ბათუმში ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში  ბათუმში საზოგადოება „ბათომის“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი  კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ზღვისპირა პარკის ჩაბეტონებას ეწინააღმდეგებიან.

მათივე თქმით, ბათუმის ბულვარის გულში, ცენტრალურ შადრევნებთან, „ამბასადორმა“ მავალსართულიანი შენობის ჩადგმა განიზრახა. 

შეგახსენებთ: აჭარის მთავრობამ  21 იანვარს პროექტს თანხმობა მისცა. ბულვარში ცათამბჯენი ბალნეოლოგიური საავადმყოფოს ნაცვლად შენდება, რომელიც ე.წ. ინვესტორმა  წლების წინათ უკანონოდ დაანგრია.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტომ კი მაშინ „ამბასადორს“ სამსართულიანი შენობის აგებაზე თანხმობა მისცა.   კომპანიამ, ძველი ბულვარის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას,  თვითნებურად  ჩაასხა  ღრმა საძირკველი და ცათამბჯენის ჩადგმა განიზრახა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინათ  მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ბათუმელებს დაჰპირდა, რომ „ამბასადორი“ ბულვარში ცათამბჯენს ვერ ააშენებდა, მან პირობა დაარღვია. 

ერთი წლის თავზე, თორნიკე რიჟვაძის დაქვემდებარებაში არსებულმა საბჭომ, ბულვარში ცათამბჯენის პროექტი მოიწონა.

„ყველაფერი არის ღია და ცხადი. ნებართვა იყო გაცემული სამ სართულზე მანსარდით, უკვე ოთხი სართულია აშენებული, დარღვეულია კანონი. რეალურად, თუ ჩვენი სახელმწიფო შემდგარია, ეს ადამიანი უნდა ჯარიმდებოდეს და საუბარი უნდა იყოს მეოთხე სართულის მოხსნაზე, მაგრამ ვხედავთ საპირისპიროს.

ბათუმის აქტიური მოქალაქეები დიდი ხანია, სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, თვითმმართველობაშიც, აპროტესტებდნენ ამ პროცესს. იცით, რომ ბულვარის რეკრეაციული ზონისთვის დოკუმენტს ქმნიან, 400 ათასია დახარჯული და ამის პარალელურად ნებართვებს გასცემენ.

მინდა, ხაზი გავუსვადა ყველამ იცოდეს: ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, პროცესი არ დამთავრებულა  და  მშენებლობა მაინც მიმდინარეობს, რაც იმას ადასტურებს, რომ აქ დიდი ფულის პატრონებს აღარ სჭირდებათ ნებართვა. სახელმწიფოს მართავენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებსაც დიდი ფული აქვთ.

ქალაქი აპირებს თავისი სივრცის დაცვას ყველა იმ სამართლებრივი ფორმით, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ბათუმმა“, – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ წევრმა, ირმა ზოიძემ.

ზეინებ დიასამიძე კი აცხადებს:

„ვეწინააღმდეგებით ძველი ბულვარის ხელყოფას. 5 წლის წინათ ვიბრძოლეთ და ვიომეთ ბულვარისთვის და ნგრევას გადავარჩინეთ იგი, დღეს კი ახალი პრობლემებით წარდგნენ ჩვენ წინაშე.

მეორე ხეივანში, ცენტარლურ ძველ ბულვარში,  16-სართულიანი შენობა შენდება და ამას დასტურს აძლევს ძეგლთა დაცვის სააგენტო. ეს წარმოუდგენელი ფაქტია! ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ მშენებლობა შევაჩეროთ. ყველა პასუხისმგებელ პირს, რომელიც ხელს აწერს მშენებლობის ნებართვას და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, უკლებლივ მოვთხოვთ: ან გამოასწრონ მათი დაშვებული შეცდომა, ან  სხვანაირად დაველაპარაკებით“.

ხვიჩა მამულაძე