რა ხდება ბათუმის კვების ობიექტებში?

საქართველოსთვის (და არამარტო) „კოვიდ 19“ მთავარ გამოწვევად იქცა. პანდემიამ ძალიან ბევრ სფეროს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის, სარესტორნო ქსელს. რესტორნების მეპატრონეებს ობიექტების დაკეტვა მოუწიათ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აჭარის რეგიონში პირველი მარტიდან რესტორნებს მუშაობის საშუალება მიეცათ.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, შეზღუდვების შემდეგ რა ხდებოდა აჭარის რეგიონში სარესტორნო სფეროში და რამდენიმე რესტორნის მენეჯერს გაესაუბრა.

ლელა შათირიშვილი _ რესტორან „ბიქეის“ მენეჯერი:
„სამსახურში, ჯერჯერობით, მუშაობა აღადგინა დაახლოებით 10-იდან 15-მდე თანამშრომელმა, 15-იც არ იქნება.
რაც შეეხება სამზარეულოს, რაღაც პროდუქტები გაძვირდა.
პრობლემა ყველა სეგმენტს შეეხო, ასევე სამზარეულოს ტექპერსონალს, მიმტანებს, მენეჯერს, _ ყველგან მოგვიწია თანამშრომლების შემცირება, რადგან რეგულაციების მიხედვით არ შეიძლება, ბევრი ვიყოთ და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, უბრალოდ, ვერ შევძლებთ ამდენი ხელფასის გადახდას.
ვცდილობთ, ყველა დავასაქმოთ. არ გვინდა, ვინმე დავჩაგროთ, ამიტომ ეტაპობრივად ვანაცვლებთ თანამშრომლებს.
სულ 50-მდე პერსონალი გვყავდა, მაგრამ, როგორც ზემოთ გითხარით, რაოდენობა 15-მდე შევამცირეთ. ეს გარდაუვალი იყო. ზოგიერთი საერთოდ წავიდა ბათუმიდან, ზოგი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ვეღარ მუშაობს. ვცდილობთ, სახე შევინარჩუნოთ“.

იაგო ბარამიძე _ „აჭარა პალასის“ მენეჯერი:
„მომსახურე პერსონალი ნამდვილად შევამცირეთ, რადგან თანამშრომლების ადგილი აღარ დარჩა. ახლა გავიხსენით, მაგრამ, სამწუხაროდ, თანამშრომელთა სრული რაოდენობა არ ვჭირდება, ობიექტის მუშაობა ცოტა შეზღუდულია, სამუშაო დროც შემცირდა, სტუმრებიც ცოტა მოდის. მოგეხსენებათ, გაძვირდა პროდუქტიც, თუმცა ჩვენ მაინც არ გაგვიძვირებია ფასები, მაგრამ გადასახედი იქნება, რადგან მოწოდების ფასები გაძვირებულია.
სულ 10-მდე თანამშრომელი მუშაობს პრაქტიკანტების ჩათვლით“.

„ქრონიკა+“-მა ბათუმელები გამოჰკითხა, თუ რამდენად გაიზარდა რესტორნებში ფასები და იცავენ თუ არა იქ ჯანდაცვის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს?

მარიამ შერვაშიძე:
„რესტორანში ყველა რეკომენდაცია დაცულია: სიცხეც გაგვიზომეს, სადეზინფექციო ხსნარიც მოგვაწოდეს. პანდემიის გამო ხალხის რაოდენობამ მოიკლო რესტორნებში, ადამიანები ერიდებიან ხალხმრავალ შეხვედრებს. რაც შეეხება ფასებს, მე რომელ რესტორნებშიც დავდიოდი, ივივე დარჩა“.

მაგდა ვაშაყმაძე:
„საკმაოდ ხშირად დავდივარ რესტორნებში, როცა სამუშაო გრაფიკი მაძლევს ამის საშუალებას, რადგან ცხოვრების რიტმი ნელ-ნელა აღდგა. თუმცა ხალხი უფრო ნაკლებია, ფასები ოდნავ გაიზარდა, მაგრამ რეგულაციების თვალსაზრისით ცდილობენ, რომ ყველაფერი დაცული იყოს. ხალხი ცდილობს, ერთმანეთისგან დისტანცირდეს“.

ნინო ჟოჟაძე:
„დავდივარ ხოლმე რესტორანში გრაფიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ ვერ ვახერხებ წასვლას. დისკომფორტს მიქნის ის, რომ რესტორნები ადრე იხურება. ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და, ზოგადად, ბათუმი კარგად უმკლავდება რეგულაციებს“.

ხვიჩა მამულაძე