ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი VS უფლებადამცველი ბაია პატარაია

ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის განცხადებით, ცნობილ უფლებადამცველს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რადგანაც მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის _ სს კოდექსის 115-ე მუხლით. ადვოკატი უფლებადამცველს მტკიცებულებების გაყალბებაშიც ადანაშაულებს. ლაშა ჯანიბეგაშვილის თქმით, მას აგენტი პროვოკატორები მიუგზავნეს, შედეგად კი მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით საქმე აღიძრა.
თავის მხრივ, ბაია პატარაია ბრალდებებს უარყოფს და ადვოკატს ფსიქიკურად არამდგრად ადამიანად მოიხსენიებს.

ვინ არის ლაშა ჯანიბეგაშვილი? _ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 32 წლის ლაშა ჯანიბეგაშვილი ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატია 10-წლიანი კერძო საადვოკატო საქმიანობით. მან უამრავი რთული კატეგორიის დავა წარმატებით დაასრულა, არის სამეცნიერო იურიდიული შინაარსის მქონე პუბლიკაციის ავტორი.

„ქრონიკა+“-ს ადვოკატი თავად დაუკავშირდა და ამ დაპირისპირების შესახებ უამბო.
ლაშა ჯანიბეგაშვილი:
_ 2020 წლის ივნისში სოციალურ ქსელში გავიცანი ქალბატონი, რომელთანაც სამდღიანი მიმოწერა მქონდა. მიმოწერის შინაარსიდან გამომდინარე, ეს ქალბატონი დავბლოკე და მიმოწერაც წავშალე. გარკვეული დროის შემდეგ მან შეძლო ჩემი ნახვა, მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში, სადაც მოვიდა თავის 2 შვილთან ერთად. ის ჩემ მიმართ იქცეოდა გამომწვევად, როგორც მამაკაცის მიმართ გამოხატავდა აშკარა დაინტერესებას, რითაც აეჭვიანა ჩემი საცოლე. შემდეგ ამ ქალბატონს სხვა სოციალური ქსელით მივწერე, ავუხსენი, (სრულიად შემთხვევით ვნახე), რომ ასე არ მოქცეულიყო, რადგან ჩემს საცოლეს ის ჩემი საყვარელი ეგონა.
2020 წლის 25 ოქტომბერს მე დავოჯახდი. ნიშანდობლივია, რომ ამ ქალბატონმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან აიღო ცნობა, რომ ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის სწორედ 2020 წლის 25 ოქტომბრიდან.
დაოჯახებიდან ერთ კვირაში ქალბატონმა შეთითხნილი ბრალდებით მიჩივლა ადვოკატთა დისციპლინურ კოლეგიაში და ასევე სახალხო დამცველთან, სექსუალურ შევიწროებაზე, თითქოს მე 20-25 და 26 ივნისს სოციალურ ქსელში სექსუალურად შევავიწროვე იგი.
ამ ქალბატონს სჭირდებოდა ადვოკატის კონსულტაცია და მან ჩემი გამოყენება სცადა, როგორც მამაკაცის, რომ უფასო ადვოკატი ვყოფილიყავი, რაც არ გამოუვიდა. ამის შემდეგ, 2 ნოემბერს, მიჩივლა. ამის შესახებ 6 ნოემბერს შემატყობინეს. ძალიან დიდხანს ვერ ვიხსენებდი, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი. იგი აღმოჩნდა ნ.გ., რომელმაც მიჩივლა ასევე ეთიკის კომისიაში. გაოცებულმა დავურეკე მორიგების მიზნით, _ რატომ მიჩივით, თქვენი ადვოკატი არ ვყოფილვარ-მეთქი. მიპასუხა, _ მე თქვენ გიჩივლეთ და მტკიცებულებები არის წარდგენილიო. შემდეგ ტელეფონი გამითიშა.
როცა საქმის მასალებს გავეცანი, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ამ ქალბატონს ჩვენ შორის არსებული მიმოწერა დამახინჯებულად ჰქონდა წარდგენილი, ანუ ფალსიფიცირებული. რასაც ვწერდი, ნაწერების ერთი მესამედი წაშლილი ჰქონდა, ანუ 39 გვერდი აქვს წარდგენილი, როდესაც მიმოწერა იყო 110 გვერდი.
ამ დროს ამ ქალთან მიმოწერა უკვე წაშლილი მქონდა და აღარც მახსოვდა ამის შესახებ. მან კი მიჩივლა ეთიკის კომისიასა და სახალხო დამცველთან, რითაც ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ამიტომ მივმართე საგამოძიებო ორგანოს, რომ გამოძიება დაწყებულიყო და აღედგინათ ჩვენ შორის არსებული სრული მიმოწერა. ასევე რატომ გახადა ჩვენ შორის არსებული მიმოწერა ვიღაც(!) ადვოკატებისთვის ცნობილი? შედეგად, როდესაც ამ ქალბატონმა გაიგო, რომ მის მიმართ საჩივარი შევიტანე და იგი გავასაჯაროვე (ფეისბუკზე დავწერე, რომ ეს ქალი შესაძლოა, აგენტ-პროვოკატორი იყოს, რადგან ჩვეულებრივი მიმოწერის გამო მიჩივლა, თან გაყალბებული მტკიცებულებებით), ამის შემდეგ, 2020 წლის 2 ნოემბერს, პოლიციაში შეიტანა ჩემ მიმართ საჩივარი. პოლიციამ არ გაიზიარა მისი არგუმენტაციები და არ დაიწყო ჩემ მიმართ გამოძიება, გამოწერა შემაკავებელი ორდენი, რის საფუძველზეც ამ ქალთან კომუნიკაცია მეკრძალებოდა. შემაკავებელი ორდენი გავასაჩივრე, მაგრამ რადგან მიმოწერა ნამდვილი არ მქონდა, სასამართლომ ჩემი პოზიცია არ გაიზიარა. საქმეში ჩაერთო უამრავი ჩემი მეგობარი, კოლეგა. პროცესი იყო დახურული, ამ ქალბატონის აგენტ-პროვოკატორობის დასამტკიცებლად ინფორმაციის გამოთხოვაზე დაყენებული მქონდა შუამდომლობა მოსამართლე თამარ მეშველიანთან. ეს ქალბატონი წინააღმდეგი იყო, ასევე დეტექტივიც და „საფარი“ ბაია პატარაიაც, რომელიც იცავდა ამ ქალის ინტერესებს.
_ რაც შეეხება ბაია პატარაიას, მას რატომ უპირისპირდებით?
_ როგორც კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გამოცხადდა და მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა, რადგან მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობააო, ბაია პატარაია და სხვები გამოვიდნენ სხვადასხვა ტელევიზიით და ჩემ მიმართ ცილისწამებები გაავრცელეს. ბრალდებად წამომიყენეს ის, რაც რეალურად არ ყოფილა. სხვადასხვა ტელეარხზე ტრიალებდა ცილისწამება ჩემ შესახებ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
_ თქვენი თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობთ? საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა ფორმით მოხდა ეს?
_ ამას ვერ გეტყვით, მტკიცებულებები დევს საქმეში. საქმე აღძრულია ნ.გ.-ს, ასევე ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიას, ორგანიზაციის ადვოკატ ელისო რუხაძისა და კიდევ სხვა პირების წინააღმდეგ. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
_ რაც შეეხება მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებას, ამის შესახებ რას იტყვით?
_ მათ გააყალბეს მიმოწერა იმით, რომ არ წარადგინეს სრულად. აღმოჩნდა, რომ ის ქალი უფრო მეტს მწერდა, ვიდრე მე, მან წაშალა თავისი მიმოწერა და გამოვიდა, რომ მხოლოდ მე ვწერდი.
_ გამოძიებამ არ მოითხოვა პირვანდელი მიმოწერის აღდგენა?
_ არა! მე ჩავატარებინე ექსპერტიზა, აღვადგენინე მიმოწერა, რაც უკვე ოფიციალურად დამტკიცდა, რომ ნამდვილია და ავთენტიკურია. სასამართლოში ამის დამადასტურებელი სამხარაულის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება წარვადგინე.
ასევე მათ თავის მხრივ წარმოადგინეს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ფსიქოლოგ-ფილოსოფოს ქეთევან მღებრიშვილის მიერ გაცემული ცნობა, ვითომ ამ ფეისბუქ მიმოწერით, რომელიც აბსოლუტურად უწყინარია, ნ.გ.-მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტს წარმოადგენს.
_ თქვენ სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი გიჩივით…
_ დიახ, მეორე ქალია ნ.ხ., რომელიც ასევე მიჩივს.
_ თქვენ მიმართ სახალხო დამცველმაც გასცა რეკომენდაცია.
_ დიახ, ნინო ლომჯარიამაც რჩევით მომმართა, რომ სექსუალურად აღარ შეავიწროოთ ქალბატონებიო.
_ თუ თქვენ უდანაშაულო ხართ, შეიძლება გვითხრათ, რა ინტერესი აქვთ თქვენ მიმართ?
_ ეს ხდება გრანტების მიღების მიზნით. მეორე ვარიანტია, რომ აგენტი პროვოკატორები არიან საქმეში ჩართულები. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაძლოა, ვინმეს არ მოვწონვარ.

„ქრონიკა+“ ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელ დირექტორ ბაია პატარაიას დაუკავშირდა:
_ თქვენ გიპირისპირდებათ ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი, რას იტყვით ამის შესახებ?
_ სრულიად არასერიოზული და არაადეკვატური კაცია.
_ საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
_ უიმე, გიჟია, გავარდა და გაიძახის, _ ბაია პატარაიას გამო ვიკლავდი თავსო. ეს საქმე ძალიან მალე დაიხურება. ფსიქიატრის დასკვნას ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. მიიღებენ ამ დასკვნას და ამით დამთავრდება ეს საქმე, რომ იგი არის ფსიქიკურად არაჯანსაღი პიროვნება… ასე გამოაცხადა, თავს ვიკლავდი და დაიწყეთ გამოძიებაო, ამიტომ ვამბობ, _ გიჟია-მეთქი.
_ რა ფორმით იკლავდა თავს, თუ არის თქვენთვის ცნობილი?
_ არ ვიცი, ეს კაცი თვალით არ მინახავს. ჩვენ, უბრალოდ, მის ორ მსხვერპლს ვიცავთ. არანაირი კომუნიკაცია მასთან არ მქონია. უბრალოდ, არ არის ეს კაცი ნორმალური. დარბის ყველგან, ჩივის, ყველას წერილებს სწერს. პროკურატურაში დარეკა, პრეზიდენტს მისწერა, საელჩოებს მისწერა, ადამიანი არაა ადეკვატური.
_ რაც შეეხება მტკიცებულებების გაყალბების საკითხს?
_ საუბარია ფეისბუკ მიმოწერის ნაწილზე. გაყალბებულია მტკიცებულებებიო, როცა თქვა, მაგაზე საქმე დაიხურა.
სრული მიმოწერის წარდგენა არ არის საჭრო, რადგან ყველაგან კი არ ჩანდა სექსუალური შევიწროება. წარმოიდგინეთ, 110 გვერდი რამდენია. ის ნაწილი, სადაც ჩანდა სექსუალური შევიწროება, წარვადგინეთ, დანარჩენი, უბრალოდ, არ წარვადგინეთ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ. თვითონ წარადგინა, კი ბატონო, მაინც წააგო ეს საქმე. ყველაფერი წარადგინა, მოისმინეს და წააგო. მილიონი წერილი მისწერა ომბუდსმენსაც. მანაც შეისწავლა ეს საქმე, მათ შორის, მისი წარდგენილი მასალები და დაადგინა სექსუალური შევიწროება. მეორე მსხვერპლის საქმესაც განიხილავს და იქაც დარწმუნებული ვარ, იგივე შედეგი დადგება.
_ მეორე საქმის შესახებ რა ხდება?
_ ანალოგიური საქმეა, მიმოწერის საფუძველზე მტკიცებულება წარდგენილია, დათვალიერების ოქმითაც დადასტურებულია. ალბათ, გადაწყვეტილებაც იქნება მალე.
ამ კაცმა პირველი მსხვერპლის მთელი მიმოწერა გაასაჯაროვა, მათ შორის, პირადი დეტალებიც და ამაზეც აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე. ადვოკატს ეს ხომ უნდა ესმოდეს, რომ ისეთი რამ არ გააკეთოს, რაზედაც შეიძლება შემოედავონ?

საქმის გამოიება, ჯერჯერობით, არ დასრულებულა, შესაბამისად საქმე განსახილველად სასამართლოს ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, ადვოკატს იგი ჩაუტარდა და დასკვნას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოკლე ხანში დადებს. თუმცა როგორც „ქრონიკა+“-ს განუმარტეს, ექსპერტიზა დაინიშნა თვითმკველობამდე მიყვანის საქმიდან გამომდინარე.
საქმეს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველო იძიებს. გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ირინა მაკარიძე