რამ შეიწირა ცნობილი კარტოგრაფის სიცოცხლე და ვის გაჰქონდა შავ ბაზარზე საქართველოს ტოპოგრაფიული რუკები?!

პირველად ეს განცხადება 2012 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქართველ ტურისტებს, მომლოცველებსა და სასულიერო პირებს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულად მონახულების შესაძლებლობა ექნებოდათ. რატომღაც, მაშინ კითხვა არავის დაუსვამს, _ რას ნიშნავს საკუთარი ტაძრის მონახულების სრულად შესაძლებლობა, რომელიც დღეს გაქვს, ხვალ კი _ არა?! 2012 წელს ამის შესაძლებლობა ქართველებს ჰქონდათ… 2012 წლის შემდეგ _ აღარ!

მალევე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველ მორწმუნეებს უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის კოშკის მონახულება აუკრძალეს. სიტუაციის განტვირთვის მაგივრად, გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო კალანდაძე და „გვითავაზა“, _ ჩიჩხიტური და უდაბნო აზერბაიჯანის არისო. სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაირეოდა და კალანდაძეს იმ თავისი კიკინით ჩიჩხიტურის კოშკზე დაკიდებდა, იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა, სასწრაფოდ გადადო ვიზიტი და ამერიკიდან ოფიციალური განმარტება გააკეთა, _ თქვენ არ ინერვიულოთ, ძმანო და დანო! ჯერ კიდევ კომუნისტების დროს კომპლექსის ადმინისტრაციული საზღვარი, დაახლოებით 2%, აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდა. ჰოდა, ახლა ამერიკიდან რომ დავბრუნდები, ეგრევე მაგ საკითხს ჩავუჯდები და სასაზღვრო კომისია მუშაობას გაორმაგებული ძალისხმევით გააგრძელებსო.
რატომღაც, 2020 წელს „კარტოგრაფების საქმის“ წამოწევისას გრიგოლ ვაშაძეს თავისი ეს დაპირება დაავიწყდა და ხმა-კრინტი არ დაუძრავს იმაზე, თუ როგორ იფიცებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩამოვალ და მივხედავ საზღვარსო. არც არის გასაკვირი _ ცოლს ბარგის ჩალაგება არ უნდა, გაცილება თუ ნოვოსიბირსკის მუნიციპალიტეტსა და ციმბირულ ბიზნესწრეებში საქმის დალაგება.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე მუშაობა, ჯერ კიდევ, 1995 წელს დაიწყო. დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიაც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს დელიმიტაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი გახლდათ, რომლის განმარტებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 66% შეთანხმებული იყო. აი, დანარჩენი მონაკვეთები სადავოდ რჩებოდა და დღესაც რჩება. სამწუხაროდ, ამ დანარჩენში მოხვდა (მისი განმარტებით) დავითგარეჯის ლავრის თავზე გადამავალი ქედი.
აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი იკვეთება: ქედი ქედად, მაგრამ რატომ მოხდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ამოსვლა უდაბნოს ლავრის ქედზე? ეს დღემდე უცნობია მელაშვილისთვისაც კი. ქედს არავინ უნდა შეხებოდა, სანამ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის, დეტალების დაზუსტებისა და მათი რუკებზე დატანის პროცესი ბოლომდე არ დასრულდებოდა. რატომ არც დაელოდა ამ პროცესს აზერბაიჯანული მხარე? _ პირველ რიგში სწორედ ეს საკითხია გასარკვევი! მით უმეტეს, რომ ეს შეთანხმება მარტო დავითგარეჯის უდაბნოს ლავრაზე კი არა, დანარჩენ მონაკვეთებზეც ვრცელდებოდა.
მონაკვეთი, რომელიც განხილვის საგანია, სიგრძით, დაახლოებით, 1200 მეტრია, ხოლო სიგანით _ 5060 მეტრი. ქედზე საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი გადის, რომელიც ახალი საზღვრის დადგენამდე სახელმწიფო საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ვიმეორებთ: ახალი საზღვრის დადგენა ამჟამადაც, 2021 წელს მიმდინარეობს და პროცესი არ დასრულებულა.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნაწილი 1924 წლიდან აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, სწორედ მოლაპარაკებისა და მუდმივი ურთიერთთანამშრომლობის წყალობით, სასაზღვრო ხაზი მყიფე იყო. 1991 წლიდან კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტერიტორია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოფიციალურად გადავიდა სადავო მოლაპარაკების სეგმენტში. აქვე დავაზუსტებთ, რომ ამას ქვეყნებს შორის არანაირი დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაცია არ შეუქმნია. იყო, უბრალოდ, მუდმივი მოლაპარაკების საგანი.
თუმცა ეს მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა _ 30 წელი! ქედის სამხრეთ ფერდზე გამოქვაბულებია, სადაც ბერების სადგომი, სატრაპეზო და სამლოცველოა მოწყობილი, ხოლო ზედ ქედზე _ უდაბნოს მონასტერია განთავსებული, რომლის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს მოხვდა. ქედზე ყველა ძეგლი, ჩიჩხიტურის კოშკიდან დაწყებული _ უდაბნომდე, ზედ საზღვარზეა. დანარჩენი სენაკები კი ქედის სამხრეთ ფერდზეა საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მაგრამ ამას ორივე მხარე დროებით აღიქვამდა _ სანამ ახალი საზღვარი არ დადგინდებოდა.
ძალზე სამწუხაროა, რომ დავითგარეჯის თემაზე მომუშავე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯანო კეკელია, დღეს აღარ არის ჩვენ შორის. ის გახლდათ სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყველაზე პროფესიონალი და, შეიძლება ითქვას, მთავარი წევრი. პირველი ადამიანი, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ მომლოცველებისთვის სამონასტრო კომპლექსის სრულად მონახულების უფლების მიცემა ამ საკითხს ვერ გადაჭრიდა.
ალბათ, ყველაზე დროულია, მისი საექსპერტო დასკვნიდან ამონარიდი მოვიყვანოთ:
„ისტორიულად დავითგარეჯი ჩვენი ტერიტორიაა. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ, მათ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა მოახდინეს. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის საზღვარი მათ დავითგარეჯის ტერიტორიაზე წყალგამყოფზე გაატარეს. ფერდობზე რაც იყო, დარჩა ჩვენთან. ჩიჩხიტური და უდაბნო კი _ წყალგამყოფს მიღმა. მართალია, დღესდღეობით მიღწეულია შეთანხმება, რომ ტურისტებს სამონასტრო კომპლექსის სრულად მონახულების შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ამას უნდა თავის მობმა. ხელისუფლებას კი ამის პოლიტიკურ ნებას, ჯერჯერობით, ვერ ვამჩნევ“.
ეს იყო პროფესორ ჯანო კეკელიას ბოლო სიტყვები გარდაცვალებამდე. უკანასკნელი ინტერვიუ კი მასთან ჩვენს კოლეგას, ამჟამად ამერიკაში ქართული სათვისტომოს რადიო „საუნჯის“ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს ჰქონდა.

„ქრონიკა+“ ხათუნა პაიჭაძეს აშშ-ში დაუკავშირდა და მისგან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაც მიიღო:
_ ჯანსუღ კეკელია გახლდათ უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი და კარტოგრაფი, რომელმაც ზეპირად იცოდა დავითგარეჯის პრობლემა და უშუალოდ მუშაობდა მასზე. 2011 წელს კაციშვილს არ გასჩენია კითხვა, რატომ დატოვა ამ კაცმა პროტესტის ნიშნად დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია?! დღეს ის არ არის ცოცხალი, მაგრამ მან თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომელიც გარეჯის კომპლექსსაც შეეხებოდა.
_ რა თქვა?
_ მან თქვა, _ კომისია იმიტომ დავტოვე, რომ არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდნენ, ელემენტარულად ინიციატივა მაინც რომ გამომეჩინა, ამის უფლებაც არ მქონდა, საქმის კეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო. კომისიიდან ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა და თავად ამ კომისიის შემადგენლობა ყოველ წელს იცვლებოდაო.
_ ინფორმაცია კომისიიდან როგორ ჟონავდა და სად?
_ ბატონმა ჯანომ მითხრა, გავოგნდი, როცა ჩვენი მასალების ქსეროასლები სომხებმა დამიდეს წინო! ამაზე ავტეხე ყვირილი, დავიწყე ბრძოლა… მერე მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი და პროტესტის ნიშნად კომისია დავტოვეო.
_ ვერ გავიგე, სომხებზე იყიდებოდა ინფორმაცია, აზერბაიჯანთან რომ დაგვძაბოდა ურთიერთობა თუ რა ხდება?
_ მარტო სომხებზე არა. საიდუმლო ტოპოგრაფიული რუკები სპეციალურ შავ ბაზარზე გადიოდა. ამ მალვა-მალვაში დაკარგეს 42 კვადრატული კილომეტრი. დიკლოს მთა ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში ფიქსირებულია, როგორც საერთო შეხების წერტილი. ჯანო კეკელიასგან ვიცი, რომ 1999 წელს საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისია რუსებთან მოსალაპარაკებლად დაჯდა. რუსულმა მხარემ შესთავაზა, რომ დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო და ქართული კომისიის წევრებიც დასთანხმდნენ. შედეგად, 42 კვ.კმ სადავო გახდა და მხოლოდ იმიტომ, რომ კომისიის წევრები აზრზე არ იყვნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსული მხარე 1957 წლიდან იბრძოდა. ხელის მოწერის შესახებ ჯანო კეკელიასთვის არავის არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრი იყო. როცა კეკელიამ გაიგო, ერთი ამბავი ატეხა. ყველას დაემუქრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და კომისიის წევრებმაც, კარგი, შენ დაწყნარდი და ხელახლა გავგზავნით ნოტასო. როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც.
_ ეს ინფორმაცია აქამდე რატომ არ საჯაროვდებოდა?
_ იქიდან უნდა დაიწყოთ, იმ კომისიიდან და მისი წევრებიდან, რომელთანაც ბრძოლამაც, ფაქტობრივად, შეიწირა ცხონებული პროფესორი. მას პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და იმიტომ.

როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დავითგარეჯას არა ქართულ, არამედ ალბანურ ძეგლად მიიჩნევს.
საზღვრის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია საწყისი წერტილის შეთანხმება, ანუ ორ ქვეყანას შორის რომელი წლის შეთანხმებიდან იწყებ მოლაპარაკებებს და რას იღებ ჩარჩოდ. ეს საზღვარი დადგენილი არ არის ჯერ კიდევ შევარდნაძის ადმინისტრაციის პერიოდიდან. ოცდაათი წელი მიდის მოლაპარაკება და მან უნდა გაიაროს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, ორივე მხარის უმაღლესმა პირებმა მოაწერონ ხელი, ბოლოს პარლამენტის რატიფიკაცია სჭირდება. ამ პროცესის დასაწყისშიც არ ვართ და იჭერენ ვიღაც ექსპერტებს. ფონად, რა თქმა უნდა, ჩნდება ასევე ვიღაც ხიდაშელი, რომელმაც მანამდე 1 200 000 ლარი ჩარიცხა „კოვიდის ფონდში“ და „ინტრაკომის“ ხელმძღვანელი გადმოგვცემს „დაკარგულ რუკას“. ეს ის „ინტრაკომია“, რომელიც 2014 წელს შეიძინა რუსულმა კომპანია „სისტემამ“. ეს უკანასკნელი აწარმოებს მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება ტელეკომუნიკაციებში, მათ შორის, დაზვერვის სისტემებში.
ახლა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პერსონებს დავუბრუნდეთ, რომლებიც 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და „საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს“. 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელსა და წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ისინი საზღვრის დადგენისას არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1:2000000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1:500000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

„ქრონიკა+“ ამ საკითხის შესახებ დაუკავშირდა ნატალია ილიჩოვას ადვოკატ ნესტან ლონდარიძეს:
_ ქალბატონო ნესტან, გავიგეთ, რომ 2019 წელს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ნატალია ილიჩოვა დააჯილდოვეს მედლით ქვეყნის წინაშე უმწიკვლო სამსახურისთვის, რომელსაც გახარია აწერდა ხელს და 2020 წელს ქვეყნის ღალატისთვის იჭერენ გახარიას ხელმოწერითვე… იქნებ, აგვიხსნათ?
_ რა დროც არ უნდა გავიდეს, სიმართლე აუცილებლად დადგინდება, რის შემდეგაც იცით, რაც ვიზამთ? ამ ადამიანებს და მათ ღირსებას რა ჩრდილიც მიადგა, პატივისა და ღირსების შელახვაზე შევიტანთ სარჩელს. მოვა ეს დრო და დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. ძირითადი პროცესები გვაქვს გასავლელი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა _ არ ყოფილა არსებითი განხილვა და დაცვის მხარე აუცილებლად დაადგენს სიმართლეს.
_ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ისევ ფარული ჩანაწერია თუ რაღაც ახალი აქვთ ხელთ?
_ ჟურნალისტებს რას გეუბნებიან, თქვენ რომ ჰკითხოთ?
_ ჩვენს დანახვას თერმობირთვული ბომბის დანახვა ურჩევნიათ, ასე რომ, თქვენგან ველით პასუხს…
_ პროკურატურას რა მტკიცებულებებიც თვითონ აქვს, ის ფარული ჩანაწერია, რაც გამოაქვეყნეს და აღიარებად მონათლეს. არადა, სწორედ ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ არანაირი აღიარება ამ ადამიანების საქმეში არ მოიპოვება. თავიდან, ეს საქმე რომ წამოიწყეს, დავითგარეჯი იქ საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს მერე გადაიტანეს განსაკუთრებული აქცენტი კომპლექსზე, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ დავითგარეჯის თემა ჩვენი ეროვნული სიწმინდეა და განსაკუთრებით სენსიტიური საკითხია თითოეული ქართველისთვს. და ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთი თუ არ არის მოქცეული იურიდიულად დადგენილ საზღვრებში, ეს არ არის არც ნატალიას და არც ივერის ბრალი.
_ ეს მონაკვეთი 1995 წლიდან არის სადავო, მაგრამ ივერიც და ნატალიაც ახლა დაიჭირეს…
_ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს იყო მთავარი აქცენტი, რომ ამ დროს დაწყებულიყო საქმის განხილვა. პოლიტიკური კონტექსტი თავიდანვე შეიძინა ამ საქმემ. დღეს გაიძახიან, ნუ ახდენთ ამ საქმის პოლიტიზებასო და ამ დროს თავადვე მათ მოახდინეს საქმის პოლიტიზება, როდესაც წინასაარჩევნოდ წამოწიეს საკითხი და გმირად მონათლეს დავით ხიდაშელი. მეტიც: როდესაც ივანიშვილი თავის ე.წ. ანდერძს ტოვებდა, იქაც კი ამ საქმეზე იყო გარკვეული აქცენტი გაკეთებული. დღეს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დასრულებული აქვთ და მზად არიან, სასამართლოში წარადგინონ მტკიცებულებები. ბრალში ჩნდება რამდენიმე სიტყვა, _ ზემდგომი პირების დავალებითო. ხომ ხვდებით, ვისი სურვილიც იყო ეს ყველაფერი? იყო დაინტერესება, რომ კონკრეტულ პირებამდე მისულიყვნენ და ეს ორი კარტოგრაფი განტევების ვაცებად გამოეყენებინათ. ორივეს უმძიმეს ბრალდებას უყენებენ, რომელსაც ადამიანი ასე მარტივად ვერ შეეგუება და მთელი ცხოვრება ამ იარლიყით ვერ ივლის.
_ მოქმედების გეგმა როგორი გაქვთ?
_ 10 თებერვალს სასამართლოზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპს გავივლით… მოკლედ, მთავარი წინ გვაქვს.
_ ნატალია ილიჩოვას ადვოკატობის გარდა თქვენ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ბრძანდებით. თქვენი აზერბაიჯენელი კოლეგები არ დაგკავშირებიან? მათი აზრი როგორია ამ თემასთან მიმართებით?
_ ასეთი სახის კომუნიკაცია არ შემდგარა. რაც არ უნდა იყოს, ვფრთხილობთ, სენსიტიური თემაა და ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას, რაც ქვეყნის მომავალზე აისახება. ის, რომ პროკურატურა არ ფრთხილობს, არ ნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემაც იგივე ნაბიჯი უნდა გადადგას.
_ როგორ გრძნობს თავს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი?
_ ძალიან კარგად, იმედიანად არის. რაც მთავარია, დარწმუნებულია თავის უდანაშაულობაში და ბევრად უფრო თამამად ვარო.

და მაინც, სად გადის საქართველო-აზერბაიჯანის ისტორიული საზღვარი დავითგარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე? ამ საკითხის შესახებ „ქრონიკა+“ ისტორიკოსს ლაშა ბაქრაძეს გაესაუბრა:

_ ბატონო ლაშა, ისტორიული კუთხით როგორ არის _ სად გადის სამონასტრო კომპლექსის საზღვარი?
_ თქვენ კი არა, ვერავინ გაიგო. ეს თემა რწმენის საკითხად იქცა _ მჯერა თუ არ მჯერა! უმჯობესია, აქ „ისტორიულად“ ტერმინი დავივიწყოთ, რადგან ზოგადად ის არასწორად იხმარება ქართულში.
_ ეს როგორ?
_ გააჩნია, რა პერიოდზე ვსაუბრობთ. თუ ვსაუბრობთ შუა საუკუნეებზე, საზღვარი სხვაგან გადის, ანტიკურ ეპოქაში _ სხვაგან, დამოუკიდებლობის პერიოდში _ სხვაგან გადის, როცა ვლაპარაკობთ კომუნისტურ პერიოდზე _ იქაც იცვლებოდა რაღაცები… ასე რომ, ეს ცნება არ არის მუდმივი კონსტატაცია და ისტორიულის ხმარება უკვე არასწორია.
_ დღეს რა ხდება, ბ-ნო ლაშა?
_ ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის მოლაპარაკების საგანი. კომუნისტებმა გადაწიეს საზღვარი და რომელსაც მე მინდა, იმ რუკას ვიხმარ, ასე არ არის. აქ ორ ქვეყანას შორის უნდა მოხდეს მოლაპარაკება და დადგინდეს საზღვრები 1938 წლის რუკების მიხედვით.
_ ეს რუკები ხარვეზიანიაო, კარტოგრაფები ამბობენ…
_ ამ რუკებს აქვთ სხვადასხვა მასშტაბი. რასაკვირველია, რაც უფრო დიდია მასშტაბი, მით უფრო ზუსტად ჩანს, სად უნდა გადიოდეს საზღვარი, მაგრამ ზოგიერთი რუკა არის არაზუსტი, როგორც ამბობენ და ზოგიერთი არის უფრო ზუსტი. ამიტომაა, როდესაც ორი მხარე მოლაპარაკებებზე მიდის, უნდა ავიღოთ ისეთი რუკები, რომელზედაც ორივე მხარე თანხმდება.
_ მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეთანხმდნენ და 30 წელი დაუსრულებელი მოლაპარაკების საგანია…
_ ის, რომ 1938 წლის რუკები ხარვეზიანია, ამას ჩვენი ახლად დადანაშაულებული ივერი ამბობს, ხომ?! ჩემი აზრით, ეს მარტივად მოსაგვარებელი თემაა.
_ სამი ათეული წელი ორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა ვერ მოაგვარეს და გვითხარით რეცეპტი…
_ რუკა ხარვეზიანია თუ არა, ამას ნებისმიერი კარგი კარტოგრაფი გეტყვით. საქართველოში ჩვენ, როგორც ჩანს, არ გვყავს კარგი კარტოგრაფები ან ისეთი, რომელსაც ვენდობით. ჩამოვიყვანოთ ამ საქმის უცხოელი სპეციალისტი, ნეიტრალური ადამიანი. ანდა გავუგზავნოთ ასლები, ეს ხომ აღარ არის უკვე საიდუმლო? და მივიღებთ პასუხს, რუკაზე სწორად არის თუ არა დატანილი საზღვარი და აქვს თუ არა მას ცდომილება. აი, ეს იქნებოდა ყველაზე ლოგიკური ამ აბსოლუტური არაპროფესიონალების, არამცოდნეების, მკერდში მჯიღის მკვრელების მხილება. რადგან ჩვენ ხომ არ გვინდა, ურთიერთობა გავაფუჭოთ აზერბაიჯანთან. მაშასადამე, ერთი არის რუკები და მეორე _ ურთიერთობა. ორი წლის წინათ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვეძლო უდაბნოში მისვლა, დღეს _ არა… ანუ ამ ორ ქვეყანას შორის რუკების გარდა კიდევ უნდა შედგეს დიპლომატიურ დონეზე მოლაპარაკება. რუკა ხომ არ წყვეტს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას _ ჩვენ ხომ ორი სუვერენული ქვეყანა ვართ და შეგვიძლია რაღაცაზე მოვილაპარაკოთ. როდესაც ამბობენ, რომ აი, ჩვენ გვაქვს ის რუკა, რომელსაც მალავენ და სინამდვილეში არავინ მალავდა. ეს არის ტყუილი! უბრალოდ, თქვეს, რომ ის რუკა არ გამოდგება, იმიტომ რადგან აქვს ხარვეზები. თუ რუკას ხარვეზები აქვს, არსებობს მეორე გზა _ ვაჩვენოთ აზერბაიჯანელებს ეს რუკა, რომელიც, ალბათ, მათაც აქვთ და ვუთხრათ, რომ ამ რუკის მიხედვით მოვილაპარაკოთ. და მერე ვნახოთ, დათანხმდებიან ისინი ამას თუ _ არა? საზოგადოება ერთმანეთს არ უნდა დავაპირისპიროთ ვიღაც-ვიღაცების არაპროფესიონალიზმის გამო. უნდათ, რომ ამ იაფფასიან პატრიოტულ პროპაგანდას გადააყოლონ ქვეყანა. თუ ეს არ გამოგვადგება, ამ შემთხვევაში დიპლომატების გადასაწყვეტია, სად გაივლის საზღვარი.

თამარ როსტიაშვილი