ფიქრია ჩიხრაძე: „ოპოზიცია დიალოგისთვის უპირობო მზაობას აცხადებს“

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორბელიანის სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შედგა.
პირველ მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეები 6-პუნქტიან დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც დიალოგის ფარგლებში სამომავლოდ უნდა განიხილონ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გარშემო წინსვლას 2 კვირაში ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

როგორია ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია? გააგრძელებენ თუ არა პროტესტს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები? რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
აღნიშნულ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა:

_ რა როლს შეასრულებს საშინაო პოლიტიკის კუთხით შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი და ის შეხვედრა, რომელიც მისი ინიციატივით შედგა პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
_ ძალიან მიჭირს „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება, რადგან მათი ქმედებები წინააღმდეგობრივია. ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ ბატონი შარლ მიშელის შეხვედრის შემდგომ, როდესაც შეთანხმდა ის საკითხები, რომლებზედაც ოპოზიციამ, თავის მხრივ, თანხმობა განაცხადა (ასევე მოგეხსენებათ, რომ ცალკე შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან), შემდეგ უკვე ერთობლივ შეხვედრაზე ეს შეთანხმებული საკითხები კვლავ წარმოადგინეს ორივე მხარისთვის. ყველას გვახსოვს, რა პოზიცია ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდგომ, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა რეალობას, რომ მათთვის თურმე წითელი ხაზები არსებობს და ჩამოთვლილი 6 საკითხიდან ორ საკითხს არ ეთანხმებიან. მიჭირს იმის თქმა, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიცია უპირობო მზაობას აცხადებს დიალოგისთვის. ეს დააფიქსირა როგორც ბატონ შარლ მიშელთან შეხვედრის დროს, ისე დღესაც ვაცხადებთ ამ მზაობას ყველანი და ველოდებით ხელისუფლებისგან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას. თქვენ იცით, რომ ორი კვირის თავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა ჩავიდეს ბრიუსელში. გარდა იმისა, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხებია განსახილველი, პირდაპირ ე. წ. საშინაო პოლიტიკური დავალება ჩაინიშნა, რომ ამ ორი კვირის თავზე შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე პრემიერმა ინფორმაცია უნდა ჩაიტანოს. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, ევროპის ძალიან მაღალი რანგის ლიდერსა და ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს რომ ვუთხრათ: დიახ, დაგპირდით, მაგრამ არ ვაპირებთ ამ დანაპირების შესრულებას, თან ამის პარალელურად, 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთება გვინდა. ეს ხომ დიდი აბსურდი და ტყუილი იქნება, რომელიც, პრაქტიკულად, შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვაცილებს დასავლურ სამყაროს და თუ მას დავშორდებით, ვიცით, რომელი სამყაროს ნაწილიც გავხდებით უპრობლემოდ. ამიტომ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას. ამ შემთხვევაში, „ლელოს“ სახელით ვამბობ, რომ მათთან უწყვეტი კონსულტაციები გვაქვს, ინფორმაციას ვაწვდით და მათგანაც ვითხოვთ გარკვეულ ჩართულობას. თქვენ იცით, რომ სწორედ ფასილიტაციის ეტაპიდან უკვე აქტიური ჩართულობის ეტაპზე გადასვლა რამდენიმე თვის წინ მოვითხოვეთ, რადგან მხოლოდ შეხვედრების მასპინძლობა არასაკმარისი იყო. ეს აშკარად ჩანდა იმ ეტაპზევე. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სწორედ ამხელა რანგის ჩვენი საერთაშორისო სტუმარი და პარტნიორი აღმოჩნდა ამ პროცესში ასე აქტიურად ჩართული. როდესაც ვიზიტი უნდა დასრულებულიყო, შარლ მიშელმა თავად მოინდომა, რომ მისი თანდასწრებით გამართულიყო ეს შეხვედრა, რადგან მას სურდა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე თავადაც ყოფილიყო ჩართული ამ დიალოგის პროცესში. დიალოგზე უარის თქმა ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ასევე, სამწუხაროდ, ეს კარგ შედეგს არ მოუტანს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც. ჩვენი საფიქრალი და სადარდელი დღეს ესეც არის ყველაფერთან ერთად.
_ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ეს, უბრალოდ, 6-პუნქტიანი გეგმაა და აუცილებელი არაა, ამ ყველა პუნქტზე შეთანხმება. ამ ტიპის განცხადებების გაკეთება შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიშნავს თუ არა იმას, რომ მმართველი გუნდი სათანადოდ ვერ აღიქვამს პროცესის მნიშვნელობას?
_ ის ოთხი საკითხი, რომელიც ამ 6-პუნქტიანი გეგმიდან არის, თქვენ იცით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების წინა პერიოდშიც იდო მაგიდაზე. უბრალოდ, პოლიტპატიმრების თემას დაემატა ნიკა მელიას საკითხი, რაც „ქართული ოცნების“ აქტიურმა და შემტევმა ქმედებებმა განაპირობა, ხოლო თავად ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით ჩაემატა ორი საკითხი, რომელიც ეხებოდა სასამართლოს თემას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა მელიას თემასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო „ქართული ოცნების“ ხელში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და ამიტომაც გაჩნდა ეს საკითხი 6-პუნქტიან გეგმაში. ასევე ამ გეგმაშივეა ხელისუფლების დანაწილებისა და დეცენტრალიზაციის პრინციპი, რომელიც მომავალში საქართველოს ერთპარტიულ, უზურპირებულ მმართველობას ააცილებს. ეს შარლ მიშელის ინიციატივით ჩასმული საკითხები იყო და არ მგონია, ვინმეს ეგონოს, ისინი იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს აზრი გავუცვალოთ და მეტი არაფერი. ეს წარმოუდგენელი რამეა. არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერ აცნობიერებდნენ, რას საუბრობენ, არც ეგეთი სულელები არიან, მაგრამ ჩემთვის აუხსნელი ქმედებები ახასიათებთ. მაგალითად, შტურმით შეტევა ნიკა მელიას დასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და თავადაც გახლდით იქ. ამ შტურმიდან მეორე დღეს „ქართული ოცნება“ მელიას გარეთ გამოსვლაზე საუბრობს, არავითარი პრობლემა არ არისო, პრაქტიკულად, ლამის ციხის კარი გაუღეს, რომ გარეთ გამოიყვანონ. ამ ორ ქმედებას შორის რა ლოგიკაა, უბრალოდ, არ მესმის. ძალიან წინააღმდეგობრივი და ძნელად ასახსნელია. ერთი მხრივ, მოუნდათ, რომ თავისი უძლეველობა დაემტკიცებინათ საკუთარი ამომრჩევლისთვის თუ ყველასთვის, მეორე მხრივ კი მეორე დღესვე მოუნდათ, რომ ამ შექმნილი პრობლემისგან როგორმე განთავისუფლებულიყვნენ. წარმოუდგენელი ქმედებებია, ისევე როგორც ის, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამ, _ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური საქმეების გაცოცხლება დაიწყო, რათა ოპონენტები პარლამენტში შესვლისკენ ეიძულებინათ. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ან ციხეა თქვენი არჩევანი, ან _ პარლამენტიო. პრაქტიკულად, სწორედ ეს არჩევანი ვიხილეთ ნიკა მელიასთან მიმართებით და ამხელა საერთაშორისო რეზონანსი რომ არ მოჰყოლოდა, ნამდვილად გადმოვიდოდა ეს პროცესი „ლელოს“ ლიდერებზე, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. უცნაური ქმედებების პირობებში ვიმყოფებით ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ჭირს პროგნოზირება, რას მოიმოქმედებენ ისინი.
_ თქვენ ახსენეთ მელიას დაჭერის თემა. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იყავით შეკრებილები, ახალი პრემიერის პირობებში საპოლიციო ძალების მეშვეობით მაინც გაბედეს შტურმი ოფისზე, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს უკან დახევას, მიუხედავად იმ კრიტიკული გზავნილებისა, რაც შემდგომ დასავლეთიდან იყო?
_ სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმ დღეს ვამბობდი, რომ ამ საღამოს დაარბევენ ოფისს-მეთქი. ეს შეგრძნება მქონდა, მაგრამ იქ აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი მიმტკიცებდა, რომ 23 თებერვალს არ იზამდნენ ასეთ რამეს. თუმცა სწორედ 23 თებერვალს, ოკუპანტი წითელი არმიის დღეს, მათ ასეთი საქციელი ჩაიდინეს. საერთოდ ვფიქრობდი, რომ თებერვალში „ქართულ ოცნებას“ გავრილოვის თემა არ უნდა გაეცოცხლებინა, რადგან ეს მათ ძალიან მძიმე დაღად აზით ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მათ პოლიტიკურ ორიენტაციაზე ბევრს მეტყველებს, მაგრამ სწორედ თებერვალში გააცოცხლეს გავრილოვის თემა და სწორედ საქართველოს ოკუპაციის დღეებში განახორციელეს ეს შტურმი. არ ვიცი, ეს შემთხვევით ხდება თუ რაღაც საბედისწერო სიმბოლიკა დევს ამ ყველაფერში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რეალობა ვიხილეთ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება ფიქრობდეს ჩვენი ევროპელი კოლეგების „გადაგდებას“. „ქართულმა ოცნებამ“ ეს უკვე გააკეთა, როდესაც პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება შემდგარი იყო და „მაჟორიტარების ამბოხით“ ჩააგდეს მაშინ ეს თემა, მაგრამ შემდეგ ყველას ერთად და, უპირველეს ყოვლისა, მათ მოუწიათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება და იმავე თემის გაცოცხლება. თუ „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ახლა ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში იმყოფება და ჩვენი პარტნიორების „გადაგდება“ ძალიან მძიმედ დაუბრუნდება ვითომ მართლა წასულ ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, _ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ზედაპირული გათვლა იქნება მათგან. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, საით მიდის ეს ყველაფერი.
_ თქვენ ახსენეთ ვითომ წასული ბიძინა ივანიშვილი. ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან და ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათ შორის, ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერის პოსტზე და ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილება მიგვანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ივანიშვილი, უბრალოდ, კულისებიდან მართავს პროცესებს?
_ „ლელოში“ ვფიქრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად გავიდა ხელისუფლებიდან. მას აღარ უნდა არანაირად პასუხისმგებლობის აღება და არც ასოცირება უნდა იმ პროცესებთან, რაც ქვეყანაში ხდება, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი კი არ გვაქვს, არამედ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისია. ვხედავთ, როგორ გაშიშვლდა ხელისუფლება პანდემიურ კრიზისთან მიმართებით და მისი მოგვარების არანაირი შანსი და უნარი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდოდა ამ ყველაფერთან ასოცირება და, რა თქმა უნდა, ის განზე გავიდა და აღარ ჩაერევა ამ პროცესებში აქტიურად. თუმცა არავის აქვს იმის ილუზია, რომ სანამ არსებობს კობახიძე, ღარიბაშვილი და სანამ არსებობენ ზარქუები, ვოლსკები და „ქართული ოცნების“ ნებისმიერი თუნდაც ძველი და ახალი სახე, პროგრესი არ იქნება. ისინი ხომ ხალხისგან მიღებული ლეგიტიმაციის მქონე ადამიანები არ არიან, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან ლეგიტიმაცია მიღებული ადამიანები ბრძანდებიან. ბიძინა ივანიშვილის წყალობით არიან თბილ ადგილას მოკალათებულნი. შესაბამისად, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი სახლობს მათში და მათი ყველა გადაწყვეტილება, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და მაინც მის პოლიტიკურ გემოვნებასთან თუ მის მსოფლმხედველობასთან ასოცირდება, რაც ძალიან მძიმედ დაუჯდა საქართველოს ამ ცხრა წლის განმავლობაში.
_ პრეზიდენტის რეზიდენციაში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს პარლამენტის პიკეტირება. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციისკენ გაიშვირეს თითი, რომ იგი დესტრუქციულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიშელთან შეხვედრის დროს. აქედან გამომდინარე, ფიქრობთ თუ არა, რომ პიკეტირების მცდელობით ხელისუფლებას თითის გაშვერის საბაბი მიეცით?
_ ეს ამბავი თითიდან გამოწოვილია, ეს არ იყო შენობის ბლოკირება. დეპუტატები მანქანებით თავისუფლად შედიოდნენ პარლამენტის ეზოში, უბრალოდ, იყო გარკვეული შეძახილები შესვლის დროს. არც ერთ დეპუტატს არ შექმნია პარლამენტში შესვლის პრობლემა. როცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე დღეს მოინდომეს მიზეზად პიკეტის თემის გამოყენება, თავადვე აიჭრნენ წინადადებაში, რადგან ამავე დროს გამოაცხადეს, რომ მათთვის წინა დღეს შეთანხმებული საკითხებიც მოუღებელია და წითელი ხაზები არსებობსო. მათ უნდოდათ პასუხისმგებლობისგან გამოძრომა და რაღაცები თქვეს. როდესაც ბატონი პავილიონისი იყო ჩამოსული და მისი თხოვნით როდესაც ოპოზიციამ 25 თებერვლის აქციაზე ვთქვით უარი, ყველას გვახსოვს, რა განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომ ოპოზიცია ხალხს ვერ კრებს და ამიტომ ვითომ საერთაშორისო პარტნიორს გადააბრალეს აქციის გაუქმებაო. ოპოზიციას 3 მარტს გვქონდა შეკრება და ვთქვით, რომ გავაგრძელებთ აქციებს, კვლავ პროტესტის ფორმას გამოვიყენებთ, მაგრამ არ იქნება სახელისუფლებო შენობების პიკეტირება, რათა მათ არ მივცეთ მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი. ამდენად, „ქართული ოცნება“ ასე მარტივად ვერ გამოძვრება სიტუაციიდან. ძალიან სერიოზული პროცესია დაწყებული, სრულიად განსხვავებულ ეტაპზეა რეალობა, როდესაც ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო წარმომადგენლობა ერთვება და ვფიქრობ, დიდი უგუნურება იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის ჩაშლის მცდელობა გააგრძელოს.
_ პარლამენტის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების კარვებია გაშლილი. ამ ნაწილში ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ირონიულად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ თითო ოროლა ადამიანია პარლამენტის წინ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ პოლიციელები და ჟურნალისტები უფრო მეტი არიან, ვიდრე _ აქტივისტები. რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში?
_ ხალხი მუდმივად ვერ დადგება ქუჩაში. კარავი სწორედ აქტივობის ისეთი ფორმაა, როდესაც საპროტესტო წარმომადგენლობა უნდა იყოს და არა ადამიანების მთელი სამიტინგე რაოდენობა. მახსოვს, ანალოგიურად გვეუბნებოდა წინა ხელისუფლება, როდესაც ასევე გაშლილი იყო კარვები და საკნები რუსთაველზე. ისინი ამბობდნენ, რომ ხალხს ვერ ვკრებდით და ტყუილად იყო ქუჩები გადაკეტილი, ამ დროს კი გახსოვთ, რამდენი ხალხი იყო შეკრებილი. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები ხელისუფლებაში ხვდებიან და ვიწყდებათ წინა ხელისუფლების შეცდომები. ვიღაცები მაშინ ოპოზიციაშიც ნამყოფები იყვნენ, ახლა კი აღარ დარჩა „ქართულ ოცნებაში“ ასეთი, მაგრამ როცა იყვნენ, მათაც დაავიწყდათ, რისთვის იბრძოდნენ და ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში უარი თქვეს თავიანთ პრინციპებზე, რაც სამწუხაროა. ხალხი შეიკრიბება მაშინ, როცა საჭიროა _ კარავი არის პროტესტის განსხვავებული ფორმა და ის აქტივისტები, რომლებიც იქ მორიგეობენ და ძალიან ბევრ აქციაში მონაწილეობენ, მათი აქტივიზმი ძალიან დასაფასებელია _ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და პოლიტიკური პარტიები უფრო მასშტაბური აქციების ფორმას მივმართავთ ხოლმე, როცა ამის საჭიროება არსებობს.
_ მასშტაბური აქციების საჭიროება იყო, ჯერ კიდევ, მაშინ, როცა 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადეთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და პარლამენტში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეთ, თუმცა ეს მასშტაბური აქციები ვერ შედგა. ფიქრობთ თუ არა, რომ სწორი კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ ოპოზიციას მოსახლეობასთან და საკუთარ ამომრჩეველთან?
_ არ ვამბობ, რომ ოპოზიცია რაიმეს არ აკლებს. მაგალითად, „ლელოს“ უკვე დიდი ხანია დაგეგმილი გვაქვს რეგიონებში გასვლა, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ფრაგმენტულად ვახერხებთ. 4 მარტს ჩვენი წარმომადგენლები ენგურის ხიდთან იყვნენ, ე. წ. საოკუპაციო ზოლთან მყოფი საზღვრისპირა სოფლებისთვის საოკუპაციო სტატუსის მოხსნის გამო პროტესტი გამოხატეს. სტატუსის მოხსნა აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია. ასევე ანაკლიაშიც იყვნენ, სადაც პროტესტი გამოთქვეს სწორედ ანაკლიის პროექტის გაჩერების გამო. ჩვენ განზრახვა გვქონდა, რომ ძალიან სერიოზულად უნდა გადავრთულიყავით რეგიონებზე მუშაობასა და სოფლებში სიარულზე, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რადგან ხან მოლაპარაკებაა, ხან ვიღაცას იჭერენ, ხან სტუმარი ჩამოდის, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებელია და რაც მთავარია, კოვიდი, რომელსაც ხელისუფლება უეფექტურეს იარაღად იყენებს. ეს იარაღი მან გამოიყენა წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესაც იმედოვნებდა, რომ კოვიდის გამო ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არ მივიდოდა საარჩევნო ყუთებთან და ის გაყალბების აბდაუბდა სწორედ იმის გამო დაემართათ, რომ ვიდრე ელოდნენ, იმაზე ბევრად მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან. ეს რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ იყო, ზუსტად იცოდნენ და ამიტომაც გაგიჟდნენ და მიიღეს დავალება, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უნდა შეედგინათ დოკუმენტაცია. ის აბდაუბდა და დაუბალანსებლობა, რაც ოქმებში იყო, სწორედ ამის ნაყოფია. თუმცა ამის შემდგომაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზებით არ აუქმებენ კომენდანტის საათს. ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, რომ აქციაზე ჩამოვიდნენ რაიონებიდან და კომენდანტის საათის გამო, აქციებიდან წასული ხალხი დააჯარიმეს. ასე რომ, ბევრი პრობლემაა ხელოვნურად შექმნილი. პროცესიც საკმაოდ გაიწელა და ყოველ წუთს ქუჩაში ვერ დადგება ამდენი ათასი ადამიანი. გონიერი ხელისუფლების პირობებში, როდესაც კრიზისი იქმნება, მისი განმუხტვის გზა არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ამას ამდენი ენერგიის ხარჯვა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელთანაც არ გადის ეს შეგონებები და გვჭირდება, რომ ხშირად მივმართოთ პროტესტის ფორმებს.
_ საბოლოოდ, დათმობს თუ არა ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება?
_ დღეს თუ არ წამოვა ამ დათმობაზე, ხვალ მოუწევს, ხვალ თუ არა _ ზეგ. უბრალოდ, შეუძლებელია, ეს სიტუაცია ვადამდელი არჩევნების გარეშე გადარჩეს. 4 მარტს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და გვეუბნება, რომ თურმე მომავალი 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა შეადგინოს, მაშინ როცა ეკონომიკის საშინელი ვარდნა გვაქვს და ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, საერთოდ როგორ უნდა ამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან? ამიტომ არის ვადამდელი არჩევნები უმნიშვნელოვანესი, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა შევქმნათ, ასევე ეკონომიკისთვისაც, სასამართლო სისტემისთვისაც ახალი რეალობა შევქმნათ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში. 4 მარტს ანაკლიის პორტზე საუბრობდა პრემიერი, ჩვენ თვალწინ ჩაიარა ამ პროცესმა, როგორ ხელოვნურად დაბლოკეს და ჩააგდეს იგი. ხაზარაძე-ჯაფარიძე ციხეში გასაშვებად გაიმეტეს, რომ ეს პროექტი არ განხორციელებულიყო. ეს საქმე დღესაც დაძინებულია. ვინ უნდა დაუჯეროს დღეს ქვეყნის პრემიერ ღარიბაშვილს, რომ ის თითქოს ანაკლიის პროექტისთვის ინვესტორების მოძიებას აპირებს, მაშინ როდესაც უკვე მოძიებული ინვესტორები ქვეყნიდან გაყარეს და უზარმაზარი ზარალი ანახეს?! თქვენ იცით, რომ ჟენევაში პროცესია დაწყებული ამ უპრეცედენტო მოტყუებასა და გადადგებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ? ხელისუფლების მხრიდან ამდენი ბლეფით როდემდე უნდა ვიცხოვროთ?! ისეთი პრობლემებია დაგროვილი საქართველოში, რომ ღმერთმა ნუ ქნას, ეს ყველაფერი უდიდეს სოციალურ აფეთქებამდე მივიდეს. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ყველას და რთული იქნება ამ სოციალური აფეთქებიდან ქვეყნის ნორმალური განვითარების კალაპოტში შემობრუნება. ძალიან ძნელია, როცა ხელისუფლებას ეს არ ესმის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და არ დავზოგოთ თავი, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ და რამდენიმე თვეში მივაღწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ჰქვია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების განთავისუფლება. უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ რამე ილუზია შევქმნათ სამართლიანი გარემოსი, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, თუ საქართველოში პოლიტპატიმრები ისევ იარსებებენ.

ნენე ინჯგია