რა ჩვენება მისცა გოგი წულაიას საქმეზე ასმათ დვალიშვილმა?

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ასმათ დვალიშვილის ჩვენების სრულ ვერსიას:

საქმის ირგვლივ თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს: მითითებულ მისამართზე ვცხოვრობ შვილთან, 2002 წელს დაბადებულ ბარბარე ბოჭორიშვილთან ერთად, ვმუშაობ ფართოპროფილურ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესულ თაობაში“, ვარ აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მოგახსენებთ, რომ 1963 წელს დაბადებულ გოგი, იგივე გიორგი წულაიას ვიცნობ დაახლოებით ხუთი-ექვსი წელია, ჩვენ გაცნობისთანავე გვქონდა მხოლოდ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, ერთმანეთს ვხვდებოდით სხვადასხვა შეხვედრაზე, პრესკონფერენციებსა და აქციებზე, ჩვენ შორის სხვა რამე პირადი, ინტიმური ურთიერთობა არ ყოფილა. ბოლო დროს მე და გოგი, იგივე გიორგი წულაია, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა თანამოაზრესთან ერთად საპროტესტო აქციებზე, სადაც ერთად განვიხილავდით სამოქმედო გეგმებს და სხვა აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც საქმის კუთხით საკმაოდ დავვახლოვდით. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2021 წლის 16 მარტს, დაახლოებით, 13:20 საათზე, ჩემს კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 593 21-44-22 მობილური ტელეფონის ნომრიდან 597 69-96-69 დამირეკა გიორგი (გოგი) წულაიამ, რომელმაც მითხრა, რომ მიდიოდა თბილისში, ვინაიდან იმავე დღეს ჰქონდა შეხვედრა ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და სურდა, რომ მოლაპარაკებისას მისთვის გამეწია დახმარება, რაზედაც მე დავთანხმდი. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, როგორც მახსოვს, 13 მარტს, ქუთაისში ჩატარდა საპროტესტო აქცია ნამოხვანჰესის სამშენებლო სამუშაოების წინააღმდეგ, სადაც მე ფეხით მიდვიოდი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან, რა დროსაც ავტომანქანა გამიჩერა გიორგი (გოგი) წულაიამ, რომელმაც შემომთავაზა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი აქციაზე, რაზედაც დავთანხმდი, ჩავჯექი ავტომობილში და წავედით ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმართულებით, სადაც ტარდებოდა საპროტესტო აქცია. ავტომობილით მგზავრობისას, სადაც ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა გიორგი (გოგი) წულაიას მეგობარი ლევანი, რომლის გვარიც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი, არის ჟღენტი, რომელსაც ვიცნობ მხოლოდ გამარჯობით, გიორგი (გოგი) წულაიამ დამიწყო საუბარი მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე: მომიყვა, რომ აპირებდა ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას და შემომთავაზა, რომ დავხმარებოდი მას აღნიშნულ საკითხებში, ვინაიდან მქონდა გარკვეული სახის გამოცდილება, რადგან წლებია, მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. მე მას შევპირდი, რომ დავეხმარებოდი ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. შემდეგ ჩვენ მივედით აქციაზე, სადაც ჩამოვედი ავტომანქანიდან და აღნიშნულ დღეს და არც შემდგომ დღეებში 2021 წლის 16 მარტამდე მასთან არ მქონია რაიმე სახის კომუნიკაცია.
მოგახსენებთ, რომ სწორედ მისი პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში დახმარების მიზნით დავთანხმდი მე გოგი წულაიას, რომ წავყოლოდი თბილისში ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე. მოგახსენებთ, რომ მან სატელეფონო საუბრისას მითხრა, თუ როდის უნდა წავსულიყავით და სად უნდა შევხვედროდით. აღნიშნული საუბრის შემდეგ, მიმდინარე წლის 16 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ქუთაისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევხვდი გოგი წულაიას, რომელიც იქ მოვიდა რუხი ფერის HUYNDAI-ს მარკის ELANთA-ს მოდელის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერი, როგორც მახსოვს, არის LG 969 LL. ავტომანქანის საჭესთან იჯდა მისი მეგობარი და ჩემი ნაცნობი ლევან ჟღრენტი, ხოლო მძღოლის სავარძლის გვერდით სავარძელზე იჯდა თავად გიორგი წულაია. მე მათ ჩავუჯექი ავტომობილში, საიდანაც ჯერ გავიარეთ ჩემს საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც რამდენიმე წუთით ავედი სახლში ქურთუკის გამოსაცვლელად, დავბრუნდი ისევ ავტომობილში, რის შემდეგაც წამოვედით თბილისის მიმართულებით. მგზავრობისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავჩერდით გზასთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ვისაუზმეთ და განვაგრძეთ გზა თბილისისკენ. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გზაში ჩვენ ვსაუბრობდით გიორგი (გოგი) წულაიას პარტიულ გეგმებზე, რომ აპირებდა საფრანგეთში არსებული პოლიტიკური გაერთიანების (სახელწოდებით „ყვითელი ჟილეტები“) მსგავსი გაერთიანების შექმნას და სხვა პარტიულ საკითხებზე. მან მგზავრობისას მითხრა, რომ შეხვედრა იქნებოდა მეორე დღეს, რის შესახებაც თავდაპირველად ჩემთვის არაფერი უთქვამს. თბილისში ჩამოვედით, 20:00 საათის შემდეგ და ვინაიდან იწყებოდა კომენდანტის საათი, გოგის ვუთხარი, რომ დავრეკავდი თბილისში მცხოვრებ ჩემს ახლობელთან და მათთან დავრჩებოდი, რაზედაც მიპასუხა, რომ ბინის საკითხი მას უკვე მოგვარებული ჰქონდა და არ შემეწუხებინა ახლობლები.
მოგახსენებთ, რომ მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ერთად ადრეც დავრჩენილვარ ერთ საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნულში არ მიგულისხმია რაიმე სახის ინტიმური გარემოებები, რაშიც იმის გამოც ვიყავი დარწმუნებული, რომ გოგის თან ახლდა მისი მეგობარი ლევან ჟღენტი და მე ჩავთვალე, რომ ისიც ჩვენთან ერთად რჩებოდა. ჩვენ მითითებული ავტომობილით მივედით ქ. თბილისში ჭაბუკიანის ქუჩა, კორპუსი #7-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, რა დროსაც ლევან ჟღენტმა დარეკა ტელეფონზე და ვიღაცას ესაუბრა ბინის გასაღების გადმოცემის საკითხზე, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში ერთ-ერთი სადარბაზოდან გამოვიდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც გასაღები გადმოგვცა. გოგიმ მითხრა, რომ ავსულიყავი ბინაში, ისინი კი წავიდოდნენ მაღაზიაში საკვები პროდუქტების შესაძენად. მოგახსენებთ, რომ მე ავედი იმავე სადარბაზოს მეოთხე სართულზე და შევედი ბინაში, სადაც ვნახე, რომ ბინა იყო ერთოთახიანი და არ იყო იზოლირებული საძინებელი, რამაც გამაკვირვა. დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ ბინაში ამოვიდა გოგიც, რომელიც იყო მარტო და თან ჰქონდა მაღაზიაში შეძენილი პროდუქტები და სასმელები. მე ვკითხე, თუ სად იყო ლევანი, რაზედაც მიპასუხა, რომ ლევანი არ რჩებოდა ჩვენთან ერთად. აქვე განვმარტავ, რომ გიორგი (გოგი) წულაიას ვენდობოდი და მასთან ხუთი წელია, მეგობრობა მაკავშირებს, რის გამოც არაფერი ცუდი არ მიფიქრია. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, საცხოვრებელ ბინაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, იყო მხოლოდ ერთი ოთახი, სველი წერტილი და სამზარეულო, ოთახის შუა ნაწილში იდგა ერთი ორსაწოლიანი ლოგინი, ხოლო მარჯვენა კუთხეში _ ტახტი, მალევე გიორგი (გოგი) წულაიამ მაგიდაზე დადო კონიაკი, შოკოლადი და ა. შ. ჩვენ ვსაუბრობდით ჩვეულებრივ, ზოგად საკითხებზე და არანაირი სახის ინტიმურ საკითხებზე არ გვისაუბრია. სწორედ ამ დროს გოგი წულაიამ მითხრა, _ ხომ არ გეწყინება, რომ მარიხუანა მოვწიოო? რაზედაც არ გამომიხატავს პრეტენზია. ის გავიდა აივანზე და მოწია. აქვე დავაზუსტებ: მე ვერ ვერკვევი, მარიხუანა ჩვეულებრივი სიგარეტია თუ სხვა რამ? თვითონ მითხრა, რომ მოწევდა პლანს. ამის შემდეგ შემოვიდა ოთახში და დავსხედით მაგიდასთან. გიორგი (გოგი) წულაია სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, თუ სწორად მახსოვს, „სარაჯიშვილის“ ფირმის კონიაკი ჰქონდა ამოტანილი. მე პირადად არ დამილევია ალკოჰოლური სასმელი, დავლიე რძიანი ყავა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგი (გოგი) წულაიამ დალია ერთი ბოთლი კონიაკი ნახევრამდე, ზუსტად რამდენი ჭიქა დალია, არ მახსოვს. აქვე ის მეუბნებოდა, მეც დამელია, თუმცა უარზე ვიყავი, რადგან არ მსურდა ალკოჰოლის მიღება. დაახლოებით 23:30 სთ.-ზე მე გადავწყვიტე დაძინება და მივწექი ტახტზე, რა დროსაც ტანსაცმელი არ გამიხდია, მხოლოდ ფეხსაცმელი და ქურთუკი მქონდა გახდილი, ხოლო აღნიშნულ დროს და შემდგომშიც გოგი წულაიას გახდილი ჰქონდა შარვალი და ზედატანი, იყო მაისურით და ტრუსით. ჩემი ვარაუდით, მეძინა დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე, რა დროსაც ვიგრძენი მოახლოება. როდესაც თვალი გავახილე, იგი მოახლოებული იყო ჩემს საწოლ ტახტთან ძალიან ახლოს, რამაც შემაშინა და შიშისგან ინსტინქტურად უკან გავიწიე. ვინაიდან არ მსურდა მისი გაღიზიანება, ნახევრად ხუმრობის ტონით ვუთხარი, თუ რას აკეთებდა. მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ დროს ვითომ ხუმრობით სცადა ჩემთვის ხელის დაჭერა, რის საშუალებასაც არ ვაძლევდი და ისე მშვიდად, მაგრამ უკვე მკაცრი ტონით ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყო. აღნიშნულის შემდეგ მან მითხრა, რომ გაჩერდებოდა და არ შემაწუხებდა, რადგან მიხვდა, მაწუხებდა და რომ შემეძლო, დამეძინა. მე წამოვწექი, ხოლო გოგი დაჯდა საწოლზე, რის შემდეგაც, როგორც მახსოვს, შუქი გამოირთო და ვიგრძენი, როგორ გადმოწვა გოგი წულაია ტახტზე, რომელზედაც მე ვიჯექი. მოგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთი არ გავნძრეულვარ, რის შემდეგაც შევნიშნე, რომ თითქოს ეძინა გოგის, რის გამოც დრო ვიხელთე და ჩემივე საბნით გადავედი დივანზე, ხოლო გოგი იწვა ისევ ტახტზე, საიდანაც ის მალევე ადგა და შევიდა საპირფარეშოში. როდესაც უკან ოთახში დაბრუნდა, იგი პირდაპირ მოვიდა საწოლთან, ძლიერად მომხვია ხელები, რა დროსაც ცდილობდა ჩემს მოფერებას და კოცნას, რის საშუალებასაც არ ვაძლევდი და ვუძალიანდებოდი, რის გამოც მიჭერდა ხელებს და ცდილობდა ჩემს დამორჩილებას, რაც იყო ძლიერ მტკივნეული. მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ დროს მე მკაცრი ჩხუბის ტონით ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის და არ მსურდა მასთან ინტიმური ურთიერთობა. მოგახსენებთ, აღნიშნული გრძელდებოდა, დაახლოებით, ხუთი წუთის მანძილზე, რის შემდეგაც გაჩერდა გოგი, გამიშვა ხელი და დაიწყო ისევ კონიაკის დალევა, წამოწვა ტახტზე. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ისევ დავრჩი ლოგინზე, რადგან არ მსურდა გოგის გაღიზიანება, რომელიც იყო უკვე საკმაოდ მთვრალი და ვცდილობდი, საუბრით მიმეხვედრებინა მისთვის, რომ არ მსურდა მასთან არანაირი ურთიერთობა და მით უფრო, ინტიმური ურთიერთობა. აღნიშნულის შემდეგ იგი ისევ გავიდა საპირფარეშოში, საიდანაც დაბრუნების მერე მოულოდნელად უკანა მხრიდან მოვიდა ჩემთან, რაც არ მესიამოვნა და წამოვჯექი, რა დროსაც იგი ისევ მომვარდა, ამჯერად უფრო ძლიერად ცდილობდა ჩემთვის კოცნას და მოფერებას, რის გამოც ვიფარავდი სახეს და მკერდს. მიჭერდა ხელებს და ხელები შემიყო მაისურის შიგნით ზურგზე და ძლიერად მისვამდა ხელებს შიშველ ზურგზე, რაც ასევე იყო ძალიან უსიამოვნო და მტკივნეული ჩემთვის. მოგახსენებთ, რომ ვინაიდან მრცხვენოდა კორპუსში მცხოვრები ხალხის, არ მიყვირია, მაგრამ ძალიან მკაცრი ტონით მოვუწოდებდი, რომ თავი დაენებებინა და როგორც შემეძლო, ფიზიკურად ვუძალიანდებოდი. მოგახსენებთ, რომ ვინაიდან ისევ ვერ შეძლო ჩემი დამორჩილება, მან ისევ დამანება თავი და გადაჯდა ტახტზე, ისევ გააგრძელა დალევა და თან მეუბნებოდა, რომ იგი არ იყო მოძალადე და რომ თავიდან არ ამოდიოდა ჩემი სხეული, როგორ მოვწონდი და სურდა ჩემთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება. დაახლოებით ათ წუთში მან ბოლომდე დალია ბოთლში არსებული კონიაკი და მითხრა ფრაზა, _ რა დამაძინებს, შენ რომ არ შეგეხო და არ გაკოცოო. წამოხტა ტახტიდან და სწრაფად მოვიდა საწოლთან, სადაც მე ვიწექი, რის გამოც მე ინსტინქტურად დავიწყე თავის დაცვა. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ თავი დამეცვა, გოგიმ მაინც მოახერხა და ხელები დამიჭირა, რითაც შემბოჭა, რა დროსაც ვერ ვახერხებდი მოძრაობას და თავის დაღწევას, მისვამდა ხელებს სხეულზე. ვინაიდან მეცვა თხელი მაისური, ადვილად შემიყო ხელი ზურგთან შიშველ სხეულზე და მისვამდა ხელს. მე ვცდილობდი, არ მიმეცა მისთვის სხეულზე შეხებისა და კოცნის საშუალება, მაგრამ ვინაიდან იგი არის ფიზიკურად ჩემზე ბევრად ძლიერი, ვერ ვახერხებდი მისგან თავის დაღწევას და მისი ზემოთ აღნიშნული უსიამოვნო და ამაზრზენი ქმედების აღკვეთას. მოგახსენებთ, რომ მითითებულ დროს მან ძალით მაკოცა ტუჩებში, რა დროსაც მისი მოგერიებისა და მისგან თავის დაღწევის მიზნით, ვუკბინე ქვედა ტუჩზე, საიდანაც გოგის წამოუვიდა სისხლი და ჩამოვკაწრე ზურგზე, ასევე მისი მოგერიების მიზნით.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მიუხედავად ჩემ მიერ თავდასაცავად განხორციელებული ზემოაღნიშნული ქმედებებისა, ის თავს არ მანებებდა და ცდილობდა, რომ შემხებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მიჭერდა ხელებს და მაწვებოდა კისერზე, რა დროსაც მე განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი და როგორც შემდგომში ვნახე, გოგი წულაიას აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მივიღე ჯანმრთელობის დაზიანებები, კერძოდ, მაქვს სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ხელებზე, ტანსა და კისერზე, ასევე მაქვს ნაკაწრები ზურგის არეში, რომელიც მომაყენა გოგი, იგივე გიორგი წულაიამ, როდესაც ცდილობდა ჩემ მიმართ განეხორციელებინა სექსუალური ხასიათის ძალადობა.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გოგი წულაიას მიერ განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები მიმართული იყო იმ მიზნისკენ, რომ მოეხერხებინა ჩემთან ძალადობით დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რის საშუალებასაც მე არ ვაძლევდი, შეძლებისდაგვარად, ყველანაირად ვცდილობდი, შევწინააღმდეგებოდი, რის გამოც ვერ მოახერხა ტანსაცმლის გახდა და ჩემთან ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარება.
მოგახსენებთ, რომ მე ვაცხადებ ნებაყოფლობით თანხმობას ზემოთ აშნიშნული შემთხვევისას, გოგი წულაიას მიერ ჩემთვის მოყენებულ ჯანმრთელობის დაზიანებებთან დაკავშირებით, ჩამიტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტისას, როდესაც ნაკბენის შემდეგ გოგის ტუჩიდან სისხლის დენა არ ჩერდებოდა და ვინაიდან საბოლოოდ მაინც ვერ მიმორჩილებდა, რა დროსაც მე ვეუბნებოდი, რომ გამოვიძახებდი პოლიციას, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ათი წუთის მანძილზე, გაჩერდა გოგი, შეწყვიტა ჩემ მიმართ ძალადობა, გამიშვა ხელი და გადაჯდა ტახტზე, რის შემდეგაც შევიდა საპირფარეშოში, რადგან ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი. სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ის დაწვა ტახტზე, ხოლო მე ვიჯექი დივანზე. მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც მე ვიჯექი ტახტზე, ინსტინქტურად ამოვიღე ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი XSIAUMI -ს ფირმის REDMI-ს მოდელი, რომელშიც გააქტიურებული მაქვს სიმბარათი ნომრით 591 21-44-22 და ჩავრთე ვიდეოგადაღება, რა დროსაც რასაც ვსაუბრობთ მასთან, გადავიღე აღნიშნული ჩანაწერები რომელიც ამჟამადაც ინახება მითითებულ ტელეფონში. ჩანაწერებში არსებული საუბრისას გოგი, იგივე გიორგი წულაია აღიარებს, რომ მან მართლაც იძალადა ჩემზე, სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ტანთ მაცვია იგივე ტანსაცმელი, რომელიც მეცვა ზემოთ აღნიშნული ფაქტისას, ასევე მოგახსენებთ, რომ თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში ჩემ მიერ გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ გოგის დაეძინა, რა დროსაც მე მოვახერხე, გავედი საპირფარეშოში და ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონით დავრეკე 112-ის სამსახურში, სადაც განვაცხადე, გოგი, იგივე გიორი წულაიას მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების შესახებ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბინაში ასვლისას მე გავაღე კარი და გასაღები დავდე იქვე ტუმბოზე. ასევე მოგახსენებთ, რომ პატრულის გამოძახების შემდეგ მათ დამირეკეს და დამაზუსტებინეს მისამართი, რა დროსაც მე გამოვედი გარეთ და ჩამოვდიოდი სადარბაზოში, რათა შევხვედროდი პატრულს. ამ დროს გოგი წულაია იწვა ტახტზე, სავარაუდოდ, ეძინა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი მობილური ტელეფონი, რომელშიც მაქვს გადაღებული ვიდეოები, მაქვს თან და ნებაყოფლობით წარმოგიდგენთ გამოკითხვის შემდეგ. ასევე თანახმა ვარ, წარმოგიდგინოთ ჩემი ტანსაცმელი, რაც მეცვა შემთხვევის დროს.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თანახმა ვარ, ჩამიტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ გიორგი (გოგი) წულაიას ქმედების შედეგად მე განვიცადე მორალური ტრავმა, რადგან შემეშინდა და ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ ვითხოვ ზემოთ აღნიშნული ძალადობრივი ქმედების გამო გიორგი (გოგი) წულაია კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს, რადგან მან განახორციელა უაღრესად ამორალური და შეურაცხმყოფელი ქმედება, რის გამოც ვარ ძლიერ დათრგუნული და შეურაცხყოფილი. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი (გოგი) წულაია პასუხს არ აგებს მისი ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისთვის, მიმაჩნია, რომ მან შესაძლოა, აღნიშნული ქმედება განახორციელოს სხვა ქალების მიმართაც, რაც მისთვის იქნება წამახალისებელი, ამიტომაც ვითხოვ მის უმკაცრესად დასჯას.
გამოძიების ამ ეტაპზე დასამატებელი არაფერი მაქვს.

ასმათ დვალიშვილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა ჭოლა ღლონტმა გამოკითხა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვიდეოფაილებში, რომელიც გამოძიებას საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო, ჩანს, რომ ვიდეომასალის გადაღების მომენტში ასმათ დვალიშვილის ტელეფონზე სოციალურ ქსელ ვაიბერში მესიჯები მოდის და ავტორი ჭოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დვალიშვილი ჭოლას გიორგი წულაიას დაკავების მომენტამდე ემესიჯებოდა, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ გოგი წულაიას დაკავების ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი.

ელისო კილაძე