ანნა ქართლელიშვილი: „პოზნერს გეგმების შეცვლა და საქართველოდან გაქცევა მოუწია“

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროტესტს შედეგი აქვს. უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება 31 მარტს განვითარებულ მოვლენებს.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც პირველ აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. პოზნერი, მის მეგობრებთან ერთად, 31 მარტს თბილისს ეწვია. ისინი დედაქალაქში, ყველანაირი წესების დარღვევით, კომენდანტის საათის დროს, ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და რესტორანში ვახშმობდნენ, _ ამ ფაქტს საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მოვლენები კი ასე ვითარდებოდა:
პირველ აპრილს დილის 08:00 საათზე რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული ავიარესით დატოვეს.
პოზნერი საქართველოში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა, თუმცა, თბილისში მისი ჩამოსვლით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო, გეგმა შეცვალა. რუსი ჟურნალისტი თბილისში აპირებდა დაბადების დღის აღნიშვნას.
„კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან! რუსეთი ოკუპანტია“, _ დაწერს ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო, 31 მარტს, საპროტესტო აქციები გამართეს როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი არის კრემლის მთავარი პროპაგანდისტი, მისი ერთ-ერთი სახე, საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისა და ანექსიის აქტიური მხარდამჭერი, ამიტომ მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს რუსი ტელეწამყვანი და მასთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსული 32 პირი.
შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“.

„ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სამოქალაქო აქტივისტ ანნა ქართლელიშვილს ესაუბრა, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად, 31 მარტს, აპროტესტებდა რუსი პროპაგანდისტისა და მისი თანმხლები პირების მიერ წესების დარღვევას:

_ ანნა, 31 მარტს რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი?
_ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ სამარცხვინო, ამორალურმა და უტიფარმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოში ოკუპანტის დაპატიჟებას, მის სხვადასხვა პრივილეგიით დასაჩუქრებასა და გაუგონარ თავხედობას მოჰყვა. პოზნერი ცნობილია, როგორც პუტინის მხარდამჭერი და მასთან დაახლოებული პირი, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მიმართ. მისი აზრით, კონფლიქტი საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა დაიწყო, რაც სიტყვა სიტყვით იმეორებს რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვითაც, ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, შესაბამისად, ქვეყანას ეკისრება.
_ რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ პოზნერი მეგობრებთან ერთად „კომენდანტის საათის“ დარღვევით გადაადგილდებოდა და რესტორანში აღნიშნავდა დაბადების დღეს?
_ იმ გადაკვეთის წერტილზე, სადაც ერთიანდება „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის მთავარი პათოლოგია _ ანუ ეპოტინო იმას, რაც შენი არ არის.
_ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და მის მიერ ე. წ. კომენდანტის წესების დარღვევას აპროტესტებდნენ, თავად აკეთებენ „რუსულ საქმეს საქართველოში“. რას უპასუხებთ კობახიძის ამ განცხადებას და რა არის ამ რიტორიკის მიზანი?
_ სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება. როცა საქართველოს მტერს ეპატიჟები ქვეყანაში და შემდეგ ჩვენ გვაბრალებ საკუთარი ქვეყნის მტრობას, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო საქციელია, მიზანი კი ცალსახად თავდაცვაა.
მეტი სიცხადისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება კომენდანტის საათის გამო და ამ დროს რუსი პროპაგანდისტი 50-კაციანი დელეგაციით და რეგულაციების გვერდის ავლით სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით.
_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტის ფორმამ გაღიზიანება გამოიწვია, რომ კვერცხების სროლა არ იყო მისაღები საქციელი. ამ გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ფორმით გადააჭარბეთ?
_ გამომდინარე იქიდან, რომ პროტესტანტთა რიგებს სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრი, მოქალაქეები და პარტიათა წარმომადგენლები ავსებდნენ, პროტესტის ფორმებიც განსხვავებული იყო, თუმცა მიზანი ერთია, რომელიც, ვფიქრობ, წარმატებით დავასრულეთ _ პოზნერს გეგმების შეცვლა და 08:00 საათზე საქართველოდან გაქცევა მოუწია. რაც შეეხება საზოგადოების გაღიზიანებას გამოხატვის ფორმების შესახებ, ვფიქრობ, უბჯობესია, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კეთდებოდეს აქცენტი.
_ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დანიელსონის მონაწილეობით მეორე მოლაპარაკებაც უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დათანხმდება. რა სამოქმედო არეალი რჩება ოპოზიციას?
_ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პოლიტპატიმართა თავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისვლა, რომლის გამოც გარკვეულ კომპრომისზე წავიდა როგორც კონკრეტულად „ევროპული საქართველო“, ასევე გაერთიანებული ოპოზიცია. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად _ მათი პოზიცია კვლავ გაუგებარი და შეუვალია.
_ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე რომ გვითხრათ, რა ფორმით უნდა ჩაერთონ მოქალაქეები და რატომ ვერ ახერხებს მასობრივი პროტესტის ორგანიზებას ოპოზიცია?
_ ოპოზიციას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა: პოლიტპატიმართა თავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.
არც ერთი შეთანხმების ფორმა არ იქნება მისაღები ამ ორი პუნქტის გარეშე, რადგან თითოეული მათგანი გასაღებია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. შესაბამისად, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, უმნიშვნელოვანესს ამოცანას წამოადგენს ორივე პუნქტის წარმატებით ლობირება და დაკმაყოფილება.
ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით უნდა მოვახერხოთ საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის მკაფიოდ ახსნა და განმარტება.
ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ადამიანების დარწმუნება ამ ძირეულ საკითხებზე, რისთვისაც ვიბრძვით ფრონტის სხვადასხვა მხარეს, თუმცა ერთი მიზნის ირგვლივ.
_ 15 მაისს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს. გეგმავთ თუ არა აქციაზე მისვლას?
_ 15 მაისის აქცია მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და აუცილებლად მოვიდეს რუსთაველზე საქართველოს უკეთესი მომავლისთვის!

ნენე ინჯგია