ლადო კახაძე: „ევროკავშირს ისე ვუყურებ, როგორც ჩვენს ძალიან ახლობელს“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პროფესიით ექიმმა, დეპუტატმა ლადო კახაძემ, AstraZeneca-ს ვაქცინა რამდენიმე დღის წინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.
„აცრა არის ამ სივერაგიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. საერთოდ არ მიგრძვნია, როგორ გამიკეთეს, ადგილობრივი რეაქცია არ მქონია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა და სირთულე დავძლიოთ. წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება, რომელსაც ჯანმრთელები უნდა შევხვდეთ. ვაქცინაცია არის აბჯარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აცრილი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, ანტისხეულები მას გაანადგურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ექიმებსა და ასაკობრივ ადამიანებს ვაქცინაციის მხრივ გააქტიურებისკენ. მე ვაკმაყოფილებ როგორც პროფესიულ, ისე ასაკობრივ კრიტერიუმს“, _ განაცხადა კახაძემ აცრის შემდეგ.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ როგორ გრძნობს თავს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ბატონი ლადო. ამასთან, ლადო კახაძეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც ვკითხეთ და სიტყვა, რაღა თქმა უნდა, პუტინის პროპაგანდისტ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტზეც ჩამოვუგდეთ.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თქვენ წინაშეა საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის, ლადო კახაძის ინტერვიუ:

_ ბატონო ლადო, ვაქცინაციის მერე როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ?
_ აცრამ ნორმალურად ჩაიარა. უბრალოდ, ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ნებისმიერ აცრას ახასიათებს _ იმ ადგილას, სადაც ნემსი გამიკეთეს, ცოტა ხანს მგრძნობელობა მქონდა, მეტი არაფერი!
_ თქვენ AstraZeneca-თი აიცერით?
_ დიახ.
_ „ფაიზერმა“ ვერ მოგისწროთ თუ AstraZeneca-თი იმიტომ აიცერით, რომ ხალხში ამ ვაქცინისადმი უნდობლობა გაგეფანტათ?
_ „ფაიზერი“ ცოტა გვიან შემოვიდა, მაგრამ AstraZeneca-თი, კი ბატონო, ნამდვილად მოტივაციისთვის ავიცერი.
_ სხვათა შორის, მთელი მსოფლიო ვაქცინას ელოდა, საქართველოში კი ანტივაქსერების მთელი არმია აღმოჩნდა. ამას ახალციხის ტრაგიკული ინციდენტით ხსნით თუ სხვა მიზეზიც არსებობს?
_ საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ანტივაქსერი ბევრია და, მაგალითად, წითელას თუ პოლიომიელიტის ვაქცინაციის დროსაც ასე იყო. ანტივაქსერებს თავიანთი შეხედულება აქვთ, თან „არ გაიკეთო“ უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე _ „გაიკეთე“.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ვაქცინაციის აუცილებლობას იქნებ, სახელმწიფომ დააკლო პროპაგანდა?
_ ამას ვერ ვიტყვი, რადგან პანდემია გამოცხადდა თუ არა, ჩემმა მეგობარმა ექიმებმა, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან, თქვეს, გამოსავლის ძიებაში მეცნიერება უცილებლად წავა წინ, თუმცა მედიკამენტი უფრო შორეული პერსპექტივაა და მსოფლიო ვაქცინის შექმნაზე დაიწყებს ზრუნვასო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა _ დღეს ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელის დაბანაც აუცილებელია!
მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფომ ვაქცინაციის პროპაგანდას რამე დააკლო. უბრალოდ, ბევრი ექიმია და ყველამ თქვა, აი, მე იმაზე მეტი ვიციო. ქვეყნის გარედანაც უამრავი აზრი იყო. ჟურნალისტი 5 ათასია, 10 ათასი _ ექიმი, 15 ათასი _ პოლიტიკოსი და ადამიანები დაიბნენ, ვერ გაიგეს, რა ხდება. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ამ პანდემიას სამყარო უფრო მობილიზებული დახვედროდა.
_ დიახ, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ წეღან თქვით, ჩემი მეგობარი ექიმებიო და თუ იმ ექიმების ცნობილ სამეულს გულისხმობდით, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ „მუშკეტერების“ მიმართ საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს და ზოგი იმასაც ამბობს, მაფიოზები არიანო.
_ თქვენ, როგორც ჟურნალისტმა, სიტყვა „მაფიოზები“ რომ გააჟღერეთ, ეთიკა დაარღვიეთ.
_ ეთიკა რატომ დავარღვიე? რა, თქვენც იმის მომხრე ხართ, რომ ჟურნალისტის საქმიანობა კანონით იყოს განსაზღვრული?
_ ამას არ ვამბობ.
_ სხვათა შორის, „მუშკეტერებს“ მაფიოზებს მე კი არა, ხალხი ეძახის.
_ იმასაც ხალხი ამბობს, რომ ჟურნალისტები ეთიკის დამრღვევები არიან.
_ დიახ, მეც მომისმენია, რომ ზოგიერთი ჟურნალისტებს ეთიკის დარღვევაში გვადანაშაულებს, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ ხომ იცით, რომ ბევრი ჟურნალისტებს არ ენდობა.
_ ნუ მიწყენთ და, საზოგადოება პოლიტიკოსებსაც არ გენდობათ…
_ რასაკვირველია, არ გვენდობა…
ტელევიზორი ან ინტერნეტი ხომ გაქვთ?
_ რასაკვირველია, მაქვს…
_ ჰოდა, აგერ, ახლა ბელგიაც ჩაიკეტა და საფრანგეთიც…
_ მსოფლიოს თავი დავანებოთ და საქართველოზე ვილაპარაკოთ…
_ საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ნუ ვიტყვით და უტრირებას ნუ გავაკეთებთ, რომ შეზღუდვები მხოლოდ ჩვენთანაა.
_ ბატონო ლადო, რა ამის პასუხია და, გახსოვთ, რამდენი წელია, მიცნობთ?
_ ძალიან დიდი ხანია, გიცნობთ.
_ ჰოდა, თქვენი აზრით, ჟურნალისტი რომ ვარ, ამის უფლებას სპეცკანონი უნდა მაძლევდეს?
_ ადამიანმა განათლება უნდა მიიღოს და ჟურნალისტი ასე უნდა გახდეს.
_ განათლება გასაგებია, მაგრამ თქვენი ერთ-ერთი თანაგუნდელი გამოდის ინიციატივით, რომ ადამიანს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება უნდა მიანიჭოს. ჰოდა, აი, მაგალითად, ადამიანი დეპუტატი რომ გახდეს, საამისოდ რამე კონკრეტული კანონი უნდა არსებობდეს?
_ ეს ინიციატივა არ მომისმენია, მაგრამ ადამიანები პროფესიას ეუფლებიან და მერე ამ პროფესიას თავიანთი საქმიანობით ავითარებენ.
_ კეთილი… ახლა უფრო მნიშვნელოვან ამბებზე გადავიდეთ, აი, მაგალითად, შვიდი ევროდეპუტატის განცხადება შევაფასოთ, ანუ გია ვოლსკის მსგავსად, თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები ევროპაში არაფერს წარმოადგენენ და მათ აზრს ყურადღებას არავინ მიაქცევს?
_ ევროკავშირს ისე ვუყურებ, როგორც ჩვენს ძალიან ახლობელს და ნებისმიერი დეპუტატი ჩვენი გულშემატკივარია. ამიტომ თითოეულის აზრი პირადად ჩემთვის გასათვალისწინებელია, მიუხედავად იმისა, განცხადებას როგორი სიმწვავით აკეთებს. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების აზრით უნდა ვისარგებლოთ და მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ.
საერთოდ, ჩვენ დემოკრატიას ვსწავლობთ და ამ კუთხით დიდი ხნის ქვეყანა არ ვართ.
_ ე. ი., თუკი ევროკავშირის აზრი მნიშვნელოვანია, მაშინ საინტერესოა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ლადო კახაძე, რას გააკეთებს იმისთვის, რომ ევროდეპუტატების ცუდი მოლოდინი არ გამართლდეს და ევროკავშირმა საქართველოს სანქციები არ დაუწესოს?
_ იმ ინიციატივებს ვუჭერ მხარს, რომელიც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო სივრცეში, ამასთან, სასამართლო სისტემაში, სრული სინქრონიზაცია იყოს. სხვათა შორის, ამ კუთხით ძალიან ბევრ კანონს მხარი დავუჭირე.
_ კეთილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქცენტი კეთდება ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე…
_ ვადამდელ არჩევნებზე არავინ საუბრობს.
_ როგორ არ საუბრობს _ შვიდი ევროპარლამენტარი თავის განცხადებაში პირდაპირ ამბობს, რომ ორივე მხარე _ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც _ პასუხისმგებელია, თუმცა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება…
_ ევროპის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ იყო დანიშნული დანიელსონი, რომლის მიერ დატოვებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არაფერი წერია და თუ ამას ევროპის დეპუტატები ეწინააღმდეგებიან, ეს ერთმანეთში გაარჩიონ.
_ ის, რომ დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი, „ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ დაადასტურა. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო CNews-სთან მან განაცხადა, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ვადამდელის საკითხი დღის წესრიგში შეგვეტანა, მაგრამ ოპოზიციამ ჩაშალაო…
_ ვერ გეტყვით… მე იმას ვამბობ, რაც ვიცი…
მოკლედ, მე ჩემს აზრზე ვრჩები და შეგიძლიათ, ეს კითხვა უპასუხოდ დატოვოთ.
_ კი ბატონო… ბატონო ლადო, თქვენი აზრით, ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელსაც „ოცნება“ ხელოვნურს უწოდებს, როგორ უნდა გამოვიდეს?
_ ცოტა ირონიულად გიპასუხებთ: პოლიტიკოსების მაგივრად პარლამენტში ჟურნალისტები უნდა შემოვიდნენ და ამ საკითხს ისინი გადაწყვეტენ.
_ უმრავლესობაში ჟურნალისტები თუ არა, მინიმუმ, ხელოვანი ადამიანები გყავთ, მაგალითად, ქეთი დუმბაძე ან, სულაც, ელისო ბოლქვაძე. ჰოდა, პრობლემები მათ გადაწყვიტონ!
_ ჟურნალისტები პარლამენტში უფრო ბევრნი უნდა იყვნენ, მაგალითად, თქვენ და თქვენი მეგობრები.
_ ჩემს „დავერბოვკებას“ უკვე მეორედ ცდილობთ, რომ „გავქოცდე“, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ლადო ბატონო!
_ ჰოდა, აბა, რა ვქნა?!
_ ისე, „ოცნებას“ სპორტსმენებიც ბევრი ჰყავს _ რას აკეთებენ, არავინ იცის, მაგრამ მთავარია, პარლამენტში არიან!
_ თქვენ გაქვთ ასეთი შეხედულება, პოლემიკაში ვერ შემოვალ და რა გავაკეთო? თავისი უნარების გამოვლენის საშუალება ყველა ადამიანს აქვს და რატომ გგონიათ, რომ სპორტსმენს ლოგიკური აზროვნების უნარი არ გააჩნია და არ შეუძლია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს?
გგონიათ, რომ პოლიტიკოსებად იბადებიან ან ვინმე ქმნის პოლიტიკოსად? რეიგანი ხომ კინოხელოვანი იყო, მაგრამ რამხელა პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა. ჰოდა, სპორტსმენებზე ასეთ რამეს ნუ ვიტყვით _ თქვენ არ გამაღლებთ, ამ შემთხვევაში!
თქვენი ჩემდამი მომართვა შეიძლება, ირონიულია, ანუ მეუბნებით, რომ ექიმი ვარ და პოლიტიკაში რა მინდა…
_ ბატონო ლადო, ცუდად გამომივიდა _ თქვენთვის ნამდვილად არ მითქვამს, პოლიტიკაში რა გინდათ-მეთქი…
_ კი, როგორ არა, ირიბად მეუბნებით, მაგრამ არა უშავრს, არ მწყინს…
_ ისე, პარლამენტმა ელისო ბოლქვაძეს, როგორც ვიცი, როიალი დღემდე არ შეუძინა… ახლა, ეს რეპლიკაც ირონიად არ ჩამითვალოთ!
მოკლედ, კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვსაუბრობდით…
_ კრიზისიდან გამოსასვლელად რამდენიმე კომპონენტი არსებობს.
_ კერძოდ?
_ საერთაშორისო კომპონენტი, ანუ ქვეყნებმა, რომლებიც ამ პანდემიის დროს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ერთმანეთს დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ.
ამასთან, ქვეყნის შიდა პოტენციალი მიზნობრივად უნდა გამოვიყენოთ და ის მიდგომები უნდა გაძლიერდეს, რომლებიც პოსტკოვიდურ პერიოდზე იქნება ორიენტირებული.
იმისთვის, რომ სტაბილურობისა და წინსვლის განცდა შეიქმნას, ქვეყნის თავისუფალ ზონად გამოსაცხადებლად, ანუ ტურიზმის, ეკონომიკისა და სამასპინძლო ბიზნესის აღსადგენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ადამიანებმა ერთმანეთის მეოხებითა და ექიმების რჩევით ის დიდი გამოწვევა უნდა დაამარცხონ, რომელსაც პანდემია ჰქვია.
_ პანდემია იქით იყოს და, პოლიტიკური კრიზისი როგორ უნდა დავძლიოთ?
_ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვამბობ, რომ ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისია, რამეთუ ქვეყნის დესტაბილიზაცია მაქსიმალურად მოხდეს. ყველაფერ ამას კი რუსეთის სახით დიდი სტიმულატორი ჰყავს!
_ ამ ლოგიკით, კრემლის პროპაგანდისტი პოზნერი თბილისში ოპოზიციამ ჩამოიყვანა?
_ დიახ, ისევე როგორც გავრილოვთან ჰქონდა კავშირი. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასე ვფიქრობ და ლოგიკური მსჯელობიდანაც ასე გამოდის.
_ რომელი ლოგიკური მსჯელობიდან?
_ ყოველი გადადგმული ნაბიჯი მაგათთვის წინასწარაა ცნობილი, ანუ ერთმანეთს აძლიერებენ.
_ ეს როგორ?
_ აი, მე ჩამოვდივარ და შენ უნდა გააბუქოო. ეს კარგად ორგანიზებული პოლიტიკური თამაშია და როგორი მაპროვოცირებელი კითხვაც უნდა დამისვათ, ამ აზრს არ შევიცვლი!
_ თქვენი ნებაა, მაგრამ თუ ის, რასაც ამბობთ, სიმართლეა, მაშინ ჩნდება კითხვა: ქვეყნის უშიშროება სად ბრძანდება?
_ უშიშროება კი არა, ამ საკითხს კანონი წყვეტს, ანუ თუ კანონი გადაადგილებას არ უკრძალავს, ადამიანს შეუძლია, ქვეყანაში შემოვიდეს.
_ სხვათა შორის, ეს კანონი მხოლოდ რუსეთის კი არა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება. გასაგებია, რომ პოზნერი, როგორც პრემიერმა გვითხრა, აშშ-ის მოქალაქეა, მაგრამ ის ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი, შესაბამისად, ოკუპაციის კანონის თანახმად, მისი საქართველოში შემოშვება არ შეიძლებოდა!
_ ამას დაასაბუთებთ?
_ თავად პოზნერი ამბობს, რომ…
_ თქვენ ელაპარაკეთ?
_ პოზნერის ვიდეოინტერვიუ ვნახე, ბატონო ლადო, სადაც ამბობს, დიახ, ოკუპირებულ აფახაზეთში ვარ ნამყოფიო…
_ ამ შემთხვევაში, იმ ადამიანებს უნდა მოეკითხოთ, ვინც ეს „პრობელი“ დაუშვა…
ისე, თქვენი და სხვა ჟურნალისტების შეშფოთება არ მახსოვს, პოზნერი სხვა ხელისუფლების დროსაც რომ ჩამოვიდა. მაშინ რატომ არაფერი თქვით?
_ სიმართლე გითხრათ, არც გამიგია, რომ პოზნერი სხვა ხელისუფლების დროსაც ჩამოვიდა თბილისში…
_ ყველამ იცის და თქვენ არ იცით?
_ გაქვთ საბუთი, რომ პოზნერი სხვა ხელისუფლების დროსაც ჩამოვიდა?
_ იმ ინტერვიუში, რომელიც თქვენ ახსენეთ, პოზნერი იმასაც იტყოდა, საქართველოში სხვა დროს კიდევ როდის იყო.
_ არა, მაგას ნამდვილად არ ამბობს…
_ სხვათა შორის, ახლანდელი ჩამოსვლაც პროვოცირებულია _ აი, ჩამოვედი და თქვენი შიდაგანაწესი დავარღვიე, ბუნტი უნდა ატეხოთ, ხელისუფალი გააკრიტიკოთ და გარეთ გამოხვიდეთო. აი, ესეც მისი პროვოკაცია.
_ ვთქვათ, ასეა, მაგრამ ხელისუფლებამ პროვოკაცია რატომ არ აღკვეთა და კანონი არ დაიცვა?
_ ვერ გეტყვით… ეს იმ სახელისუფლებო ნაწილს უნდა მოჰკითხოთ, რომელმაც მის პასპორტს ყურადღება არ მიაქცია.
_ რა ამის პასუხია და, გადამდგარი პრემიერი გიორგი გახარია ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს იწყებს. ბევრი „მეოცნებე“, როგორც ამბობენ, გახარიას ჯერარშექმნილ პარტიაში აპირებს „გადაპორტირებას“. შემოთავაზება თქვენც რომ მიიღოთ, ხომ არ დაფიქრდებით?
_ არა!
_ რატომ?
_ იქ, სადაც ვარ, იმიტომ ვარ, რომ ვალდებულებები მაქვს.
_ ანუ?
_ რამდენიმე საკანონმდებლო აქტზე ვმუშაობ, პერსპექტივა მაქვს და ამ გუნდთან ერთად საბოლოო მიზანი მაქვს _ 2024 წელს ამბიციური გეგმის განხორციელებაში მივიღო მონაწილეობა.
_ ისე, რას ფიქრობთ, გახარიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა „ოცნებას“ გაემიჯნა?
_ ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრი კი მაქვს, მაგრამ საჯაროდ არ ვაფიქსირებ.
_ ბევრ „მეოცნებეს“ გახარია, როგორც ლიდერი, ახლაც მოსწონს…
_ ადამიანებს ასეთი თვისება აქვთ: მთელი თავიანთი შინაგანი პოტენციალი საკუთარ თავთან აქვთ გაიგივებული და სხვების მიმართ დამოკიდებულებას ასე წყვეტენ. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და მათ ობიექტურობას ვერ შევაფასებ და როგორ დავაკნინო ან შევაქო? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისი არჩევანი გააკეთოს.
_ ბოლოს, ბატონო ლადო, რამე დამაიმედებელი მითხარით და ნერვებს აღარ მოგიშლით.
_ დამაიმედებელი რა გითხრათ, მაგრამ ქვეყანას ორი უდიდესი ადამიანი დააკლდა _ გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი. ორივე თავისი ქვეყნის უანგარო მსახური იყო, მაგრამ როცა პოზნერი უფრო სალაპარაკოა, ვიდრე ამ ორი ადამიანის ნაღვაწი, ჩვენი ქვეყნის მომავალს სწორად ვერ ვხედავთ.

ვანო პავლიაშვილი