„სითი პარკი“ მინიმალური დანახარჯებით _ მაქსიმალური მოგება?!

ს2

შეუწყდება თუ არა ხელშეკრულება შპს „სითი პარკს“, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე 2007 წლიდან ოპერირებს და თბილისის მერიის მიერ მართვის უფლებით გადაცემული აქვს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული 416 912.5 კვადრატული მეტრი ტერიტორია?

თბილისის მერიის გენერალური ინსპექციის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საფინანსო შემოწმების განყოფილების ყოფილი უფროსი „სითი პარკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში მერიის დღევანდელ ხელმძღვანელობას შესაბამის სამსახურებთან ერთად კომპანიისთვის ხელშეკრულების გასაუქმებლად მიზეზების მოძებნა არ გაუჭირდება…

იოსებ ჯუღელი:

_ მერიაში იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროდან მოვედი და 2006 წლამდე, ანუ სამსახურიდან გამოშვებამდე, ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ბევრი „ნაციონალის“ გადამტერება მოვასწარი. მარტო ერთ ოპერაციაში შპს „შუქნიშანს“, რომელსაც „ნაციონალი“ ხელმძღვანელობდა, ბიუჯეტისთვის დამალული 88.000 ლარი ვუპოვეთ. რაც შეეხება, „სითი პარკს“ და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, მერიამ ჯერ უნდა გაარკვიოს, რამდენი ავტოსადგომია თბილისში და სად მიდის იქიდან შემოსული ფული?! მაშინ, როცა თბილისში ერთი კუთხეც არ არის დარჩენილი, სადაც პარკირების ნიშანი არ დგას, ერთი ქრონომეტრაჟი არ ჩატარებულა. მერიაში ჩემი მუშაობის დროს თითოეულ რაიონში აღწერილი და დაფიქსირებული გვქონდა ავტოსადგომების რაოდენობა. ამის მიხედვით იგეგმებოდა, რა თანხა უნდა შემოსულიყო ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით. დღეს „სითი-პარკს“ არათუ ავტოსადგომების რაოდენობა არ აქვს ნაჩვენები, არამედ ტროტუარებზეც ასულია და იმასაც ავტოსადგომებად იყენებს. დედაქალაქში, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს და, უხეში გათვლებით, სამ-ოთხ ოჯახზე ერთი მანქანა მოდის. ეს ციფრი რომ პარკირების საფასურზე, 50 ლარზე გავამრავლოთ, უზარმაზარი თანხა გამოვა. საინტერესოა, სად წავიდა ეს თანხა და რა განვითარდა, როდესაც თვალით არავის უნახავს დაპირებული პარკირების აპარატურა?

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების გასაუქმებლად მიზეზების ძებნა და სპეციალური ღონისძიებების ჩატარება საჭირო არ არის, ვინაიდან ყველა ფაქტი „ზედაპირზე“ დევს. იოსებ ჯუღელის თქმით, სანახავია „სითი პარკთან“ დადებული პირველი და, განსაკუთრებით, მეორე ხელშეკრულება, რომელიც საგულდაგულოდ არის გასაიდუმლოებული. დასადგენია, რა ვალდებულებები ჰქონდა ფირმას, რა უნდა გაეკეთებინა და რა გააკეთა?

_ მერიაში ჩემი მუშაობის დროს თბილისში 2700 ავტოსადგომი იყო. ახლა ეს რაოდენობა გაორმაგებულია. მაშინ ავტოსადგომი მხოლოდ იქ იყო, სადაც მანქანის გაჩერება შეიძლებოდა და ახლა საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ავტოსადგომია, მაგრამ არსად დგას ფულის ჩასაყრელი პარკირების მოწყობილობა. დავუშვათ, რაიონიდან თბილისში რამდენიმე საათით, ან დღით ჩამოვიდა ადამიანი, რომელსაც არ აქვს და არც სჭირდება საშვი. პარკირების მოწყობილობა რომ იდგეს, ის შეძლებდა იმდენი თანხის გადახდას, რამდენ ხანსაც მანქანას პარკირებაზე გააჩერებდა. ახლა კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს, თანაც აუცილებლად სოლიდური თანხით. როცა პარკირების მოწყობილობის დამონტაჟებაზე უარი თქვა, კომპანია მოქმედებდა პრინციპით: მინიმალური დანახარჯებით _ მაქსიმალური მოგება, რაც ნამდვილად მიიღო.

იოსებ ჯუღელის თქმით, „სითი პარკის“ მუშაობაში იმდენი დარღვევის აღმოჩენა შეიძლება, რომ ამას ერთი და ორი საგაზეთო ინტერვიუ არ ეყოფა. ისეთი კორუფციული სვლებით, როგორიც მხოლოდ ქაღალდზე შესრულებული სამუშაოა და ყალბი საჯარიმო ქვითრები, სავარაუდოდ, „სითი პარკი“ მილიონობით ლარის შოვნას ახერხებდა.

_ პარკირების კომპანიამ მშვენივრად იცის, რომ მხოლოდ ქაღალდზე შესრულებული სამუშაოთი დიდი ფულის გაკეთებაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთხელ რომ დახაზეს თეთრი ზოლები, იმას პერიოდულად განახლება ხომ უნდა? ქაღალდზე განაახლებ, თანხებს გამოწერ და რეალურად არაფერს გააკეთებ. აი, ასეთი კორუფციული სვლებით დიდი ფული კეთდება და ეს „სითი პარკმა“ მშვენივრად იცის. აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ჯარიმის ქვითრები, რომლებიც დანომრილია და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს წარმოადგენს. მთელი სტამბები ამათ ხელში იყო და ვეჭვობ, რომ ყალბი ქვითრების დიდი პარტიები იბეჭდებოდა, რაც აუცილებლად გადასამოწმებელია.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ქალაქის ახალ მერს და მის ხელქვეითებს ურჩევს, სანამ ელექტროავტობუსების შემოყვანაზე საუბარს დაიწყებდნენ, საფუძვლიანად დაინტერესდნენ, როგორ განაახლეს წინამორბედებმა ავტოპარკი და როგორ შემოიყვანეს უკრაინული „ბოგდანები“:

_ ცნობილია, რომ უგულავას მერობის დროს მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა უკრაინულმა „ბოგდანის“ ქარხანამ. ამ ქარხანას ავტობუსების სურათებით და ფასებით დამშვენებული სარეკლამო განცხადებები პირდაპირ ინტერნეტში ედო და მსურველს სთავაზობდა. კარგად მახსოვს, რომ თითოეული ავტობუსი 35 000 ლარამდე ღირდა. თავიდან, პირველ ეტაპზე, გაფორმდა ხელშეკრულება 250 ავტობუსზე, მაგრამ შემდეგ ეს ხელშეკრულება გაურკვეველი მიზეზებით შეჩერდა და საქმეში ჩართეს ქარხნის დასახელების შუალედური რგოლი. ეს ყველაფერი იმდენად უნაკლოდ იყო მოფიქრებული, რომ საბუთებს კარგად თუ არ დააკვირდებოდი, ვერ მიხვდებოდი, რომ მწარმოებელი და შუამავალი სხვადასხვა იყო. საქმეში შუამავლის შემოყვანის შემდეგ უკვე შუამავალთან (რომელიც ყოველგვარი ტენდერის გარეშე შეარჩიეს) ავტობუსის ორმაგ ღირებულებაზე ფორმდება ხელშეკრულება და თანხა შუალედურ რგოლს ერიცხება. სავარაუდოდ, ავტობუსის ღირებულება ქარხანას გადაერიცხებოდა და დარჩენილი თანხა ქართულ მხარესა და შუამავალ კომპანიას შორის გაიყოფოდა. ამ აფერის დამადასტურებელი ყველა საბუთი და მტკიცებულება, რომელსაც სამი თვის მანძილზე მოვიპოვებდით, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს გადავეცი. მინდოდა, რომ ამას სამართლებრივი შეფასება მოჰყოლოდა, მაგრამ შემდეგ ეს დოკუმენტები სადღაც გაქრა და ამ საქმეზე არანაირი მოკვლევა არ დაწყებულა.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები გამქრალია, მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობის სურვილის შემთხვევაში, უკრაინული „ბოგდანების“ აფერა ადვილი გასაშიფრია.

იოსებ ჯუღელის განმარტებით, საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ მერიაში დღემდე არიან შემორჩენილი „ნაციონალებისგან“ დავალებული, ან დაშანტაჟებული ადამიანები, რომლებიც ყველანაირად შეეცდებიან, რომ თავიანთი „ბოსების“ კორუფციული და მავნებლური საქმიანობის დამადასტურებელმა დოკუმენტებმა დღის სინათლე არ იხილონ.

_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „დავერბოვკებული“ მერიის თანამშრომლები არც ერთ საქმეზე სრულყოფილ დოკუმენტაციას არ დადებენ. ამ ხალხს ისეთი დაკვეთები აქვს შესრულებული და ისე არიან გასვრილები, რომ ფასეულს ვერაფერს გააკეთებენ და საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანენ. თუ მერიის ახალ ხელმძღვანელობას წინამორბედების „ცოდვების“ საფუძვლიანად შესწავლის სურვილი გაუჩნდება, მზად ვარ, ამ საქმეში დავეხმარო. „ბოგდანების“ საქმე იქნება თუ რამე სხვა, ისეთი მტკიცებულებები დაიდება, რომ „ნაციონალებს“ ხმის ამოღების სურვილს დაუკარგავს.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი სატელევიზიო დებატებში ყოფილი ვიცემერის, ირაკლი აბესაძის მონაწილეობის საკითხსაც შეეხო და გაკვირვება გამოხატა, რომ მერიიდან თანამშრომლების მასობრივად განთავისუფლების საქმეში დახელოვნებული ადამიანები დღეს დასაქმებულების ინტერესების დამცველებად მოგვევლინენ:

_ ამას წინათ ერთ სატელევიზიო დაბატებს ვუყურე და გაოგნებული დავრჩი. „ნაციონალები“ გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ თურმე „ქართული ოცნება“ მერიიდან თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით და ზეწოლით ათავისუფლებს. ამ ადამიანებს რა უფლება აქვთ, ზეწოლაზე ისაუბრონ, როცა მათი მერიაში ყოფნის დროს თანამშრომლებს „საკუთარი სურვილით“ (თარიღის მიუთითებლად) წასვლის განცხადებები წინასწარ დაგვაწერინეს? ამ ხალხმა პროფესიონალები და პატიოსანი თანამშრომლები მერიიდან გაყარა და დღეს ადამიანის უფლებების დამცველებად გვევლინებიან? ირაკლი აბესაძე საერთოდ როგორ იღებს ხმას? ეს იყო ერთი კმარელი ბიჭი, რომელიც ქუჩაში რეკლამებს აკრავდა. მერიაში მოიყვანეს და მე მომამაგრეს, _ საქმე შეასწავლეო და მალე განყოფილების უფროსად დააბრძანეს. საქმის შესწავლისა რა გითხრათ, მაგრამ სწორედ აბესაძემ და საყვარელიძემ, უგულავას დავალებით, გაანადგურეს გენერალური ინსპექცია, იმიტომ რომ ყოფილ მერს არ აწყობდა საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმება, ჩვენი მოვალეობა კი სწორედ ეს იყო: მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფინანსური შემოწმება, მოქალაქეთა განცხადებების მიღება-შესწავლა, დასკვნების გამოტანა და შემდგომი რეაგირებისთვის მთავრობის სხდომაზე გატანა. იმის გამო, რომ დასამალი ბევრი ჰქონდა, გიგი უგულავამ მიზანმიმართულად გაანადგურა გენერალური ინსპექცია და პროფესიონალი თანამშრომლები ქუჩაში გამოყარა. დაჯდეს ირაკლი აბესაძე ჩემთან საჯარო დებატში და მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტებს საჯაროდ დავუდებ. მერწმუნეთ, ყველა საქმე მტკიცებულებით მაქვს გამყარებული და ფაქტებს ვერავინ გაექცევა. ამ ადამიანს დავუმტკიცებ, რომ თბილისის მიწები გაყიდა და უკანონო ლეგალიზაციები ჩაატარა. მსგავსი შეთავაზება ჩემგან ერთხელ უკვე იყო და აბესაძე არ გამომხმაურებია. იქნებ, ამჯერად მაინც გადაწყვიტოს. მე მოთმინებით დაველოდები.”

იმედია, უკრაინული „ბოგდანების“ შესყიდვის კანონიერებით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან, ჩვენ კი კომპანია „სითი პარკის“ საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით:

` _ თბილისის მერია სწავლობს ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ ამ სფეროში მომსახურება გაუმჯობესდეს და თბილისელებს მოეხსნათ ის პრობლემები, რაც „სითი პარკის“ ადმინისტრირების გამო მუდმივად ექმნებათ. თბილისის მთავრობასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ კომპანიას დაავალა, წარმოადგინოს თბილისის მთავრობასა და შპს „სითი პარკს“ შორის 2007 წლის ბოლოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი სამივე ცვლილების არგუმენტაცია და ცვლილებებთან დაკავშირებული მიმოწერა; ყოველწლიური ბრუნვის შესახებ ფინანსური დოკუმენტაცია; კომპანიის წლიური ანგარიში; კონკრეტული დასაბუთება და გაანგარიშება იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილება პარკირების გადასახადის 25-დან 50 ლარამდე გაზრდის შესახებ, რასაც თან უნდა დაერთოს მიმოწერა, რომელიც ქალაქის მთავრობას დაარწმუნებს, რომ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო; კომპანია „სითი პარკის“ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების სია; ინფორმაცია საშვებისა და საჯარიმოებიდან მიღებული შემოსავლების, ასევე, გადაუხდელი ჯარიმების შესახებ; აუდიტორული შემოწმების დასკვნა და წერილობითი ინფორმაცია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამასთან, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაც შეისწავლის. მხოლოდ წარმოდგენილი ანალიზისა და დასკვნის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. თბილისის მერი დავით ნარმანია კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნული პოზიცია არ შეცვლილა. ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ შესაცვლელია პარკირების სისტემა, ტარიფი, ავტომანქანის საჯარიმოზე გადაყვანის წესი, კომპანიის ვალდებულებები თბილისის ბიუჯეტის წინაშე და ა. შ. ამასთან, უნდა დაირღვეს ამ ბიზნესში არსებული მონოპოლია და სხვა კომპანიებსაც უნდა მიეცეთ აღნიშნულ ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა. რაც შეეხება „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების საკითხს, ამას გვიჩვენებს საერთაშორისო აუდიტის მიერ არსებული ხელშეკრულების შესწავლა და მერიასა და კომპანიას შორის წარმოებული მოლაპარაკებები. „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების, კომპანიასთან მიმოწერისა და ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ ხელშეკრულების ყველა მუხლი და რეგულაცია კომპანია `სითი პარკის~ სასარგებლოდაა და მასში მომხმარებლების ინტერესი გათვალისწინებული არ არის. ბუნდოვანია 25-დან 50 ლარამდე პარკირების საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებაც. 2010 წლის 27 სექტემბერს „სითი პარკმა“ მიმართა თბილისის მერიას, მინიმუმ ორჯერ გაეზარდა ტარიფი, რაზეც თბილისის მთავრობამ ძალიან სწრაფად, მეორე დღესვე მიიღო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, დეტალურად არის შესასწავლი, რა ედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად? არავითარი გაანგარიშება ტარიფის ზრდასთან და მის აუცილებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის. კითხვის ნიშნებს აჩენს, ასევე, კომპანიის განმარტება გიგი უგულავას სატელევიზიო განცხადებაზე, რომლითაც ხელშეკრულება უნდა შეცვლილიყო და რასაც „სითი პარკი“ მეორე დღესვე წერილობით დაეთანხმა. ეს ადასტურებს მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებულ გარიგებას. თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, კომპანია „სითი პარკმა“ და თბილისის მთავრობამ უნდა მოამზადონ წინადადებები ხელშკრულებაში ისეთი  ცვლილებების შესატანად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა ინტერესი. ცვლილებები შეეხება პარკირების გადასახადს, წესებს, საჯარიმო სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ხელშეკრულებაში ცვლილებები უზრუნველყოფს ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეთა თანასწორობას.”

 

                                                              ნელი თორდია