პირველ მარტამდე საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ იმოქმედებს

პირველ მარტამდე საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს.

როგორც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

რაც შეეხება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებას, მაია ცქიტიშვილის თქმით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე აჭარაში 1-ლი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცე-პრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა პირველ მარტამდე არ აპირებს. ამ ქალაქებში პირველი თებერვლიდან მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

საბავშვო ბაღების აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან.

ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ასევე სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.

ნენე ინჯგია