„ხმა არ ამოიღოთ, თორემ ყველას ამოგძურყნით!“ – მედპერსონალის მასშტაბური ტერორი „ჩხობაძის კლინიკაში“

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“  2013 წელს დაარსდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ცენტრი მოიცავს 8 რეგიონს, მართავს 17 სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს 17 ქალაქში (ასპინძა, დედოფლისწყარო, ლანჩხუთი, ლენტეხი, ქარელი, ჩოხატაური, ხარაგაული, ცაგერი, გუდაური, ყაზბეგი, ონი, თიანეთი, თეთრი წყარო, წალკა, ბორითი, ამბროლაური, ბაკურიანი). ცენტრი ეწევა სტაციონარულ, ამბულატორიულ, რეფერალურ მომსახურებას.

ცენტრის ხელმძღვანელია ნუგზარ ბოლქვაძე, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალი არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. საუბარია ქუთაისის ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრზე“, სადაც თანამშრომლები ისე არიან დაშინებულები, რომ მათი თხოვნით, სახელებსა და გვარებს არ ვასახელებთ.

ინკოგნიტო თანამშრომელი:

_ პრობლემები ჩვენს კლინიკაში  მას მერე დაიწყო, რაც მართვაში შემოვიდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ნუგზარ ბოლქვაძის თავმჯდომარეობით. იქიდან მოყოლებული უკვე ხელფასებს სისტემატურად აგვიანებდნენ, გვლანძღავდნენ, გვამცირებდნენ, სამსახურიდან გაგდებით გვემუქრებოდნენ. ერთი ცალი ნათურა რომ დაგვჭირდეს, თბილისმა უნდა გაიგოს, რომ გამოგვიგზავნოს. ჩვენ უფლება არ გვაქვს, გავიდეთ და ვიყიდოთ. მაშინ საკუთარი ჯიბის ფული უნდა დავხარჯოთ. ბოლქვაძემ ბუღალტერია მთლიანად თბილისში გადაიტანა  და ისე განკარგავს იქიდან, როგორც მოესურვება.

_ ხელფასების დაგვიანება მმართველობის შეცვლის შემდეგ დაიწყო?

_ დიახ. ხელფასს მანამდე რომ ვიღებდით ყოველ 5 რიცხვში, ახლა სამი კვირა ვსხედვართ და ველოდებით. უფროსობამ გვითხრა, სამაგიეროდ, ხელფასები მოგიმატეთო, მაგრამ მომატებული ხელფასი ჩვენ არ ვიცით, როგორია – არ ჩაგვრიცხვია. 40 პაციენტზე მუშაობდა ერთი ექთანი, ერთი დამხმარე და ერთი დამლაგებელი. უმეტესობა ჩვენგანი დაინფიცირდა და ასე ვმუშაობდით. როდესაც ხელფასი მოვითხოვეთ, ნუგზარ ბოლქვაძემ შემოგვითვალა, ვისაც არ მოგწონთ, მიბრძანდითო. ვუთხარით, – მაშინ მთავრობას მივმართავთო და მე ვარ თქვენი მთავრობაო. მერე ერთი უხეში სიტყვა გვითხრა: – ხმა არ ამოიღოთ, თორემ ამოგძურყნით სუყველასო.

_ ასე თავად ნუგზარ ბოლქვაძემ გამოგიცხადათ?

_ დიახ, მისი სიტყვებია! აქა ვდგავარ და ძვრას ვერ მიზამთო. რა ვქნათ ჩვენ, რომელთა უკანაც ოჯახები დგას? იქნებ, გვიშველოთ რამე – ამ დღეში მარტო ჩვენ არ ვართ. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს 16 კლინიკა აბარია, მათ შორის, ლენტეხის, ამბროლაურის, ბორითის, ხარაგაულისა და ა.შ. ყველგან იგივე პრობლემებია – არაადამიანური მოპყრობა და ხელფასების დაგვიანება. ლენტეხისა და ვანის საავადმყოფოს ექიმები გაფიცულები იყვნენ. იქ საერთოდ ოქტომბრის ხელფასების ჩარიცხვას ელოდებიან, ჩვენ – ნოემბრის. ვის არ მივმართეთ – „ოცნების“ შტაბშიც ვიყავით, მაგრამ უშედეგოდ. არავის აინტერესებს, რა აპარატურა გაიტანა და შემოიტანა აქ ხელმძღვანელმა. ახალი აპარატი გვქონდა და ისიც თბილისში წაიღო. „კატე“ მოიტანა ძველი და მეორადი.

_ კლინიკის დირექტორი რას გეუბნებათ?

_ გვეუბნება, რომ ახლა ავიღებთ ნოემბრის  ხელფასს და ეს იქნება თურმე მომატებული, მაგრამ რამდენია  მომატებული, კაციშვილმა არ იცის. როცა ვეკითხებით, ხომ არ უნდა მოვაწეროთ ხელი რამეს ანდა ხელშეკრულებაში  ჩაგვიწერონ, გვპასუხობენ, რომ ხელი არაფერზე გაქვთ მოსაწერი, სახელმწიფო ბრძანება არისო. ამ დროს, როდესაც სახელმწიფომ პრემიები გამოყო  ჩვენთვის და მოვითხოვეთ, ბოლქვაძემ გვითხრა, – რას მოითხოვთ, რამე დოკუმენტზე გაქვთ ხელი მოწერილიო? აი, ამით დაგვიჭირა და ვეღარ მოვითხოვეთ  პრემია, რასაც მანამდე თვითონ იყო შეპირებული. როცა მომუშავე პერსონალი კოვიდით დავინფიცირდით, ერთი წერილი არავის მოუწერია, – მადლობა თქვენ, დაინფიცირებულები რომ მუშაობთო. გადასხმას გავიკეთებდით და გამოვდიოდით, რათა პაციენტებს მოვმსახურებოდით.  მედპერსოანალი იმიტომ დაინფიცირდა, რომ შესაბამისი აღჭურვილობა  არ გვქონდა. მერე მოიტანეს, მაგრამ დოლბანდისთვის  ან საპნისთვის თბილისს ვუკავშირდებით და ყვირილისა და ჩხუბის მერე ჩამოდის ორი კვირის განმავლობაში.  პაციენტს პალატაში ცხელი წყალი არ აქვს, რომ ჩაი დალიოს,  ამიტომ ჩვენი მადუღარები გვაქვს, რომ წყალი მოიდუღონ. ვიმეორებ: დაავადებული მედპერსონალი გადასხმებს ჯერ ჩვენ ვიკეთებდით და მერე სართულებზე ვნაწილდებოდით.  ჩვენს გაჭირვებაზე კი ნუგზარ ბოლქვაძისგან პასუხი ერთი იყო:  – ვინც არ გაჩერდება, ყველა წავა სახლშიო!  ამ კაცის წინააღმდეგ ვიბრძვით მაისის შემდეგ, მაგრამ ვერსად მივაღწიეთ სამართალს. ძირითადი მოთხოვნაა, რომ დაგვანებოს თავი ბოლქვაძემ, ხომ შეიძლება.

ლედი ტუკვაძე _ ცნობილი ადვოკატი, რომელიც კოვიდინფიცირებულია და აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობს. მას პერსონალმა თავისი პრობლემებით მიმართა:

_ კლინიკის თანამშრომლები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. პირადად დავურეკე ნუგზარ ბოლქვაძეს და ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის სირცხვილი, როდესაც საკუთარ თანამშრომლებს ასეთ არაადამიანურ პირობებში ამყოფებ. ყველა ჩემს ბრალდებაზე მისი პასუხი იყო: – ტყუილიაო! ამ კაცს ეს ერთი პასუხი აქვს მხოლოდ. ძალიან მტკივა გული კლინიკის მედპერსონალზე – არაჩვეულებრივი ხალხია. მაგრამ ამათ რა ქნან – გუშინ გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრამა ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოშვებული აპარატით. ნებისმიერი მოთხოვნა, რომ პაციენტს  სჭირდება მკურნალობა, მთავრდება ნუგზარ ბოლქვაძის სკანდალით. ვინ ჰყავს ასეთი მფარველი მას, რომ ამდენი ხნის ომი მასთან უშედეგოდ მთავრდება?!

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ  შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრის“ დირექტორ გიორგი სანდუხაძეს:

– ბატონო გიორგი, საიდან წარმოიქმნა სახელფასო დავალიანების პრობლემა, რომელიც კლინიკის მართველობაში ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის მოსვლას უკავშირდება? ნუგზარ ბოლქვაძე მართლა ემუქრება მედპერსონალს – ამოგძირკვავთ, ძვრას ვერ მიზამთ და ეგეთი ტერმინებით?

_ ჩემი გვარი სანდუხაძეა და ბოლქვაძეს უნდა მიმართოთ.

_ ხელმძღვანელობას ვუკავშირდებით, როგორც წესი, ბატონო გიორგი, რომელიც თქვენ ხართ…

_ მე არ მითქვამს ასეთი სიტყვები. 6 თვეა, რაც ვმუშაობ და სახელფასო დავალიანება გრძელდება წელიწად-ნახევარია.

_ რისი ბრალია დავალიანების წარმოქმნა?

_ ეს თემა ყველგან არის. კერძო დაწესებულებები ოვერდრაფტებით ახერხებენ ხელფასის გაცემას და ჩვენ სახელმწიფო დაწესებულებას ამის ფუფუნება არ გვაქვს. მაგრამ, თვე არ ჩაგვიგდია.

_ როგორ? 2020 წლის ნოემბრის ხელფასს ახლა იღებენ –  2021 წლის იანვარში…

_ გასაგებია, რომ არასასიამოვნო ფაქტია.

_ დამამცირებელი მოპყრობა ამ ხალხის მთავარი პრეტენზიაა…

_ ეს კითხვა ჩემთან არ არის.

_ ყველა დეტალზე – საპნისა და ნათურის ყიდვაზეც კი თბილისთან უწევთ დაკავშირება, რაც დისკომფორტს ქმნის და კლინიკის გამართულ მუშაობას ხელს უშლის…

_ მაგაზეც  მიმდინარეობს მუშაობა, რომ  ეს პრობლემა გამოსწორდეს.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუას:

_ ჩვენს  ხელთ არსებული ინფორმაციით, „ჩხობაძის კლინიკის“ ექიმებს  ხელშეკრულებაში ჩადებული აქვთ თმენის ვალდებულება. ანუ ხელმძღვანელობამ 30 ლარზეც რომ ამუშაოს, თმენის ვალდებულება მოითოხვს, რომ ხმა არ უნდა ამოიღონ. ასევე მომუშავე პერსონალისგან მივიღე ინფორმაცია, რომელიც ახლა გადამოწმების სტადიაშია, რომ არსებობს ახალი ბრძანება: იგი 50-ლარიან ჯარიმას აკისრებს იმათ, ვინც უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამს.

_ ზოგადად, რა ინფორმაციას ფლობთ იქ არსებულ ვითარებაზე?

_ ერთი თვის წინ ლენტეხის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კლინიკის მედპერსონალმა აქცია მოაწყო, სადაც კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებდნენ ხელფასების მუდმივ დაგვიანებასა და 3 თვის აუღებელ ჯამაგირს, ოთახებისა და წყლის გათბობის არარსებობასა და ა.შ. სადღაც, მაგ პერიოდში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის  ხარაგაულის საავადმყოფოში თხუთმეტი თანამშრომელი ექვსი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდა და 2019 წლის ნოემბრის ხელფასის ჩარიცხვას ელოდებოდა. პრობლემა არსებობს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ბოლოს გთავაზობთ ამონარიდს ლენტეხეელი ექიმების განცხადების ტექსტიდან:

„ჩემო ძვირფასო ლენტეხლებო, საავადმყოფოში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. …არ გვაქვს ელემენტარული გათბობა, ექთანსა და ექიმს ხელის დაბანა ცივ, გაყინულ წყალში უწევს… და ეს მაშინ, როცა დეკემბერში სექტემბრის ხელფასს ვიხვეწებით, თვეებია ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ხელფასებს, რომლის რაოდენობის დასახელება 21-ე საუკუნეში სირცხვილია, ამ მიზერულ ხელფასებს ველოდებით თვეები… ხვალ დილით 10 საათზე გამოვალთ აქციაზე, რომელსაც გავმართავთ ჩვენი უფლებების დასაცავად. ამიტომ მინდა მოგაწვდინოთ ხმა, რათა ლენტეხის კლინიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და კლინიკის თანამშრომლების პრობლემებიც მოვაგვაროთ ერთად!!! დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის “.

ეს განცხადება 2020 წლის 23 დეკემბრით თარიღდება.

P. S. მასალა მომზადებული გვქონდა, როდესაც შევიტყვეთ, ჩვენი ჩარევისა და დარეკვების შემდეგ, „ჩხობაძის კლინიკის“ მედპერსონალს ერთი თვის ხელფასი ჩაერიცხა. 

თამარ როსტიაშვილი