სახელფასო დანამატით გასიებულ მუცელს ქამარი არ ეჭირება…

ნ1

მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანიამ სახელფასო დანამატზე უარი თქვა, მის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან წლის ბოლომდე, ყოველთვიურად, სახელფასო დანამატი მერიის თანამდებობის პირების დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.

დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს და, როგორც ამბობენ, ამ თანხით 26 თანამდებობის პირი იხეირებს. დანამატზე უარი მხოლოდ მერმა განაცხადა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ნარმანიამ აღნიშნული ბრძანება ზეწოლის ქვეშ გასცა.

ამბობენ, რომ მერიაში მთავარ კაცობას ვიცე-მერი, ალექსანდრე მარგიშვილი ცდილობს და სახელფასო დანამატიც მისი ინიციატივაა. იმასაც ამბობენ, რომ, თავის დროზე, კულტურის მინისტრის მოადგილე მარგიშვილი ცდილობდა, მაშინდელი მინისტრი, გურამ ოდიშარია, ეკონტროლებინა და ფინანსურ საკითხებსაც თავის ჭკუაზე განკარგავდა. კულტურის სამინისტროს რომ წლის ბოლოს დაუხარჯავი თანხების ბიუჯეტისთვის დაბრუნება დასჭირდა, ეგეც მარგიშვილის დამსახურება იყო, მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად ფული არ ემეტებოდა, რადგან, არც მეტი არც ნაკლები, მარგიშვილი, ზოგადად, კულტურულ პროექტებთან კი არა, კულტურასთანაც მწყრალად იყოო. სანამ ვინმე უშუალოდ ხელს არ დაადებს და ამ კაცს დღემდე ჭორად წაყენებულ ბრალს არ დაუდასტურებს, მარგიშვილის ნარმანიაზე ზეწოლის ფაქტიც ისეთ თავსატეხად დარჩება, როგორც პასუხი კითხვაზე, _ კაცი უნდა ეყოს ხელფასს, თუ ხელფასი კაცს? ამ მხრივაც დიდი ხანია, ჭეშმარიტება ვერ დადგინდა, მაგრამ საქართველოში ზოგადი სურათი ასეთია: თუ ბედმა გაგიღიმა და სახელმწიფო სამსახურში მოეწყვე, ოღონდ თანამდებობაზე, დიდი შანსი გაქვს, რომ სწორედ იმდენი ხელფასი გქონდეს, რამდენიც გეყოფა. თუ მადა ჭამაში მოვიდა და ერთ დღესაც არსებული ხელფასი არ გეყო, რა პრობლემაა? _ გაიზრდი. გაიზრდი როგორც სამსახურებრივ სარგოს, ანუ ჩვეულებრივ ხელფასს, გამოიწერ პრემიებს, ან სახელფასო დანამატს. ამ ორ სახელწოდებას, თუ წახალისების ფორმას შორის არსობრივი განსხვავება არ არის. ორივეს გამოწერას ერთი მოტივი განსაზღვრავს, დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებით კარგად შესრულება, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ საქმეს გადააკვდე. როდესაც თანამდებობის პირი ხარ და ზურგს უკანაც კარგ მფარველებს გრძნობ, ან, უბრალოდ, გაგდის, გამოიწერ პრემიებს, დაინიშნავ სახელფასო დანამატს და სულ არ განაღვლებს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური პრობლემა და არც ის, რას იტყვის ხალხი? მთავარია, ხელფასი გეყოს. ამასთან, სრულიად თამამად შეგიძლია გამოხვიდე და დანარჩენ საზოგადოებას, ხელქვეითებს და საერთოდ, მაღალი სავარძლის გადასახედიდან დაბალ საფეხურებზე მყოფთ, პენსიონრებსაც, უქადაგო, რომ ჯერ ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, პენსია საარსებო მინიმუმს ასცილდეს, ხელფასები კი შენსავით სხვასაც ეყოს. _ ასე აღიქვამს საზოგადოება მათ პოზიციას, ვინც რამდენიმე დღის წინათ მერიაში სახელფასო დანამატის დამტკიცებაზე ლაპარაკი დაიწყო. მეტიც, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ესენი, ანუ ახალი ხელისუფლება („ქართული ოცნება“) იმათ, ანუ ძველ ხელისუფლებას („ნაციონალურ მოძრაობა“) დაემსგავსნენ.

 

სახელფასო დანამატის თემა განიხილება საზოგადოების სხვადასხვა სექტორში და მას, ძირითადად, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები დედაქალაქის მთავრობას აღნიშნულ ნაბიჯს, ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, უწუნებენ და ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების სიმრავლის შემთხვევაში კრახს უწინასწარმეტყველებენ.

ზვიად დევდარიანი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა):

_ ვფიქრობ, პრემიებისა და ძვირფასი ავტომობილების შეძენის თემა იყო ერთ-ერთი პირველი, რამაც დღევანდელი ხელისუფლების იმიჯს პირველი დარტყმა მიაყენა და ეს, გარკვეულწილად, თვითმმართველობის არჩევნებშიც აისახა, როგორც ამომრჩეველთა პასიურობაში, ასევე მმართველი გუნდისადმი მიცემული ხმების რაოდენობაში. ხელისუფლებამ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინა და საკანონმდებლო ორგანოც ჩაერთო საკითხის დარეგულირებაში. ვგულისხმობ პრემიების გაუქმების საკითხს.

ერთი მხრივ, მესმის, რომ პრემიული და სახელფასო დანამატი შინაარსით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა შედეგით მსგავსია, ანუ კონკრეტული გადაწყვეტილებით საჯარო მოხელეთა გარკვეული ნაწილი იღებს თითქმის ორმაგ ანაზღაურებას, ან მეტს, რამდენიმე ათას ლარს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არის დაუსაქმებლობა და პენსიებისა და სოციალური დახმარებების რაოდენობა საარსებო მინიმუმს ქვევითაა.

ცალკე საკითხია, რომ ხელისუფლება ვერ განმარტავს ამ ნაბიჯს და საზოგადოებასთან გასაგებად ვერ მიაქვს. შესაძლებელია, დანამატების სახით იმაზე მეტის ეკონომია ხდება, ვიდრე პრემიალურების შემთხვევაში, თუმცა, სამწუხაროდ, არსებული განმარტებები გაღიზიანებას უფრო იწვევს, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერას.

ნელი ქიტიაშვილი, პენსიონერი პედაგოგი:

_ საჯარო მოხელისგან და თანაც თანამდებობის პირისგან ასეთი საქციელი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ შენს საკეთილდღეოდ და არა ქალაქისა და ქვეყნის საშენებლად. მეტიც, ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მათ არ ანაღვლებთ, რა ბედი ელით შემდგომ არჩევნებზე. მათ საქციელში იკითხება სიხარბე, მთავარია, დღეს მოვასწრო, რადგან არ ვიცი, ხვალ რა იქნებაო. ასეთი საზოგადოება არის საშიში და ხელისუფლებაში მათი ყოფნა კატასტროფის მომასწავებელია. ამაზრზენია, დააკანონო შენი წადილი, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული აიღო, ბევრი შეჭამო, მაშინ, როდესაც მილიონნახევრიან ქალაქში თითქმის მოსახლეობის მესამედზე მეტი გყავს ეკონომიკურად გაჭირვებული, სიღატაკის ზღვარზე ან მის ქვემოთ. როგორ შეიძლება, გონიერი ხელისუფლება ლაპარაკობდეს სახელფასო დანამატებზე, როდესაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან, მოწიფულები კი პოლიეთილენის ბოთლების ჩაბარებით შოულობენ პურის ფულს, ან ნაგვის ურნებში იქექებიან?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ამ ხალხს რეალობის შეგრძნება ეკარგება და შეუძლია ურცხვად განაცხადოს, ქამრებს ვიჭერთო, მაგრამ საპირისპიროდ მოიქცეს. ეს არის ქამრის შემოჭერა?!

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

_ ამ ფაქტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ კი არა, რომ ხელფასების დონეა ძალიან მაღალი, არამედ ქვეყანაში არ გვაქვს ჩინოსნების ასეთი ქმედებების შესაბამისი მდგომარეობა. ახლა ის დროა, მხოლოდ მატერიალური სტიმულით რომ არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები. უნდა ჰქონდეთ ბიოლოგიური სტიმული, ენთუზიაზმის ელემენტი, მით უფრო, თუ გაქვს ამბიცია, რომ სახელმწიფოს ემსახურო. ეს ხშირ შემთხვევაში გამოიხატება ქამრის შემოჭერის რეჟიმით. ჩვენთან კი გაუგებარია, ერთი მხრივ, თითქოს ქამრის შემოჭერის პოლიტიკა გვაქვს და, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიების თემა არაპოპულარულია, სხვა ტერმინოლოგიით ხდება სტიმულირების გაზრდა, დანამატის თემა შემოდის. ამას სჯობდა, ან ისევ პრემია დაერქმიათ, ან კიდევ ხელფასები გაეზარდათ. საერთოდ, თუ სტიმულზე, წახალისებაზე არის ლაპარაკი, ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ხელფასის გაზრდა, რადგან დანამატი გამოიწერება არა რეგულარულად, არამედ მხოლოდ ერთეული სამუშაოს კონკრეტულად კარგად შესრულებისთვის. დანამატი საერთოდ გაუგებარი თემაა და ძალიან სამწუხაროა, რომ მერიაში ეს დააკანონეს.

_ დავით ნარმანიამ არ გამოიწერა დანამატი, ამას როგორ ხსნით?

_ ვფიქრობ, მასაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ასე გამოხატა პროტესტი, მაგრამ ფაქტია, სხვა ადამიანებს ჰქონდათ ამის ამბიცია.

_ ის სხვა ადამიანები, თურმე, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

_ არადამაჯერებელი არგუმენტია. დღეს ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც ყველამ განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა იმუშაოს. თითქოსდა განსაკუთრებულად დატვირთული ელიტის იმიჯის შექმნა გაუგებარია და ვფიქრობ, ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელია დანარჩენი საჯარო სამსახურებისთვის, სამინისტროებისთვის. ისინი არ მუშაობენ?

_ შენიშნეთ, რომ ნარმანიამ პროტესტი გამოხატა სახელფასო დანამატზე. თუ ეს მისი პოზიცია არ იყო, როგორც თქვენ ამბობთ, რამდენად დასაჯერებელია მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ალექსანდრე მარგიშვილის იდეა იყო სახელფასო დანამატი? შეიძლებოდა ვიცე-მერს გავლენა მოეხდინა მერზე?

_ არ ვიცნობ მარგიშვილს, მის შესახებ არაფერი ვიცი და, შესაბამისად, თავს შევიკავებ მისი როლის შეფასებისგან. ვიცნობ ნარმანიას, ის არის ძალიან წესიერი და პროფესიონალი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებს ქალაქისთვის. ერთადერთი, თუ ის ავლენს ასეთ საკითხებში სისუსტეს, არ აქვს მნიშნველობა, ვის ჭკუაზე გაივლის, ვის დაუჯერებს, მის მოადგილეს, თუ სხვას, ეს შესაძლოა გადაიქცეს მის სისტემურ პრობლემად. ამიტომაც ვურჩევდი, როგორც ნამდვილად ძალიან პერსპექტიულ და წესიერ ადამიანს, რომ უფრო მეტი პრინციპულობა გამოიჩინოს. მას აქვს საიმისო ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ წინასწარ გაეთვალა, დანამატის თემა ძალიან არაპოპულარული და კრიტიკის საგანი რომ გახდებოდა. ვიმედოვნებ, მისგან გადადგმული ეს სუსტი ნაბიჯი იყო ერთჯერადი.

_ შესაძლებელია მერიაში იყოს ვიღაც ან რაღაც ძალა, რომელიც ნარმანიას აიძულებს, ანგარიში გაუწიოს მის სურვილს?

_ შესაძლოა ძალა კი არ არსებობს, ეს იყო ერთჯერადი რაღაც და ვიმედოვნებ, მომავალში აღარ განმეორდება, ანუ ნარმანია არ დაჰყვება წამგებიან გადაწყვეტილებებს. ერთჯერადად ყველა ადამიანმა შეიძლება გამოავლინოს სისუსტე, მთავარია, ის არ გადავიდეს ქრონიკულ სისუსტეში.

_ საზოგადოებას რას მოასწავებს ამ ფონზე ხელისუფლებისგან იმის მოსმენა, რომ პენსიები შესაძლოა ერთი წლის შემდეგ გაიზარდოს და ისიც მხოლოდ 5-10 ლარით?

_ კარგს არაფერს. ეს თემები სოციალურ რისკებს ზრდის, უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში. ხელისუფლებას კი რა უნდა ვურჩიო? მაინცდამაინც არ ვარ პენსიების რადიკალურად გაზრდის მომხრე, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან ცუდი პროცესები. პენსიების ზრდა უნდა მოჰყვებოდეს ეკონომიკის ზრდას. ამის გარეშე მექანიკურად გაზრდილი პენსია შესაძლოა, ისეთივე მსიყდველუნარიანი იყოს, როგორც დღეს არის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა პენსიების ზრდა კი არა, რეალური ეკონომიკური პროცესის დაწყების მცდელობაა, რაც შექმნის იმის საფუძველს, რომ პენსიაც გაიზარდოს და ადამიანებიც დასაქმდნენ.

_ თქვენ გრძნობთ ეკონომიკურ ზრდას?

_ სამწუხაროდ, არ მაქვს ეს შეგრძნება, რადგან ეკონომიკა არ იზრდება. კეთდება ერთეული პროექტები, მაგრამ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ მიმართულებით სისტემურ ნაბიჯებს. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ მთავრობა დანაპირებს საერთოდ არ ასრულებს, თუნდაც პენსიების გაზრდის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ პენსია დღესაც მინიმუმს ქვევით არის, ფაქტია, რომ მისი ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

                                                                                              ელენე იმერლიშვილი