რესტორნის დირექტორი: „მოგვცენ ნება, ვიცხოვროთ!“

ის, რომ ქვეყანას აღარც დედა ჰყავს და აღარც – მამა, მხოლოდ ჩვენ, რიგითმა ანუ, როგორც პაატა იმნაძე იტყოდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა კი არა, მათაც შესანიშნავად იციან, ვისაც მოსახლეობაზე ზრუნვა ევალება, მაგრამ ისინი, ე. ი., „ქოცზეპურნი“, ძალაუფლებას საზრუნავად კი არა, ხალხის დასამონებლად იყენებენ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ეს გადაჭარბებული შეფასებააო, მაგრამ ფაქტებით ვიმსჯელოთ: კი ბატონო, გასაგებია, რომ მსოფლიოში პანდემიაა და უპირველესი გახლავთ ადამიანის სიცოცხლე. ამ ლოგიკით, ლოკდაუნი და ეკონომიკის ჩარაზვაც შეიძლება, გამართლებულია, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. კერძოდ: თითქმის ერთწლიან ჩაკეტვას ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებიც ვერ უმკლავდებიან და საქართველო, სადაც ასი კი არა, ერთი ქარხანაც არ გუგუნებს, ამ ჩაკეტვას როგორ გაუძლებს? „ქოცები“ გვამადლიან, აი, 200-ლარიან დახმარებას ხომ გაძლევთო, მაგრამ იმ ფონზე, როცა ლარი გაუფასურებულია და პროდუქტი – გაძვირებული, ეს 200 ლარი ჩვეულებრივი დაცინვაა და მეტი არაფერი!

ჰოდა, ყველფერ ამის ფონზე ვიგებთ, რომ დაპირება არ შესრულდება და პირველი თებერვლიდან არც ტრანსპორტი ამუშავდება, არც ბარ-რესტორნები გაიხსნება და კომენდანტის საათიც პირველ მარტამდე იმოქმედებს. პირველ მარტამდე შორია და… სანამ გაზაფხული მოვა, პრობლემას პრობლემა დაემატება და ბიზნესების უმეტესობა სამუდამოდ გაკოტრდება. ამ მხრივ კი, როგორც ირკვევა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სარესტორნო ბიზნესია.

„მოგვცენ ნება, ვიცხოვროთ“, – ამბობს „ქრონიკა+“-სთან რესტორან „ლაზიკის“ დირექტორი, პაატა ნეფარიძე.

–  პაატა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან აჭარაში სარესტორნო ბიზნესი ნაწილობრივ, ანუ ღია სივრცეში ამუშავდება, დანარჩენ საქართველოში კი – არა. ამ დიფერენციაციას რით ხსნით?

– ამის ობიექტურად გაგება მიჭირს. საერთოდ, ასეთი ხელოვნური პრივილეგიები სარესტორნო ბიზნესში კონკურენციას დიდ ზიანს აყენებს.

– ანუ?

–  ღია და დახურული რესტორნების გამორჩევით ,,კლიენტურის ბაზა“  იმ რესტორნების სასარგებლოდ გაედინება, რომლებიც პირველი  გაიხსნება. ეს მაშინაც კარგად გამოჩნდა, როცა ასეთი გადაწყვეტილება პირველად მიიღეს.

– სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დიდი ხანია, ხელისუფლებას უმტკიცებენ, რომ ესა თუ ის ე.წ. საზკვების ობიექტი ვირუსის გავრცელების წყარო არაა, მაგრამ ხელისუფლება მაინც საწინააღმდეგოს ამტკციებს. მმართველი გუნდი და იგივე ეპიდემიოლოგები რატომ არ გისმენენ?

– მოსაზრებას, რომ სარესტორნო ბიზნესი პანდემიის გავრცელების წყაროა, ვერ დავეთანხმები. მკაცრი კონტროლისა და წესების სრულფასოვნად დაცვით, ჩვენთან – რესტორან ,,ლაზიკაში“ – ინფიცირების ერთი შემთხვევაც არ აღრიცხულა. შესაბამისად, ობიექტი ვირუსის გავრცელების წყარო არ ყოფილა. თუ ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, ეს „სანიმუში მაგალითი“ ვერ იქნება.

ჩემი სუბიექტური ხედვით, უფრო გასაოცარი და უცნაური ისაა, რომ ისეთი ცენტრები იხსნება, სადაც დღეში ათასობით ადამიანი ცირკულირებს. რესტორნებს კი, სადაც ერთეული მაგიდების მომსახურება ბევრად  უსაფრთხოა, ზღუდავენ.

– თუ გაქვთ ინფორმაცია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სარესტორნო ბიზნესზე ჩვენი მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს?

– ასეთი ქვეყნები არის და 25 იანვრიდან მათ რიცხვს უკრაინაც უერთდება, თუმცა მაგალითები უნდა გადმოვიღოთ ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლის გაანალიზებით.

– რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს რესტორანს, პირველი და მეორე ლოკდაუნის ზარალი დიდი იყო?

– ამდენმა გახსნა-დაკეტვამ, ამდენმა ,,დასაწყისმა“ და ,,დასასრულმა“, თან რეცესიის პირობებში, როცა აქტივობა ასეთი დაბალია, ეს სფერო წლობით დააზარალა.

8-თვიანი მძიმე ფინანსური ზარალის ბუნებრივ ნიშნულამდე დაბრუნებასა და საბანკო ვალდებულებების გასწორებას (რეცესიის პერიოდებში დამატებით მოძიება ხდებოდა), მინიმუმ, 2 წელი დასჭირდება.

– რამდენი თანამშრომელი გყავდათ და რამდენი დაიტოვეთ?

– ჩვენი 17 თანამშრომლიდან ერთიც არ დაგვიტოვებია და ვერც ავანსს გავცემთ, რადგან ყველანაირი რესურსი ამოწურულია, მხოლოდ ,,ემოციური კვება“ და იმედია, რომ ეს სფერო მალე გაიხსნება და ათასობით ადამიანი ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება.

– მიტანის სერვისზე თუ გადახვედით და ამ სისტემამ გაამართლა?

– მიტანის სერვისი რესტორნის შემოსავლის მხოლოდ 2-5% -ია, ისიც მაშინ, როცა ობიექტი ფუნქციონირებს და კომუნალური ხარჯი, სხვა რიგით ხარჯებთან ერთად, „მიტანის სერვისის“ დასაფარი არაა. ამ მომსახურებით ბაზარი ისედაც გაჯერებულია და რომც დაიწყო ეს სერვისი, დამატებითი აქტივობა – რეკლამა და პიარი სჭირდება, რათა ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო. ეს კი მოკლე ვადაში „გადარჩენის“ კი არა, დამატებითი ფინანსური ზარალია.

– თუ პირველი მარტიდან შეზღუდვები თქვენზეც მოიხსნა, რამდენი ხანი დაგჭირდებათ ბიზნესის ასაწყობად?

– ბიზნესის აწყობა მარტივი ცნება არაა. ახლა ჩვენი ამოცანაა თანამშრომლების შენარჩუნება და არა – კომერციული სარგებელი, რადგან წარმატებული ბიზნესი კარგი გუნდის შედეგია.

რესტორნის პრესტიჟი და გაყიდვების მაჩვენებელი გუნდზეა დამოკიდებული, რომლის შეკვრაც მცირე დროში რთულია.

– პირველი ლოკდაუნის მერე რეგულაციები დაგიწესდათ. მაშინ თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ მეორე ტალღის დროს ისევ დაიკეტებოდით?

– არა, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ მიგვიღია. მთელი ეს 8-თვიანი პერიოდი გაურკვევლობა იყო და ყოველ თვე უფრო მეტი იმედი გვქონდა, რომ უკეთესობა იქნებოდა, თუმცა პირიქით ხდებოდა – სიტუაცია დღითი დღე მძიმდებოდა და ეს ,,გაურკვევლობის ეფექტი“ გვაიძულებდა, ბოლომდე გავყოლოდით კრიზისულ მართვას, რაც კომერციულად დიდი ზიანის მომტანია.

–  რა გაქვთ სათქმელი ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებთან?

– ჩვენი, ყველას კეთილდღეობა ერთმანეთის წარმატებულ საქმიანობაზე გადის. ამ პანდემიის უმტკივნეულოდ გადატანა მეტი კომუნიკაციითა და თანამშრომლობით შეიძლება.

მოგვცენ ნება, ვიცხოვროთ და ვიმსახუროთ შესაბამისი ავთენტიკური რეგულაციების დაცვით და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკასა და გამოცოცხლებაში.

–  ისე, პაატა, ქვეყნიდან წასვლას ხომ არ ფიქრობთ და, საერთოდ, დღეს თქვენი შემოსავალი რა არის?

– ქვეყნიდან წასვლა უკიდურესი გამოსავალია, როცა იცი, რომ  უკან დასაბრუნებელი გზა ბევრად გრძელია, ვიდრე – წასასვლელი.

– მთავრობის სუბსიდირება არ შეგეხოთ?

– სამწუხაროდ, ეს დახმარებები რეალობასთან შეუსაბამოა და იმ პრობლემებსაც ვერ სწვდება, რაც „იძულებითმა უსაქმურობამ“ გამოიწვია.

სოციალური არტახები უფრო და უფრო მაგრად ეჭირება და ეს კრიზისი გაცილებით ღრმაა, ვიდრე  ერთი შეხედვით ჩანს!

გიორგი აბაშიძე