოქალაქეა.
_ ანუ?
_ თუ საქართველოს მოქალაქეს უნდა, რომ ხელისუფლება შეცვალოს, შეცვლის და თუ არ უნდა, არ შეცვლის! მოკლედ, ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული. საერთოდ, ვინმეს მოიმედე არასოდეს ვყოფილვარ და ყოველთვის საკუთარ იმედზე ვარ ხოლმე! ვიცი, არჩევნებამდე საარჩევნო ყუთთან რას გავაკთებ და საჯაროდ რას ვიტყვი. დოკუმენტი ფორმალური მხარეა, თორემ სინამდვილეში, ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. დიახ, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქემ მარჯვენა და მარცხენა ხელით უნდა მიიღოს. სხვანაირად ხელისუფლება არ შეცვლილა და არც შეიცვლება. თუ მტკიცეები ვიქნებით, მტკიცე სახელმწიფოს მივიღებთ, მაგრამ თუ სუსტები ვიქნებით, სახელმწიფოც სუსტი გვექნება! ეს არის და ეს.
_ ბატონო მურმან, სიმბოლურია, რომ თქვენი პოლიტიკური ლექსიკონიდან მარჯვენა და მარცხენა არ ქრება.
_ დიახ, ასეა…
_ ისე, ისიც სიმბოლურია, რომ ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის საპარლამენტო სიის 41-ე ნომერი იყავით, ანუ დეპუტატი ვერ გახდით.
_ ეს ჩემი სურვილი იყო…
_ შეიძლება, მაგრამ ენმ-ს 41 ადამიანზე მეტი რომ გაეყვანა, დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, პარლამენტში შეხვიდოდით?
_ არა!
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ თუ გვინდოდა, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნების ქრონიკა ერთხელ და სამუდამოდ დაგვესრულებინა, პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით! ჩვენ სიმტკიცე გამოვიჩინეთ და მიშელის დოკუმენტი შედგა, მაგრამ ეს დოკუმენტი იმის გამო არ შედგა, რომ პარლამენტში ხათუნა სამნიძე შევიდეს!
_ სხვათა შორის, თინა ბოკუჩავაც ამბობს, პარლამენტში უნდა შევიდეთო და იგივე ზაალ უდუმაშვილიც…
_ კი ბატონო, მაგრამ ზაალ უდუმაშვილი სხვა სიბრტყეა.
_ „სხვა სიბრტყე“ რას ნიშნავს?
_ ზაალ უდუმაშვილი ამბობს, პარლამენტში შესვლის მომხრე ვარ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამომრჩეველს უნდა დავეკითხოო. ამასთან, უდუმაშვილი პარლამენტში არ შესულა და ეს სხვა საკითხია.
_ ანუ?
_ ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა და ახლა ზაალ უდუმაშვილი პარლამენტში რომ შევიდეს, არ გამიკვირდება და არც გავამტყუნებ.
_ რატომ?
_ არ ვარგა, როცა დოკუმენტს, რომელიც ნიკა მელიას საწინააღმდეგოა, მის ციხიდან გამოსვლამდე აწერ ხელს და ლაპარაკი სწორედ ამაზეა.
აი, თქვენ რომ სამსახურში მანქანით მიდიხართ, წითელი შუქნიშანი რომ ინთება, ხომ ჩერდებით ხოლმე?
_ დიახ, ვჩერდები, თუმცა შეიძლება, ვერ შევამჩნიო, რომ წითელი ანთია და მოძრაობის წესები დავარღვიო…
_ თუ დაარღვევთ, მაშინ საფასური უნდა გადაიხადოთ. საფასური კი გადაიხადა სამნიძემ, სამადაშვილმა და ყველა იმ პარტიამ, რომელიც პარლამენტში შევიდა _ დააკვირდით, მათ ამომრჩეველში რა ხდება.
ისე, რაკი წითელი ინთება, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ გზა საერთოდ არ არის. როცა მწვანე შუქი აინთება, ყველა გაივლის. მწვანე შუქი კი მაშინ აინთებოდა, როცა ის, ვინც დეპუტატი გაგხადა, გეტყოდა, პარლამენტში შედიო. აი, ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, ის ამბობს, აზრს იმ ამომრჩეველს შევეკითხები, ვინც საქართველოს პარლამენტში შემიყვანაო. ხათუნა სამნიძემ კი ამომრჩეველს არაფერი ჰკითხა. ისე არ გაიგოთ, რომ რესპუბლიკელებზე ნაწყენი ვარ. ამ პარტიაში არის, მაგალითად, თამუნა კორძაია, რომელიც პარლამენტში არ შესულა. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ახლა შევიდეს, მაგრამ მაინც ვერ გავამტყუნებ. სამნიძეს კი იმიტომ ვამტყუნებ, რომ არ შეიძლება, პარლამენტში იმის გარეშე შეხვიდე, ვინც დეპუტატი გაგხადა. აქამდე ხომ ერთად ვიყავით და პარლამენტშიც ერთად უნდა შევიდეთ ან არ შევიდეთ!
ვინც პარლამენტში შევიდა, ცხადია, ვერ დავხოცავთ _ ეს მათი უფლებაა და შესვლაც მათი პოლიტიკური ბიოგრაფიის ნაწილი გახდება. ისინი მე ვერ მიღალატებენ, მათ საკუთარ თავს უღალატეს!
_ საგულისხმოა, რომ ეს ადამიანები პარლამენტში შესვლას ღალატად არ აფასებენ, თუმცა ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ნიჰილიზმი უფრო გაუმძაფრდა. აი, მაგალითად, ბაჩო თამლიანი, რომელიც 20 ივნისის მონაწილეა, ოპოზიციის მისამართით პირდაპირ აცხადებს, თავი ხისთვისაც გირტყიათ, მე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის იმედიღა მაქვსო. უკმაყოფილება „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებსაც ეტყობათ, რომლებიც რამდენიმე თვეა, ქუჩაში დგანან და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
_ რა თქმა უნდა.
_ ამასობაში, 15 მაისის აქციაც გაუქმდა და იგივე მელიამაც განაცხადა, აქციის აზრს ვეღარ ვხედავო. არადა, პარლამენტში შესვლა-არშესვლის მიუხედავად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე კითხვის ნიშნები არ მოხსნილა და ამ მოცემულობის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, აქცია უნდა გაუქმებულიყო?
_ დააკვირდით, ბატონო ვანო, რა ხდება.
_ რა ხდება?
_ 15 მაისის აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო _ პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. მიშელის დოკუმენტითა და ოპოზიციის, უპირველესად, ნიკა მელიას სიმტკიცით, პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ. მართალია, ის, რაც დოკუმენტში წერია, არ ვარგა, მაგრამ ხელახალი არჩევნები ნახსენებია, თან ხელისუფლება ყველაფერს ხონჩით არ მოგართმევს. ჩემთვის მთავარი ამ დოკუმენტში ჩაწერილი პროცენტები კი არა, ისაა, რომ ახალი ტერმინი გაჩნდა. პარლამენტში თავიდანვე რომ შევსულიყავით, ეს ტერმინი არ გაჩნდებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება თამლიანს, იმ კაცს, რომელმაც პატრიოტული მოტივით „გავრილოვის ღამე“ დაგმო…
_ ისე, ბატონო მურმან, ხომ არ ელოდებით, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლა ერთგვარ განხეთქილების ვაშლად იქცეს და „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს?
_ რთული საკითხია.
_ რთული რატომაა?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შესულა.
_ ეს ვიცი, თუმცა იგივე სალომე სამადაშვილმა შეთანხმებას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოაწერა ხელი.
_ დიახ, სამადაშვილი შევიდა და ეს მორიგი სისულელე იყო, მაგრამ იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ თამლიანი ზემოხსენებულ განცხადებას გააკეთბდა. უამრავ ადამიანს თვალები დასთხარეს. ბოლოს და ბოლოს, 20 ივნისს 35 ჟურნალისტი დაშავდა და ამ ადამიანებს ნეგატიური დამოკიდებულება რომ ექნებოდათ, ამას სამადაშვილი შეგუებული უნდა ყოფილიყო, ანუ პარლამენტში პოლიტიკური პარტია კი არა, მისი წევრი ინდივიდუალურად შევიდა. საკითხი რთული ამიტომაცაა.
სხვათა შორის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლას პირველ ნოემბერსვე აპირებდა _ ვიცი, მაგალითად, პაატა მანჯგალაძის შინაგანი განწყობა და ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თაკო ჩარკვიანის მტკიცე პოზიციამ მაშინ „სტრატეგიას“ პარლამენტში შესვლა გადააფიქრებინა. ახლა აღმოჩნდა, რომ თაკო ჩარკვიანის მტკიცე პოზიცია სწორი იყო _ მართალია, ვადამდელი არჩევნები არ დანიშნულა, მაგრამ შეთანხმებაში სიტყვა „ახალი“ გაჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს სიტყვა შეთანხმებაში თაკო ჩარკვიანმა და მისნაირამა ადამიანებმა გავაჩინეთ, რომლებიც ყინვასა და სიცივეში ქუჩაში ვიდექით. საერთოდ, ჩვენ 30 წელია, ქუჩაში ვათენებთ და მტკიცედ ვიქცევით! ამ ქვეყანას სწორედ სიმტკიცე გადაარჩენს და არა _ პარლამენტში შესვლა!
პარლამენტში არშესვლა ძნელი საქმეა და ნიკა მელია ამ ძნელ საქმეს აკეთებს: პარლამენტში არა, მაგრამ სამაგიეროდ, ციხეში შევიდა. პარლამენტში რომ შესულიყო, ნიკას არავინ დაიჭერდა!
კი ბატონო, პარლამენტში უნდა შევიდეთ, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ჯერჯერობით, წითელია ანთებული და მაშინ უნდა გავიაროთ, როცა შუქნიშანზე მწვანე აინთება! ეს მწვანე კი ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები არიან და აზრიც სწორედ მათ უნდა ვკითხოთ!
_ კეთილი, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ხალხს ოპოზიციის ნდობა თანდათან ეკარგება. ჰოდა, გკითხეთ და ხელმეორედ გეკითხებით: რატომ გგონიათ, რომ ამომრჩეველი ოპოზიციის მხარეს ისევ დადგება, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ოპოზიციურ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ _ ექსპრემიერი გახარია და რაინდი ვასაძე, ანუ ოპოზიციური განწყობები, ასე ვთქვათ, გადანაწილდება.
_ დიახ, ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ დააკვირდით, რა ხდება.
_ რა ხდება?
_ პროცესები „ოცნების“ შიგნითაც დაიწყო.
_ ანუ?
_ მართალია, ოპოზიციამ გარედანაც შეუწყო ხელი, მაგრამ გაიხსენეთ, „მოქალაქეთა კავშირში“ პროცესები შიგნიდან განვითარდა _ ახალგაზრდული გუნდი აღმოცენდა, რომელმაც პარტიიდან გამოსვლა დაიწყო.
_ ე. ი., გახარიას იმდროინდელ სააკაშვილს ადარებთ, როცა შევარდნაძის პარტიის მხილება შიგნიდან დაიწყო?
_ არა, არ ვადარებ, რადგან გახარია სააკაშვილის დონეზე ვერასოდეს ამაღლდება. უბრალოდ, ეს პოლიტიკური პროცესია… საერთოდ, გახარია პოლიტიკაში ოპოზიციიდან არ მოსულა, სააკაშვილი კი სხვანაირად მოვიდა.
_ ბატონო მურმან, ალბათ, არ გახსოვთ _ სააკაშვილიც ჯერ ხელისუფლებაში იყო და მერე გაოპოზიციონერდა…
_ დიახ, სააკაშვილიც ოპოზიციაში ხელისუფლებიდან გადავიდა, მაგრამ ამ დროს პოლიტიკური განცხადებები უკვე გაკეთებული ჰქონდა.
კი ბატონო, გახარიაც ჩანს, ვასაძეც და სხვა პოლიტიკური პარტიებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ყველაფერი ეს პოლიტიკური კონკურენციის საკითხია, თან დამერწმუნეთ, „ქართული ოცნების“ წისქვილზე არც ერთი დაასხამს წყალს, არც _ მეორე და არც _ მესამე. ისინი „ქართულ ოცნებას“ დააზარალებენ.
_ მაშასადამე, ფიქრობთ, რომ „ოცნების“ პროექტი არც გახარიაა და არც _ ვასაძე?
_ შეიძლება, არის, მაგრამ ბევრი პროექტი მქონია, თუმცა დროსა და ვითარებაში აღმოჩენილა, რომ ეს პროექტი ჩემი საწინააღმდეგო იყო. მაგალითად, გახარია შესაძლოა, ივანიშვილის პროექტია, მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ ვიქნებით, მაშინ ეს პროექტი დაზარალდება.
_ როგორ?
_ გახარიაც „ქართული ოცნების“ ხმებს წაიღებს და _ ვასაძეც. დოკუმენტში კი ჩაწერილია, თუ „ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“, ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი სამადაშვილი და სხვები, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდება, გახარიასთან ან ვასაძესთან კოალიციას შექმნიან, ყველას გვეცოდინება, რომ ეს ხალხი „ოცნებასთან“ თანამშრომლობდა და, თურმე, თვალთმაქცობდა.
_ დავუშვათ, მე, როგორც რიგითი ამომრჩეველი, მივხვდი, რომ ზემოხსენებული სუბიექტები, თურმე, თვალთმაქცობდნენ და იმთავითვე „ოცნების“ თამაშს თამაშობდნენ, მაგრამ ამ მიხვედრით ჩემი ცხოვრება ხომ არ გაუმჯობესდება? მოკლედ, ამ პოლიტიკურ თამაშებს როდემდე უნდა ვუყუროთ?
_ აი, საქმეც სწორედ ეს არის.
_ მაინც, რა?
_ თუ „ოცნება“ სახელს გადაიკეთებს და სამადაშვილიც გახარიას ან ხაზარაძის „ოცნება 2-ში“ აღმოჩნდება, ამით არც საქართველოს მოქალაქეებს ეშველებათ, არც პოლიტიკური სიტუაცია განიმუხტება, არც ლარის კურსი დასტაბილურდება და არც მეტი ინვესტორი მოვა.
ამიტომ ხელახალი არჩევნები და ის უნდა მოვითხოვოთ, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ მართოს, რომელიც რეფორმებს გაატარებს.
ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ლიდერები ვერასოდეს გახდებიან.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, მურმან ბატონო?
_ საქართველოს მოქალაქეებმა მათ უარი უთხრეს!
_ გასაგებია… საუბრის თემას ოდნავ შევცვლი, ანუ ამას წინათ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი პირველად დაასახელა, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვალო. მართალია, მსგავსი განცხადება სხვა დროსაც გაუკეთებია და ეს განცხადება განცხადებადვე დარჩენილა, მაგრამ თუკი შემოდგომაზე სააკაშვილი მართლა ჩამოვიდა, ეს პოლიტიკურ რეალობას შეცვლის?
_ დიახ, მიშას ჩამოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ რეალობას ნამდვილად შეცვლის!
_ ისე, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად ჩამოვა თუ ამჯერადაც გადაიფიქრებს?
_ ჩამოვა თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნდეს და პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღოს, კარგია.
_ დამისაბუთეთ, კარგი რატომაა?
_ საერთოდ, დამარცხებული თავისი იდეებისთვის ბრძოლას გამარჯვებასა და საკუთარი თავის რეალიზებამდე აგრძელებს. მიხეილ სააკაშვილი ამის მაგალითია და, პირადად მე, გაძლევთ გარანტიას, რომ ის საქართველოში ჩამოვა და დავხვდები კიდეც!
მართალია, 9 წლის განმავლობაში ჩემი პოლიტიკური ოპონენტი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ მესამე პრეზიდენტს საქართველოში მოღვაწეობისთვის პოლიტიკური თავისუფლება უნდა ჰქონდეს!
_ ბატონო მურმან, რა ჩემი საქმეა, მაგრამ არ გირჩევთ, საზღვარზე დახვდეთ, თორემ მიშასთან ერთად დაგიჭერენ!
_ არა უშავს, მზად ვარ! მხოლოდ მიშას კი არა, ნებისმიერ პრეზიდენტს დავხვდები.
_ კარგი, რა, ბატონო მურმან, თავის დროზე, ივანიშვილზეც ასე საუბრობდით და გვემუქრებოდით, თუ „ოცნებას“ ხმას არ მისცემთ, ხელები გაგიხმებათო. ჰოდა, მარტო მარჯვენა და მარცხენა კი არა, მგონი, სხეულის სხვა ნაწილებიც გაგვიხმა!
_ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევა არ ვარგა და ამიტომ მიშას კი არა, ყველას დავუდგები გვერდით!
2012 წლის პირველ ოქტომბერს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დამარცხებულიყო, რადგან ქვეყანა რომ განვითარდეს, ყოველთვის ახალი ძალაა საჭირო, მაგრამ იცით, უბედურება რა არის?
_ რა?
_ 2012 წელს სააკაშვილი ჩვენ, მურმან დუმბაძეებმა დავამარცხეთ და ძალაუფლება სალომე სადამაშვილისნაირმა ხალხმა აიღო.
_ უკაცრავად, სამადაშვილი რა შუაშია?
_ თანამდებობის ერთი მაღალი პირი _ გამგებელი ან გუბერნატორი დამისახელეთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო. დამარცხებული და გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის კონკურენტები იმიტომ უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა განვითარდეს.

ვანო პავლიაშვილი