ლიფტი კარის გარეშე, ეტლებით მოგრიალე შშმ პირები და გონებადაკარგული ბავშვი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ცენტრებში ჩატარებული კვლევის შედეგად დიდად საამაყო შედეგი ვერ დაიდო. მთელი რიგი დარღვევები  გამოიკვეთა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღის ცენტრების ნაწილი ვერ ასრულებს სახელმწიფო პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს. მაგალითად, დასაქმებულ პირებს არ აქვთ ინფორმაცია შშმ პირის მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის გამოვლენის მექანიზმებზე, არ იციან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. მეტიც: ისინი არ იყენებენ ამ პროცედურებს.კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით გამოიკვეთა, რომ ზოგ შემთხვევაში დღის ცენტრის პერსონალი განზრახ მალავს ძალადობის ფაქტებს. ეს ძირითადად იმ დღის ცენტრებში ხდება, რომლებიც პატარა ზომის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ერთმანეთს იცნობს. ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის პირზე დიდ სირცხვილად აღიქმება და, შესაბამისად, დაბის ან სოფლის მკვიდრის რეპუტაციას ასე „უფრთხილდებიან“. ანუ თავს არიდებენ პოტენციურ მოძალადესთან შემდგომ დაპირისპირებას. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად კი მნიშვნელოვნად ილახება ბენეფიციართა უფლებები.მცხეთის დღის ცენტრ „მომავლის რწმენაში“ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარები, გართობის მიზნით, ეტლით მოსარგებლეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაატარებდნენ შენობაში. უნდოდათ თუ არა ეტლით მოსარგებლეებს, სისტემატურად და სხვა ბენეფიცირების ყიჟინის ქვეშ, მათ დააგრიალებდნენ ცენტრის ოთახებში. აქვე გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ბენეფიციართა შორის ფიზიკური კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა გონება დაკარგა და თავის ტრავმა მიიღო. ეს შემთხვევები არ აღურიცხავთ და ძალადობის ფაქტების რეგისტრაცია არსად ფიგურირებს.

საჩხერის დღის ცენტრში („საქართველოს ყრუთა კავშირის ფილიალი“) იმყოფებოდა ბავშვი ცერებრული დამბლის დიაგნოზით. მას ესაჭიროებოდა სამედიცინო ჩარევა და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე გადაადგილების დამხმარე საშუალება – ეტლი. ამ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტთან დაკავშირებით დღის ცენტრს არ მოუხდენია რეაგირება და არც შემთხვევა აღურიცხავს.

ბათუმის დღის ცენტრ „თანაში“ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარი მშობლებს ექიმთან არ მიჰყავდათ სმენის აპარატის მოსარგებად, პედაგოგთა მითითებებს კი აგრესიით პასუხობდნენ. ამის გამო ბავშვი ნერვიული გახდა, რამაც მის გონებრივ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი.

თბილისის დღის ცენტრ „აისში“ ძალადობის შესახებ ჟურნალში აღწერილია ფაქტი, რომ ბავშვი დაზიანებებით მივიდა დღის ცენტრში, კერძოდ, მას აღენიშნებოდა ჩალურჯებები, ანუ  იმ ტიპის ნიშნები, რომელიც, ძირითადად, ცემის  დროს ჩნდება. მშობელმა ეს წაქცევას დააბრალა, მაგრამ ჩანაწერშივე ჩანს, რომ აღნიშნული განმარტება არადამაჯერებელი იყო, რადგან დაზიანებები ძალადობაზე მიუთითებდა. ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

ხონის დღის ცენტრ „თანადგომაში“ ერთ-ერთი სმენადაქვეითებული ბენეფიციარი მშობელს არ დაჰყავდა სკოლაში, რადგან შვილის რცხვენოდა. სტიგმის გამო ზიანდებოდა ბავშვი, რომელიც საკმაოდ აქტიური და გონებრივად ძალიან განვითარებული გახლდათ. დღის ცენტრის ჟურნალში ამის შესახებ ჩანაწერი ვერ მოიძებნა.

დღის ცენტრებში: „თებე“ (ბორჯომი), „მომავალი“ (კასპი), „ლამპარი“ (სამტრედია) და „საპოვნელა“ (თერჯოლა), თბილისის დღის ცენტრ „ანიკაში“ ბენეფიციარები აცხადებენ, რომ მათ მიმართ სკოლაში ბულინგისა და ჩაგვრის შემთხვევები ხშირია, თუმცა როდესაც ამის შესახებ ყვებიან, დღის ცენტრები ამგვარ ფაქტებს არ აღწერენ და მათზე არ რეაგირებენ.

დღის ცენტრ „გურიაში“, მართალია, ლიფტი მუშაობს, მაგრამ მას კარი არ აქვს. არადა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეა საუბარი, რომელთაც თავისი წარმოდგენა აქვთ უსაფრთხოების წესების დაცვაზე, ის  სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომლებიც ლიფტით სარგებლობენ.

ლიფტი საერთოდ არ არის დამონტაჟებული რუსთავში მდებარე დღის ცენტრ „გენში“, რომლის შენობაც სამსართულიანია. ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს გადაადგილებაში მშობლები და ასისტენტები ეხმარებიან.

ამ ყველაფერში კარგი ის არის, რომ დღის ცენტრების უმეტესობა ორჯერადი კვებით უზრუნველყოფს ბენეფიციარებს. იყო შემთხვევები, სადაც ბენეფიციარებს საკვები მიეწოდებოდათ სამჯერადად. როგორც ისინი ამბობენ, საკვებით კმაყოფილები არიან. სამაგიეროდ, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს შშმ პირებთან მომუშავე კადრების ხელფასის საკითხი. ეს ანაზღაურება არანაირად  შეესაბამება იმ დატვირთვას, რაც მათ სამუშაო სპეციფიკას ახლავს თან. შედეგად, დღის ცენტრებიდან კვალიფიციური კადრი გაედინება და ამ მცირე ხელფასის გამო შესაბამისი სპეციალისტების მოძიება ჭირს. დღის ცენტრებში სხვა პერსონალის  (ადმინისტრაცია, ბუღალტერი, სასადილოს პერსონალი და ა.შ.) სახელფასო ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე – ბენეფიციარებთან მომუშავეების.

თამარ როსტიაშვილი