საქართველომ 500 მილიონი ისესხა _ როდესაც ვალის აღებას ზეიმობ

ყველაფერი 2006 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ 5-წლიანი ობლიგაციების სახით საგარეო ვალი აიღო. 2011-სა და 2016 წლებში ვალი გადავადდა და საბოლოო გადახდის თარიღად 2021 წლის 12 აპრილი დადგინდა.

2021 წელი, მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კრიზისული აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის. ამას დაემატა შეზღუდვები, რომელიც უდიდეს ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, გაჩერდა ყველა წამყვანი სეგმენტი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას ემსახურებოდა, მათ შორის, ტურიზმი, ექსპორტი, იმპორტი და სხვ.
2021 წლის აპრილის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საუბრები ვალის შესახებ, რომელიც საქართველომ 2006 წელს აიღო. გამოითქვა უამრავი ვარაუდი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიხდიდა აღებულ 500-ს მილიონს მთავრობა ან შესწევდა თუ არა საერთოდ მას იმის შესაძლებლობა, რომ ვალი გაესტუმრებინა.
მთავრობის პასუხი ჩვეულად დაგვიანებული და შეუსაბამო იყო _ მათ დედლაინის წინ გაახსენდათ, რომ ვალდებულებები შესასრულებელი ჰქონდათ.
ამას მოჰყვა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადადგომა. ექსპერტების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საგარეო ვალი გახდა.
მთავრობას ბიუჯეტში ეგულებოდა სახსრები, რომლებიც მათ გამოიყენეს კიდეც. საუბარია პანდემიის გამო ნასესხებ ფულზე, რომელიც 3 მილიარდს შეადგენდა და გადასახდელი თანხა სწორედ ამ სახსრებიდან გამოიყო.
ეს ფაქტი დაადასტურეს საქართველოს ეროვნულ ბანკში და მწუხარებით განაცხადეს, რომ რეზერვებიდან 500 მილიონის ერთბაშად გამოკლება ლოგიკურად დაეტყობოდა საქართველოს ბიუჯეტს.
„დიახ, ისევე როგორც ყველა, მთავრობის საგარეო ვალიც საერთაშორისო რეზერვებიდან იფარება. დღევანდელი მონაცემებით, რეზერვების მოცულობა 4,1 მილიარდს შეადგენს. დაფარვის შედეგად რეზერვების ოდენობა შემცირდება თუმცა, რამდენიმე დღეში რეზერვები კვლავ შეივსება“, _ განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ბარაბაძემ.
იმავე დღეს, 12 აპრილს, ვალის გადახდის ბოლო დღეს, ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საერთაშორისო ვალის გასტუმრების შესახებ უწყებაში უკვე კარგა ხანია მუშაობენ და ინფორმაციები მოუმზადებლობის შესახებ სულაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაგრამ კონკრეტული ცნობა იმის შესახებ, თუ საიდან მოიძიეს თანხები ან რა კურსით მიჰყიდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტა მთავრობას, კონფიდენციალურობის მიზეზით არ გაასაჯაროეს, ეს მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროში თავად არ იცოდნენ, საკითხის რომელი ნაწილი იყო კონფიდენციალური და რომელი _ არა.
„2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.
სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით, უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი, ჯერ კიდევ, გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.
ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს.
ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC ; პროცესში თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი: Galt & Taggart და TBC Capital “, _ განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში 12 აპრილს.
საბოლოოდ, მივიღეთ ორი სხვადასხვა, რეალობა _ ფაქტები მეტყველებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილებები დედლაინამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, რადგან ვალი სწორედ ამ დროს გაახსენდათ, მაგრამ თქვეს სხვა რამ, რომ ისინი უკვე წელიწადზე მეტია, ამ საკითხზე მუშაობდნენ.

ეს მოვლენა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ, შეაფასა, როგორც ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართული შემცირება:
„მთავრობა ამ ვალის გასტუმრებას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა, მისი რეფინანსირების, ანუ ძველი ვალის ახლით გადაფარვის გზით, შემდეგ კი გადაწყვიტა, ვალის გასასტუმრებლად გამოეყენებინა პანდემიის კრიზისის დასაძლევად მიღებული საგარეო დახმარებების ნაწილი. 5 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო დახმარებიდან 1,71 მილიარდი ლარი მოხმარდა ევროობლიგაციების დაფარვას. ამით მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები (4,1 მილიარდი დოლარიდან 3,6 მილიარდ დოლარამდე, _ რედ.) და საფრთხე შეუქმნა საბიუჯეტო ხარჯების დროულ დაფინანსებას. საბოლოოდ, მთავრობამ გადაწყვიტა, კვლავ აეღო ახალი სესხი საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. ფაქტობრივად, ხდება წინა ევრობონდების რეფინანსირება“.

ვალუტის შეძენისა და ევრობონდების დაფარვის შემდეგ დადგა დრო ევროობლიგაციების გამოშვებისა.
13 აპრილს გამოქვეყნდა ოფიციალური განაცხადი ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსების შესახებ.
ფინანსთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრობონდების განთავსების პროცენტი გაცილებით დაბალი იქნებოდა, ვიდრე ეს 2011 წელს იყო.
„საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს“, _ ეწერა ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
რამდენად მართებული იყო 2021 წლის პანდემიის პერიოდში მოსალოდნელი პროცენტის 2011 წელს არსებულ პროცენტთან შედარება და რამდენად იმსახურებდა ეს დეტალი განსაკუთრებულ აღნიშვნას?
როდესაც მთავრობის უწყებას არ გააჩნია სხვა საშუალება, რათა საზოგადოება საკუთარი მანიპულაციების ქვეშ მოაქციოს, უკიდურესი გადაწყვეტილებებიც მისაღები ხდება.
15 აპრილს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სასწრაფოდ და საზეიმოდ გამოაქვეყნა პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში, რომ საქართველოს მიერ ახალი 500 მილიონი დოლარის ვალის აღების პროცესი წარმატებით დასრულდა.
16 აპრილს ამ პოსტს განვრცობა მოჰყვა და ხუციშვილის მხრიდან მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა სხვადასხვა კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ წარმატებით განათავსა ქვეყანამ 500 მილიონი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რომ დაფიქსირებული 2,75%-ი უპრეცენდენტო და საამაყოა, რადგან რეგიონში ვალი ასეთი დაბალი პროცენტით ჯერ არავის აუღია და რომ საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას.
ითქვა ისიც, რომ საქართველოს მთავრობის „სტრატეგია“ ევროობლიგაციების განთავსების შესახებ, რომელიც რეალურად ერთადერთი გამოსავალი იყო დეფოლტის ჩიხიდან გამოსასვლელად, სწორი და გამართლებული ნაბიჯი გახლდათ.

ამ განცხადებების პარალელურად ვრცელდებოდა რომან გოცირიძის მწვავე კომენტარები:
„ქვეყანამ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი აიღო და მთავრობა ამას ზეიმობს, მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხასო. ორი თვის წინ სომხეთმაც აიღო ვალი და იქაც მოთხოვნამ რამდენჯერმე გადააჭარბა განცხადებულს“.
მართლაც, თუ მოვლენების განვითარებასა და საკითხის არსს დავუკვირდებით, მარტივად მივხვდებით, რომ ფინანსთა სამინისტროსა და მინისტრის ქმედებები სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატურია.
რატომ?
ქვეყნის ფინანსთა მინისტრი აღებული 500 მილიონიანი ვალით ამაყობს და ამ ფაქტს ზეიმობს!
ამ ყველაფერსაც რომ შევეშვათ და დადგენილ პროცენტზე ვისაუბროთ, აქაც უამრავ ხარვეზსს დავინახავთ. უახლოეს წარსულში გვხვდება რამდენიმე მაგალითი, როდესაც ანალოგიური მიზეზით სხვა ქვეყნებმა გაცილებით დაბალ პროცენტში განათავსეს ევრობონდები.

  • ყაზახეთმა გამოუშვა 500 მილიონი ევროს ღირებულების ევრობონდები 7 წლით, საპროცენტო განაკვეთი 0,6%. ასევე განათავსა 650 მილიონი ევრო 15 წლით 1.5%-ად. ყაზახეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის BBB-;
  • სერბეთმა განათავსა ევრობონდები 1,2 მილიარდი დოლარი, 2,125%-ად, 10 წლით. საკრედიტო რეიტინგი BB+;
  • სომხეთმა ისესხა 750 მილიონი დოლარი 10 წლით 3,6%-ად. ხუთწლიანი რომ ყოფილიყო, 3 პროცენტის ფარგლებში იქნებოდა. საკრდიტო რეიტინგ B+.
    ამ დროს, საქართველომ ისესხა 500 მილიონი ევრო 5 წლით, 2,75%-ად(!!!). საკრედიტო რეიტინგი BB.
    დასკვნა: ფინანსთა მინისტრს იმის მიზეზიც კი არ აქვს, რომ ვალის აღება იზეიმოს!
    რა მოხდება მომავალში? ცნობილია, რომ საქართველომ ევრობონდები 5 წლით განათავსა, შესაბამისად, ხუთი წლის შემდეგ, დიდი ალბათობით, მთავრობას იგივე პროცედურების განმეორება მოუწევს. საკითხავია, რამდენად იქნება 5 წლის შემდეგ ბიუჯეტში დამატებით 500 მილიონი პანდემიით ან სხვა მიზეზით?

ეკონომიკის ექსპერტები სამომავლო ზეგავლენებს აფასებენ

ეკონომისტ რამაზ გერლიანის აზრით, ეს მანიპულაციები ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება:
„პრაქტიკულად, ეს არის გადავადებული მძიმე ვალდებულება, რომელიც უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე იმ პერიოდში, როდესაც მისი გადახდის დრო მოვა. რადგან რეზერვების შემცირებაზეა საუბარი, ლოგიკურია, ეს ვალდებულება უარყოფითად აისახოს საბიუჯეტო ხარჯების დროულ დაფინანსებაზეც. თუ ბიუჯეტში კრიზისი არ იქნება და შემოსავლების პრობლემაც მოიხსნება, ეს უარყოფითი გავლენაც შედარებით შესუსტდება, თუმცა კრიზისის პერიოდში ვფიქრობ, რომ ბიუჯეტს მაინც შეექმნება პრობლემები“.

რომან გოცირიძე:
„შეცდომაა, რომ ევროობლიგაციების 10 წლით არ განთავსდა (მსგავსად სომხეთისა). ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს ახალი სესხის აღება ამ სესხის გასასტუმრებლად და მაშინ ასეთი ხელსაყრელი პირობები არ იქნება. მსოფლიოში იაფი ფულის ბუმია ბევრი მიზეზის, მათ შორის, პანდემიის კრიზისის გამო. მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დიდძალი რესურსი გამოიყოფა, რაც წარმოქმნის ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს ბაზარზე“.

აქ შემდეგი საკითხი იჩენს თავს: 5 წელიწადში, როდესაც ქვეყანას ისევ მოუწევს ამ ვალის გადავადება ან, უკეთესს შემთხვევაში, გადახდა, რა მდგომარეობა იქნება საქართველოში?
პანდემიის დასასრულს ჯერ ბოლო არ უჩანს, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე და, ფაქტობრივად, კრიზისულია.
უცნობია, რამდენი წელი და რა სახსრების მობილიზება დასჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს?
რა მოხდება, როდესაც 5 წელიწადში 500-მილიონიანი ვალი კვლავ გამოჩნდება? _ ეს არავინ იცის…
უცნაური ხალხი ვართ ქართველები. იცით რას ჰგავს ეს ზეიმი? აი, ფეხბურთს რომ წავაგებთ და ვამბობთ, ამჯერადაც დავმარცხდით, მაგრამ კარგად ვითამაშეთო. რას ვიზამთ, საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა.

ნიკა არქანია