რეცეპტით გასაცემი წამლების დილემა!

d1

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში მედიკამენტების ბაზარზე ახალი კანონები მოქმედებს. წამლის რეცეპტით გაცემის ახალ წესებს ვგულისხმობ, რომლის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები უკვე გამოჩნდა. რა ხდება? რამდენად აუცილებელი იყო მსგავსი ფარმაციული შეზღუდვა? რა პრობლემები გააჩინა თუ გადაჭრა საყოველთაო რეცეპტიზაციამ?

დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი დავით ბერიძე:

_ რეცეპტის არსებობის მიზანი, როგორც წესი, მედიკამენტების ბაზრის მოწესრიგებასა და დალაგებას გულისხმობს. აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი გარემოება: საქართველოში ხშირად ჯერ რამეს აკეთებენ და მხოლოდ ამის მერე ფიქრობენ, თუ რა გააკეთეს. ავხსნათ, თუ რას ვგულისხმობ: კი ბატონო, წამლების უთავბოლოდ გაცემა არ შეიძლება, ვისაც როგორ უნდა, თავის ნება-სურვილზე, მაგრამ ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მანამდე მოსაგვარებელი იყო საკითხების მთელი რიგი. მესმის, რომ ჯანდაცვის მესვეურები ჩქარობდნენ და ამ სიჩქარეში კეთილი მიზნები ამოძრავებდათ: უნდოდათ, საზოგადოებისთვის დაენახვებინათ, რომ სისტემაში ცივილიზებულ სტანდარტებს ნერგავენ… მაგრამ, მოგეხსენებათ, ნათქვამია, მოჩქარეს მოუგვიანდესო და ამ სიჩქარისთვის უკუეფექტი მიიღეს _ მადლობის ნაცვლად განაწყენებული საზოგადოება, რომელსაც სერგეენკოს ინოვაციებმა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ, დისკომფორტი შეუქმნა.

_ მოდით, დავაკონკრეტოთ, რა უნდა გაკეთებულიყო დადებითი ეფექტის მისაღებად?

_ პირველ რიგში, გასაკეთებელი იყო შემდეგი: თუნდაც ელექტრონულ დონეზე უნდა დამუშავებულიყო მონაცემთა სრულყოფილი ბაზა. ეს ნიშნავს, რომ უნდა მომხდარიყო კომპიუტერიზაცია და თითოეული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის მონაცემები უნდა შესულიყო ბაზაში, რომ რეცეპტის საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მომხდარიყო მისი მომსახურება. სხვანაირად რომ ვთქვა, თუკი იარსებებდა მონაცემთა ბაზა, სადაც შეტანილი იქნებოდა ყველა ინფორმაცია, მანამდე რით მკურნალობდა პაციენტი, რა კურსს იტარებდა, ან არ იტარებდა, გახსნიდი დღეს ამ გვერდს და სწრაფად მოემსახურებოდი პაციენტს, რომელსაც აღარ დასჭირდებოდა  ორი კვირა რიგში დგომა  რეცეპტის ასაღებად. არადა, ფაქტია, რომ რიგები სერიოზული პრობლემაა.

_ უფრო ზუსტად, ეს არის მთავარი პრობლემა.

_ მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი. ამ საკითხსაც შევეხები. ჯერ პოლიკლინიკებში არსებული გაუთავებელი რიგების საკითხი ამოვწუროთ. ვთქვათ, პაციენტს აქვს პნევმონია, ეს დაადგინა იმით, რომ ჰქონდა სიცხეები და შესაბამისი სიმპტომები, რის საფუძველზეც ვინმე ექიმმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მას აქვს პნევმონია.  დავუშვათ, პარასკევი დღეა და სამუშაო კვირა მთავრდება, ის რეცეპტისთვის ვერ წავა ოჯახის ექიმთან. ორშაბათამდე, ანუ სამი დღის განმავლობაში, რჩება, ასე ვთქვათ, ანტიბიოტიკის გარეშე. უკვე პრობლემები აქვს. ცხადია, ისე არ არის, რომ ამ სამი დღის მანძილზე ვერანაირი წამლის მიღებას ვერ შეძლებს _ ან სასწრაფოში დარეკავს, სადაც მედიკამენტს მიაღებინებენ, ან აფთიაქში მივა, სადაც საჭირო მედიკამენტს გამოუწერენ. დიახ, ძალიან ბევრმა აფთიაქმა გააკეთა და დასვა იქ ექიმი რეცეპტის გამოწერის მიზნით. მივალ, ვეტყვი, რა მჭირს და გამომიწერს, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიკლინიკაში წასვლას საერთოდ რა აზრი აქვს?

მე რა ვიცი, ეს ვისთვის უფრო ხელსაყრელია და ვინ უფრო კომპეტენტურია, _ პოლიკლინიკის ექიმი, თუ აფთიაქში მყოფი ექიმი? ეს საკითხიც უნდა მოწესრიგებულიყო, რათა პაციენტი არ გაწვალებულიყო რეცეპტის მოპოვების დროს. მით უმეტეს, კანონის ამოქმედების პირველივე დღეებში. ვთქვათ, პაციენტს დადგენილი აქვს თირკმლის დაავადების რაღაც ფორმა. იგი წლებია, ამ დაავადებას ებრძვის და კარგად იცის, რა წამალი როდის უნდა მიიღოს. დავუშვათ,  დაეწყო შეტევა, საჭიროა მიიღოს აბები, ან გაიკეთოს ინექცია, მაგრამ არანაირი წამალი არ აღმოაჩნდა. რა უნდა ქნას ასეთმა პაციენტმა? საშინელი ტკივილის დროს უნდა წავიდეს და ოჯახის ექიმთან მოსახვედრად რიგში ჩადგეს?

_ სერგეენკომ თავის დროზე ხომ თქვა, რომ ასეთ ავადმყოფებს აფთიაქში ერთჯერადად მოემსახურებიან?

_ მართალია, მაგრამ მხოლოდ აბებით, რაც ამ შემთხვევაში არაეფექტურია. ტკივილის მოხსნის საუკეთესო საშუალება ინექციაა, რასაც აფთიაქი არც ერთ შემთხვევაში არ გასცემს. ამანაც გამოიწვია პრობლემები, განსაკუთრებით პირველ დღეებში. მე ვიცი ძალიან ბევრი ასეთი პაციენტი, როცა ამპულების სახით არაფერი გაიცემოდა,  იძულებული გახდა, მოემართა ჩვენთვის _ სასწრაფო დახმარებისთვის, მაშინ როცა ის ამბობს, რომ აქამდე არ სჭირდებოდა ხოლმე სასწრაფოს გამოძახება და თვითონვე იგვარებდა საქმეს შეტევის დროს.

_ უმნიშვნელო გაძვირებაც მოყვა ამ რეცეპტებსო, ოფიციალურად ამბობენ, მაგრამ ეს ხომ მაინც გაძვირებაა?

_ დიახ, ბევრი ლაპარაკობს, რომ წამლები გაძვირდა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ აფთიაქებში დაისვა ექიმები, რომლებიც რეცეპტს წერენ. ცხადია, მათ ანაზღაურება და ხელფასი სჭირდებათ, შესაბამისად, ამ აფთიაქებსაც გაეზარდათ გასავალი და ამასთან დაკავშირებით მოხდა გაძვირებაც. გასაგებია, რომ  შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდა 20, 30, ან 50 თეთრით, მაგრამ ვისაც ერთდროულად რამდენიმე დასახელების წამალი უნდა, მისთვის უკვე სერიოზული გაძვირებაა.

_ საუბარია იმაზეც, რომ ექიმები პაციენტებს უწერენ ძვირადღირებულ წამლებს, ისეთებს რომლებსაც ადრე არავინ ყიდულობდა, მოკლედ,  ჩაწოლილი წამლების გასაღებაზეა საუბარი.

_ კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ პრობლემას მივადექით _ ეს არის ბრალდება, რომლის დამტკიცებაც ძალიან ძნელია. თუკი ექიმმა პაციენტს დანიშნულებისამებრ გამოუწერა წამალი, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ეს გასაღების მიზნით გააკეთა; მაგრამ, მეორე მხრივ, გეთანხმებით, რომ ასეთი რამე გამორიცხული სულაც არ არის. მოგეხსენებათ, ექიმთა საკმაო რაოდენობა, თავისი უშუალო საქმის პარალელურად, ასევე დასაქმებულია სააფთიაქო ქსელში. აქედან გამომდინარე, ცხადია, მის ინტერესებში შედის მისი აფთიაქის საქონელბრუნვის გაზრდა, ამიტომ გასაკვირიც რაა, თუკი იგი ეცდება იმ ძვირადღირებული წამლის გამოწერას პაციენტისთვის, რომელსაც ადრე არასოდეს ყიდულობდა. აღარაფერს ვამბობ თვითონ აფთიაქში რეცეპტების შემოღების შემდეგ მოყვანილ ექიმებზე, ანუ თქვენს კითხვას ლეგიტიმურობის უფლება აქვს. უბრალოდ, ისე მამაძაღლურადაა გათვლილი, რომ მორალური მხრივ თუ ჩამოაგდებ სიტყვას, თორემ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ. გამოწერა ექიმმა და მორჩა. ერთი პერიოდი, მაგალითად, დიდი ამბავი ატყდა, რომ ანალგინის ხმარება ანგრევს ადამიანის ორგანიზმს. ხომ გახსოვთ?

_ დიახ, მახსოვს.

_ ჰოდა, ადგნენ და ამიტომ ამოიღეს ხმარებიდან. მერე რაღაც შეიცვალა და ანალგინი ახლაც იყიდება. აბების ფორმითაც იყიდება და ამპულების სახითაც.  მასთან გაცილებით ძვირადღირებულ ტკივილგამაყუჩებელ წამლებზე ბევრად უფრო ეფექტურია ანალგინი და, ალბათ, ამასთან დაკავშირებით იყო, რომ მაშინ ბაზრიდან გააძევეს. იგივე ითქმის პარაცეტამოლზე, რა ამბები იყო მასთან დაკავშირებით, ესეც კარგად გვახსოვს, _ პარაცეტამოლი აზიანებს შინაგან ორგანოებსო, მაგრამ დაუკვირდით, რა საინტერესო სურათია: კი ბატონო, ავკრძალოთ პარაცეტამოლი, მაგრამ არც ერთი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არსებობს, რომლის შემადგენლობაშიც პარაცეტამოლი არ შედის, კოლდრექსის ჩაის შემადგენლობაშიც კი, და რა ხდება? თუკი პარაცეტამოლი უვარგისია და უნდა აიკრძალოს, მაშინ ასევე უნდა აიკრძალოს ყველა სიცხის დამწევი საშუალება! ეს ხომ სისულელეა?! პარაცეტამოლის დანაშაული ის არის, რომ, ანალგინის მსგავსად, შედარებით იაფი ღირდა და ძვირადღირებული პრეპარატები ისე აღარ იყიდებოდა.

_ ე. ი. საქმე გვაქვს ფარმაკოლოგიის ინტერესებთან და ამ ინტერესებში პაციენტების ინტერესები მეორე პლანზეა?

_ გინდა თუ არა, ასეთ დასკვნას გამოიტან. ამას რაც არ უნდა დავარქვათ, ერთი რამ არის ცხადი: შეიძლება  ფარმაკოლოგიაში ყველაფერი ხალხის მიმართ კეთილი სურვილების გამო ხდება, მაგრამ რეალურად სხვა რამე ჩანს: ერთადერთი, ვინც ამ რეცეპტების შემოღებით მოიგო, ფარმაკომპანიებია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქების ინტერესები უფრო გაითვალისწინა და არა _ მოსახლეობის. ამ გადმოსახედიდან ასე ჩანს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გარკვეული წრეების პირადი ინტერესების გამო მოხდა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. რეცეპტების გაცემის ოპტიმალურად მარტივი გზებია საპოვნი, თორემ ნეგატიური დამოკიდებულება სრულიად ლეგიტიმურია.

ძალიან ბევრი პაციენტი შემხვედრია, როცა მეუბნებიან, ოჯახის ექიმთან ვიყავით და ვერ შევედით, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგი იყო და ერთი კვირის მერე ჩამწერესო. მთავარი პრობლემა მაინც სიტუაციის დაულაგებლობაა. ადამიანს, როცა ცუდად გახდება, შანსი უნდა ჰქონდეს, რომ იმავე დღეს შეიძინოს წამლები და არა  კვირების შემდეგ. საათობით რიგში დგომა უწევთ დღეს ექიმთან მისულ პაციენტებს. უნდა არსებობდეს სატელეფონო კავშირი, რომ დავრეკო ექიმთან და მან დამიბაროს არა ორი კვირის შემდეგ, არამედ იმავე დღეს, ოღონდ ისე, რომ გაითვალისწინოს სხვა პაციენტებიც და რიგში არ მაცდევინოს. არც ეს არის შეუძლებელი. ერთი სიტყვით, არ ვამბობ, რომ რეცეპტები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საჭირო იყო, სხვაგვარად, უფრო მომზადებულები გადავსულიყავით ამ სისტემაზე.

ცხადია, ევროპაშიც არის რეცეპტები, მაგრამ იქ ოჯახის ექიმი მრავალი წელია, მუშაობს და ჩვენთვის წარმოუდგენლად გამართული სისტემა აქვთ. იქ ცივილიზებულად უდგებიან საკითხს. ჩვენთან რომ ავად გახდება ვინმე და მეზობელი ურჩევს, ან მეგობარი, თუ რა წამალი მიიღოს, ასე არ არის. იქ აუცილებლად კომპეტენტური პირისგან, ანუ ექიმისგან მიიღებს რჩევას და ამის შემდეგ შეიძენს წამალს. აქამდე ჩვენ კიდევ ბევრი გვაკლია.

_ კიდევ ერთი პრობლემაა წამლების ხარისხი. თქვენ გამოცდილი ექიმი ბრძანდებით და ამ პრობლემის წინაშე თუ დამდგარხართ?

_ კი, როგორ არა! მაგალითად, ავიღოთ წნევის დამწევი საშუალებები. პაციენტები რომ გამოგვიძახებენ, ხშირად გვეუბნებიან, რომ რამდენიმე აბი ასეთი წამალი მიიღო, თუმცა მას არანაირი ეფექტი არ მოჰყვა. ერთი პერიოდი საკმაოდ უხარისხო იყო ინდური პრეპარატებიც.  როცა მიუღია ავადმყოფს ასეთი წამალი, არანაირი ეფექტი არ მიუცია და იგივე დასახელების, ოღონდ სხვა ფირმის მიერ ნაწარმოები წამალი რომ დაულევია, ამას უკვე შედეგი ჰქონია. ერთი სიტყვით, ქართულ მედიცინაში ეს პრობლემაც  არსებობს. მას ნებისმიერი ექიმი გადაყრია. ამიტომ ხშირად ვეუბნებით კიდეც პაციენტს, რომელი ქვეყნის მიერ ნაწარმოები მედიკამენტი არ უნდა შეიძინოს. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ჩვენ რომელიმე ფარმაკოლოგიური ფირმის მომხრე ვართ და რომელიმესი _ არა, უბრალოდ, პაციენტს მიტომ ვთავაზობ კონკრეტული მწარმოებლის წამალს, რომ სხვაობა ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან დიდია.

მაგალითად, „კაპტოპრილი“, ეს არის წნევის დამწევი. მიუღიათ პაციენტებს და არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ამ დროს არსებობს დენკის-კაპტოპრილი, ანუ მომწოდებელი ფირმაა ასეთი, მიიღებს ამ აბებს და შესაბამისად იღებს ეფექტსაც. ასევე არის წამლები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინათ ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდათ მიღების შემთხვევაში, დღეს კი ეს ეფექტი აღარ აქვთ.

_ ანუ წამლის ბაზარზეც სერიოზული პრობლემებია?..

_ რა თქმა უნდა, არის და ყველაზე უფრო ეს ნაკლოვანებანი ყვარლის ეპიზოდზე აისახა. ვგულისხმობ იმ სამწუხარო ინციდენტს, როდესაც აფთიაქში მისული მამაკაცი წამლის გარეშე გამოისტუმრეს და დაიღუპა. ამ ისტორიაში ძალიან კარგად გამომჟღავნდა ყველა ის ნაკლოვანება, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით.

_ მაინც, როგორ აისახა?

_ იმით, რომ ამ რეგულაციის შემდეგ ურეცეპტო წამალი არ გაიცა პაციენტზე, რომლისთვისაც ეს წამალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ წამლის მიუღებლობის გამო პაციენტი გარდაიცვალა. ეს იყო პრეპარატი ლაზიკსი, რაც დანიშნული ჰქონდა ტაბლეტების ფორმით თავისი დაავადების გამო. აფთიაქში, გადაუდებელ ჩანთაში, როცა უკიდურესი მდგომარეობაა და წამლის გაცემა სავალდებულოა, ურეცეპტოდ გასაცემად  გათვალისწინებული იყო საინექციო ლაზიქსი და არა ტაბლეტირებული. შესაბამისად, აფთიაქმა აბი არ გასცა და აფთიაქი სამართლებრივად სწორი იყო, მაგრამ მოხდა საინტერესო ამბავი: ამ ფონზე სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ეს წამალი ურეცეპტოდ გასაცემი იყოო და მართლაც, იმ მომენტში, ეს წამალი ურეცეპტოდ გასაცემ ნუსხაში აღმოჩნდა. მაგრამ დაუკვირდით, რა ხდება: აღმოჩნდა მხოლოდ სამინისტროს სიებში, მაგრამ ყველა ფარმაკომპანიის სიებში ეს წამალი იყო სწორედ რეცეპტით გასაცემთა შორის, ანუ სამინისტრომ შემთხვევის შემდეგ ამოიღო სიიდან, რომ პასუხისმგებლობას  გაქცეოდა.

_ ასე ხომ აფთიაქს დაბრალდება ყველაფერი?

_ რა მიზნით მოხდა ეს, ამას უკვე მე ვეღარ გეტყვით. ახლა, როცა ცვლილებები შევიდა რეცეპტის სიებში, უკვე მართლა გადაიტანეს ურეცეპტო პრეპარატებში. რამდენადაც ვიცი, სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყვარლის აფთიაქი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ეს არაფერ შუაშია. აფთიაქმა შეასრულა ის წესი, რაც დაწესებული ჰქონდა სამინისტროს. ყველაზე საინტერესო და ირონიული გარემოება ის არის, რომ გარკვეულ წამლებზე არსებობს ჩანაწერი, რომ ეს წამალი უნდა გაიცეს რეცეპტით, მაგრამ იქვეა მიწერილი, რომ თუ რეცეპტი არ აღმოაჩნდება პაციენტს, წამალი მაინც უნდა გასცე მასზე, ანუ ერთდროულად ურეცეპტოდ არ უნდა გაცემულიყო, მაგრამ თუ არ იქნებოდა რეცეპტი, უნდა გაცემულიყო(?!), ე. ი. საუბარია იმაზე, რომ თუ აუცილებლობაა, უნდა გაიცეს.

_ ეს უაზრობა არ არის?

_ ეს არის ის, როდესაც ადამიანი უკან იხევს და არც იხევს. ანუ რაღაც ისეთს, შუალედურს იჭერს. ეს ყველაზე ცუდი მომენტია, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში შენ სახელმწიფო მოხელეს აძლევ კორუფციულ და მერკანტილურ გარიგებაში შესვლის საშუალებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როცა უნდა გააფორმებს აქტს, რომ აფთიაქმა გასცა ურეცეპტოდ წამალი და როცა უნდა არ გააფორმებს. ეს ხომ ნოყიერი გარემოა ინსპექტორისთვის, რომ გარიგდეს აფთიაქთან?! ანუ მთელ უბედურებას ბაზარზე ახლა ისიც აკლდა, თურმე, რომ ინსპექტორებს, ფაქტობრივად, აფთიაქებთან გარიგებაში შესვლის საშუალება ეძლევათ. რაციონალურობის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, სამაგიეროდ ეს პოპულისტური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მსუყე ნიადაგია, რომ მთელი სისტემა კორუმპირებული გახდეს.

ჯანდაცვის სამინისტროში არ ეთანხმებიან წერილში გამოთქმულ  შეხედულებას იმის თაობაზე, რომ სარეცეპტო სისტემაზე გადასვლამ პოლიკლინიკებში საკმაოდ დიდი რიგები გამოიწვია. დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე „ქრონიკა +“ -თან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 500 პოლიკლინიკაში, ანუ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა მონიტორინგები პოლიკლინიკებში და ორკვირიანი, თუნდაც ერთდღიანი რიგების არსებობის  შემთხვევები  არ გამოვლენილა. თუმცა პირველ პერიოდში მართლაც იყო რიგები, ოღონდ ეს გამოწვეული იყო ახალი რეგისტრაციებით პოლიკლინიკებში და მაშინ გაჩნდა მანიპულირების მცდელობა, რომ ეს რიგები, სწორედ რეცეპტებისათვის დაეკავშირებინათ.

ქალბატონი მარინას თქმით, საკითხის ასევე მანიპულირებასთან გვაქვს საქმე ყვარელში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ლაზიქსი მართლაც რეცეპტებით გასაცემ წამალთა ნუსხაში შედის. თუმცა, სამინისტროს ჯერ კიდევ თებერვალში, ანუ როცა რეგულაციები არ იყო ძალაში, მიუღია გადაწყვეტილება გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მისი ურეცეპტოდ გაცემის თაობაზეც. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ გარდაცვლილ კაცს არც რეცეპტის პრობლემა ქონდა და წამლის შეძენის არანაირი პრობლემაც არ გააჩნდა.

 

                                                                                                         დავით დევიძე