რატომ მოხსნეს თანამდებობიდან ბათუმის ბულვარის დირექტორი?

ბათუმის ბულვარი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, მდებარეობს. მისი სიგრძე 7კმ.-ს აღწევს. ბულვარი ბათუმელებისთვის და არა მარტო მათთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მისი წარსული ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

თანამედროვე გამოწვევებს ბათუმის ბულვარი შეძლებისდაგვარად პასუხობს. ბულვარის ტერიტორიაზე შეხვდებით მაღალსართულიან სასტუმროებს, აუზებსა და სხვადასხვა ფეშენებელურ შენობას, რაც სრულად ცვლის მის ისტორიას და უკარგავს იმ იერსახეს, რასაც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ამ ტერიტორიაზე განსხვავებული ტიპის სასტუმროს აშენებით და ადგილის შესყიდვით ხშირად ინტერესდებოდა ბევრი ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი.
არც ახლა ყოფილა ბათუმელებისთვის გასაკვირი, რომ სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი „ბათუმი თაუერი“ ბათუმის ბულვარის გასწვრივ, სასტუმროს პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიას არანაკლებ 15-წლიანი იჯარით ითხოვდა. მოქალაქეები პროცესის წინააღმდეგები ამბის გაგების წამიდანვე იყვნენ.
ცნობისთვის: სასტუმრო „ლე მერიდიანი“ ბათუმში 2018 წელს გაიხსნა.
205-მეტრიანი შენობა მდებარეობს ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში.
კომპანიამ მერიას შესაბამისი წერილით მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და განკარგულების პროექტიც მოამზადეს.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადება „ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის გამოყენებისა და პლაჟის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 15 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაეცეს ზღვისპირა პარკის ნაკვეთებიდან 3380.0 კვ.მ“, _ აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
განცახდების შემდეგ მერიამ, სისრულეში მოყვანის მიზნით, საქმე გადასცა საკრებულოს.
30 მარტს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ლე მერიდიანის“ საკითხის განხილვამ დაპირისპირება და დაძაბულობა გამოიწვია. სხდომას ესწრებოდა ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძეც. განსაკუთრებული დაძაბულობა შექმნა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჯინჭარაძის ბულვარში პლაჟის გასხვისების წინააღმდეგ წასვლამ და საკრებულოს სხდომაზე მისმა საჯაროდ გამოთქმულმა მოსაზრებამ.
„ნუ აფურთხებთ ხალხს სულში“, _ განაცხადა ჯინჭარაძემ საკრებულოს სხდომაზე.
30 მარტსვე თორნიკე რიჟვაძემ, საკრებულოს სხდომის შემდეგ რამდენიმე საათში, განცხადება გააკეთა, რომ ბათუმის ბულვარი მერიას უნდა დაბრუნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მას წლების განმავლობაში მართავდა, რაც იმთავითვე იმას ნიშნავდა, რომ ბულვარს დირექტორი აღარ დასჭირდებოდა და მას მერია უხელმძღვანელებდა.
12 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევების საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე.
„ქრონიკა+“-ს აჭარის მთავრობის სახლიდან წყარო უყვება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძემ ირაკლი ჯინჭარაძე პირადი ინტერესების გამო გაათავისუფლა, რადგან იგი სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ სანაპირო ზოლის 15-წლიანი იჯარით გადაცემის წინააღმდეგი იყო.
„ჩემი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია ჯინჭარაძის წინააღმდეგობამ სანაპირო ზოლის „ლე მერიდიანზე“ 15-წლიანი იჯარით გადაცემის შესახებ. რიჟვაძემ პირდაპირ შური იძია ჯინჭარაძეზე“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან წყარომ.
მისივე თქმით: „თორნიკეს ასე სჩვევია: ვინც არ მოსწონს და ვინც ეწინააღმდეგება, თანამდებობას პირადი ანგარიშსწორების გამო ატოვებინებს, ასე მოხდა ირაკლის საქმეშიც. თუნდაც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გავიხსენოთ, რომელიც ასევე პირადი ანგარიშსწორებით გაუშვა… მაგრამ იმას თავად დააწერინა განცხადება, აქ კი ირაკლი პირდაპირ მოახსნევინა ეკონომიკის სამინისტროს“.

„ქრონიკა+“ ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილ დირექტორ ირაკლი ჯინჭარაძეს დაუკავშირდა:
_ მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ვიყავი და არაფერი ხდებოდა. საღამოს მეგობარმა დამირეკა და ეს ამბავი მითხრა. საინტერესოა, აჭარის ტელევიზიამ ჩემზე ადრე საიდან გაიგო?! ტელევიზიას აცნობეს და მერე ზარიც მოაყოლეს და დამამშვიდეს, რომ მოხსნილი ვიყავი.
ეს ყველაფერი 30 მარტის სხდომას უკავშირდება, რომელზედაც წინააღმდეგი წავედი სანაპირო ზოლის „ლე მერიდიანზე“ გადასაცემად.
ამას ვადასტურებ! სანაპირო ზოლი „ლე მერიდიანს“ არ უნდა გადასცემოდა! ზოგადად, ჩვენ შორის სხვა კონფლიქტი არ ყოფილა. დაპირისპირების ძირითადი თემა იყო ბულვარი და მის საზღვრებში განსახორციელებელი მშენებლობები, ბრენდირებულ სასტუმროებზე პლაჟის გადაცემა, რასაც ყოველთვის ხმამაღლა და დაუფარავად ვაპროტესტებდი.
მე არ ვსაუბრობ პირადული წყენით და ბოღმით, მათგან განსხვავებით.
_ იურიდიულად, ოფიციალურად, რის საფუძველზე მოგხსნეს?
_ აუდიტორის დასკვნის საფუძველზე მომხსნეს, რომელიც 2 წელიწად-ნახევრის წინ გამოქვეყნდა.
ბატონი ჯაბა არ იყო რომელიღაცა სხვა სამინისტროს ხელმძღვანელი, ის იყო ჩემი პირადი ხელმძღვანელი. მის დაქვემდებარებაში ვიყავი. 2 წელიწად-ნახევარი გავიდა შიდა აუდიტის დასკვნიდან, რომელმაც ეს ტექნიკური შეცდომა აღმოაჩინა. მაინტერესებს: მენეჯერს, რომელიც ამ გაჭირვებული ქვეყნის, დაახლოებით, 10 მილიონს განკარგავს და თუ არამიზნობრივად გადარიცხა თანხა, შეიძლება, გარისკო და მისცე საშუალება, 2 წელიწად-ნახევარი კიდევ იმუშაოს? თუ მაშინ მაპატიე? და როცა ხმა ამოვიღე, არ მაპატიე? თუ როგორ იყო? ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური შეცდომა, რომელზედაც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას რეაგირება ჰქონდა. აუდიტის დასკვნა მალე გასაჯაროვდება, პროკურატურამაც გაიარა და სასამართლომაც. ყველგან გავმართლდი! პირიქით _ ამ საკითხებზე მე მაქვს იქით სარჩელი შეტანილი სასამართლოში!
ეკონომიკის სამინისტროს ვერ ჩამოართვეს, არ არის ეს ადვილი საქმე. 2 დღეში განაშენიანების დოკუმენტი მოდიოდა, რაც ყველაზე მეტად აშინებთ და დაასწრეს საბუთს ჩემი გაშვება.

საინტერესოა, ჩამოართმევს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ეკონომიკის სამინისტროს ბულვარს და გადასცემს თუ არა მას მერიას?! ასევე გადაეცემა თუ არა „ლე მერიდიანს“ სანაპირო ზოლი და იქნება თუ არა პლაჟი ხელმიუწვდომელი (კონკრეტული ტერიტორია) ბათუმელებისთვის და ტურისტებისთვის?!

ამ კითხვებით „ქრონიკა+“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის თქმით, ფუტკარაძემ თავისი მოსაზრება ჟურნალისტებთან უკვე დააფიქსირა, რომლის გამოყენებაც საგაზეთო მასალაში შეგვეძლო, ხოლო ის ჩვენს კითხვებს ამ ეტაპზე არ უპასუხებდა შეხვედრებისა და გადატვირთული გრაფიკის გამო.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯინჭარაძემ ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით. არსებული დასკვნის საფუძველზე აღძრულია შესაბამისი საქმე. ეს არაა შორეული ამბავი, 2019 წლისაა, მაგრამ სწორედაც რომ პროცედურების დაცვამ მოითხოვა ეს დრო. საზოგადოებამ განსაჯოს, ეს, უბრალოდ, დროში დაემთხვა, თუ სხვა მიზეზებია“, _ განცხადა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან.

თუმცა „ქრონიკა+“-ს დამატებითი კითხვები გვქონდა მინისტრთან:
_ საინტერესოა, 2019 წლის აუდიტის დასკვნის გამო რატომ განთავისუფლდა ბულვარის დირექტორი 2021 წელს?
_ რატომ იყო თანამდებობაზე ამდენი ხანი ადამიანი, რომელიც ფულის გაფლანგვაში ამხილა შიდა აუდიტმა?
სამწუხაროდ, „გადატვირთული გრაფიკის გამო“, ფუტკარაძემ ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხა.
მართლაც, დასაფიქრებელია, როგორ შეაფასებს საზოგადოება თანამდებობიდან გაშვებული ჯინჭარაძის პერსონას, _ როგორც ადგილობრივი მთავრობის მიერ გაგდებულ პროტესტანტ ჩინოვნიკს, რომელსაც საჭირო დროს აუფრიალეს 2019 წლის დარღვევა, თუ როგორც ბულვარის დამნაშავე დირექტორს, რომელიც ცდილობს, ქაოსით შექმნას მოსაზრება, რომ საწინააღმდეგო აზრის გამო დევნიან?!

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას. დამატებითი დეტალების შემთხვევაში ვითარებას მომდევნო ნომრებში გაგაცნობთ.

ზუკა ნემსაძე