არასრულწლოვანზე მუქარა თუ მიკერძოებული გამოძიება?

„ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა ბრალდებული ცირა ხურცილავა. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვანზე მუქარას.
ხურცილავას მტკიცებით, ის არ არის დამნაშავე და როგორც ჰყვება, სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა გივი გოცაძემ სპექტაკლი დადგა.

საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“ ცირა ხურცილავას ესაუბრა:
_ ჩემს მეზობელ მაია ქამადაძესთან, რომელიც სამტრედიაში ჩემ გვერდით ცხოვრობს, წლებია, უსიამოვნება მაქვს. განსაკუთრებით კი ბოლო წელიწად-ნახევარია, მას შემდეგ, რაც სამტრედიაში გადმოვედი საცხოვრებლად. იგი სახლში მიზიანებდა სხვადასხვა ნივთს, მათ შორის, ავტომობილს, ასევე მაია ქამადაძის მამამთილი მძარცვავდა (წვრილმანი ქურდობა), მაშინ, როცა მე სახლიდან ვიყავი გამოსული. პოლიციას არაერთხელ მივმართე, თუმცა მპასუხობდნენ, რომ ქურდობის ამსახველი ვიდეომტკიცებულება უნდა მქონოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, _ ქურდობა ხდებოდა მაშინ, როცა მეძინა ან სახლში არ ვიყავი. პოლიციას შევთავაზე, ძაღლი მოეყვანათ კვალის ასაღებად, რაზედაც მითხრეს, რომ სამტრედიის პოლიციაში არ ჰყავთ ძაღლები. იმდენად შეწუხებული ვიყავი მეზობლის ამ საქციელით, რომ პოლიციას ვუთხარი, ქუთაისიდან ჩამოეყვანათ ძაღლები და მე დავაფინანსებდი, თუმცა ამაზედაც არ დამთანხმდნენ. 2020 წლის 11 ივნისს ველოსიპედით გადაადგილების დროს ფეხი მოვიტეხე, შესაბამისად, რაღაც პერიოდი ეტლით გადავაადგილდებოდი. პირველ ივლისს, როცა ეზოში ეტლით ვმოძრაობდი, მაია ქამადაძემ ნივთი (იატაკის საწმენდი ტილო, რომელიც გადაკიდებული მქონდა) დამიზიანა, რაზედაც ძალიან გავღიზიანდი და ვკითხე, _ რატომ არ მანებებდა თავს?! ამის შემდეგ ქვა აიღო და მესროლა. ამ ხმაზე ჩემი შვილი გამოვიდა და ეტლით გამიყვანა, შეეშინდა, რომ ქვა არ მომხვედროდა. სწორედ ამ დღეს ქამადაძემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მე, ეტლში მჯდომ ადამიანს დამაბრალა ქვების სროლა, ასევე ისიც თქვა, რომ მის 9 წლის შვილს ვემუქრებოდი დანით მოკვლით. მისი ოჯახის წევრებს უწერიათ ჩვენებაში, რომ თითქოს მათ ვუთხარი: „ამაღამ მე თქვენ ყელს გამოგჭრით“. ისინი კიდევ ერთ თარიღს ასახელებენ იმის გასამყარებლად, რომ მე ასე ვიმუქრებოდი. მათი თქმით, 26 ივნისსაც დავიმუქრე. ამ დღეს ჩემი ოპერაციიდან 15 დღე იყო გასული და სასწრაფო წესით უნდა ამომეღო ნაოპერაციები ადგილიდან ნაკერები, შესაბამისად, ვიმყოფებოდი საავადმყოფოში. როგორც ჩანს, მათ თარიღი შეეშალათ. ამ საქმეში ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ და, რეალურად, პროკურატურამ დადგა სპექტაკლი.
_ სად ჩანს, რომ ამ ყველაფრის მიღმა პროკურატურა დგას?
_ ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურანტი არის პროკურორი გივი გოცაძე. ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში იყო საქმე ჩემი ბათუმის ბინის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. მედავებოდნენ, რომ ბინის მესაკუთრეს მოტყუებით მოვაწერინე ხელი და ასე გადავიფორმე ბინა. ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რაც დაადასტურა ნოტარიუსმაც. გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მათ შორის, დავიკითხეთ მე და ჩემი შვილი. ბოლოს, გამომძიებელმა თქვა: გადავხედე თუ არა ამ საქმეს, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სამოქალაქო ტიპის დავა, მაგრამ პროკურორმა საჭიროდ მიიჩნია, რომ მოკვლევა ჩამეტარებინა და მე ეს გავაკეთე. ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. სამოქალაქო წესით იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ, ამიტომ არც ამ კუთხით გაუგრძელებიათ დავა ჩემ წინააღმდეგ. ამ საქმის პროკურორი იყო გივი გოცაძე. თავიდან მის მიმართ ეჭვი არ გამჩენია, თუმცა მას შემდეგ, რაც ის მეორე საქმეზე (არასრულწლოვანზე მუქარა) კვლავ საქმის პროკურორი იყო და მიკერძოებულად მოქმედებდა, გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ეს ადამიანი პრინციპულად იყო დაინტერესებული, ვინაიდან პირველი თემიდან ხელმოცარული დარჩა, ამ მეორე საქმეზე ეპოვა ხელმოსაჭიდი. პირველი საქმიდან 7 თვის თავზე კი, როგორც გითხარით, ქამადაძის ოჯახმა დამაბრალა არასრულწლოვანზე მუქარა, მათ ჩემი განადგურება სურდათ და ამ შემთხვევაში მათი და პროკურორის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ანუ მაია ქამადაძისთვის პროკურორი ოქროს თევზი აღმოჩნდა. არაკეთილსინდისიერმა და მიკერძოებულმა გამოძიებამ ამის საფუძვლიანი ეჭვი გამიჩინა.
_ რით დასტურდება პროკურორის ზეწოლა და მიკერძოებულობა?
_ პროკურორი მიგზავნიდა უწყებებს და მიბარებდა დაკითხვებზე (არასრულწლოვანზე მუქარის საქმეზე), როდესაც მე ეტლში ვიჯექი. პროკურატურაში მესამე სართულზე უნდა ავსულიყავი, სადაც ეტლისთვის ადაპტირებული გარემო არ იყო. პოლიციის ინსპექტორს უწყებები მოჰქონდა, ის ხედავდა, რომ ეტლში ვიჯექი, მიუხედავად ამისა, პროკურატურაში იძულებით მიყვანითა და დაჭერით მემუქრებოდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო გათვალისწინებული, ისე კერავდნენ საქმეს, თითქოს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონდა. ვითხოვდი გამომძიებლის სახლში მოსვლას. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა გამომძიებელი და სახლში გამომკითხა. ასევე 2020 წლის პირველ ივნისს, როდესაც ზემოხსენებული ინციდენტი მოხდა, გამომძიებელმა მამუკა დვალიშვილმა ქამადაძის ოჯახის წევრები საკუთარ სახლში დაკითხა, როცა ყველა ჯანმრთელი იყო და შეეძლოთ გადაადგილება, მე კი თითის ქნევით მიბარებდნენ გამოკითხვაზე, მაშინ როცა ეტლით მოსარგებლე ვიყავი. გარდა ამისა, ამ საქმის მსვლელობისას არავინ დაინტერესებულა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ექიმთან გაერკვიათ, რეალურად ჩამიტარდა თუ არა ოპერაცია. პრაქტიკულად, სამი თვე ინვალიდის სტატუსი მქონდა მონიჭებული. არც კი გადაუმოწმებიათ ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ექსპერტიზას ვითხოვდი, რამდენად რეალური იყო ის, რომ ეტლში მჯდომ ადამიანს ესროლა ქვები და სახურავი გაეტახა. ამ ინციდენტის დღეს დავურეკე ჩემს დას და ვთხოვე, მისულიყო ქამადაძის ოჯახში და გაერკვია, რა უნდოდათ მათ ჩემგან? როდესაც ის მივიდა, ასეთ ფაქტს შეესწრო: მაია ქამადაძე 88 წლის მარო ხურცილავას, თავისი ქმრის ბებიას, გამომძიებლის თვალწინ, თითის ქნევით ეუბნებოდა, _ შენ ხომ იცი, რაც უნდა თქვაო. იმ მომენტში გმომძიებელს რეაგირება არ ჰქონია. ამ ფაქტიდან დასტურდება, რომ ქამადაძის ოჯახის წევრი მარო ხურცილავა ზეწოლის ქვეშ დაიკითხა. იმ მომენტში ქამადაძის ქმარი კახა გელაშვილი ჩემი დისკენ საცემრად იწევდა გამომძიებლის თვალწინ, რაზედაც გამომძიებელს რეაგირება არ ჰქონია. როცა ჩემი და გელაშვილს შეეპასუხა, გამომძიებელმა უთხრა: „გაჩუმდი, მუშაობაში ხელს მიშლი, თორემ ხელებზე „ნარუჩნიკებს“ დაგადებო“. როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, მიკერძოებულობა იკვეთება. ქამადაძემ იცოდა, რომ ამ საქმეში პროკურორი მის ინტერესებს დაიცავდა, თორემ გამომძიებლის წინაშე მოწმეზე ზეწოლას ვერ განახორციელებდა. ეს ქალბატონი, მარო ხურცილავა, ჩემი მამიდაა და ქამადაძე ჩემ წინააღმდეგ იყენებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მარო ხურცილავას სკლეროზი აქვს, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მისი შვილისგან გავიგე. მარო ხურცილავამ არც იცოდა, რეალურად რაზე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმზე. ხელმოწერაში მარო ხურცილება წერია და არა ხურცილავა. იმის დასტურად, რომ ეს არ არის მისი ხელმოწერა, მე წარმოვადგინე ნოტარიუსიდან ამოღებული დოკუმენტი, 2019 წელს კუთვნილებად მერგო და გადავიფორმე მაროს დედის, ანუ ბებიაჩემის მიწის ნაკვეთი, რაზედაც მჭირდებოდა მამიდაჩემის თანხმობა. იგი უპრობლემოდ გამომყვა და მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტზე არსებულ ხელმოწერაზე გარკვევით უწერია მარო ხურცილავა, ანუ აქედან დასტურდება, რომ ეს ადამიანი ხურცილებათი არ აწერს ხელს. ასევე მან ჩვენების ბოლოს ვერ დაწერა ის სიტყვები: ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, ვეთანხმები, ხელს ვაწერ. ანუ ის უგონო მდგომარეობაში იყო, როცა ჩვენება მისცა. ასეთი ადამიანის ჩვენება ფიგურირებს საქმეში. გარდა ამისა, როდესაც გამომძიებელს ვკითხე, რატომ არ დაკითხა ჩემი და მოწმის სტატუსით, მითხრა, რომ უკვე დაკითხული ჰყავდა. თუმცა საქმის მასალებში გამოკითხვის ოქმი არ იყო, რაზედაც თქვა, რომ მახსოვდა, დარეჯან ხურცილავა (ჩემი და) დაკითხული მყავდა, თურმე არ მყოლიაო. რა თქმა უნდა, გამომძიებელს არ აწყობს ჩემი დის დაკითხვა, რადგან, როგორც გითხარით, ჩემმა დამ ნახა, რაც მოხდა ქამადაძის სახლში ოჯახის წევრების გამოკითხვის დროს. ასევე ბავშვი დაკითხულია ყოველგვარი პროცესუალობის დარღვევით, _ დაკითხვის დროს არ ახლდა: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ადვოკატი. მხოლოდ და მხოლოდ, სანდო პირი, ბავშვის ნათლია ესწრებოდა გამოკითხვას. შესაბამისად, ეს გამოკითხვის ოქმი კანონის დარღვევით იყო შედგენილი და სასამართლოზე მისი დაუშვებლად ცნობა მოვითხოვეთ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ასევე მოწმეების ნაწილში ქამადაძის მამამთილი, თენგიზ გელაშვილი, ინციდენტის დასრულების ბოლო წუთებში მოვიდა ადგილზე, შესაბამისად, მისი, როგორც მოწმის ჩვენება, არ არის რელევანტური. მან ჩვენება მისი რძლის, ქამადაძის ზეწოლის შედეგად მისცა, ისევე როგორც მარო ხურცილავამაც ზეწოლის ნიადაგზე მისცა ჩვენება. საქმეში არის ასევე სიდი დისკი, თითქოს ე. წ. დაზარალებულმა ვიდეოზე გადაიღო ეს სცენა. ამ ვიდეოზე აბსოლუტურად არ ჩანს, არ იკვეთება, რომ ბავშვს ვემუქრებოდი. მით უმეტეს, არ მომხდარა ამ დისკის აუდიო იდენტიფიკაცია. წარმოშობის წყარო, ჩაწერის თარიღი არ არის ცნობილი, არის თუ არა მონტაჟი, _ ამ კითხვებზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია. მეტიც: ეს დისკი ზუსტად ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებს. არსად იკვეთება, რომ მე მის არასრულწლოვან შვილს მოკვლით ვემუქრები, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მათ მოუწევთ სასამართლოზე ამ დისკის მოსმენა.
_ სამართლებრივად საქმე რა ეტაპზეა?
_ გირავნობა შემიფარდეს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მომეხდინა და ფაქტები არ გამენადგურებინა, გოცაძემ 2000 ლარი მოითხოვა გირაო და მოსამართლე დავით სვანაძემ 1000 ლარი დაამტკიცა, რაც აბსოლუტური აბსურდია.
საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ ყოფილა, პირველ აპრილს ჩაინიშნა და გადაიდო. გივი გოცაძეს კორონა ვირუსი აქვს. პროკურორმა, ვინც მის ნაცვლად იყო დანიშნული, გადადება მოითხოვა. გარდა ამისა, ჩემი მოწმეები არ დაამტკიცეს, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე. 2 აპრილს სააპელაციო სასამართლოდან მივიღეთ პასუხი ჩემი მოწმეების სასამართლოზე დასაშვებობის შესახებ. გოცაძესა და დვალიშვილს ჩემი მოწმეების სასამართლოზე გამოკითხვა არ აწყობდათ და თავიდან იშორებდნენ, თუმცა ქუთაისის სასამართლომ დაგვიმტკიცა.
პროკურორის მიზანი იყო, ბავშვზე მუქარაზე გაეკეთებინათ აქცენტი, რადგან მეორე საქმიდან არ გამომეკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ახლა ამ საქმით სურდა, საპროცესოებით თანხები შემეტანა. მინდა გოცაძეს მივმართო, რომ ასეთ უნიჭო სპექტაკლებში ფულს არ ვიხდი.

მაია ქამადაძის თქმით, ცირა ხურცილავას მხრიდან მისი შვილის მისამართით მუქარის ამსახველი ვიდეოჩანაწერი საქმის მასალებში დევს:
„ქვებს ისროდა ცირა ხურცილავა, ჩემს შვილს რომ მოხვედროდა, სად მიდიოდა?! გარდა ამისა, ის მოკვლით ემუქრებოდა არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ ყველას მისამართით იმუქრებოდა, _ გადმოვალ, დაგკლავთ და დაგჩეხავთო. ეს არის მუქარა. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, როგორ იმუქრება ცირა ხურცილავა. ეს არის ვიდეოჩანაწერი“.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა პროკურორ გივი გოცაძეს, რომელსაც ცირა ხურცილავა მიკერძოებულ გამოძიებაში ადანაშაულებს:
„ცირა ხურცილავას საქმეზე გამოძიება ობიექტურად ჩატარდა. საქმე სასამართლოშიც წარიმართა და წინასასამართლო სხდომაც გაიმართა. სასამართლომ სრულად დასაშვებად მიიჩნია ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანუ კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო მოპოვებული. შესაბამისად, რამე მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია. ცირა ხურცილავა ამ შემთხვევაში ბრალდებულია და შესაძლებელია, სუბიექტურიცაა. დანარჩენი სასამართლოზე გაირკვევა, დაიკითხებიან მოწმეები, გამოიკვლევა სხვა მტკიცებულებები და ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, არის თუ არა დამნაშავე ცირა ხურცილავა“.

ნენე ინჯგია