დიმიტრი ბიძინაშვილი: „თალაკვაძის პოეზიაზე გაზრდილი „ოცნება“ ვაჟას ნუ გვასწავლის“

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შტეფან ეფენბერგი ნაკრებიდან მოკვეთა. და ეს იმის გამო გააკეთა, რომ ეფენბერგმა მაყურებელს, რომელიც მას აგინებდა, შუა თითი უჩვენა. მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ფეხბურთელმა უპატივცემულობა გამოიჩინა იმ მაყურებლის მიმართ, რომელმაც თავისი საყვარელი ნაკრების თამაშის საყურებლად ფული გადაიხადა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა გერმანიაში, იქაური პარლამენტის წევრს სამოქალაქო აქტივისტებისთვის ამგვარი ჟესტით რომ მიემართა. მას, უბრალოდ, პოლიტიკურად გაანადგურებდნენ. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად არის. იმის მაგივრად, რომ უხამსი ჟესტის მაჩვენებელი გია ვოლსკის გაწვევა მოეთხოვათ პარლამენტიდან, „ქართულმა ოცნებამ“ მისი გამართლება დაიწყო. პოლიციამ ის სამოქალაქო აქტივისტები დააკავა, რომლებსაც ვოლსკიმ უზრდელური ჟესტი უჩვენა. დაკავებულთა შორის იყო მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერი დიმიტრი ბიძინაშვილიც.

რას ერჩოდა პოლიცია აქტივისტებს? რამ გააღიზიანა გია ვოლსკი? რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაქცია დეპუტატის უზრდელობაზე? რას ჰპირდება მას სამოქალაქო სექტორი? _ ამ თემების შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დიმიტრი, 2 აპრილს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სამოქალაქო აქტივისტებს უხამსი ჟესტი გაჩვენათ. ამას თქვენი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ პროტესტის გამო პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით, გია ვოლსკიმ განმარტა, უზრდელობა გულშიც კი არ გამივლია, ნერვის ანთება მაწუხებს და ელასტიკური ბინტი შევისწორეო.
_ ეს არის სამარცხვინო განცხადება! სანამ ვოლსკი თავის გამამართლებელ არგუმენტს მოიფიქრებდა, მამუკა მდინარაძემ განმარტებები გააკეთა. მან თქვა, ვოლსკის სქციელი მოსაწონი არ არის, მაგრამ დამნაშავეები მაინც სამოქალაქო აქტივისტები არიანო. ანუ მდინარაძემ აღიარა, რომ ვოლსკიმ იუზრდელა.
_ ეს „ოცნების“ ახალმა სახე ნიკოლოზ სამხარაძემაც აღიარა. ისიც თქვენ გადანაშაულებთ, რომ ვოლსკიმ უზრდელურად იქნია ხელები.
_ თავიდან აღიარეს, რომ ვოლსკიმ იუზრდელა და მერე შეეცადნენ, ფირფიტა შეეცვალათ, რადგანაც დაინახეს, რომ ვოლსკის უზრდელობას საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. გია ვოლსკი არის არშემდგარი ძველი ბიჭი. ის გახლავთ კომუნისტი, რომელიც ცეკას ინსტრუქტორად მუშაობდა. ამ ადამიანისგან ასეთი უზრდელობა არ მიკვირს. პირიქით, მოველოდი კიდევაც, რომ რაღაც მსგავსს ჩაიდენდა.
_ რატომ ელოდით, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა?
_ იმიტომ, რომ ჩვენ მისი და „ოცნების“ საყვარელი ოკუპანტები გავყარეთ საქართველოდან. როგორ გგონიათ, „ქართული ოცნება“ პოზნერისა და მისი ამალის გაძევებას ასე იოლად გადაიტანდა? პირდაპირ ამას უკავშირდება ვოლსკის ეს რეაქცია. ჩვენ აქამდეც არაერთხელ მოგვიწყვია აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან, დაგვისტვენია სასტვენებით, მათ შორის, ვოლსკისთვისაც, მაგრამ ის არასდროს გადმოსულა მანქანიდან. ახლა მძღოლს დემონსტრაციულად გააჩერებინა მანქანა, გადმოვიდა და შვილიშვილის ტოლა ბავშვებს ეს ჟესტი აჩვენა. ამით ის ძალიან ამაყი იყო.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ამაყი იყო?
_ ამ ჟესტის ჩვენების შემდეგ ბედნიერი და გაბრწყინებული სახით შევიდა ავტოსადგომზე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ „ოცნების“ ოფისთან აქამდეც დაგვისტვენია, მაგრამ ვოლსკი არასდროს გადმოსულა მანქანიდან. ახლა გადმოვიდა, რადგან პოზნერის გაგდების გამო გაღიზიანებული იყო. პოზნერის აქ შემოშვება გავრილოვის პროვოკაციის იდენტურია. ქართულ საზოგადოებას ამაზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ამ რეაქციამ ოკუპანტები აიძულა, უკან გაბრუნებულიყვნენ. ამან „ქართული ოცნება“ ძალიან გააბრაზა. „ქართულ ოცნებაზე“ ჩვენც ძალიან გაბრაზებული ვიყავით და ამიტომ მივედით მათ ოფისთან. ასეთი რამეების გატარება და გამართლება არ შეიძლება.
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ქართველებს 5-დღიან კარანტინში სვამენ. 21:00 საათის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს სახლიდან ცხვირის გამოყოფას უკრძალავენ. ამ დროს რუსეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ათეულ ადამიანს ყოველგვარი კარანტინის გარეშე უშვებენ ქვეყანაში და კომენდანტის საათის დროს ესკორტით დააბრძანებენ აქეთ-იქით, მიჰყავთ რესტორანში, აქეიფებენ, ელარჯს უწელავენ. გია ვოლსკი, თურმე, ძალიან გაღიზიანდა, ეს უსამართლობა რომ გავაპროტესტეთ.
გია ვოლსკი მართლა არშემდგარი ძველი ბიჭი და ცეკას ინსტრუქტორი თუ არ არის, იმაზე უნდა გაღიზიანებულიყო, ხურვალეთელი დათა პაპას სამძიმარზე რომ ვერ მივედით. ჩვენ კი არა, გარდაცვლილის შვილიშვილიც კი არ გადაუშვეს მავთულხლართის იქით, რომ ბაბუა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა. ვოსლკის თუ ჰგონია, რომ თავისი ჟესტით ვინმე შეაშინა, ძალიან ცდება. ამის მერე არშემდგარ ძველ ბიჭს კიდევ უფრო საკადრისად დავხვდებით. სადაც ვნახავთ, იქ მიიღებს შესაბამისს პასუხს. ტიპი არც ძველი ბიჭია, არც პოლიტიკოსია, ერთი ჩვეულებრივი რუსეთუმეა, რომელიც ქართველი ხალხის რეაქციით გაღიზიანდა. მისიც მესმის, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ხომ რეალურად „ოცნების“ თანაგუნდელები არიან.
არშემდგარი ძველი ბიჭის უზრდელობას საზოგადოებაში ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ამ რუსეთუმეს ბოდიშის მოხდაც არ უნდა და ახლა გაიძახის, რომ თურმე ელასტიკურ ბინტს ისწორებდა, რადგან რაღაც აწუხებს. კარგად ვიცი, რაც აწუხებს. აწუხებს ის, რომ ქართველი ხალხი აქ რუსს ოკუპანტებს თავისუფლად აღარ აპარპაშებს. მის ქმედებაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. ასეთი ქმედება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
_ რატომ არის წარმოუდგენელი? 2019 წლის ნოემბერში, იმ დღეს, როცა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, პარლამენტთან შეკრებილ ხალხს კალაძემ შუა თითი არ აჩვენა? ამგვარი ჟესტების ენა, ეტყობა, „ოცნებაში“ ჩვეულებრივი ამბავია.
_ კი ბატონო, ეს მათი მენტალობის ნაწილია. დიდი ზრდილობით არც კახა კალაძე გამოირჩევა. რა ჰგონიათ ან კალაძეს ან ვოლსკის, რომ ამ ჟესტებით აქტივისტებსა და საზოგადოებას შეაშინებენ? ძალიან ცდებიან.
_ პატარა ხარ და არ გემახსოვრება ეს ამბავი: 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებიდან მოკვეთეს შტეფან ეფენბერგი, რომელმაც მაყურებელს შუა თითი აჩვენა. მის დასაცავად თავი არავის გამოუდევს, ვოლსკის დასაცავად კი მთელი „ქართული ოცნება“ დაირაზმა.
_ შტეფან ეფენბერგი იმიტომ მოკვეთეს ნაკრებიდან, რომ გერმანია ევროპული ქვეყანაა, სადაც ხალხის შეურაცხყოფა არავის ეპატიება. ჩვენ ის ვერ მოვახერხეთ, რომ დასავლური რელსებიდან რუსულ რელსებზე გადასვლა შეგვეჩერებინა. რუსეთისკენ არის გეზი აღებული. რუსეთსა და მის მსგავსს ქვეყნებში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ცოტა რთულია.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ ვაჩერებთ რუსულ რელსებზე გადასვლის პროცესს? 31 მარტის აქცია იმის ნათელი მაგალითი იყო, რომ საქართველოსა და მის ახალგაზრდობას არ სურს, ქვეყანა ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას დაადგეს.
_ ჩვენ, საზოგადოება, არც არასდროს გადავალთ რუსულ რელსებზე. ამ შემთხვევაში სახელისუფლებო კასტას ვგულისხმობ. აქ მმართველობა არის სუფთა რუსული სტილის. საზოგადოებაც რომ რუსულ ყაიდაზე გადაეწყოს, კალაძე და ვოლსკი ასე უზრდელურად კი არ დაიწყებენ ხელების ქნევას. კარგად დაიმახსოვრონ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა: მათ სწორედ სამოქალაქო საზოგადოება აგებინებს პასუხს იმის გამო, რომ ეს ქვეყანა დააქციეს!
_ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, ერთი შეხედვით, ამ ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან. 31 მარტს მოწყობილი აქცია ორივე მათგანმა დაიწუნა. აცხადებენ, ეს ტურისტებს დაგვაკარგვინებს და ქვეყანას დააზარალებსო. ამ ადამიანებს რას ეტყოდით?
_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო კვირიკაშვილზე? რა უფლებით გვმოძღვრავს, ტურისტები აღარ მოვლენ და ხალხი გაღატაკდებაო? ძალიან სასაცილოა, როდესაც ხალხის გაღატაკებაზე ნერვეულობს ის კაცი, რომელიც ხალხის გაღატაკების გამო გააგდო ივანიშვილმა პრემიერობიდან. რაღაც არ მახსენდება, რომ მაშინ ამაზე კვირიკაშვილს განმარტება გაეკეთებინა. მან იმის თქმაც კი ვერ გაბედა, ხალხი და ქვეყანა არ გამიღატაკებიაო.
_ კვირიკაშვილზე ვსაუბრობთ და არც ის 700 მილიონი უნდა დავივიწყოთ, მისი პრემიერობის დროს რომ გაქრა ბიუჯეტიდან.
_ რატომ უნდა დავივიწყოთ? ეს 700 მილიონი მან და დიმიტრი ქუმსიშვილმა გააქრეს. ამაზე პროკურატურამაც კი აღძრა საქმე. საქმე აღძრეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან არ მიიტანეს წილი. კვირიკაშვილი და მისი მსგავსი ადამიანები დღემდე „ქართულ ოცნებასა“ და ოლიგარქზე არიან ჩამოკიდებული. ხალხი გააღატაკეს, ქვეყნის ბიუჯეტი გაძარცვეს და ახლა სტუმარ-მასპინძლობას გვიწუნებენ. გვეუბნებიან, _ მტერი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველო, თურმე ტაშფანდურით უნდა მივიღოთ. მტრის წინაშე ცეკვა-თამაშს თუ ნორმალურად მიიჩნევენ, ამიერიდან თავად დახვდნენ პოზნერის მსგავსს ტიპებს, უცეკვონ და შემდეგში ოკუპანტებთან ერთად გავყრით მათ ქვეყნიდან.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები არ არის. ამ დროს მოსკოვიდან მოფრინავს ჩარტერული რეისი. როგორ გგონიათ, არ იცოდა ჩვენმა ხელისუფლებამ, აქ ვინ მოფრინავდა დროის სატარებლად? ძალიან კარგად იცოდა. ისევე იცოდნენ, როგორც ის, თუ რა განცხადებები ჰქონდათ ამ ადამიანებს გაკეთებული. პოზნერიც ისევე თავად დაპატიჟეს, როგორც რუსი კომუნისტი გავრილოვი.
_ ისე, რა დამთხვევაა, არა, გავრილოვი იმ სავარძელში ჩასვეს, საიდანაც გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა; პუტინის პროპაგანდისტი პოზნერი კი 31 მარტს, გამსახურდიას დაბადების დღეს, ჩამოიყვანეს. 31 მარტი იმ რეფერენდუმის დღეცაა, რომლითაც ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
_ არანაირი დამთხვევა არაა. სულ იმას ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ სიმბოლოებს ებრძვის. ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამას უპირისპირდება ოლიგარქი. ოღონდ რუსებს ასიამოვნონ და საქართველოს ისტორიას გადაწერენ. უსირცხვილო მდინარაძე გამოდის და ჩვენზე ამბობს, სამოქალაქო აქტივისტები რუსულ საქმეს აკეთებენო. რუსულ საქმეს აკეთებენ ეგენი! ჩვენ მათ საქმიანობას ვაპროტესტებთ. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია. რუსები საქართველოს უკვე როგორც თავის გუბერნიას, ისე აღიქვამენ. ეს პოზნერის სტუმრობამაც დაადასტურა. ეს რუსები კომენდანტის საათის დროს ისე დაიარებოდნენ, როგორც თავიანთ მიწა-წყალზე. აქ არსებულ კანონსაც არად დაგიდევდნენ. ჩემთვის შოკი იყო ის, თუ როგორ იქცეოდა ჩვენი პოლიცია. გაოგნებული ვუყურებდი, ესკორტით როგორ დააბრძანებდნენ რუსების დელეგაციას. ამ დელეგაციის წევრებიდან არც ერთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ქართული ოცნების“ ლოგიკით, მათთვის აქცია არ უნდა მოგვეწყო და ტაშით უნდა დავხვედროდით. საქართველო მართლა დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს, „ოცნებას“ ოკუპანტების მასპინძლობა ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.
წარმოუდგენელი რამეები ხდება ჩვენს თავს. საჭიროა ხალხის გამოფხიზლება. მალე თუ არ გამოვფხიზლდით, ერთხელაც იქნება და რუსეთში გავიღვიძებთ. აქამდე ბევრი აღარ გვიკლია. გამოგვკეტავენ ყველას და განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებაც არ მოგვეცემა. ისე, თითქმის უკვე რუსეთში ვართ. გია ვოლსკიმ იუზრდელა და ამის გამო 12 აქტივისტი დაგვაკავეს.
_ თუმცა მალევე გაგათავისუფლეს.
_ გამოგვიშვეს, მაგრამ ერთი ჩვენი თანამებრძოლი მაინც დაიტოვეს.
_ ნიკუშა ფარულავაზე ამბობთ?
_ კი, ნიკუშა დროებითი დაკავების იზოლატორში დატოვეს. შეფასებაც კი მიჭირს, იმდენად წარმოუდგენელი რამეები ხდება. ამ „ქოცებს“ ყველაფერი როგორ უნდა ეპატიოს? ერთ დროს ჩვენი საამაყო პოლიცია გადაქცეულია რუსულ მილიაციად. მილიაციაც აღარ არის, უფრო ივანიშვილის პირადი ყარაყულები არიან! იმის მაგივრად, რომ კანონი დაიცვან და კრიმინალს ებძოლონ, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ოფისს ყარაულობენ. ამასობაში, კრიმინალი იმატებს. არაფერი საიმედო და კარგი აღარ ხდება ქვეყანაში. ზეთის ფასზე მთელი საქართველო ვიცინით და ვხუმრობთ, მაგრამ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ადამიანები ელემენტარულად პურს ვეღარ ყიდულობენ, ისე გაძვირდა ყველაფერი.
_ პროდუქტები ახსენეთ და პოზნერისთვის ნასროლ კვერცხებზე უნდა გკითხოთ. არის ასეთი დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი. არჩევნებამდე მას დიდუბის გამგებლის პოზიცია ეკავა. ამ ქალმა სრული სერიოზულობით მოითხოვა იმის გარკვევა, საიდან მოიტანეთ პოზნერისთვის დასაშენი კვერცხებიო?
_ ქალბატონ ირმას ძალიან გაუკვირდება, ახლა რასაც ვიტყვი: შევედით მაღაზიაში და ჩვენი საკუთარი ფულით ვიყიდეთ ეს კვერცხები. მისგან და მისი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ჩვენ ბიუჯეტის ფულს არ ვიპარავთ. შეიძლება, ქალბატონმა ირმამ არ იცის, რომ მაღაზიაში კვერცხი იყიდება. თუ არ სჯერა, შეგვიძლია, მაღაზიაში წავიყვანოთ და ვანახოთ ეს კვერცხები. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ არც „ოცნების“ წევრებისთვის დაგვენანება კვერცხების ყიდვა.
_ რას გულისხმობთ, „ქართული ოცნების“ წევრებისთვისაც აპირებთ კვერცხების დაშენას?
_ აქამდე მიდის საქმე. უკვე ისე ამაზრზენად იქცევიან, რომ სხვა გამოსავალს აღარ გვიტოვებენ. საქვეყნოდ ვაცხადებ: ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაყვანას თუ არ მოეშვებიან, მათაც გავუმასპინძლდებით კვერცხებით! ზეთისა არ იყოს, კვერცხიც გაძვირდა, მაგრამ რამენაირად ვიყიდით. ირმა ზავრადაშვილისგან არანაირ შენიშვნას არ მივიღებთ.
_ რატომ არ მიიღებთ?
_ რატომ უნდა მივიღოთ მექრთამე, კორუმპირებული ჩინოსნისგან შენიშვნა?! ეს ქალბატონი წლების განმავლობაში დიდუბის გამგებელი გახლდათ. მისი ნათესავი დიდუბის გამგეობის კუთვნილ კომპიუტერებს ალომბარდებდა. ასეთი ადამიანები დღეს ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში სხედან, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. სირცხვილია ისიც, ისინი ტელეეთერებში რომ ჩანან და მათ ჟურნალისტები აზრს ეკითხებიან.
_ ჩვენც რა ვქნათ? პარლამენტში ეგენი არიან და მათთვის აზრის კითხვა გვიწევს.
_ ჟურნალისტებთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. თქვენ ყველას უნდა ჰკითხოთ აზრი. ქვეყნის უბედურება ისაა, რომ ზავრადაშვილის მსგავსი ხალხი ზის პარლამენტში და საქვეყნო საქმეებს წყვეტს. მან რა კანონი უნდა დაწეროს, როცა თავად არის კორუმპირებული?. დიდუბის გამგეობა არაერთ სკანდალში გაეხვია ამ წლებში. ქალბატონი ირმა სანამ სამოქალაქო აქტივისტებისკენ გამოიშვერს ხელს, საკუთარ ნათესავებს მიხედოს, რომლებიც გამგეობაში ჰყავდა გაფორმებული. ერთ-ერთმა მათგანმა აიღო და გამგეობის კუთვნილი კომპიუტერები დაალომბარდა.
_ რატომ დაალომბარდა?
_ ფული დასჭირდა, ადგა და დაალომბარდა.
_ იყო საშუალება და საკუთარ კომპიუტერს ხომ არ დაალომბარდებდა?
_ სახელმწიფოს ქონება საკუთრებად მიაჩნიათ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ასეთ სკანდალში რომ გაგხვიეს ნათესავებმა, სამოქალაქო აქტივისტებისკენ ხელი როგორ უნდა გაიშვირო? მაგრამ ქალბატონი ირმასგან სხვას არც ველოდი. ძალიან მეწყინებოდა, მისი მოსაწონი საქციელი რომ ჩამედინა. ბოლოს რომ დამაკავეს, წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. ჩემი ნებით მივყვებოდი, რადგანაც მეამაყებოდა, რის გამოც დამიჭირეს. მე და ჩემი მეგობრები იმის გამო დაგვაკავეს, რომ ქვეყნის ოკუპაციას ვაპროტესტებდით.
_ ოკუპაციის გაპროტესტება დანაშაულია?
_ უკვე დანაშაულია. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ქვეყნის ოკუპაციის გაპროტესტება დასჯადი გახდა.
_ სამაგიეროდ, დასჯადი არაა საქართველოს დროშის გადაგდება. ყველამ ვნახეთ ის კადრები, სადაც პოლიციელმა აქციის მონაწილეებს დროშა წაართვა და მოისროლა.
_ რუსეთის მსახური ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლიკის შეურაცხყოფაზე ვის დასჯის? არ გამიკვირდება, მადლობასაც თუ ეტყვიან. სამაგიეროდ, ოკუპაციის გაპროტესტება გახდა დანაშაული. როგორც ვატყობ, „ქართული ოცნება“ უკვე წარმავალია, ეს რომ გარდაუვალია, ამას თავადაც ხვდებიან და ახლა ძალის გამოყენებით ცდოლობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა როგორმე გაიხანგრძლივონ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან მალე დასრულდებიან.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მალე დასრულდებიან?
_ „ქართული ოცნების“ ყველა ქმედება მიუთითებს, რომ მათი მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა. ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ისინი ქართველი ხალხის წინაშე იმის გამო აგებენ პასუხს, რომ ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად აქციეს. ეს ხალხი და ეს ქვეყანა დამოუკიდებლობას არ დათმობს.
უკვე მეორედ ჩაიშალა ევროკავშირის ეგიდით გამართული მოლაპარაკებები. მეორე რაუნდსაც დანიელსონი ხელმძღვანელობდა. ჩაშლილი მოლაპარაკებებიდან გამოსულმა დანიელსონმა თქვა, საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი ჟურნალისტები და საზოგადოება და მათ უნდა დაწერონ ახალი ფურცელიო. ეს პირდაპირი მინიშნება იყო იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია და ამ ქვეყნის გადასარჩენად უნდა ვიბრძოლოთ. უკვე წლებია, ვიბრძვი ამ ქვეყნისთვის, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ბრძოლას მომავალშიც გავაგრძელებ. საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვის ჩემზე კორუმპირებული ჩინოსანი, რომელიც ახლა ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში ზის.
_ თქვენი მოძრაობა „შეცვალე“ „ნაციონალებთან“ ასოცირდება. „ოცნების“ ლოგიკით, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, „ნაცია“. ერთი რამე მაინტერესებს, ვაჟა-ფშაველა ხომ გაქვთ წაკითხული?
_ რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს, მაგრამ ეს რა შუაშია ჩემს აქტივობასთან, რაღაც ვერ გავიგე.
_ ეს იმიტომ გკითხეთ, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, „ნაცი“ თავისი ბუნებით ანტივაჟაა და ვისაც ვაჟა წაკითხული აქვს, „ნაცი“ ვერ იქნებაო.
_ ირაკლი კობახიძეს არ აქვს, ეტყობა, ვაჟა წაკითხული ან წაიკითხა და შინაარსი ვერ გამოიტანა. ოკუპაციისა და უკანონობის გაპროტესტება თუ „ნაცობაა“, ვიქნები „ნაცი“. ისე, მაინტერესებს, ვაჟამ სად დაწერა, რომ ოკუპანტს უნდა უმასპინძლოო? „ოცნებაში“ ისეთი ხალხია, სადმე ამოიკითხავდნენ. მაგათ თავისი კანონები აქვთ და თავისი მწერლები ჰყავთ. თავისი მწერლები დაწერდნენ ოკუპანტ-მასპინძლობაზე და ჰგონიათ, რომ ვაჟამ დაწერა. არჩილ თალაკვაძის პოეზიაზე გაზრდილი „ოცნება“ ვაჟას ნუ გვასწავლის.

შორენა მარსაგიშვილი