მთავარი საზოგადოება რუსული ხორბალი და კუდიანებზე ნადირობა

რუსული ხორბალი და კუდიანებზე ნადირობა

502
0
გაზიარება

ბოლო დღეებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ბალერინა ნინო ანანიაშვილის დასაქმება გახდა.

ინფორმაციამ, რომ ის რუსეთში, კონკრეტულად კი ნოვოსიბირსკში იქაურ ოპერასთან თანამშრომლობას იწყებს, საყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია.

ისრები ყველა მხრიდან წამოვიდა – ოპოზიციისგან, რომელიც ტრადიციულად ნეგატიურად ხვდება რუსეთთან თანამშრომლობის ფაქტს და „ქოცებისგან“, რომლებსაც, წესით, ეს დიდად არ უნდა აღშფოთებდეთ, თუმცა მმართველი პარტია მწვავე ოპონენტ გრიგოლ ვაშაძის მეუღლისთვის ქვის სროლის ცდუნებისგან თავს ვერაფრით შეიკავებდა.

ეს სკანდალი ბევრ რამეზე მეტყველებს და კონკრეტულად ნინო ანანიაშვილის ბედი, ამ შემთხვევაში, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის კამპანიებს ხშირად ვხედავდით – მაგალითად, მაშინ, როდესაც საქართველოში ტაქსის ონლაინ გამოძახების სამსახური „იანდექს-ტაქსი“ შემოვიდა.

მიდგომა ამ და მსგავსს შემთხვევებში, ერთი შეხედვით, ლოგიკურია – წარმოგიდგენიათ 1941 წელს რუსი ბალერინა ბერლინის თეატრში?

თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ ერთი შეხედვითაა ლოგიკური, რეალობა კი გაცილებით რთული და მრავალფეროვანია.

რატომ გახდა პრობლემა მაინცდამაინც ნინო ანანიაშვილი? თუ ჩვენ ვადარებთ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტს სსრკ-გერმანიის დაპირისპირებას, რაღა ნინო ანანიაშვილით და „იანდექს-ტაქსით“ ვიწყებთ?

რუსებს ხშირად უყვართ თავიანთ ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის რიტორიკულად გაბერვა მილიონამდე, ან 1,5 მლნ.-მდე. კარგი, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში არც მილიონი და არც მილიონ-ნახევარი ქართველი არ ცხოვრობს, მაგრამ 300 ან 400 ათასი ხომ ნამდვილად არის?

წარმოგიდგენიათ 1941 წელს 400 000 რუსი ბერლინში?

ეს ხალხი, ვინც რუსეთში ცხოვრობს, საქართველოში ასობით მილიონ დოლარს აგზავნის. მართალია, ბოლო წლებში გზავნილებში რუსეთის წილი 65%-დან 28%-მდე შემცირდა და ეს ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ 28% მაინც ხომ არის?

წარმოგიდგენიათ, 1941 წელს ბერლინიდან სსრკ-ში ვინმეს ფული რომ გამოეგზავნა?

მოდით, ეს მოცემულობა შევცვალოთ: არ მივიღოთ გზავნილები რუსეთიდან ან ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, საიდანაც რუსეთში პირიქით, ჩვენ გავაგზავნით ფულს.

შესაცვლელი კიდევ ბევრია.

მაგალითად, აუცილებლად შევწყვიტოთ პურის ჭამა – ალბათ ადიდი საიდუმლო რავისთვისაა, რომ თქვენ მიერ მაღაზიაში ან თონეში ნაყიდ პურში 100% თუ არა 90% მაინც რუსულია.

თუ თავგამოდებაა – თავგამოდება იყოს. ანანიაშვილით და „იანდექს-ტაქსით“ კი არა, რუსული ხორბლით დავიწყოთ. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი თემაა.

უარი უნდა ვთქვათ თითქმის ყველა ბურღულეულზე, რომელიც დიდწილად  რუსულია, არ ჩავასხათ მანქანებში ბენზინი და დიზელი, რომლის 31%-იც რუსულია.

2019 წელს, პუტინისეული ემბარგოს შემდეგ, მთელი ქვეყანა რუსი ტურისტების შემცირებას რომ გლოვობდა – რა დროს ესაა? წარმოგიდგენიათ 1941 წელს გერმანელი ტურისტები მოსკოვში, წითელ მოედანზე?

მაშ,  რა ხდება? რუსეთიდან გამოგზავნილ ფულს ვხარჯავთ, რუსულ პურსა და წიწიბურას მივირთმევთ, რუსს ტურისტებზე ვლოცულობთ, რუსულ ბენზინზე ვსხედვართ – და ამ დროს რუსეთთან ომის მოგებას ნინო ანანიაშვილის გაკიცხვით და „იანდექს-ტაქსის“ გაძევებით ვაპირებთ?

იმიტომ, რომ ხორბლის მოყვანა და ბენზინის წარმოება ძნელია, ანანიაშვილის გინება კი – ადვილი… ისევ ქართულად ვიქცევით, მარტივ გზებს ვეძებთ?

კონკრეტულად ანანიაშვილზე! – მისი საქციელი სამარცხვინოა, არა იმიტომ, რომ ის რუსეთში მუშაობას დათანხმდა, არამედ იმიტომ, რომ მეორეხარისხოვან, პროვინციულ თეატრში მიდიოდა, რომელიც მისი დონის ვარსკვლავისთვის უკადრისი უნდა ყოფილიყო.

რუსეთიდან რომ ვიღებთ ხორბლის 90%-ს, ესეც სამარცხვინოა – არა იმიტომ, რომ რუსეთიდან, არამედ იმიტომ, რომ 30 წლის მანძილზე ქვეყანას იმის შნო არ აღმოაჩნდა, რომ ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულება გაენახევრებინა მაინც.

რაღა ხორბალი, აიღეთ ქართული მოხალული მზესუმზირა – ისიც რუსულია. ქვეყანა, რომელმაც 30 წლის მანძილზე თავისი სამყოფი მზესუმზირაც კი ვერ აწარმოა, პრობლემების გადაწყვეტას ბალერინას გინებაში ხედავს.

დაბოლოს, რაც შეეხება ფუნდამენტურ არგუმენტს  – სსრკ-გერმანიასთან შედარებას, ყველაფერ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პარალელი არასწორია.

ქართულ-რუსული კონფლიქტი ჰიბრიდულია, შესაბამისად, ჰიბრიდულია მშვიდობაც. ომი მოსკოვსა და თბილისს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათის არაა, ის პოლიტიკურია. ჰიბრიდული ომი ახალი ტერმინია, მაგრამ არა ახალი მოვლენა და ის ძალიან გავრცელებულია იმპერიებისა და მრავალეროვანი სახელმწიფოების დაშლის პროცესში.

ხშირად ერები, რომლებიც ასობით წელი ერთად ცხოვრობენ, გაყრის პერიოდში კონფლიქტში შედიან ერთმანეთთან, თუმცა კონტაქტები და ურთიერთკავშირი არსად ქრება. არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში დღესაც ფრანგულად ლაპარაკობენ, ხოლო ინდოეთსა და პაკისტანში დღესაც მეორე სახელმწიფო ენა ინგლისურია.

ასე ხდება ხოლმე და ეს ქვეყნების მიერ პრინციპულობასა და თავისი პოზიციის ერთგულებას სულაც არ გამორიცხავს.

რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ ეს მტრობაც ჰიბრიდულია, როდესაც დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საოკუპაციო ჯარი დგას, დედაქალაქი კი რუსი ტურისტებით სავსეა, რუსულ პურს მიირთმევ და რუსული ბენზინით გადაადგილდები.

ჰიბრიდულ ომში გამარჯვება არა ანანიაშვილის გაკიცხვა ან „იანდექს-ტაქსის“ გაძევებაა, არამედ ცივილიზებული, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნის აშენება.

ეს კი ბევრად უფრო რთული და, ამავე დროს, ღირსეული ამოცანაა, ვიდრე – კუდიანებზე ნადირობა.

თენგიზ აბლოთია

დატოვეთ კომენტარი