დავით მიროტაძე: „მთავრობა გვეუბნება, ამოწყდითო!“

მართალია, „მუშკეტერები“ და ხელისუფლება გვიმტკციებს, ჭკუით თუ არ ვიქნებით, უფსკრულში გადავიჩეხებითო, მაგრამ ფაქტია – კორონის ახალი შემთხვევები იკლებს და, შესაბამისად, ხალხის მოთხოვნა, ლოკდაუნი მოიხსნასო, ლოგიკური და სამართლიანია… მაგრამ „ზეპურნი“ ქვეყნის გახსნას, მინიმუმ, პირველ მარტამდე არ აპირებენ. ამიტომაც ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ „მონობას“ პოლიტიკური სარჩული აქვს და მეტი არაფერი.

„ქრონიკა+“-სთან პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“  თავმჯდომარე დავით მიროტაძეც სწორედ ლოკდაუნის პოლიტიკურ ასპექტებზე  აკეთებს აქცენტს და ყველაფერ ამაში მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, გარკვეულწილად, ე.წ. ელიტურ ოპოზიციასაც ადანაშაულებს.

– „რეფორმატორები“ იყო ერთ-ერთი პირველი პარტია, რომელმაც ქვეყნის გახსნის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლა დააანონსა. დავით, გახსნის რა არგუმენტები გაქვს მაშინ, როცა სპეციალისტები ამბობენ, ამ შემთხვევაში „კუბოებს ვეღარ დავითვლითო“?

– მთავარი არგუმენტი შეზღუდვების ამ ფორმის არაეფექტიანობაა.

– ანუ?

– საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს, რის გამოც ავტომობილების მრავალჯერ გაზრდილი რაოდენობა და აბსოლუტურად არაკონტროლირებადი სიტუაცია მივიღეთ. მთელი დღის განმავლობაში ქალაქში ქუჩას ვერ ნახავთ, სადაც საცობი არაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ის ხალხი, ვისაც მანქანა ძირითადად შინ ეყენა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა, ახლა მანქანით დადის. ამას ემატება პატრულისა და ვიდეოჯარიმების შემცირებაც, ხშირად თვალის დახუჭვის ხარჯზე. პლუს, დაუშვეს მოძრაობა ე.წ. ბასლაინებზე და ტექდათვალიერების გაუვლელ ავტომობილებს დედლაინი გადაუწიეს, რაც ავტომანქანების მოძრაობას კიდევ უფრო უკონტროლოს ხდის. ამას უნდა დავამატოთ მთელი საქართველოდან ასობით გაჭირვებული ადამიანი, რომელიც თბილისში სატაქსაოდაა ჩამოსული.

ყველაფერი ეს მაშინ ხდება, როცა საკმაოდ ბევრი ობიექტი მუშაობს – მაგალითად, ხალხი შეუზღუდავად დადის სალონებში, სასურსათო მაღაზიებში… ყველამ ისიც კარგად ვიცით, ბევრი სამშენებლო და ელექროტექნიკის მაღაზია, ასევე სხვა სავაჭრო ობიექტიც მუშაობს. მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე ყველა მაღაზიაში ზის მისი მეპატრონე დაკეტილ კარში, დაუკაკუნებ, შეხვალ ჩვეულებრივ, იყიდი, რაც გინდა და მოდიხარ. თუ ვინიცობაა და დაცვა რამეს გკითხავს, ეტყვი ვინმეს სახელს, მაგალითად, „ოთარასთან მივდივარ“ და ისიც შეგიშვებს.

ასე რომ, რეალურად, არავინ აკონტროლებს, როგორ ვასრულებთ ე.წ. დისტანცირების რეგულაციებს.

ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა გაეჩერებინა, არამედ, პირიქით, მანქანები დაემატებინა, ტრანსპორტის სარგებლობისას მკაცრი რეგულაციები დაეწესებინა და მოსახლეობა საფრთხისგან დაეცვა, მაგრამ ხალხის უმრავლესობას, რომელსაც პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მხოლოდ ცხოვრების კი არა, სიცოცხლის უფლებაც წაართვა!

– ამას რატომ ამბობ?

– ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, რომელსაც  ყოველდღიური ლუკმა-პურის შოვნით გააქვს თავი, ხელისუფლება პირდაპირ ეუბნება, სახლებში დაწყდიო. მოსახლეობის ეს კატეგორია ვერ მიდის ექიმთან, მხოლოდ კოვიდი ხომ არაა პრობლემა?! – უამრავი სხვა დაავადებაც არსებობს, მაგრამ ადამიანებს ექიმის ფული არ გააჩნიათ და ამ დროს გვეუბნებიან, ტაქსით უნდა იმგზავროო.

მოკლედ, მთავრობა გვეუბნება, ამოწყდითო!

– ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხომ არ გეჩვენება, რომ ე.წ. მუშკეტერები პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ?

– რაც შეეხება „მუშკეტერებს“, მნიშვნელობა არ აქვს, მე რა მეჩვენება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სამ ბატონს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ ენდობა და ეს უნდობლობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იცი, რატომ? – ექიმებს, რომლებმაც უნდა დაარიგონ მოსახლეობა, აუხსნან, მიუთითონ და ასწავლონ ხალხს, ამ წუთისთვის კაცობრიობის ყველაზე დიდ საფრთხეს როგორ გაუმკლავდეს, ნდობა სრულიად დაკარგული აქვთ, რაც მოსახლეობის მხრიდან დაუმორჩილებლობისა და აუცილებელი რეგულაციების დარღვევის რისკებს აჩენს.

– მედალს, ცხადია, ორი მხარე აქვს და ამიტომ ასე დავსვათ საკითხი: რისთვის აწყობს „ოცნებას“ ჩაკეტილი ქვეყანა? ეს ხელისუფლებას ხომ უფრო ბევრ პრობლემას უქმნის?

– ვერ ვიტყოდი, რომ უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ყოველ შემთხვევაში, დღეს… თუმცა, ცხადია, ხვალ კატასტროფულ შედეგს მოიმკის. რისთვის აწყობს? – ამაზე საუბარი სპეკულაცია იქნება, მაგრამ შემიძლია, ცალსახად ვთქვა: ეს ხელისუფლება რით არის დაკავებული?! – კრიმინალით, ანუ ჩვეულებრივ მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ვიდრე ახერხებს მის შენარჩუნებას, თავდაუზოგავად ძარცვავს და აყაჩაღებს ქვეყანასა და მოსახლეობას!

ისინი არ არიან მმართველები, ისინი კრიმინალები არიან! სხედან და აკეთებენ ფულს ტენდერებით, ბინძური ბიზნესგარიგებებით, აბსურდში გაწერილი მილიონებით, უზარმაზარი ხელფასებითა თუ დანამატებით. შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში მეტ-ნაკლებად კომფორტულად გრძნობენ თავს. თუ მოსახლეობას  ნორმალურთან, ჩვეულთან მიახლოებული ცხოვრების საშუალებას მისცემენ, ცხადია, ის სახელმწიფოს მართვას შეძლებს, რაც „ოცნებას“ არც აინტერესებს და არც შეუძლია. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნა ხელისუფლებაში მის ყოფნის ვადას შეამცირებს.

– სხვათა შორის, 24 იანვარს, შეზღუდვების მოხსნის აქციაზე, მაინცდამაინც ბევრი ადამიანი არ გამოვიდა. ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ აქციაზე პოლიტიკოსებიც იყვნენ, ადამიანებს კი პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმი აქვთ?

– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, ესაა, მაგრამ დავაკონკრეტებ: პოლიტიკოსებისადმი ნიჰილიზმი და უნდობლობა იმ „ელიტური ოპოზიციის“ უმოქმედობით, უუნარობით, უპრინციპობითა და კარჩაკეტილობითაა გამოწვეული, რომელსაც სხვადასხვა რესურსი, მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი – მედია აქვს უზურპირებული!

აქვე უდიდეს მადლობას ვხუდი „ქრონიკა+“-სა და კიდევ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ მედიასა თუ ჟურნალისტს, რომელთაც, პარტიული მედიებისგან განსხვავებით, არ დაგივიწყებიათ პროფესიული საქმიანობა!

მოსახლეობის მხრიდან ოპოზიციისადმი უნდობლობას ისიც ემატება, რომ ეს აქციები უფრო სპონტანური და დაუგეგმავია. როცა ჩვენ, „რეფორმატორებმა“, აქციის აუცილებლობაზე განცხადება გავაკეთეთ, ყველა დაინტერესებული მოქალაქე და ორგანიზაცია მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, რომ აქციის ორგანიზებაში ჩართულიყვნენ.

– მერე?

– სოციალურ ქსელებში დაინტერესებული მოსახლეობის წერილებს  ვერ აუდივართ. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ამ მოთხოვნებზე საჭიროება და მზადყოფნა უზარმარია.

– ისე, შეზღუდვების მოხსნის საბაბით დაწყებული თუნდაც მცირერიცხოვანი პროსტეტი უფრო ფართომასშტაბიან აქციებში ხომ არ გადაიზრდება და საბოლოო მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები ხომ არ იქნება?

– ბოლო წლებში ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, ანუ ოპოზიცია, რომელსაც აღარ გააჩნია ისეთი მძლავრი პოლიტიკური რესურსი, რომ ძალიან ცუდი ხელისუფლება დაამარცხოს, ხელოვნურად შეეცადა, არაერთხელ შეექმნა ილუზია, რომ ეს უზურპატორები ხელისუფლებით ტკბობის ბოლო დღეებს ითვლიდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საერთოდ, პოლიტიკურ პროცესებს კონკრეტული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები კი არა, ხალხი – ქვეყნის მოსახლეობა ქმნის. მოსახლეობა ცვლილებებისთვის დღესაც მზადაა და გუშინაც მზად იყო, მაგრამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკოსი, ვინც მოსახლეობის ნებას განახორციელებდა. ამისთვის „ელიტური ოპოზიციის“ ერთ ე.წ. ლიდერსაც არ ეყო არც ინტელექტი, არც – პრინციპულობა და არც – გამბედაობა, თუმცა ეს რეალობა იმას არ ნიშნავს,  რომ ჩვენთვის ყველაფერი დამთავრებულია და არავის არაფერი შეუძლია! ჩვენ, „რეფორმატორები“, ყოველდღიურად ვიკრებთ ძალებს, ვეძებთ ღირსეულ, პრინციპულ, არაკომპრომეტირებულ ადამიანებს და ვცდილობთ, ისინი დავარწმუნოთ, ჩვენი გუნდის ნაწილი გახდნენ. ასე რომ, ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით და საქმესაც გავაკეთებთ!

მაშინ, როდესაც ქვეყნის მტრებმა, კაპიტულანტებმა, არჩევნები, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან აგაცალეს, ხელისუფლება მიისაკუთრეს, დაგამცირეს, ღირსება აგყარეს, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოაქციეს (რა ფორმითაც არსებობს, მხოლოდ ივანიშვილის ხუშტურებისა და კრემლის ამოცანების შესრულება აკისრია, თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას რუსული აგენტურა მართავს), ეკონომიკა არ გაქვს, ხალხი შიმშილით იხოცება და შენ, ოპოზიციის „ღირსეული ლიდერი“, ორთვიან საახალწლო ქეიფსა თუ არაფრისკეთებას გადაყვები, ეს რაზე მეტყველებს?!

– რაზე?

– ყველაფერი ეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე მეტყველებს, რაზედაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ვსაუბრობ – ამ „ელიტურ“ ოპოზიციას პოლიტიკური რესურსი აღარ გააჩნია, პოლიტიკურად სულს ღაფავს, მაგრამ ძლიერი ოპოზიციური ლიდერის სტატუსს ხელოვნურად ინარჩუნებს!

– ნაგვის ინციდენტსაც შევეხოთ, ეს „ოცნების“ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს?

– აბსოლუტურად შესაფერისი სახელია – „ნაგვის ინციდენტი“. ეს ისაა, რაც ზუსტად გამოხატავს არსებული პოლიტიკური კლასის სახეს, სახელსა და ადგილს!

– ისე, დავით, 31 ოქტომბრისგან  რატომ ვერ ვისწავლეთ ჭკუა?

– ჭკუის მსწავლელ პოლიტიკოსებს ჭკუა, მინიმუმ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ უნდა ესწავლათ! ხალხს კი ჭკუა საკმარისად აქვს და მეტიც, ხალხი ბრძენია!

– რა იქნება გაზაფხულზე?

– იმედია, გაზაფხული დადგება და… იქნება ის, რასაც ხალხი გადაწყვეტს. თუ იმას მეკითხები, ცვლილებები როდის დაიწყება, გიპასუხებ: ცვლილებები მაშინ დაიწყება, როდესაც პრინციპულ და ღირსეულ ადამიანებს, რომელთა მთავარი ღირებულება სამშობლოს სიყვარულია, შესაძლებლობა მიეცემათ, ქართველი ხალხის სურვილის აღსრულებაში მედროშის ფუნქცია იკისრონ!

– ვის აწყობს ახალი არჩევნები – ძლიერ ოპოზიციურ ძალებს, „ოცნებას“ თუ ორივეს ერთად?

– არც ერთს! 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ვამბობდი, არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება არსებითი მნიშვნელობა, თუ 31 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკაში ახალ, „ელიტური ოპოზიციის“ მიღმა მყოფ პოლიტიკურ ძალებს შემოიყვანს-მეთქი, თუმცა ყველამ კარგად ვნახეთ, რა როგორც მოხდა და, პრაქტიკულად, არჩევნების შედეგები, უბრალოდ, გადაიწერა. ამას მოჰყვა შეცდომების კასკადი იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც კობახიძემ თუ ივანიშვილმა გაუფორმა პარლამენტარობა და მთელი ეს ოპოზიციური ნაწილი დღემდე ამ შეცდომების მორევში მოქმედებს თუ უმოქმედოდაა. ყველაფერ ამით კი, ცხადია, კარგად იხეირა „ქართულმა ოცნებამ“.

– შენც არ გჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა?

– მერწმუნე, ივანიშვილის ყოფნას, როგორც იყო ან წასვლას, როგორც წავიდა და სხვა მის „მოძრაობას“, როგორიც უნდა იყოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის აწმყოსა და მომავლისთვის მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს! დღეს მთავარია, სად ვართ ჩვენ, ხალხი?! როგორც კი ჩვენ – მე, თქვენ და მთელი საქართველო დავდგებით საკადრისს პოზიციაზე, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტების ხსენებაც აღარ იქნება!

გიორგი აბაშიძე