საქართველოს ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზე

საქართველო ეკონომიკურ კრიზისშია. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და პანდემიური პროცესების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა გაუსაძლისს მდგომარეობაშია, გაზრდილია დაუსაქმებელ ადამიანთა რიცხვი. მონაცემები დღითი დღე იზრდება. პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ.

ეკონომიკის ექსპერტ პაატა ბაირახტარის აზრით, დაუსაქმებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება:
„უმუშევრობის დონე, რომელიც ისტორიულად მაღალია და 20.4% შეადგენს, კიდევ გაიზრდება და ახალი ლოკდაუნის შემთვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000-მდე ადამიანს ემუქრება“.
ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკური სეგმენტი, რომელიც სტაბილურად მოქმედებს და ბალანსს ინარჩუნებს.
საქართველოს საგაერო ვალი 20 მილიარდ დოლარს წარმოადგენს, არაოფიციალურად საქმე გვაქვს დეფოლტთან. სახელმწიფოს მიერ ვალების მომსახურების მზაობა არ არსებობს. სხვა ვერაფრით აიხსნება, რომ მთავრობამ 12 აპრილს საერთაშორისო ინვესტორებისთვის გადასახდელი 500 მილიონი აშშ დოლარის მობილიზაციის სურვილი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოამჟღავნა და საზოგადოებას ამცნო, რომ აპირებს ევრობონდების განთავსებას. სოლიდურობისა და დამაჯერებლობისთვიოს კი ისიც დასძინა, რომ შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. ეროვნულ ეკონომიკაზე მოჩვენებითი ზრუნვის გარდა სხვას ვერაფერს დავარქმევთ იქვე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა _ Galt & Taggart და TBC Capital . მაგრამ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საქართველოს თავი რომ დავანებოთ, არ არის იმის გარანტია, რომ ასე დაჩქარებულად გაუჩნდებათ სურვილი თუნდაც JP Morgan -ს, Goldman Sachs -სა და ICBC-ს დაუგეგმავი ხარჯები გასწიონ.
მაგრამ აქ მთავარი საქართველოს ხელისუფლების სავარაუდო ჩანაფიქრია, ანუ გამოსავალი, რომელიც მას რეალურად აქვს, ხარჯები ბიუჯეტიდან გამოყოს. საუბარია თითქმის 1,8 მილიარდ ლარზე.
მათთვის, ვინც არ იცის _ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ევროკავშირმა დაბალპროცენტიანი სესხი და მეტწილად გრანტი გამოყო, რომელმაც 5 მილიარდი ლარი შეადგინა. მთავარობამ 2 მილიარდი უკვე დახარჯა და სავარაუდოდ დარჩენილი თანხიდან აპირებს სესხის დაფარვას. რამდენად სამართლიანია ეს საქართველოს გაპარტახებული ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც ამ თანხით პანდემიით მიყენებული ზიანის შემსუბუქება უამრავი ადამიანისთვის გახდებოდა შესაძლებელი?
რატომ გაახსენდა ხელისუფლებას, რომ ვალი ჰქონდა გადასახდელი მხოლოდ გაზაფხულზე და რატომ არ განათავსა ევრობონდები თუნდაც გასულ წელს? იგივე პრობლემის წინაშე მყოფმა უკრაინამ ხომ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გადადგა?..
რამდენით გაუფასურდება ლარი ამ ოპერაციის განხორციელებისას?
ბიუჯეტიდან აღებული 1,8 მილარდამდე ლარით მთავრობამ ეროვნული ბანკისგან უცხოური ვალუტა უნდა შეიძინოს. ცალკე საკითხია, რომ ამის შედეგად 500 მილიონით შემცირდება საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები, რომელიც 2012 წლის შემდეგ არნახულად მაღალია და 4,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ობლიგაციები ხელახლა უნდა გამოეშვა და მიღებული ფულით ძველი ვალები გადაეფარა:
„პროცესი ჯერ კიდევ შარშან უნდა დაეწყო, სინამდვილეში კი სულ ახლახან გამოაცხადა კონკურსი ამ ობლიგაციების ბაზარზე გატანის მომსახურე ბანკების შესარჩევად. არავინ იცის, როდის განათავსებს ობლიგაციებს მთავრობა და საერთოდ მოესწრება წელს თუ არა. ამიტომ ეროვნულ ბანკს რამდენიმე დღეში 500 მილიონი დოლარით შეუმცირდება რეზერვები და ძნელი სათქმელია, აღუდგება თუ არა წელს“, _ აცხადებს გოცირიძე.
იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ ამ ფინანსური ოპერაციის გამო შესაძლოა, ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით შემცირდეს, საქართველოს უამრავი მოქალაქე კიდევ უფრო გაღარიბდება.
ეროვნული ვალუტა რამდენიმე თვეა, 3.4-იან ნიშნულს ცდება. ეროვნული ბანკის წერტილოვანი პოლიტიკა კი მდგომარეობის შესაცვლელად სრულიად გამოუსადეგარია, პირიქით, სებ-ის მიდგომა, რომელიც სავალუტო აუქციონებზე დოლარის გაყიდვას გულისხმობს, უარყოფითად აისახება კურსის ცვლილებაზე და ქმნის ლარის გაუფასურების მიმდინარე ტენდენციას, როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით.
ექსპერტის განმარტებით სებ-ის ეს პოლიტიკა სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციის ფონზე.
„პროცესის განეიტრალებას ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებით შეეცდება. თუმცა, ზემოთ ნახსენები სცენარის შემთხვევაში, სებ-ი ვერ მოახერხებს ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას და არც გააჩნია ამის რესურსი. თავის მხრივ, ეს პროცესი გამოიწვევს ახალ წნეხს ინფლაციაზე, რომელიც ნომინალური კურსიდან იქნება წამოსული, რასაც ცალსახად ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რეფინანსირების განაკვეთის სახით. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ სებ-ს მიწოდების შოკების საწინააღმდეგოდ ბერკეტი, პრაქტიკულად, არ გააჩნია“, _ მიიჩნევს პაატა ბაირახტარი.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ საქართველოს მთავრობის მოქმედებებიც, მათი ფასადური პოლიტიკა, გრძელვადიანი ლოგიკური გეგმის არქონა და ამ ყველაფრით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ეს მიდგომა ქვეყნის ეკონომიკას უფსკრულში გადაჩეხას უქადის.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი სავარაუდო ეკონომიკურ პროგნოზს აკეთებს:
„მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და ის $4000-ის ფარგლებში იქნება _ დაახლოებით 2011 წლის დონეზე. ამ გამოწვევებს ხელისუფლება ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტებით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისედაც დიდ ლარის მასას და წნეხს წარმოქმნის ეროვნულ ვალუტაზე, რის შემდეგაც კურსი მნიშვნელოვნად გადაიხრება და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას“.
ლარის გაუფასურების ფონზე ქვეყანაში რეკორდულად არის შემცირებული ექსპორტისა და იმპორტის რაოდენობა. ქვეყანას, ფაქტობრივად, არ გააჩნია საგარეო სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან.
ექსპერტების განმარტებით, საქმე გვაქვს ეკონომიკურ ვაკუუმთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფინანსური პროცესები თითქმის გაჩერებულია და პოლიტიკურ/პანდემიური პროცესების დარეგულირებას ელის. მაგრამ ამ მოლოდინის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ეკონომიკა დამოუკიდებელი სფეროა, მართალია, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სხვა სეგმენტებზე, მაგრამ ეკონომოკური პროცესები, პოლიტიკას ან პანდემიას ვერ დაელოდება, რადგან ეკონომიკური განვითარების გაჩერება ქვეყნის გაჩერებას ნიშნავს.
ეკონომიკის ექსპერტ რამაზ გერლიანის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამგვარ განვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ბანკის უუნარო პოლიტიკაა:
„ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ არის ეფექტური. სებ-ი მუდმივად იყენებს აუქციონზე სავალუტო რეზერვის გაყიდვის პრაქტიკას, ამ პროცესს ეფექტი არ გააჩნია, პრიქით, ის ბერკეტი, რომელიც ვალუტის გამყარებას უნდა ემსახურებოდეს, ლარის გაუფასურებას ზრდის.
შემცირებულია საინვესტიციო ნაკადები. ცუდი ვითარებაა როგორც ტურიზმის, ასევე გზავნილების ნაწილშიც. ექსპორტის გზით შემოსული თანხები ისედაც არასდროს ჰყოფნიდა ეროვნული ვალუტის დაბალანსებას დოლართან მიმართებით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კონვერტირებული ვალუტის მასის გაზრდა“.
წვრილი და საშუალო ბიზნესის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ტურიზმის სექტორშია. საქართველოში ტურისტული ნაკადების შემოდინება სრულიად არის შეჩერებული. ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ტურიზმმა მიიღო, ქვეყანაში არსებული ორი ლოკდაუნის შედეგად საქართველოს ეკონომიკამ 2020 წელს დამატებით 1 მილიარდი ლარი დაკარგა. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკას, ტურისტული სეგმენტის არარსებობის გამო, ყოველდღიურად 16 მილიონ ლარი აკლდება.
ეკონომიკის ექსპერტ გიორგი კაპანაძის მოსაზრებით:
„თუ მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდება, შესაძლებელი იქნება ქვეყნის გახსნა ტურისტებისთვისაც. ბიზნესს უნდა მიეცეს ამოსუნთქვისა და მუშაობის განახლების საშუალება. ეს პროცესი ავტომატურად გამოიწვევს ეკონომიკის დაძვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უდიდესი საგარეო ვალისა და შეზღუდული რესურსების ქონის ფონზე, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია“.
თუ ზოგადად მაინც გადავავლებთ ეკონომიკურ პროცესებს თვალს, მარტივად დავინახავთ, რომ ქვეყანა კრიზისშია, ამ დროს გადამწყვეტია პროაქტიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ინვესტიციების შემოდინების პროცესს დაძრავს, მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არ ხდება. ეროვნული ბანკი წერტილოვან პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას, რაც სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვით ეკონომიკური მდგომარეობის დაბალანსების უშედეგო მცდელობაა.
2021 წლის 2 აპრილს ევროპარლამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელიც საგანგაშო სიგნალია ქვეყნისთვის. განცხადების მიხედვით, პოლიტიკური შეუთანხმებლობის მიზეზით, ახლო მომავალში სავარაუდოა, ქვეყანას ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, შეუმცირდეს დაფინანსება და ნაკლებად იქნას ჩართული ევროპულ საფინანსო პოლიტიკაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მთავარი დასაყრდენი ახლა ევროპაა, მათი მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოს ეკონომიკის კრახს ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაფინანსება შეუწყდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს მთელი რიგი ეკონომიკური პროფილის პროექტების შეჩერებას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სეგმენტზე, მათ შორის, ექსპორტზე, იმპორტზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ვალუტის ცვლილებასა და სხვ.
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი კაპანაძე:
„ევროპარლამენტის ეს განცხადება, ამერიკისთვის და ყველა ჩვენი მოკავშირე ქვეყნისთვის იქნება უარყოფითი სიგნალი. როდესაც ევროკავშირიდან მოდის მსგავსი განცხადებები და მით უმეტეს ეკონომიკური სანქციები, ეს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და ჩვენს იმიჯს შელახავს. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც წამოვიდეს გარკვეული შენიშვნები ან სანქციები. სწორედ ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ გონს მოეგებიან პოლიტიკური მხარეები საქართველოში“.
ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უმოკლეს დროში დარეგულირდეს, აუცილებელია სწორი პოლიტიკის შემუშავება. დახმარება თანაბრად უნდა გაეწიოს ყველა სექტორს. სხვანაირად პრობლემის მოგვარება გლობალური კრიზისის დროს შეუძლებელია.
ასეთი კრიზისის პირობებში რომელიმე სექტორის გამორჩევა სახელმწიფოს მხრიდან არასწორი დამოკიდებულებაა. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პოლიტიკას, აუცილებელია აბსოლუტური კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრის წახალისება, სხვაგვარად კრიზისის დაძლევა ან ვალუტის სიმყარის შენარჩუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ნიკა არქანია