ნიკა ვარდოშვილი: „ირაკლი კობახიძეს „ოცნებაში“ სერიოზულად არ აღიქვამენ“

ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნიკა ვარდოშვილი, მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დამარცხებისთვის შიგნით აქციები და გარეთ სანქციებია საჭირო. მისი აზრით, როგორც კი რუსს ოლიგარქს ფული გამოეცლება, მას პირველები ისინი უარყოფენ, ვინც ახლა გუნდრუკს უკმევს. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მართალია, დატოვა „ოცნება“, მაგრამ ვარდოშვილი მას განდგომილად არ მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ის, უბრალოდ, გადააადგილა და ახლა, როგორც ოპოზიციონერს, შემოიყვანს პოლიტიკურ ველზე.

რა შანსები აქვს ოპოზიციას? რატომ დაგვიანდა პროტესტის დაწყება? იქნება თუ არა სანქციები? როგორ უყურებენ „ოცნებაში“ ირაკლი კობახიძეს? _ ამის შესახებ ნიკა ვარდოშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ნიკა, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს ფინანასურ დახმარებას შეუწყვეტს. ამაზე ხელისუფლებას უცნაური რეაქცია ჰქონდა, თითქოს ამას ელოდნენ. შეგნებულად ხომ არ დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ დასავლეთმა ზურგი გვაქციოს და ჩრდილოეთისკენ ავიღოთ გეზი?
_ ოპოზიციონერები, არასამთავრობოები და საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ „ქოცებზე“, რომ ისინი ბნელები და გაუნათლებლები არიან. განათლება აკლიათ, მაგრამ კარგად იციან, რასაც აკეთებენ. ყველა ვაღიარებთ, რომ ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი და რა გასაკვირია, რომ საქართველოს რუსეთისკენ მიათრევენ. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ვინმე შეუგნებლად მიაქანებს რუსეთისკენ. საგარეო კურსის შეცვლა არის „ქართული ოცნების“ მიზანი. ამას საკმაოდ ოსტატურად აკეთებენ და ისე იქცევიან, რომ თავად დასავლეთმა შეგვაქციოს ზურგი.
_ ივანიშვილს რუსეთი რომ ურჩევნია დასავლეთს, ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მას ქონების დიდი ნაწილი დასავლეთში აქვს. ევროპამ და ამერიკამ მისი ქონება რომ დააყადაღოს და ანგარიშები გაუყინოს, მერე რას იზამს? ამისგან დაზღვეულია?
_ არ არის დაზღვეული. სწორედ მისი ქონებისა და ანგარიშების გაყინვაა გამოსავალი. „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის გამო ქვეყანა კი არა, რუსი ოლიგარქი უნდა დაზარალდეს. ჩვენი პარტიის ლიდერი ბოლო წლებია, სულ იმას სთხოვს დასავლეთს, რომ ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდეს. როგორც კი ივანიშვილს არ ექნება ფული, ის განულებულია.
გადავინაცვლოთ წარსულში და გავიხსენოთ 2011 წლის შემოდგომა, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა. მას ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რადგან დიდი ფული ჰქონდა. ქეთი დოლიძე და ნინელი ჭანკვეტაძე რომ სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ჰპირდებოდნენ, თითო სოფელს 5 მილიონი მიეცემაო, ამიტომ მისცა ხალხმა ხმა ოლიგარქს, თორემ ივანიშვილის სხვა რა უნდა მოსწონებოდათ? _ ორატორი ის არ ყოფილა და პოლიტიკური გამოცდილებაც არ ჰქონია.
_ ისიც არ დაგვავიწყდეს, როგორი სახელი ჰქონდა მას პოლიტიკაში მოსვლამდე. მასზე ლეგენდები დადიოდა, რომ უამრავ ადამიანს ეხმარებოდა. მონაწილეობა მიიღო სამების აშენებასა და ა. შ.
_ ქველმოქმედის იმიჯი ნამდვილად შეიქმნა, მაგრამ ქველმოქმედი არასდროს ყოფილა. ის ფინანსურად ეხმარებოდა ისეთ ადამიანებს, რომლებისგანაც სარგებელს მიიღებდა. ის ფულს ურიგებდა ქეთი დოლიძის მსგავსს პერსონებს, რომლების უკანაც 50 ამომრჩეველი მაინც იდგა. ჩემს მეზობელ გივის ძალიან უჭირს, მაგრამ ივანიშვილი არც მას და არც სხვა გაჭირვებულებს არ დახმარებია. დღეს მას ის ხალხი აქებს, ვისაც ფულს უხდის. როგორც კი სანქციებს დაუწესებენ, მას პირველი ესენი განუდგებიან. ის ხალხი შეაქცევს ზურს, ვინც ახლა ხოტბას ასხამს. ოპოზიციამ ბევრი უნდა იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და გაეყინოს ანგარიშები. პროტესტი და აქციები უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება მაშინ, როცა ივანიშვილს ფულის სახით ძალიან დიდ დასაყრდენს გამოვაცლით. ახლა მის ხელთ არის წარმოუდგენლად დიდი ფული. ამ ფულით ვიღაცებს ქრთამავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქცეყნის გარეთ.
_ ამბობთ, რომ ივანიშვილს როგორც კი ფული აღარ ექნება, მას განუდგებიან. გახარია უკვე წავიდა. კალაძეც, რაღაცნაირად, შორს დგას. თქვენი აზრით, ეს განდგომაა, თუ სხვა რამე ხდება?
_ გახარია ივანიშვილს არ განდგომია. ეს არის იმ დიდი სპექტაკლის ნაწილი, რომლის დადგმაც ივანიშვილმა, ჯერ კიდევ, 2012 წელს დააანონსა. მან საჯაროდ განუცხადა მედიას, რომ თუ „ქართული ოცნება“ მის იმედებს არ გაამართლებდა, შექმნიდა ოპოზიციას, რომელიც ამ ძალას ჩაანაცვლებდა. ეს ადამიანი იმდენად ბნელია, რომ დემოკრატიის პრინციპებზე წარმოდგენაც კი არ გააჩნია. უნდა, რომ ხელისუფლებაც მისი იყოს და _ ოპოზიციაც. ეს ჩვეულებრივად თამაშობს. ჭადრაკის დაფა აქვს გაშლილი და ამ თავის ხალხს პაიკებივით აქეთ-იქით გადასწევ-გადმოსწევს. გახარია უკვე გამოიყვანა ასპარეზზე. არ გამოვრიცხავ, ახლა ვადამდელ არჩევნებსაც დასთანხმდეს. ამ არჩევნებში გახარიას რაღაც შანსები აქვს.
_ რა შანსები აქვს? ვინ მისცემს გახარიას ხმას?
_ ყოფილი პრემიერის ელექტორატი „ქართულ ოცნებაზე“ განაწყყენებული ადამიანები იქნებიან. მას შეიძლება, გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმაც მისცეს ხმა, რომელმაც არ იცის, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.
_ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა მეეჭვება, რომ გახარიას მისცეს ხმა. მის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია 20 ივნისის სისხლიანი ღამე. ამის დავიწყება არაფრით შეიძლება.
_ ეს როგორ უნდა დავივიწყოთ. ვისაც გახარია გმირი ჰგონია, მეტი დამაჯერებლობისთვის თვალი გამოითხაროს. ბოდიშის მოხდა და ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაჩოქება ამ სისხლს ვერ ჩამორეცხს. 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, გახარიამ ნამდვილი ფარსი მოაწყო, როცა პირველი პრეზიდენტის საფლავზე ავიდა, დაიჩოქა და ყვავილები დააწყო.
_ რატომ გგონიათ, რომ ეს ფარსი იყო? მისი ოჯახი გამსახურდიას მხარდამჭერია და ეს ყველამ იცის.
_ გასაგებია, მაგრამ გამსახურდიას საფლავზე დაჩოქება მაკო გომურს ამოთხირლ თვალს ვერ გაუმთელებს. თვალის ჩინს იმ ბავშვს ვერც ბოდიში გაუმთელებს. პატარა ბავშვს მთელი ცხოვრება დაუმახინჯეს. ძალიან გამკვირვებია ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც გახარიაზე ეცემიან და ლაიქებით აიკლეს ფეისბუქი. ვინც ეცემა გახარიაზე, ამოითხაროს მაკო გომურივით თვალი და მერე დაეცეს. ვინ ვართ ასეთები და რატომ გვაქვს ამოკლე მეხსიერება?! ამის გამო ძალიან გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ.
_ რატომ გიკვირთ, რომ გახარიაზე ამდენი ეცემა? ის ხალხი, ვინც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას გმობს, ბიძინა ივანიშვილზე არის დაცემული. არადა, ყველამ იცის, რომ 7 ნოემბრის დარბევის აქტიური მხარდამჭერი იყო ოლიგარქი.
_ ივანიშვილი იმ დროს აფინანსებდა სააკაშვილს და „ნაციონალებს“. მან პირადად გამოუწერა 7 ნოემბრის დამრბევ ზონდერებს პრემიები. მერაბიშვილმა თავად მოყვა, თუ როგორ ურეკავდა ივანიშვილი და აქეზებდა, რომ უფრო რადიკალური ყოფილიყო იგი. 20 ივნისის უკანაც ივანიშვილი დგას. ეგრე არაა, გახარიამ ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავზე რომ აიღო.
ძალიან მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდა ჩვენს ხალხს და არ გამიკვირდება, რომ გახარიას 20 ივნისიც გაუტარონ. ჩვენი ისტორია სავსეა გმირობის მაგალითებით. სკოლაშიც გვასწავლიდნენ, რომ ძალიან მაგრები ვიყავით. ასეთი მაგრები თუ ვიყავით, სად გაქრა ეს ჩვენი თვისებები? _ ამას ვერ ვხსნი.
_ მაგაზე მეც მიფიქრია და მგონი, გვატყუებდნენ, რომ ასეთი მაგრები ვიყავით. თუმცა ასეთი მაგარი წინაპრები რომ არ გვყოლოდა, აქამდე, უბრალოდ, ვერ მოვიდოდით.
_ არ მინდა დავიჯერო, რომ გვატყუბდნენ. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარს, გამოგონილი და ფარსია. მაგარი წინაპრები რომ არ გვყოლოდა, აქამდე, უბრალოდ, ვერ მოვაღწევდით. ისინი კი იყვნენ მაგრები, მაგრამ ჩვენ გადავგვარდით, ეტყობა. შენ შეიძლება, „ქოცი“ მოგწონდეს და ვერ იტანდე ლეიბორისტებსა და „ნაციონალებს“, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამოუხსნელი და გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოგწონდეს მოძალადე? ბავშვების თვალების მთხრელს მხარი როგორ უნდა დაუჭირო, არ მესმის?!
ბევრი ადამიანი ადარებს ერთმანეთს 7 ნოემბერსა და 20 ივნისს. მეც ვაღიარებ, რომ ამ ორი დარბევის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. 7 ნოემბრის აქციის მონაწილე გახლავართ და გეტყვით, რომ 2007 წელს გაცილებით მეტი სისასტიკე გამოიჩინა ხელისუფლებამ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 20 ივნისი გავამართლოთ. რანაირად დავივიწყო მაკო გომურისთვის გამოთხრილი თვალი?! სხვისი არ ვიცი და მე ვერ დავივიწყებ.
_ არც ისაა დასავიწყებელი, თუ რატომ გამოვიდა იმ ღამეს ხალხი ქუჩაში და რატომ დაარბიეს ისინი.
_ ეს მთავარია. ჩვენ გავაპროტესტეთ ოკუპანტის ჩაჯდომა იმ სავარძელში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იჯდა და საიდანაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის გამო ბავშვებს რომ თვალებს დათხრი და მერე პოლიტიკაში ბრუნდები, პარტიას აფუძნებ და გინდა, მეორე თუ მესამე ძალა გახდე, ეგრე არ გამოვა!!! ერი თუ ვართ და დამოუკიდებლობაზე გვაქვს პრეტენზია, მაშინ ეს არ უნდა გადაყლაპოს ხალხმა, თორემ ძალიან გაგვიჭირდება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება.
_ პროტესტი ვახსენეთ და ოპოზიცია აქციებისთვის ემზადებით. დაანონსდა 15 მაისი. ცოტა ხომ არ აგვიანებთ?
_ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ამ საკითხის გადაწყვეტა, ასეთი ხანგრძლივი დროით არ გადავდებდი აქციის გამართვას. დავნიშნავდი აქციას და აღარ დავშლიდი, არც კომენდანტის საათს გავითვალისწინებდი. თუ ბრძოლას ვიწყებთ, მაშინ ბოლომდე უნდა გავიდეთ. ამ ხელისუფლების წამალია, შიგნით აქციები და გარედან სანქციები.
_ ეს ლეიბორისტების სლოგანია? ყველა ლეიბორისტი ამას ამბობს.
_ კი, ჩვენი სლოგანი გახდა. გამარჯვება თუ გვინდა, შიგნით აქციები უნდა გვქონდეს და გარედან _ სანქციები. ნახევრად ენის მოჩლექით საუბრისა და პოლიტკორექტულობის დრო აღარ არის. ყველამ უნდა შევიგნოთ ისიც, რომ საქმე პოლიტიკოსებთან არ გვაქვს. ჩვენ ვეომებით ოლიგარქსა და უზურპატორს, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ჩვეულებრივი ყაჩაღია. პოლიტიკურ პროცესსა და მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მეორე მხარესაც პოლიტიკოსები დგანან. რაზე უნდა დაველაპარაკოთ ოლიგარქის მსახურ უმწიფარ გოგო-ბიჭებს, რომლებიც პარლამენტში სხედან.
_ უმწიფრებს ვის ეძახით?
_ თუნდაც, ირაკლი კობახიძეს.
_ ბავშვური გარეგნობა კი აქვს, მაგრამ 43 წლისაა უკვე ეგ ყმაწვილი. მის ასაკში ჟვანია უკვე ორჯერ იყო პარლამენტის თავმჯდომარე.
_ ჟვანიასა და კობახიძის ერთმანეთთან შედარება წარმოუდგენლად მიმაჩნია. მისი გადაწყვეტილებები არ მომწონდა, მაგრამ ის იყო დიდი პოლიტიკოსი. უკვე 18 წელი გავიდა, რაც ლეიბორისტული პარტიის წევრი ვარ.
_ რამდენი წლის ხართ?
_ 38-ის. 20 წლის ვიყავი, პოლიტიკაში რომ ჩავები.
_ 38 წლის თუ ხართ, ბიძისტოლა კობახიძეს უმწიფარს როგორ ეძახით?
_ კობახიძეზე ასაკით პატარა კი ვარ, მაგრამ მაგაზე მეტი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს. 18 წელია, პოლიტიკაში ვარ და სამი ხელისუფლების ოპოზიციაში მომიწია ყოფნა: შევარდნაძის, სააკაშვილისა და ამათი. ხშირად ერთმანეთს ვადარებ, მაგრამ ისინი სხვა დონის პოლიტიკოსები იყვნენ. დღეს ვინ არიან ქვეყნის პირველი პირები? ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ ვინ არის? არსაიდან მოსული კაცია. მას ბეგრაუნდიც კი არ აქვს. ივანიშვილის ჩვეულებრივი კლერკი იყო, რომელიც ბერას დავალებებსაც ასრულებდა _ ანტონობდა. კობახიძეზე საერთოდ რა ვთქვა? არ შეიძლება მასსა და ჟვანიას შორის პარალელის გავლება.
_ არც ვავლებ, მხოლოდ ასაკის გამო ვახსენე კობახიძის გვერდით ჟვანია.
_ ასაკის გამოც არ უნდა დავაყენოთ. ვიღაცამ გააცნო კობახიძე ივანიშვილს. იმან არ ვიცი, რა თვალით შეხედა და არსაიდან მოსული კაცი პარლამენტის სპიკერად დაგვისვა. კობახიძეს საერთოდ არ გააჩნია თავმოყვარეობა. ის გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ხაზს ვუსვამ: გადააყენეს! საკუთარი ნებით ამ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. ამის გამო ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი დატოვებდა დეპუტატის მანდატს და საერთოდ წავიდოდა პოლიტიკიდან. ისეთი უთავმოყვარეოა, დეპუტატის მანდატსაც ვერ შეელია. ჩამოვიდა სპიკერატიდან და რიგითი დეპუტატის სავარძელში ჩაჯდა.
_ მიწყენთ, მაგრამ 2001 წელს ზურაბ ჟვანიაც გადადგა სპიკერობიდან და უპრობლემოდ ჩაჯდა რიგითი დეპუტატის სავარძელში.
_ ჟვანიას გადადგომა ძალიან დროული იყო. მან გადაიყოლა მთავრობა. მაშინ გადადგა „რკინის კაცად“ შერაცხული კახა თარგამაძეც, რომელიც ნარკობარონი და ათასი საშინელების შემოქმედი იყო.
_ კობახიძეს დაუფასდა, ჩამოლაბორანტება რომ აიტანა _ ახლა პარტიაში პირველი კაცია.
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ პირველი კაცია.
_ რატომ ვერ დამეთანხმებით, პარტიის თავმჯდომარე ხომ არის?
_ პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ პარტიაში პირველი კაცია. „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოში დიდად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ჩემამდეც კი მოვიდა ხმები იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილებების მიმღები პირი არ არის.
_ გინდათ თქვათ, რომ „ოცნება“ კობახიძეს არ ემორჩილება?
_ რა თქმა უნდა, არ ემორჩილება. ძალიან ბევრი მის პერსონას არასერიოზულად უყურებს. ეს ადამიანები მის გადაწყვეტილებას როგორ დაემორჩილებიან? საღად მოაზროვნე ხალხი „ოცნებაშიც“ არის. ისინი ამ უმწიფარი ყმაწვილის აზრებს არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებენ. მას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდნენ, მაგრამ იციან, რომ კობახიძე ივანიშვილის მოსაზრებებს აჟღერებს და ამიტომ არიან ჩუმად. ყველამ კარგად იცის პარტიაში, რომ ამ უმწიფარს პირადი ინიციატივები არ გააჩნია.
_ სამაგიეროდ, კარგი დემაგოგია.
_ დემაგოგია ხელმოცარული პოლიტიკოსების თავშესაფარია. შეიძლება მითხრათ, ხელმოცარული როგორაა, როცა პირველი კაცია პარტიაშიო. ეს ივანიშვილის ნებაა. როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება, ეს კობახიძე თავის სადარბაზოშიც კი ვერ იქნება პირველი კაცი. ის საერთოდ აორთქლდება პოლიტიკიდან. ისე არ იფიქროთ, რომ ამას მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის გამო ვამბობ. ჟვანიას მოწინააღმდეგეც ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვაღიარებდი და ახლაც ვაღიარებ, რომ ის დიდი პოლიტიკოსი იყო. ადრე ხელისუფლებაში უფრო ღირსეული პირები იყვნენ.
_ „ოცნებაში“ ღირსეული არავინ გახლავთ?
_ რომელ ღირსეულ პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, როცა „ქართულ ოცნებაში“ დამოუკიდებელი მოთამაშეები საერთოდ არ არსებობენ? რამდენიმეს შეიძლება, ჰქონდა ამის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდა. როდესაც ოლიგარქზე ხარ მიბმული, იქ დამოუკიდებელი ვერ იქნები. ახლა აქტიურად განიხილება, არის თუ არა გახარია დამოუკიდებელი. მგონია, რომ არ არის, თუმცა ამას დრო გამოაჩენს. ეს კაცი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. თუ სუსი მისი პარტიის შევიწროებას დაიწყებს და მასაც დაიბარებენ პროკურატურაში, მაშინ დავიჯერებ, რომ დამოუკიდებელი ფიგურაა. რატომღაც, მგონია, რომ მას ივანიშვილი სასათბურე პირობებს შეუქმნის და ის გახდება „ქართული ოცნება 2“.
_ ისევ ნამდვილი ოპოზიციის ამბებს დავუბრუნდეთ: 15 მაისიდან იწყებთ აქციებს. თქვენი აზრით, შეძლებთ რამის მიღწევას?
_ კარგი იქნება, თუ დასავლეთიდან სანქციებიც დაწესდება, მაგრამ მარტო ჩვენი აქციებითაც შეიძლება შედეგის მიღწევა. აქციებს რომ შედეგი მოაქვს, ამაში ჩვენი საზოგადოება 31 მარტსაც დარწმუნდა. ამ დღეს საქართველოში ჩამოვიდა რუსული დელეგაცია, რომელსაც პოზნერის დაბადების დღე უნდა ეზეიმა. ეს პოზნერი გახლავთ პუტინის იდეოლოგი. ის აცხადებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს იქნება საქართველო. საზოგადოება მათ ჩამოსვლას პროტესტით შეხვდა. ეს აქცია რომ არა, ოკუპანტები აქ თავისუფლად გააგრძელებდნენ ქეიფს. პროტესტს ყოველთვის მოსდევს შედეგი.
პოზნერის ჩამოსვლას შევეხეთ და ამ თემაზე ზოგიერთი ქართველის გაკეთებულ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო: ვიღაცებმა თქვეს, „სტუმარ-მასპინძლის“ დამწერი ერი სტუმარს ასე როგორ დახვდაო? მათ გასაგონად ვამბობ: სტუმართმოყვარეობა სიშტერეში არ უნდა გადაგვეზარდოს. ამ სტუმართმოყვარეობის გამო ყველაზე მეტს რუსები დაგვცინოდნენ. ჩვენს უფროსს თაობას ემახსოვრება ერთი ამბავი: ვიღაც რუსი ჟურნალისტი ჩამოვიდა აქ. მას არნახული მასპინძლობა გაუწიეს. უკან დაბრუნებულმა კი დაწერა, რომ ქართველები არიან ღორები, ბევრს ჭამენ, ჰყავთ მსუქანი შვილები და ა. შ. საქართველო რუსებისთვის ასოცირდება კაი საქეიფო ადგილად. ასეთი დამოკიდებულება ნერვებს მიშლის. არც ის მომწონს, როცა ჩემი მშობლიური კუთხე ასოცირდება ხაშლამასთან.
_ რატომ გაღიზიანებთ?
_ როცა იგებენ, თელაველი ვარ, ხაშლამაო, გაიძახიან. თელავი არის ძველი სატახტო ქალაქი, რომლის სახელსაც უამრავი ისტორია უკავშირდება. რაღაც ხაშლამა გახსენდება? სხვა არაფერი გაგიგია კახეთზე? ასე არ შეიძლება! რუსებისთვის საქართველო გახდა ყურძენი, კარალიოკი, ხაშლამა და ხინკალი. მათთვის სუფრების გაშლა და ტინგიცი უნდა დამთავრდეს.
სულ ცოტა ხნის წინ დავკრძალეთ დათა პაპა, რომელიც საოკუპაციო ზოლს იქით აღმოჩნდა. ამ კაცმა სახლი არ დატოვა და იმის უფლებაც კი არ მოგვცეს, რომ სამძიმარზე გადავსულიყავით. ქელეხის ლობიო და სხვა პროდუქტები მავთულხლართების აქედან გადავაწოდეთ, რომ ეს დიდებული კაცი ღირსეულად დაეკრძალათ. მიცვალებული არ გვატირეს და ამის შემოქმედ რუსებს თბილისში დროს ვატარებინებთ? ჩვეულებრივი ტურისტები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ არ ამოვიღებდით ხმას. ეს პოზნერი კი არის პუტინის იდეოლოგი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ აღიქვამს საქართველოდ. მას და მისნაირებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ. ხალხის პროტესტის შედეგად ისინი საქართველოდან გაიქცნენ. პროტესტს ყოველთვის მოაქვს შედეგი. მჯერა, რომ ოპოზიციის დაწყებული საპროტესტო აქციებიც მოიტანს შედეგს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გარედანაც იქნება სანქციები და ივანიშვილი საერთოდ გადაიხვეწება.

შორენა მარსაგიშვილი