„უშიშროების სამსახურების მიერ სამოქალაქო სექტორის ასეთი ღია კონტროლი კომუნისტების დროსაც არ ხდებოდა!“

Captureg

განათლების სფეროში განვითარებული პროცესებით თუ ვიმსჯელებთ, სისტემის სრული დეპოლიტიზაცია შორეული პერსპექტივაა და პოლიტიკური გემოვნებით კადრების შერჩევის ტრადიცია კარგა ხანს გასტანს. როგორ გადაარჩინა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსი წლების წინათ ლევან სანიკიძემ სოხუმის უნივერსიტეტიდან გარიცხვას? ამჟამად ვინ და რატომ ატერორებს და რატომ ეშინიათ წალენჯიხელ მასწავლებლებს მასთან ტელეფონზე დარეკვის?

ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსი დავით სალია ესაუბრება:

_ სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პირდაპირი მითითება იყო, რომ დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრებზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები არ უნდა გაცემულიყო. უნივერსიტეტის რექტორს გასარიცხების სია მაგიდაზე დაუდეს და მე ამ სიის თავში ვეწერე. ვიცოდი, რომ გარიცხვას მიპირებდნენ, მაგრამ ამის მიზეზს არ ვაძლევდი. სანიმუშო სტუდენტი ვიყავი და ლექციას არ ვაცდენდი, მაგრამ ისტორიის გამოცდაზე ორიანის დაწერა დამიპირეს. კომისიის თავმჯდომარე სულმნათი ლევან სანიკიძე იყო და რექტორ ჟორდანიას უთხრა, _ ამას ორიანს რომ უწერ, სხვას რა უნდა დაუწეროო? ფაქტობრივად, ლევან სანიკიძემ გადამარჩინა და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მისი მოგვარის მინისტრობის დროს განათლების სისტემიდან გამაძევებდნენ.

_ სკოლაში მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყეთ?

_ დიახ. სოფელ ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ქართულ-რუსულ სექტორზე საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი. აქვე გეტყვით, რომ 2003 წლის მოვლენებში და შევარდნაძის მოსწავლის გამარჯვებაში მონაწილეობა არ მიმიღია. სამაგიეროდ, 2007 წელს მონაწილეობა მივიღე სკოლის დირექტორების კონკურსში. გავიმარჯვე და სოფელ ლიის საჯარო სკოლის დირექტორად დავინიშნე. ეს იყო რაიონში ყველაზე დიდი სკოლა და, აქედან გამომდინარე, დიდ მუშაობას საჭიროებდა. სხვათა შორის, დირექტორად მუშაობის პერიოდში არავინ დაინტერესებულა ჩემი პოლიტიკური მრწამსით და იმით, ვისი მომხრე ვიყავი და ვისი _ არა. სხვა დირექტორებისგან განსხვავებით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი არა, წევრიც კი არ ვყოფილვარ. მეამაყება, რომ შევძელი, სკოლა წარმატებული გამეხადა არა მარტო რაიონის, არამედ რეგიონის მასშტაბით. ჩავატარე სარემონტო სამუშაოები, მოვაწესრიგე ინფრასტრუქტურა და სკოლის ეზოში ახალი სასწავლო კორპუსი ჩავადგმევინე. სასკოლო ღონისძიებებში ჩემი სკოლა ყოველთვის მოწინავე იყო და 2009 წელს ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონიც გახდა. მუშაობაში მთავარი აქცენტი სასწავლო პროცესის განახლებასა და დახვეწაზე მქონდა გაკეთებული, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. პედაგოგობის პერიოდში ორი გრანტი მოვიპოვე. როგორც გამარჯვებულს, კომპიუტერი მომცეს და წალენჯიხის რაიონში პირველი კომპიუტერი მე შევიტანე. მეორე 1000-დოლარიანი გრანტით ლინგოფონის კაბინეტი მოვაწყვე და როცა თანხა არ ეყო, საკუთარი 600 ლარი დავამატე. ცნობისთვის: მაშინ ჩემი ხელფასი 140 ლარი იყო.

_ რესურს-ცენტრის უფროსის თანამდებობიდან რატომ გაგათავისუფლეს?

_ რესურს-ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2011 წლის 29 ნოემბრიდან 2013 წლის 22 ნოემბრამდე ვიმუშავე. 2013 წლის ზაფხულში, ახალი ხელისუფლების პირობებში, ჩატარდა რესურს-ცენტრების უფროსების შესარჩევი კონკურსი, სადაც მონაწილეობა მივიღე და ჩემს ადგილზე დანიშნული ლირა ღურწკაიასგან განსხვავებით, რომელიც კონკურსიდან ხუთ წუთში გამოვიდა და 60 ქულის მეტი ვერ დააგროვა, მაქსიმალური 100 ქულიდან 78 ქულა დავაგროვე. კონკურსის დასრულებიდან სამი თვის მანძილზე შედეგების შესახებ არაფერი ვიცოდით. გემახსოვრებათ, რომ 2013 წლის რესურს-ცენტრების დირექტორთა კონკურსი დიდი არეულობით და დარღვევებით მიმდინარეობდა. ფოთში კონკურსი ოთხჯერ ჩატარდა, დარღვევები იყო  თელავში, ფოთში, ქუთაისში, გურჯაანში. წალენჯიხის რაიონის შედეგები ყველაზე გვიან გამოაცხადეს და 2013 წლის 4 ნოემბერს გავიგეთ, რომ სამინისტრომ რესურს-ცენტრის უფროსად ლირა ღურწკაია შეარჩია. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ სამი თვის მანძილზე უშიშროებასა და განათლების სამინისტროს შორის მიდიოდა დავა წალენჯიხის რესურს-ცენტრის კანდიდატურაზე და, საბოლოოდ, უშიშროებამ გაიმარჯვა.

_ რესურს-ცენტრის უფროსის კანდიდატურის შერჩევასთან უშიშროება რა კავშირშია?

_ საქმე ის გახლავთ, რომ ლირა ღურწკაიას მეუღლე, ბესო კვარაცხელია, უშიშროების თანამშრომელია. კვარაცხელია კი რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსთან, გოგი ნაჭყებიასთან მეგობრობს. `ნაციონალური მოძრაობის~ დროს ნაჭყებია ციხეში იჯდა, ბესო კვარაცხელია კი ზუგდიდში დადიანების მუზეუმის დაცვაში მუშაობდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეს ხალხი უშიშროების სტრუქტურებში მოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ლირა თანამდებობაზე მათი მფარველობით დაინიშნა. მანამდე ლირა ღურწკაიას ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონია და წლების განმავლობაში მუნიციპალური საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლამდე ქალბატონი ლირა ცნობილი „ნაციონალი“ იყო და მთელმა წალენჯიხამ იცის, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ბაღის თანამშრომლებს იბარებდა და ეუბნებოდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ. დღეს ეს ადამიანები, მეტი კომპრომატი რომ ვერ ნახეს, „ნაციონალობას“ მაბრალებენ. არ გეგონოთ, რომ თანამდებობას მივტიროდე. საგანგაშო ისაა, რომ ამის მერე დაიწყო ჩემი დევნა და შევიწროება.

_ თანმიმდევრულად მოგვიყევით, ვინ და რატომ გდევნით?

_ მე არასოდეს ვიკადრებდი, რომ მასწავლებლებისთვის ჩემი მხარდამჭერი წერილების წერა და ხელმოწერების შეგროვება დამევალებინა, მაგრამ კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, წალენჯიხის რაიონის შვიდი სკოლის მასწავლებლებმა, თავიანთი ინიციატივით, მინისტრის სახელზე წერილი დაწერეს: დავით სალიას განათლების სფეროში ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და სისტემის მიღმა არ დატოვოთო. რა თქმა უნდა, ქალბატონმა ლირამ ამის შესახებ გაიგო, განცხადებაზე ხელმომწერები დაიბარა და თითი უქნია:  არავინ გაბედოთ სალიასთან დარეკვა, გაითვალისწინეთ, რომ ხელი მიმიწვდება და ვისმენ, მასთან ვინ რეკავს და ვინ ვის ელაპარაკებაო. ამ დღის შემდეგ ჩემთან არც ერთ მასწავლებელს დარეკვა და მოკითხვა აღარ გაუბედია, რაც სულ არ მიკვირს. სამეგრელოში გაუსაძლისი მდგომარეობაა. ადამიანებს იმდენად უჭირთ, რომ მასწავლებლის ხელფასის გარდა შემოსავალი არ აქვთ. მე იმ ხალხს გმირობას ვერ მოვთხოვ და ლუკმას ვერ დავაკარგინებ. 11 თვეა, მდევნიან და უმუშევარი ვარ. წალენჯიხაში ვერც ერთი სკოლის დირექტორი ვერ გაბედავს, რომ დამასაქმოს და, ამ დროს, 2013 წლიდან დღემდე რაიონის სკოლებში ერთი მასწავლებელი არ დანიშნულა, ლირა ღურწკაიას ან მისი ქმრის ნათესავი, ახლობელი, დაქალი ან ძმაკაცი რომ არ იყოს. ლიაში, ეწერში, ჯვარში და ყველგან მისი კადრები ინიშნებიან და ნეპოტიზმი ყვავის. წალენჯიხის რესურს-ცენტრზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სულ ხუთი  თანამშრომელია და აქედან სამი ლირას მშობლიური სოფლიდან _ ჯგალიდანაა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, რესურს-ცენტრი ბესოს და ლირას შპს-დ იქცა. 2007 წელს, როცა სკოლის დირექტორად დავინიშნე, `ზემოდან~ სიტყვიერი მითითება მოვიდა, რომ დირექტორებს პოზიციების გასამყარებლად საკუთარი კადრები უნდა შეგვეყვანა. მაშინვე ვთქვი, _ თუ ჩემი შეყვანილი ადამიანის დასაცავი გავხდი, იმ სკოლაში რა მინდა-მეთქი? ერთადერთი, თბილისის „დინამოში“ ნათამაშები კაცი მივიყვანე ფიზკულტურის მასწავლებლად, რომელმაც სკოლის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადა. ასეთ კაცს ჩემს მისვლამდე სკოლის ეზოში არ უშვებდნენ და თავისი საქმე ისე უყვარდა, რომ ბავშვებს სოფლის სტადიონზე ამეცადინებდა.

_ რასაც ახლა მიყვებით, ამის შესახებ განათლების სამინისტროს თუ აცნობეთ?

_ სამინისტროს ყველაფერი წერილობით ვაცნობე და იცით, რა მიპასუხეს? _ იმ ხალხის მონაცემები მოგვეცით, ვინც თქვენს ნათქვამს დაადასტურებსო. იმის იმედი, რომ სამინისტროდან ინფორმაცია არ გაჟონავს და იმ ხალხს სამსახურებს არ დავაკარგინებ, არ მაქვს, ამიტომ ვერანაირ მონაცემებს ვერ მივცემ. თუ სურთ, სიმართლის გარკვევას თავადაც მოახერხებენ. ჩემი საქმის შესახებ იცის განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმაც. თავის დროზე, ეს ადამიანიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა და ვიფიქრე, რომ მსგავს უსამართლობას სხვა ადამიანების მიმართ არ დაუშვებდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ სამინისტომ ახლოს არ გამიკარა.

_ არ გიფიქრიათ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიგემართათ?

_ ამას სხვებიც მეკითხებიან, მაგრამ 16 წელი მთელი ჩემი შეგნებით განათლების სისტემას ვემსახურე და არ მინდა, რომ ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ განათლების სამინისტროს სასამართლოში ვუჩივლე. ამ წლების მანძილზე სამინისტროდან ერთი შენიშვნა არ მიმიღია, დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყავი და ვერავინ დამწამებს არაკომპეტენტურობას და მოვალეობას უგულოდ შესრულებას. სკოლებში ერთი კონფლიქტური სიტუაციაც კი არ დამიტოვებია, რომლის მოგვარებაშიც არ ჩავრეულვარ. რესურს-ცენტრში ჩემი უფროსობის დროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ სკოლის დირექტორად  „ნაციონალების“ რეკომენდაციით პარტიული კადრი დამენიშნოს. ადამიანმა, რომელმაც განათლების სისტემაში უზარმაზარი შრომა ჩავდე, მხოლოდ ის ვითხოვე, რომ იმ სისტემაში დავრჩენილიყავი და ამის ნაცვლად განათლების სამინისტრომ ძაღლივით გამომაგდო. სამინისტროდან გამოსულს კაცი დამადევნეს და საშვი ჩამომართვეს, რომ კიდევ არ მივსულიყავი და ვინმე არ შემეწუხებინა. რაც ჩემს თავს ხდება, ამას ქალბატონი ლირა ღურწკაიას მხრიდან ჩემი პიროვნული დევნა ჰქვია, რომელსაც ზურგს უმაგრებს რეგიონის უშიშროების სამსახური. ახლახან დასრულებული სკოლის დრექტორების კონკურსზე ლიის სკოლიდან გავიდა ჩემი გუნდის წევრი, მარინა ცხადაია. გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გასაუბრებაზე მხოლოდ იმის გამო დაბლოკეს, რომ ჩემი გუნდის წევრი და მხარდამჭერი იყო. მასწავლებლები იმდენად გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, რომ ახალი ხელმოწერების შეგროვება კი არა, ერთმანეთთან დარეკვას ვერ ბედავენ, _ უშიშროება გვისმენსო. რაღა უნდა დავამატო იმის გარდა, რომ უშიშროების სამსახურების მიერ სამოქალაქო სექტორის ასეთი ღია კონტროლი კომუნისტების დროსაც არ ხდებოდა. საუბარს კი იმით დავასრულებ, რომ თქვენთან ნათქვამ ჩემს ყოველ სიტყვაზე პასუხს ვაგებ ღვთის, კანონისა და ნებისმიერი ადამიანის წინაშე.

ბუნებრივია, დავინტერესდით, რა იციან სანიკიძის უწყებაში წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და დავით სალიას საქმის შესახებ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს კომენტარი ვთხოვეთ:

_ მოქმედი რესურს-ცენტრის უფროსის მხრიდან ყოფილის დევნასა და შევიწროების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს ადამიანი დაწერს განცხადებას და კონკრეტულ ფაქტებს მიუთითებს. თუ ფაქტები დადასტურდა, არავის აქვს ძალადობის უფლება, მით უმეტეს, მუშაობას ვერავინ ვერავის აუკრძალავს.

წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსის ბრალდებებზე კომენტარისთვის ამჟამად მოქმედს დავუკავშირდით. ლირა ღურწკაიამ მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო და დავით სალიას ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა…

ლირა ღურწკაია:

_ რომელი დირექტორი, რა უშიშროება? ასეთ რაღაცებზე რომ მირეკავთ, სირცხვილია და მეტი არაფერი. შეგიძლიათ, ნებისმიერ დირექტორს დაეკითხოთ, ნებისმიერ სკოლაში დარეკოთ და ნებისმიერ მასწავლებელს ჰკითხოთ. დავით სალია არაჩვეულებრივი სპეციალისტია და ნებისმიერ სკოლაში მის მუშაობას მხოლოდ მივესალმები. რომ ამბობს, არც ერთი სკოლა არ მღებულობსო, რომელ სკოლას მიმართა? თუ უნდა, ჩემთან მოვიდეს განცხადებით, თუ უნდა, ნებისმიერ სკოლას მიმართოს და მე შუამდგომლობას გავუწევ. ამდენი წელი პედაგოგი იყო, სასწავლო ნაწილი იყო, ამდენი წელი დირექტორად უმუშავია, რესურს-ცენტრს ხელმძღვანელობდა და ამდენი არ უნდა შეეშალოს, რომ დირექტორებს უნდა მიმართოს. თუ განცხადებაზე უარს ეტყვიან, მაშინ შეიძლება საქმე აღიძრას. ახლა მე რომ ცილისწამებაზე შევიტანო, თქვენ დამიდასტურებთ, რომ თქვენთან მოვიდა და ეს ყველაფერი ილაპარაკა?

_ რა თქმა უნდა, დაგიდასტურებთ და არსებობს ამის ჩანაწერი. აბა, თქვენი აზრით, ეს ყველაფერი მე მოვიგონე?

_ კი ბატონო. მაშინ მე სასამართლოში შევიტან სარჩელს და დაამტკიცოს, რომელ დირექტორს ვუთხარი, დათო სალია სამსახურში არ მიიღო-მეთქი.

მოულოდნელად, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსთან საუბარი სხვა ტონალობაში გადავიდა და კიდევ უფრო მოულოდნელად _ დასრულდა. ამდენად, ქალბატონი ლირასთვის კიდევ რამდენიმე საინტერესო კითხვის დასმა ვერ მოვახერხე. ჩვენთვის უცნობია, როგორ განვითარდება წალენჯიხის რესურს-ცენტრის ყოფილ უფროსთან დაკავშირებით მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო? ამდენად, ისღა დაგვრჩენია, რომ საგანმანათლებლო სისტემის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს ერთმანეთთან და მედიასთან ურთიერთობის დროს მეტი კორექტულობისკენ მოვუწოდოთ.

 

                                                                                             ნელი თორდია