ამირან გამყრელიძის ფავორიტები და „ფავორიტკები“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული სამსახური კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში ვაქცინირების შედეგად გარდაცვლილი ექთნის ფაქტთან დაკავშირებით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ცენტრის დირექტორი ნაირა ხაბულიანი პარალელურად რამდენიმე საჯარო სამსახურში მუშაობს, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ერთ-ერთი მათგანი სწორდ ახალციხის კლინიკა „იმედი“ გახლავთ (სადაც მედდა აიცრა და შემდეგ გარდაიცვალა), მას იქ ეპიდემიოლოგის პოზიცია უკავია. რა გამოდის _ რომ ხაბულიანი როგორც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი, საკუთარ თავს აკონტროლებს და ეპიდზედამხედველობას უწევს? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დროს ორი ცხელების ცენტრი შეიქმნა და ხაბულიანი ორივე ცენტრში ეპიდემიოლოგად მუშაობს. ამას ასევე კრძალავს კანონი. სამსახურს, რომელიც ეპიდზედამხედველობას მთელ რეგიონში ახორციელებს, პარალელურად ნაირა ხაბულიანის შვილი ხელმძღვანელობს. მისი სახელი და გვარია ნინო ზედგინიძე. ეს უკანასკნელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსია. ყველა ჩამონათვალთან ერთად, როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში.
ახალციხის კლინიკა „იმედში“, სადაც ნანა ხაბულინი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირია, მონაცემებს აწვდის და ანგარიშს აბარებს თავის შვილს, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული განყოფილება.
ამავე განყოფილებაში მძღოლად მუშაობს ნაირა ხაბულიანის მეუღლე და ნინო ზედგინიძის მამა _ თენგიზ ზედგინიძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შედგენილი მონაცემები და მონიტორინგის შედეგები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად შესასწავლად გადაეგზავნა აუდიტის სამსახურს.
ახლა, ვნახოთ, რა შეისწავლა და რა ანგარიში დადო აუდიტის სამსახურმა უშუალოდ ამირან გამყრელიძის კანტორასთან დაკავშირებით:
დაავადებათა კონტროლის ცენტრალური ოფისიდან დავიწყებთ, საიდანაც იმართება მთელი კორონავირუსი საქართველოს მასშტაბით. ქვემოთ ციფრები იქნება ძირითადად და მაქსიმალურად ვეცდებით, განგიმარტოთ, რა გაფლანგულ, აუთვისებელ, ათვისებულ, გამქრალ და ა. შ. თანხებზეა საუბარი.
არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად გამოწვეულ სხვაობას 172 382 ლარის ოდენობით წარმოადგენს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემემები. მათ შორის: 190 514 ლარი წარმოადგენს არაფინანსური აქტივებით წარმოშობილი დებიტორული დავალიანების გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწოდებული აქტივების ღირებულებასა და სახელმწიფო ხაზინაში დაბრუნებულ თანხას შორის სხვაობას. 10 532 ლარი წარმოადგენს არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების ნაშთს. 1 920 ლარი წარმოადგენს წინასწარი გადახდებით მოთხოვნას, რომელიც წარმოშობილი იყო საქონლისა და მომსახურების მუხლით და ირიცხებოდა 2019 წლის საწყისს ნაშთად; საანგარიშგებო პერიოდში მიღებულ იქნა არაფინანსური აქტივი; 6 406 ლარი წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდში მიღებული არაფინანსური აქტივის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის საკურსო სხვაობას.
სამინისტროს მიზნობრივი გრანტის დაფინანსების ფარგლებში სახაზინო სამსახურისა (3 698 112 ლარი) და საბალანსო მონაცემების (3 583 401 ლარი) – სულ 7 მილიონ ლარზე მეტი, საწყის ნაშთებს შორის სხვაობა 114 711 ლარს წარმოადგენს. როგორც აუდიტორებს განუმატრტეს, ასეთი სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიზნობრივი გრანტის სასტარტო ნაშთსა და სახაზინო სამსახურის მიზნობრივი გრანტების ნაშთებს შორის სხვაობა 95 539 ლარი გახლავთ.
გადაცემულმა არაფინანსური აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 221 115 ლარი; მათ შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემულმა_ 543 976 ლარი; სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის გადაცემულმა _ 6 490 024 ლარი; სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის _ 288 083 ლარი.
კონტროლირებული ერთეულებიდან სამინიტროს გადმოეცა 2 265 936 საბალანსო აქტივები, აქედან, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან _ 45 910 ლარის ღირებულების აქტივები.
კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ აქ საუბარია იმ აქტივებზე, რომლის ათვისების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიდევ უფრო მარტივი ენით ვიტყვით _ არ არის გარკვეული, დოკუმენტირებული, გაწერილი და ა. შ. ზუსტად სად და რაზე წავიდა.
იგივე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე დაკისრებული 972 782 ლარის ჯარიმა, ნაცვლად მოკლევადიანი აქტივებისა, აღრიცხული აქვს პირობითი აქტივების ანგარიშზე. ეს კი კანონის სერიოზული დარღვევაა. ყურადღებას აღარ ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ სამინისტროს მილიონი ლარი აქვს გადახდილი წაგებული სასამართლო პროცესებით.
არადა, თანხები სოლიდურია _ სააგენტოში დავალიანების დიდი ნაწილი წარმოქმნილია სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებით, რომელთაც ორგანიზაციები რიცხავენ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ამონაწერით ვერ ხერხდება იმ დავალიანების იდენტიფიცირება, რომლის დაფარვის მიზნითაც განხორციელდა გადახდა. ამასთანავე, სააგენტოს განმარტებით აღრიცხულია წინა წლებში წარმოშობილი 130 სამედიცინო დაწესებულების 5 000 000 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელთა დადასტურებაც ვერ ხერხდება, რადგან 2015 წლამდე არ გამოიყენებოდა ბუღალტრული პროგრამა და ვერ მოიძებნა აღნიშნული დავალიანებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ხომ კარგად წაიკითხეთ, რაც აქ წერია? ანუ, მაგალითად, „იმედის“ კლინიკა რომ დაჯარიმდა 360 000 ლარით, კიდევ 11 კლინიკა დაიხურა, იმიტომ რომ ჯარიმები დააკისრეს, გადაახდევინეს და ფიზიკურად ვეღარ გააგრძელეს ფუნქციონირება უსახსრობის გამო _ ეს თანხები სად წავიდა, ზუსტად ვერ დგინდება.
წესით და რიგით, საკითხი პროკურატურის შესასწავლია.
„ქრონიკა+“ კი შეეცდება, კონკრეტული ქეისები მოიპოვოს.

თამარ როსტიაშვილი