ვინ დგას ნამოხვანჰესის პროექტის უკან?

სრულიად საქართველო გაფაციცებით ადევნებს თვალს ლეჩხუმში განვითარებულ მოვლენებს ნამოხვანჰესის მშენებლობის შესახებ. უნდა აშენდეს თუ არ აშენდეს ჰესი? რა ლაფსუსებია ხელშეკრულებაში?
რამდენად შესაძლებელია ხელშეკრულების გაუქმება და რა პერსპექტივა აქვს რიონის ხეობის პროტესტს? _ ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ანალიტიკოსი, პროფესორი დემურ გიორხელიძე ესაუბრა:

_ ბატონო დემურ, როგორია თქვენი პოზიცია ნამოხვანჰესის პროექტის შესახებ?
_ მე თავად ვხელმძღვანელობდი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შექმნას, ამდენად, კარგად ვიცნობ ეკონომიკის განვითარების მიმართულებებს, რომელიც ერთ-ერთ კომპონენტად სათბობ-ენერგეტიკული ბაზის განვითარებას მოიცავს და არა მხოლოდ ჰიდროენერგეტიკის. ნამოხვანჰესის პროექტი არის იზოლირებული, წერტილოვანი პროექტი, რომელიც არ არის ქართული ეკონომიკის განვითარებასა და რაღაც მითიურ ენერგოდამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, არამედ მიმართულია კონკრეტულ ინტერესებზე.
რაც შეეხება უშუალოდ ნამოხვანჰესს, თუ ჩვენ მას ეკონომიკის განვითარებას ვუკავშირებთ, ეს სხვა თემაა, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ გვაქვს. ეს არის ქართველი ხალხის რესურსი, რომელიც რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ მომავალ თაობებსაც ჰქონდეს მისი გამოყენების საშუალება, _ ჩვენ ამის მსგავსს ვერაფერს ვხედავთ.
თუ ნამოხვანჰესი უნდა აშენდეს და საქართველოს ხელისუფლება ამას დაასაბუთებს, მაშინ მას შეუძლია შექმნას სააქციო საზოგადოება, გაყიდოს აქციები საქართველოს მოქალაქეებზე, დასაწყისში ჩადოს თავის წილიც.
სააქციო საზოგადოება, რომელიც ძალიან სწრაფად მოაგროვებს ფულს ყოველგვარი თურქი ინვესტორის გარეშე, გამოაცხადებს საერთაშორისო კონკურსს. ყველაფერი გაკეთდება უკანასკნელი ტექნოლოგიების დონეზე და ამ ჰესის მფლობელი იქნება ქართველი ხალხი. ბანკებში 8 მილიონი ლარი დევს ისე, რომ ეს ფული ეკონომიკაში არ მონაწილეობს, ხელისუფლება თუ მოინდომებს, ეს ფული წავა ეკონომიკაში.
_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა უკვე ხელშეკრულება დადებულია, ინვესტორი არსებობს, მეორე მხრივ კი არის ასეთი სახალხო პროტესტი, გამოსავალი რა შეიძლება იყოს?
_ ეს ხელშეკრულება სცილდება ერთი ჰესის მშენებლობის მასშტაბებს. ასობით ჰექტარი მიწის გადაცემა წიაღისეულის მოპოვების უფლებით არ უკავშირდება ჰესის მშენებლობას. ჰესის მშენებლობა არის ფასადი, რომლის უკან ჩვენ არ ვიცით, რა იმალება. ჰესის მშენებლობა რომ ჩაიშალოს, ეს მიწები მაინც თურქების საკუთრებაში რჩება და ა. შ. ეს უამრავ კითხვას აჩენს.
ამასთან, პროექტი არ არის დამუშავებული, იგი არ განხილულა ეტაპობრივად. დღეს, როცა გადაწყვეტილება მიღებულია, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიღაც უცხოელ სპეციალისტებს მოვიწვევთ და ისინი გვეტყვიან, ეს ყველაფერი კარგიაო, მსგავსი მიდგომები ძალიან სახიფათოა.
ჯერ ერთი, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესის მქონე მეზობელი შემოიყვანო და ასეთი მასშტაბის საყრდენი გაუჩინო აქ, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არის, ეს სხვა რამეა. ამიტომ ვამბობ, ეს არის შენიღბვა იმის, რაც ამ პროექტის უკან დგას.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც არის კაბალური და გამორიცხავს რაიმე დათმობაზე წასვლას, ეს ძალზე საშიში პრეცენდენტია.
_ რა გზა შეიძლება არსებობდეს ამ ხელშეკრულების ჩაშლის ან რამე ფორმით ამაზე უარის თქმის?
_ ამას სჭირდება არა ლოკალური პროტესტი, არა იმ სახის პროტესტი, რაც ახლა არსებობს, არამედ საყოველთაო პროტესტი, რადგან ეს ეხება საქართველოს და ქართული სახელმწიფოს მომავალს.
საქართველოში სიტუაცია და ძალაუფლების კონსტრუქცია ვინც იცის, და მოეხსენება, როგორ მიიღება გადაწყვეტილება, ძნელი მისახვედრი არაა, რომ თურქული კომპანია შემოიყვანა ისეთმა ძალამ, რომელსაც ძალიან დიდი გავლენები აქვს ქვეყანაში. მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ეს მის ძალებს აღემატება.
ჩვენ არ გვყავს ისეთი მთავრობები, სადაც გამარჯვებული პარტიის ლიდერები იყვნენ პასუხისმგებლები ამომრჩევლის წინაშე, ჩვენ ცოტა სხვა სტრუქტურა გვაქვს. ამ პროექტის უკან დგას ძალზე გავლენიანი ჯგუფი.
_ რა ძალასა და რა ჯგუფზე საუბრობთ და მიდის თუ არა ეს კავშირი ივანიშვილთან?
_ არ ვარ ის ადამიანი, ჭორაობას რომ მიჰყვეს ინტერვიუს დროს. კიდევ გეუბნებით, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლესი ძალაუფლების ჯგუფის მიერ, რომელიც საერთოდ არ არის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი. ოფიციალური სტრუქტურები მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებენ.

_ აბა, არაფორმალური ძალაუფლება სხვას ვის აქვს კიდევ ქვეყანაში?
_ მე გეუბნებით იმას, რაც არის, დანარჩენი თქვენ იფიქრეთ…
_ თქვენ ამბობდით, რომ ხეობაში არსებული წიაღისეული შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი იყოს ამ პროექტით დაინტერესების. ამის შესახებ რას იტყვით?
_ ელემენტარულია: პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ გაასხვისო ტერიტორია 99 წლით ისეთი ამბიციის მქონე მეზობელზე, ისეთი პროექტით, რომელიც არ ჯდება მხოლოდ ელექტროსადგურის ფორმატში, ე. ი., ამას აქვს გაცილებით ღრმა მიზნები. ეს არ არის ეკონომიკური პროექტი, ეს არის გაცილებით სხვა რანგის პოლიტიკური პროექტი. აქ არის გეოპოლიტიკის გავლენა და ამის თურნავასა და დავითაშვილის დონეზე დაყვანა, რომლებიც მხოლოდ შემსრულებლები არიან, შეცდომაა.
_ ანუ რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტი მარცხისთვისაა განწირული?
_ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ პოლიტიკა ამ ბიჭებზე ძლიერია. გადაწყვეტილება არ არის მიღებული ვიღაცის სამინისტროს დონეზე. ამ ბიჭების დამარცხება არანაირად არ შეიძლება იყოს სასურველი. პასუხისმგებლიანი საზოგადოება ახალგაზრდებსა და ქალბატონებს წინა ხაზზე არ აყენებს, იქ უფრო მოწიფული თაობა უნდა იდგეს.
არ შეძლება, ამ ბიჭებისგან ახალი ბელადების შექმნის მცდელობა, რომელიც დაანგრევს მათ. 30 წელია, ბევრი ახალგაზრდა დაანგრია პოლიტიკამ და აღარ არიან ეს ახალგაზრდები პოლიტიკაში. საღი ბიჭები არიან და თუ პოლიტიკაში აპირებენ ყოფნას, სჯობს, ეტაპობრივად გაზარდონ საკუთარი თავი. ამ დონეზე ამ უზარმაზარი გადაწყვეტილების გაპროტესტება შედეგს არ მოიტანს და დამარცხდება.
_ თვითონ ამბობენ, რომ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს ემიჯნებიან და არ იყენებენ მათ გვერდით, ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?
_ ეს მათი მცდარი გადაწყვეტილებებია. ისინი თუ ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით შედეგს მიიღებენ და შეძლებენ რამის შეჩერებას, ძალიან ცდებიან. ახალგაზრდები უკვე მცდარ გზაზე დგანან, ისინი ვერ დაუდგებიან ამას წინ, პოლიტიკა მათზე ძლიერია. რას ჰქვია, გამიჯვნა? პროტესტი ეხება საქართველოს ინტერესებს. თუ ეს არის ლოკალურად ამ ჯგუფის ინტერესებში, კი ბატონო, მაგრამ საყოველთაო პროტესტს ვერავინ დაუდგება წინ. საყოველთაო პროტესტში ყველა იქნება მონაწილე, ეს არის მშვიდობიანი, ოღონდ გამაფრთხილებელი პროტესტი ხელისუფლებისთვის, _ ყველგან, ყველა ქალაქში, ყველა მაგისტრალზე რომ გაჩერდება ქვეყანა რამდენიმე საათით და სიგნალს მიცემს ხელისუფლებას,
_ ჰესის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც იქ თურქეთის მიუღებლობაზე აკეთებენ აქცენტს, პრორუსულ ინტერესებში ადანაშაულებენ, ამის შესახებ რას იტყვით?
_ რა შუაშია რუსეთი? 99 წლით თურქებს მიეცი მიწა და ეს გადაწყვეტილება კარგია და ვინმე თუ აპროტესტებს, ის არის პრორუსი? ეს საუკეთესოდ დამუშავებული ტექნოლოგიაა, რომელიც სწორედ ასეთ პროექტებს ვინც გააპროტესტებს, ყველას პრორუსად გამოაცხადებს. ეს კი არის უკვე დანაშაული, რომელსაც ქართველი ხალხის მიამიტობაზე თამაში ჰქვია. ამ მიამიტობას უკვე ზიანი მოაქვს! არავითარი პრორუსობა, რა შუაშია პრორუსობა, ეს საზიზღარი პროპაგანდაა!

ირინა მაკარიძე