მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ოცნებამ“ სოსო გოგაშვილის დაჭერა გადაწყვიტა“

შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. მისი აზრით, ოპოზიცია სწორად მოიქცა, როდესაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ამით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტა. ბოლო პერიოდში, ამ მხრივ, ვითარება შეიცვალა და ოპოზიციონერები ერთმანეთის მიყოლებით შედიან საკანონმდებლო ორგანოში. ეს ამბავი მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ამბობს, რომ ოპოზიციის გაკრიტიკებას არ აპირებს. ის ახლა „ნაციონალების“ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რის შემდეგაც უკვე მიმართავს პარლამენტს და მოითხოვს, რომ იქ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელები დაისჯებიან. მისივე ინფორმაციით, „ოცნებამ“ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავება გადაწყვიტა, რომელიც მის ხელთ არსებული კომპრომატებით ახერხებს ციხისთვის თავის დაღწევას.

დაეხმარება თუ არა ოპოზიცია სიმართლის პოვნაში? რას ჰპირდებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მას? რას ემსახურება სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის ეტაპობრივი აქტიურობები და რით აშანტაჟებს ის ხელისუფლებას? რა საფრთხის წინაშე დგას „ნაციონალური მოძრაობა“? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება:

_ თქვენ ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი იყავით, მხარს უჭერდით პარლამენტის ბოიკოტის იდეასაც. ახლა ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით შედიან საკანონმდებლო ორგანოში. ბევრი მხარდამჭერი მათ ამის გამო მწვავედ აკრიტიკებს. თქვენ რას იტყვით, უღალატა თუ არა ოპოზიციამ საკუთარ პრინციპებსა და ამომრჩეველს?
_ მე ვიყავი, ვარ და მომავალშიც ვიქნები ოპოზიციის მხარდამჭერი. ხალხის ღალატში ასე იოლად ვერავის დავადანაშაულებ. არჩევნები, რომლის გამოც ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, საშინლად გაყალბდა. ამ გაყალბებას აღიარებს ყველა. ჩემი აზრით, ოპოზიცია სწორად მოიქცა, როცა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. ეს ბოიკოტი თითქმის ექვსი თვე გაგრძელდა. არჩევნების გაყალბებას, თავის მხრივ, აპროტესტებდნენ სამოქალაქო აქტივისტები. მათ პარლამენტის წინ კარვები ჰქონდათ გაშლილი და იქ ღამეებს ათენებდნენ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
ახლა, როგორც ჩანს, ბოიკოტი სრულდება. მე არ მომწონს, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას რომ დათანხმდა, მაგრამ ამის გამო მათ გაკრიტიკებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ამის უფლება არ მაქვს. მკვეთრი განცხადებებისგან ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებმაც უნდა შეიკავონ თავი.
_ ამბობთ, ოპოზიციის გაკრიტიკების უფლება არ მაქვსო და რატომ არ გაქვთ ამის უფლება, რაკი მათი მხარდამჭერი ხართ? მხარდამჭერი რომ ხართ, ამიტომ უნდა გააკრიტიკოთ, თან თუ არ მოგწონთ მათი საქციელი.
_ მართალია, პოლიტიკოსების გვერდით ვიდექი, მაგრამ პოლიტიკოსი არ ვარ. პოლიტიკოსებმა ჩემზე უკეთ იციან, როდის შეწყვიტონ ბოიკოტი. რადგან ასე გადაწყვიტეს, ალბათ, საჭირო იყო. როგორც მოქალაქე, უკმაყოფილო ვარ ბოიკოტის შეწყვეტით. ჯერ კიდევ მაშინ გამოვთქვი უკმაყოფილება, როდესაც პარლამენტში პირველი ოპოზიციონერები შევიდნენ. ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს ვგულისხმობ. თუმცა მათ შესვლას სრული სურათი არ შეუცვლია. ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებდა.
ოპოზიციამ პარლამენტში მასობრივი შესვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე მოაწერეს ხელი. ამით ოპოზიციამ ვალდებულებები აიღო. რატომ მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტზე ოპოზიციამ ხელი, ამაზე პასუხი მათმა ლიდერებმა უნდა გაგვცენ. იმედია, სათანადო განმარტებები გაკეთდება. მე ველოდები მათ განმარტებებს. განმარტებებს ელოდება საზოგადოებაც. ჩვენ, ოპოზიციის მხარდამჭერები, ვიმსახურებთ იმას, რომ ყველაფერი ვიცოდეთ. როცა რაღაცები დამალულია, იქ ჭორიც ვრცელდება და უკმაყოფილებაც დიდია.
„ქართული ოცნებისთვის“ დამანგრეველი იყო, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა. ერთპარტიული პარლამენტის არსებობა ნიშნავს დიქტატურის გაფორმებას. „ქოცები“ კი იმის მტკიცებაში არიან, რომ დემოკარტიულ ქვეყანას აშენებენ. ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე თვე ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდა. „ქოცები“ ამას არ იმჩნევდნენ, მაგრამ ძალიან განიცდიდნენ. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ ბოიკოტს წერტილი დაუსვა. პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული და „ქოცებმაც“ შვებით ამოისუნთქეს. ახლა მათ ვეღარ დააბრალებენ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეად გადააქციეს.
_ პარლამენტი მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამდეც აღარ იყო ერთპარტიული. იქ მანამდე შევიდნენ ოპოზიციონერები.
_ ასე იყო. ელისაშვილი და იოსელიანი შევიდნენ. შევიდნენ „გირჩებიც“. „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი წევრიც იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში. ისინი თავს ხელისუფლების ოპონენტებად აცხადებდნენ, მაგრამ მათ ოპოზიციად არავინ აღიქვამდა და პარლამენტი ისევ ერთპარტიული იყო. ერთპარტიული პარლამენტი მას შემდეგ დასრულდა, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოეწერა ხელი. როგორც გითხარით, პოლიტიკოსი არ ვარ და პოლიტიკურ ხრიკებში კარგად არ ვერკვევი. ჩემი გადმოსახედიდან, რაკი პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, პარლამენტში ისინიც უნდა შევიდნენ, ვინც ჯერ კიდევ თავს იკავებს. ამ სიტუაციაში პარლამენტში შესვლა უკეთესი იქნება.
_ უკეთესი რატომ იქნება? რა უნდა გააკეთოს პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ?
_ შეიძლება, ბევრი ვერაფერი გააკეთოს, მაგრამ „ქოცებს“ დისკომფორტს ნამდვილად შეუქმნის.
_ როგორ შუქმნის დისკომფორტს?
_ „ქართულ ოცნებას“ იმის უფლებას არ მისცემენ, რომ თავიანთ ნებაზე იპარპაშოს. აქამდე ძალიან თავისუფლები იყვნენ.
_ რაში უნდა შეუშალონ ხელი? უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს და ისინი მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებენ.
_ საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ კიდევ აქვთ და გადაწყვეტილებების მიღებაც შეუძლიათ, მაგრამ ძველებურად მშვიდად და თავისუფლად ვეღარ იქნებიან. მათ მოუწევთ ოპოზიციის მწვავე გამოსვლების მოსმენა.
_ ფიქრობთ, რომ ეს მათ დისკომფორტს შეუქმნის?
_ რა თქმა უნდა. ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ ოპონირებას არავინ უწევდა. ახლა სურათი შეიცვლება და „ქოცებს“ მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწევთ. ერთპარტიული პარლამენტის არსებობა „ოცნებისთვის“ მომაკვდინებელი იყო, მაგრამ ოპოზიცია მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ბოიკოტს ვეღარ გააგრძელებდა.
_ რატომ ვერ გააგრძელებდა ბოიკოტს? ისინი ხომ ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და პარლამეტში ამის გამო არ შედიოდნენ. დოკუმენტმა გამოასწორა გაყალბებული არჩევნების შედეგები?
_ გაყალბებული არჩევნების შედეგების გამოსწორება მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი. ეს დოკუმენტი ევროკავშირმა შეადგინა და მასზე ოპოზიციას ხელი რომ არ მოეწერა, ისინი დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავდნენ. დასავლეთის მხარდაჭერა იმ შემთხვევაშიც დაიკარგება, თუ დოკუმენტზე ხელისმომწერები პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან. აქ ბევრი მომენტია და ოპოზიციას მათი გათვალისწინება უწევს. როდესაც მინდა, ოპოზიცია გავაკრიტიკო, ამ ფაქტორებზე ვფიქრობ და თავს ვიკავებ.
დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ დასავლეთიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ. „ქართული ოცნება“ ოცნებობს, რომ დასავლეთმა მათ ზურგი აქციოს. „ნაციონალები“ პარლამენტში თუ არ შევლენ, შესაძლოა, მათზე ევროპამ გული აიცრუოს. ამით ივანიშვილი და სხვა რიგითი „ქოცები“ თავის „ოცნებას“ აიხდენენ.
ისე, რომ იცოდეთ, „ქოცებს“ ძალიან ეშინიათ პარლამენტში „ნაციონალების“ შესვლის. საჯაროდ ლაქლაქებენ, ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდისო, მაგრამ ოცნებობენ, რომ არ შევიდნენ. მათ კარგად იციან, რომ პარლამენტში შესული ოპოზიცია მოსვენებას დაუკარგავს მათ. ამ მხრივ გადამწყვეტ სიტყვას „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის. ამაში დარწმუნებული ვარ.
_ რატომ გგონიათ, რომ პარლამენტში შესული „ნაციონალები“ ხელისუფლებას მოსვენებას არ მისცემენ?
_ მგონია კი არა, ეს ასეა. წინა მოწვევის პარლამენტში სულ ექვსი „ნაციონალი“ იყო. თავიდან გაცილებით ბევრი შევიდა, მაგრამ გაიყვნენ და ნაწილი „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. ექვსი „ნაციონალი“ სისხლს უშრობდა „ქართულ ოცნებას“. ახლა 30-ზე მეტი „ნაციონალი“ იქნება პარლამენტში. ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამენ ისინი „ქოცებს“. შეიძლება, მე ვცდები, მაგრამ მგონია რომ ისინი ივანიშვილის პარტიას ბევრ პრობლემას შეუქმნიან. „ქართულ ოცნებას“ ამხელენ. ახლა ჩემთვის მთავარია, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ორად არ გაიხლიჩოს.
_ არის ამის საფრთხე?
_ დიახ. გახლეჩის ნიშნები უკვე სახეზეა.
_ რა ნიშნებზე საუბრობთ?
_ პარტიის ერთი ნაწილი მხარს უჭერს „ნაციონალების“ პარლამენტში შესვლას, მეორე ნაწილი შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია, ეს შეიძლება პარტიის გაყოფით დასრულდეს, რაც კარგი ნამდვილად არ იქნება, არც პარტიისთვის, არც ოპოზიციისთვის და არც _ ქვეყნისთვის. „ნაციონალებმა“ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს თავიდან აიცილონ. რამენაირად უნდა შეთანხმდნენ.
_ პარლამენტში შესულ ოპოზიციას დიდი გეგმები აქვს. დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნასაც აპირებენ. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი კომისია თუ შეიქმნება? წინა მოწვევის პარლამენტმა ამაზე უარი თქვა.
_ წინა მოწვევის პარლამენტში ამდენი ოპოზიციონერი არ იყო. ახლა სხვანაირი მდგომარეობაა. არ გეგონით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლას იმის გამო ვუჭერ მხარს, რომ ისინი ჩემი შვილის საქმეს შეისწავლიან. ჩემი აზრით, შესვლა სახელმწიფოსთვის არის უკეთესი. ჩემი შვილის შემსწავლელი კომისიის შექმნაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. იცით, რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ სხვისი შვილები აღარ დახოცონ. ახლა ველოდები, როდის დაასრულებს ოპოზიცია პარლამენტში შესვლის პროცესს და მერე დავაყენებ დროებითი საგამოძიებიო კომისიის შექმნის საკითხს.
_ თქვენს მოთხოვნას ოპოზიცია მხარს დაუჭერს? პარლამენტში შესვლამდე მხარდაჭერას გპირდებოდნენ, მაგრამ იქ შესულებიც იგივე აზრზე იქნებიან?
_ აზრი რატომ უნდა შეიცვალონ? პარლამენტში შესვლა აზრების შეცვლას არ ნიშნავს. ადამიანს პირობას რომ მისცემ, ის უნდა შეასრულო.
_ ჩვენი პოლიტიკოსები დაპირებებს არ ასრულებენ.
_ ამ შემთხვევაში სხვანაირად იქნება საქმე. დარწმუნებული ვარ, ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ამის პირობა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მომცა. მე ეს წლებია, სულ მათ გვერდით ვდგავარ. თითქმის ყველას ვიცნობ. ჯერ ისინი მოდიოდნენ ჩემს აქციებზე, მერე მე ვიდექი მათ გვერდით.
_ საგამოძიებო კომისიის შექმნა შედეგს გამოიღებს? დამნაშავეები გამოვლინდებიან?
_ ამ კომისიის წევრებს უფლება ექნებათ, გამოკითხონ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ჩემი შვილის საქმესთან კავშირში არიან. ამ ადამიანებისგან რაღაც სიმართლეს მაინც გავიგებთ, რომელიც საერთო სურათის შექმნაში დაგვეხმარება. ახლა ჩემს შვილთან დაკავშირებით რაღაც მოგონილ ზღაპრებს ავრცელებენ. მინდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს. სხვა თუ არაფერი, ის მაინც უნდა გავიგოთ, რატომ არც ერთი თანამდებობის პირი არ დაისაჯა მძინარე ბავშვის მოკვლის გამო?! უნდა გავიგოთ, რატომ შემომივარდნენ ოჯახში? ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. იქნება და იყო ჩემი შვილი დამნაშავე, მაგრამ ეს ფაქტებით უნდა გამყარდეს. უტყუარ მტკიცებულებებს თუ წარმოადგენენ, რომ თემირლანი დამნაშავე იყო, მაშინ მე გავჩუმდები. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი უდანაშაულოა, ამიტომაც ვიბრძვი 4 წელია. საგამოძიებო კომისია ამის დადგენაში დამეხმარება. ხელისუფლება თავისი უაზრო და უსუსური განცხადებებითაც ამტკიცებს, რომ ჩემი თემირლანი უდანაშაულოა.
მოგეხსენებათ, ჩვენი საქმის განხილვა სტრასბურგში მიდის. ხელისუფლებას ამაზე მესამე კომენტარი უნდა გაეკეთებინა. ჩემმა ადვოკატებმა უკვე გააგზავნეს იქ მტკიცებულებები. ხელისუფლებამ მესამე კომენტარში იცით, რა დაამატა? სისულელე ჩაწერეს. მათი მტკიცებით, ჩემი შვილი იარაღის გადაზიდვა-გადმოზიდვაში იყო შემჩნეული.
_ სად ახორციელებდა ამ იარაღის გადაზიდვას?
_ ხელისუფლების მტკიცებით, იარაღის გადაზიდვა საქართველოს ტერიტრორიაზე ხდებოდა.
_ თუ ამ საქმიანობაში იყო შემჩნეული, რას აკეთებდნენ ძალოვანი სტრუქტურები?
_ მეც ეს კითხვა მაქვს. იარაღის გადამზიდავი თუ იყო, რატომ არ დააკავეს? ვინ დაიჯერებს ამ სისულელეს?! ჩემი შვილი ჯერ ბავშვი იყო და მას იარაღის გადაზიდვას ვინ ანდობდა? ასეთი იდიოტობის სტრასბურგში გაგზავნა სულელის მეტს არავის მოუვიდოდა თავში აზრად. ამ კომენტარით იცით, რას ადასტურებენ, რომ საქართველოში იარღით უკანონო ვაჭრობა ხდებოდა. ეს მათთვის არის ცუდი, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
რანაირად უნდა ყოფილიყო ამ საქმეში ჩემი შვილი ჩართული? ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. თან მას თვალებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა. გარეთ, ფაქტობრივად, არ გამოდიოდა. სანამ მომიკლავდნენ, რამდენიმე თვით ადრე გავუკეთეთ ოპერაცია. ძლივს გაახილა ბავშვმა თვალები და ლოგინში მძინარე მომიკლეს. რა იარაღის გადამზიდავი, ბავშვი დაცვაში აპირებდა მუშაობის დაწყებას.
_ თქვენი შვილის საქმე სოსო გოგაშვილთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანმა ბოლო პერიოდში ექსპერტობა დაიწყო. ამბობს, ტერორიზმს ვიკვლევო. როგორ უნდა გამოიკვლიოს ტერორიზმი, როცა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ტერორისტი, ახმედ ჩატაევი, საქართველოში შემოეპარა?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ გოგაშვილს ახმედ ჩატაევი შემოეპარა. ჩატაევი აქ არ შემოპარულა, ის აქ გოგაშვილმა და არჩილ თალაკვაძის ძმამ შემოიყვანეს. სოსო გოგაშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლას რომ ვუსმენდი, ეს ინფორმაცია მესიჯის სახით მივწერე ინგა გრიგოლიას. გოგაშვილი მასთან იყო ეთერში. ჟურნალისტმა ჩემი მესიჯი წაიკითხა. ამის შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტი დამიკავშირდა. მითხრეს, _ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამას რით დაამტკიცებთო?
_ ეს განცხადება თქვენ ადრეც არაერთხელ გააკეთეთ, მათ შორის, „ქრონიკა+“-სთანაც.
_ ამაზე ხშირად ვსაუბრობ. ათასჯერ მაინც თქვი, რომ ეს ასე იყო. უბრალოდ, ახლა გაამახვილეს ამაზე ყურადღება. ვინც ფიქრობს, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა, თავად გაარკვიოს. წავიდნენ და ჰკითხონ გოგაშვილს, რა მოხდა სინამდვილეში. ვიმეორებ: რომ ჩატაევი ამ სამმა პიროვნებამ შემოიყვანა.
_ გოგაშვილი ახლა რატომ გააქტიურდა? არის ვერსია, რომ ის ივანიშვილს აშანტაჟებს. ბევრს ეს სასაცილოდ ეჩვენება. თქვენ რას იტყვით?
_ მასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ვარ ინფორმირებული. მეტ-ნაკლებად რატომ _ ისიც კი ვიცი რით სუნთქვას. ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწვს ჩემთვის პასუხის გაცემა. ეს გოგაშვილის დასჯის გარეშე არ მოხდება. გოგაშვილს სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. ამ დანაშაულებზეც უნდა აგოს პასუხი. ეს დრო შორს აღარ არის. ის მკვლელი ამას ხვდება და როგორც კი მისი საკითხი წინ წამოიწევს, ტელევიზიით გამოვარდება და განცხადებებს აკეთებს. ამით ხელისუფლებას აშინებს. „ოცნებაც“ უკან იხევს.
_ გინდათ თქვათ, რომ გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ აშინებს და აშანტაჟებს?
_ ასე გამოდის. ეს კაცი არის არარაობა, მაგრამ ის წლების მანძილზე სუსის უფროსის მოადგილე იყო. ამ ქვეყანაში ყველაფერს სუსი განაგებს. სუსმა ყველაზე ყველაფერი იცის. აქედან გამომდინარე, გოგაშვილს ბევრი ქეისი უჭირავს ხელში. ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის წინააღმდეგ აქვს კომპრომატი. ჩვეულებრივი შანტაჟისტია. ანონსს ისეთს აკეთებს, ყველაფერზე ვისაუბრებო. შემდეგ მიდის ტელევიზიაში და თავადაც არ იცის, რას ყბედობს.
_ ბევრი ქეისი აქვსო და გამოდის, რომ ხელისუფლება მას პასუხს ვერ მოსთხოვს.
_ სერიოზული კომპრომატები აქვს ამ კაცს და მისი დაკავება ასეთი იოლი არ არის. ეს კომპრომატები რომ არა, გოგაშვილი ახლა უკვე ციხეში იქნებოდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილს დაიჭერენ. „ოცნებაში“ ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია.
_ მის შესაძლო დაკავებაზე დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი თავისუფალია და როგორც თავად აღნიშნეთ, ხელისუფლებას იქით აშანტაჟებს.
_ შანტაჟს არც მომავალში შეწყვეტს, მაგრამ კომპრომატები ყოველთვის არ უშველის. მაგ კაცს აუცილებლად დაიჭერენ. ამაში დარწმუნებული ვარ. ვანო მერაბიშვილს გაცილებით მეტი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ისიც დაიჭირეს, გოგაშვილსაც დაიჭერენ და ყველა დანაშაულისთვის აგებინებენ პასუხს. ამ ადამიანმა ბევრი გაამწარა. დამნაშავეების ადგილი არის ციხეში.
დროა, ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მშვიდიობა არ დამყარდება. მშვიდობის გარეშე კი არაფერი გამოგვივა, ელემენტარულად, ქვეყანა ვერ განვითარდება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შესული ოპოზიცია სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით სერიოზულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება უსამართლობით. ბევრ ადამიანს მოუკლეს შვილი, ისინიც ვერ პოულობენ სამართალს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ვერ საუბრობენ იმიტომ, რომ ეშინიათ. მათაც სჭირდებათ დახმარება. პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ ეს საქმეები უნდა გაააქტიუროს. ამაზე გამუდმებით უნდა საუბრობდნენ. ოღონდ მანამდე ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს კარგად უნდა განუმარტოს, თუ რატომ შედიან პარლამენტში. ბოიკოტის შეწყვეტის გამო მათ ბევრი გაუნაწყენდა. მხარდამჭერების დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას.

შორენა მარსაგიშვილი