ლევან ალაფიშვილი: „დროა, საზოგადოებამ წარმართოს მოლაპარაკება“

31 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით გამართული მორიგი 7-საათიანი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არც ერთმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.
ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი შესაძლებელი იქნება ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში _ მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.

რა არის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი? რა ფორმით უნდა ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება პროცესში? რა როლი აქვს დასავლეთს ამ მოცემულობაში?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა, მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი კი ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. თქვენი შეფასებით, რატომ ვერ დასრულდა შეხვედრა კონკრეტული შედეგით?
_ დღევანდელი შედეგი, ალბათ, ყველაზე კარგად გასცემს პასუხს თქვენსა და სხვა ანალოგიურ კითხვებს. როდესაც შედეგი არ არის, ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა არ სცადეს ან უარესი _ მხარეებს იმთავითვე არ სურდათ კონსენსუსი, თორემ, ადამიანს თუ რამის გაკეთება უნდა, იგი ამ გზაზე მიზანმიმართულად მიდის და ყველა წინაღობას დაძლევს. პოლიტიკოსები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, ამერიკაში იქნება, ევროპასა თუ აზიაში. სამწუხაროა, მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილები არიან დანარჩენი საზოგადოებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა აიხსნას, სამარცხინოდ, ორჯერ უშედეგოდ დასრულებული რაუნდი, რომელსაც მცირედი პოზიტივიც კი არ აქვს?! განცხადებების დონეზეც კი მხარეები არ უახლოვდებიან ერთმანეთს; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მესამე პირის გარეშე ვერ თუ არ ურთიერთობენ. ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში და ახლაც უნდა გავიმეორო: სამწუხაროდ, ყველამ ერთად გარკვეული „წვლილი“ შევიტანეთ იმ მოცემულობის შექმნაში, რომელშიც ჩვენი პოლიტიკოსები იმყოფებიან. ქართული პოლიტიკა სისხლიან კორიდას დაემსგავსა _ როდესაც პოლიტიკური სუბიექტები გარშემორტყმული არიან მაყურებლით, ანუ ქართველი ამომრჩევლით, გარკვეული ეტაპის დასრულების შემდგომ ეს მაყურებელი ითხოვს იმ ასპარეზობაში დამარცხებულის განადგურებას. სისხლს ითხოვს, _ ეს რაუნდები არის არჩევნები. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას: გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს და ამბობს: _ ახლა ჩვენი დროა! ისინი სცილდებიან არა მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპს, რომ ხალხის ინტერესების გამომხატველი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალა, მიუხედავად იმისა, უმრავლესობაშია თუ უმცირესობაში, არამედ იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ოპოზიციას თავისი როლი აქვს და ის უნდა შეინარჩუნო, მას ლეგიტიმური უფლება აქვს, იყოს პოლიტიკაში _ ამას პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, ეს პარადოქსული სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ოპოზიციას მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა; მას ფესვები ხალხში აქვს. შესაბამისად, წითელი ხაზების გავლება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, როდესაც უმრავლესობაში მოსული ძალა ამბობს, მე ვარ გამარჯვებული და უნდა ვიბატონო შენზე, ჩიხია. ამ წრიდან უნდა გამოვიდეთ, თორემ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. ჩვენივე მთავრობისა და პოლიტიკოსების მეცადინეობით, თანმიმდევრულად ვკარგავთ მოწინავე დემოკრატიის პოზიციებს რეგიონში, რასაც ბუნებრივია მოჰყვება სახელმწიფოებრიობის განულება და მისი ფიქციად ქცევა. შესაძლებელია, საქართველო, როგორც სახელმწიფო, პოლიტიკური სუბიექტი, მსოფლიო რუკიდან წაიშალოს, _ ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, უმრავლესობაც და უმცირესობამაც. პარტიები დემოკრატიის გაძლიერებას გვპირდებიან, მაშინ როდესაც თვითონ შიგნით არ აქვთ დემოკრატია. ასეთ სიტუაციაში მათ ანაცვლებს არაფორმალური მმართველობა. შესაბამისად, სახელმწიფოებრიობაზე საუბარი დასრულებულია.
_ თქვენ ახსენეთ, რომ შიდაპარტიული სისტემა არადემოკრატიულია. ამ მოლაპარაკებებში ივანიშვილისა და სააკაშვილის ჩართვა შეუწყობს თუ არა ხელს პოზიციების დროულად დაახლოებას?
_ არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. უფრო რადიკალური ვიქნები: რეალურად, დროა და შესაძლოა, მოიძებნოს მექანიზმი, რომ მოლაპარაკების წარმმართველი გახდეს საზოგადოება. ამ გაერთიანების გზავნილი პოლიტიკოსებისადმი იქნება: ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თუ თქვენ ასეთ საქართველოში აპირებთ საქმიანობას, მაშინ კეთილი ინებეთ და ეს გაიხადეთ სახელმძღვანელოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ მხარეს რჩება საზოგადოება, ასევე დარჩება დიდხანს, მით უმეტეს, ჩაკეტილი, აბსურდული კარანტინის პირობებში; მეორე მხარეს კი იქნება, ბოდიშის მოხდით, ე. წ. პოლიტიკოსების ჯგუფი. ერთ მხარეს არის ამომრჩეველი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ, წინასაარჩევნო პერიოდში, გაახსენდება ე. წ. პარტიებს, დანარჩენი პერიოდი არიან თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესების მსახურებაში, როგორ გაიძლიერონ საკუთარი მე, ფინანსურად თუ ძალაუფლებრივი თვალსაზრისით. პროცესების წარმმართველი უნდა გახდეს ხალხი. სამწუხაროა, რომ ამ მოლაპრაკების პროცესში ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სერიოზული ხმა არ ისმის. რა თქმა უნდა, ვაკლებთ რაღაცას. დროა, შევდგეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელიც კვებავს უმრავლესობას, ოპოზიციას, ეკონომიკას და ყველა ეს მორიდებით უყურებს ერთ ცალკე აღებულ მოქალაქეს, რომელზედაც დგას სახელმწიფო და დემოკრატია. ეს უნდა ავაშენოთ.
_ „ქართულ ოცნებაზე“ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქუჩის მასშტაბური პროტესტი, რაც არაერთხელ დავინახეთ. ამ მოცემულობაში რატომ არ გამოდის ხალხი გარეთ? ოპოზიცია კი ცდილობს, მაგრამ ხელისუფლება ირონიულად ამბობს, რომ მხოლოდ 20 ათასი გამოჰყავთ.
_ ეს ზუსტად იმის გამოძახილია, რომ ჯერ ისევ არის შემორჩენილი ძალადობრივი, არადემოკრატიული ასპექტები ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. დემოკრატია კუნთების თამაში არ არის. პირიქით, დემოკრატია ამ ძალიან კუნთმაგარი ადამიანების კომპრომისების ხელოვნებაა, იმ ძლიერმა როგორ შეინარჩუნოს დიალოგი მასზე სუსტთან, _ ეს არის დემოკრატია. რაც შეეხება პროტესტს, ამ ნაწილში ისმის შეფასებები, რომ, გარკვეულწილად, გულგატეხილობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ არ არის მასშტაბური პროტესტი. არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა შევხედოთ, პირიქით, ეს ჩემთვის პოზიტიური ინდიკატორია იმისა, რომ პოსტპროტესტთან დაკავშირებული ძალადობა და ძალადობრივი ქმედებები პოლიტიკაში უკვე დაისშია, წარსულია. ძალას არა კომპრომისში, არამედ იმაში ეძებდნენ, რომ ვიღაცას 20 ათასი კაცი გამოჰყავდა. პროტესტს სხვადასხვა ფორმა აქვს და ახალი თაობა, რომელსაც „ივნისის თაობას“ ვუწოდებ, სწორედ ამას იზიარებს. სამწუხაროა, რომ მე და ჩემი თაობა, მათ შორის, ჩემი თაობის პოლიტიკოსები, ვერ გამოვედით იმ ტყვეობიდან, პროტესტის ფორმებთან დაკავშირებითაც. მუდმივმა აქციებმა, „გაუმარჯოს“ და „გადადექის“ ყვირილა, მაშინ თავისი საქმე შეასრულა. ჩვენ რაც შეგვეძლო, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი. ახალ ეტაპზე გადასვლა არც გვიცდია და შეიძლება, დროც არ გვქონდა ამისთვის. 2015 წლის ივნისში, როცა ვერის ხეობაში წყალდიდობა მოხდა, ახალგაზრდების გამოსვლა და სოციალური სოლიდარობა, გარკვეულად პროტესტიც იყო, _ ამ ახალგაზრდებს მთავრობა ეხვეწებოდა, _ არ გვჭირდებით, ხელს ნუ შეგვიშლითო, ახალგაზრდები კი, მათ შორის, ჩემი სტუდენტები, ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულდებდნენ. ამ დროს მთავრობამ დაიწყო პოლიტკური თამაში, აეცილებინა პასუხისმგებლობა, ზოოპარკის დირექტორი დაეჭირა და, მისთვის შეეხოცა ხელი. ახალგაზრდები კი დასვრილი ხელებითა და ნიჩბებით მივიდნენ კანცელარიასთან, ფაქტი გააპროტესტეს, რამაც შედეგი გამოიღო. მადლობა ღმერთს, ზურაბ გურიელიძე ამ საქმეს ზვარაკივით არ შესწირეს და საკუთარი პასუხისმგებლობა ამით არ ჩამოირიცხეს, _ ეს ახალგაზრდების პროტესტის დამსახურებაა. ასევე გავიხსნებ კრეატიულ პროტესტს, როდესაც ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ მათ უსმენდნენ და ერთმანეთში დაიწყეს საუბარი, ვითომ პარლამენტის შენობის წინ უნდა მოეწყოთ რაღაც აქცია, რის შემდეგაც პოლიცია სრულად მობილიზდა, არადა, პარლამენტთან სულ 4-5 ახალგაზრდა მივიდა, ინტელექტით ძლიერები და უბრალოდ დასცინეს მათ, იქვე გაანადგურეს. ჩემთვის, გულწრფელად რომ გითხრათ, 100-ათასიან პროტესტზე უფრო ეფექტური იყო მათი ნაბიჯი. ამ ახალგაზრდებმა სისტემა გააშიშვლეს.
_ დღეს არსებულ პოლიტიკურ ჩიხში რა ფუნქცია აქვს „ივნისის თაობას“ და როგორ შეიძლება მივიდეს ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსამდე? რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში?
_ მანდატებზე უარის თქმა პროტესტის გარკვეული ფორმა იყო. მე თანმიმდევრული და დემოკრატიული განვითარების მომხრე ვარ. ხისტად მანდატებზე უარის თქმა უპირობოდ მისაღები არ იყო, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ პროტესტს მიზანი აქვს. პოლტიკოსების მიზნის გაგებას მეტ-ნაკლებად ვცდილობთ, მაგრამ არის თუ არა ეს მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების მოთხოვნების ადეკვატური? ამ მოლაპარაკებების პროცესში არ ისმის სამოქალაქო საზოგადოების ხმა, მათი კარნახი. ასე რომ, ჩვენ ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ და დავსვათ კითხვა: იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც განსხვავებული მიზნები აქვთ, რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ? ამ ყველაფერს თუ გლობალური სურათის გარეშე შევხედეთ, ისევ ის მოცემულობა დაგვრჩება, რომელშიც ვართ, სადაც ერთ მხარეს არიან პოლიტიკოსები, მეორე მხარეს _ საზოგადოება, რომელიც არ ახსოვს პოლიტიკოსებს. მარტო არ უნდა დავტოვოთ პოლიტიკოსები, მათ შორის, ამ მოლაპარაკებებში და უფრო სოლიდური, თანმიმდევრული მოთხოვნები უნდა გაჩნდეს. სხვათა შორის, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფს შორის კონსენსუსი უფრო ადვილადაც მიიღწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს და ევროკავშირი იქნება თუ აშშ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ერთიანი გზავნილით უნდა მიაწვდინონ ხმა მთავარ საკითხზე: ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ამას ვითხოვთ! ჩვენი სახელმწიფო ხვალ, ზეგ და მაზეგ ასე წარმოგვიდგენია, შესაბამისად, მოდით, ვილაპარაკოთ, დაგვეხმარეთ! სამოქალაქო საზოგადოებამ კი უნდა ჰკითხოს პოლიტიკოსებს, მათ დაკვეთას როგორ შეასრულებენ და ამის მიხედვით უნდა ამოარჩიონ ისინი. სხვა გზას, უბრალოდ, ვერ ვხედავ. უფრო ინტენსიურ და პრესინგის რეჟიმში უნდა ამყოფოს სამოქალაქო საზოგადოებამ და მომავალმა თაობამ პოლიტიკოსები და ასე უნდა უზურნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება. სამშობლო ერთი გვაქვს და, შესაბამისად, თქვენ გარეშე ვერ ვიარსებებ, რადგან სახელმწიფო არ იარსებებს _ ეს უნდა დავინახოთ ყველამ. თქვენ გარეშე, უბრალოდ, სამშობლოს დავკარგავ. თითოეულმა პოლიტიკოსმა ეს უნდა გაიაზროს. მმართველი გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ოპონენტები შეიძლება დიდად არ მოსწონდეთ, მაგრამ მათ გარეშე სამყაროში ვერ იარსებებენ. მაგალითად, საქართველოს მოქალაქე არჩილ თალაკვაძე ვერ იარსებებს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჯაფარიძის გარეშე, თუ საქართველო იქნა.
_ პირველ აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების საკმაოდ კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარია საქართველოსთან მიმართებით ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. რაზე მიუთითებს მათი ეს გზავნილი, რომელიც ხელისუფლებამ არასერიოზულად აღიქვა და მაგალითად, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ 7 ევროპარლამენტარის განცხადებაა?
_ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კვალობაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, მისი განვითარება და დასრულება, ინიციატივები, რომლებიც რეგიონში ჩნდება, ევროპასა და ამერიკას, სტრატეგიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვა გამოსავალს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნოს და გააძლიეროს _ საქართველო და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველა დემოკრატიული საშუალებით უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული მმართველობის სტილზე დაბრუნებას. ევროპარლამენტარების წერილზე, უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის ტექსტი, რომ 7 ევროპარლამენტარი აცხადებს სანქციების შესახებ, მაგრამ იქ ასობით დეპუტატიაო, სწორედ ეს არის ქართული პოლიტიკა. ბავშვები რომ ერთმანეთს ნიშნისმოგებით ეუბნებიან, ისეთ სტილში თქვა ვოლსკიმ. რეალურად, რა დგას ამ განცხადების მიღმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამაზე ფიქრიც კი არ უნდათ. ევროპარლამენტარების გადაწყვეტილების მიღების მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ამ 7-კაციან ჯგუფს მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს თუ დავამატებთ, რომლებიც ევროპარლამენტსა და ევროპულ სტრუქტურუებში არიან წარმოდგენილი, უფრო ცხადი გახდება სურათი. ასევე პირველ აპრილს „ამერიკის ხმასთან“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადება რომ გავიხსენოთ, მან მიგვანიშნა, საქართველოს ამერიკა ეხმარება, 15 მილიარდი აქვს ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული და ეს ფინანსური დახმარება უპირობო ვეღარ იქნებაო. მით უმეტეს, შარშან პირობითი დახმარება გვქონდა და როგორ დასრულდება ეს, ჯერ არ ვიცით. ანუ ამერიკიდანაც გაისმა მსგავსი ტიპის გზავნილი, ამ მოცემულობაში კი სიმწრის სიცილით შეგვიძლია ვისაუბროთ. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი გახარიამ, ამ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, კბილებით გაიტანა და ეს ბიუჯეტი, სრულად ვალია, როდესაც ეკონომიკა ამ უაზრო რეგულაციებით და ჩაკეტვით გაანადგურეს, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული ფული კი წინასაარჩევნოდ გამოიყენეს და არა სახელმწიფოს მიზნებისთვის, სახელმწიფო, უბრალოდ, გაღატაკდა.
შიდა ვალი სახელმწიფო ბიუჯეტსა და მთავრობას თავს რომ ვერ გაატანინებს, იმთავითვე ცნობილია, გარე ვალს კი საიდანაც იღებენ, ყველამ ვიცით. ამ ფონზე ხელისუფლება შეშფოთებული რომ შეიძლება იყოს, ამის მიზეზი გახლავთ ფინანსთა მინისტრის გადადგომა _ ვალთან დაკავშირებული ტრანზაქცია დროულად ვერ განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, ბიუჯეტზე იმოქმედა. თუკი პოლიტიკას, გვერდით გაადავდებთ, წლის დასაწყისში ფული აქვს სახელმწიფოს, ბიუჯეტი ახალი დამტკიცებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეკონომიკა და ჩვენი მდგომარეობა იმ დონეზეა შემცირებული, რომ გადასახადებითაც ვერ ავსებენ სრულად. ფულის ერთადერთი წყარო გარედან რჩება და ამის გათვალისწინება მოუწევს ხელისუფლებას. მთავრობისა და ხელისუფლების ის წევრები, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, ახლა ძალიან მძიმე დღეში იქნებიან.

ნენე ინჯგია