ბათუმში „ჰუმანურობამ“ აქცია გამართა

დღეს ბათუმში მოძრაობა  ჰუმანურობისთვის ორგანიზებით, თბილისის პარალელურად, ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ბათუმში ევროპის მოედანზე შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრები უკვე ორი მოსმენით მიღებული ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იგი არის დისკრიმინაციული, შერჩევითი და ითხოვენ ¼-ით სასჯელის შემსუბუქებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გარდა.

აქციის მონაწილეთა  განცხადებით, პანდემიის გამო ამნისტიის კანონპროექტი გაცილებით ჰუმანური უნდა იყოს და ის რაც შეიძლება მეტ პატიმარს უნდა შეეხოს. 

მათივე თქმით,   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრები პროტესტს უერთდებიან და შიმშილობენ.

„ჩვენ ვითხოვთ ფართომასშტაბიან ჰუმანურ ამნისტიას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ მთავრობის მიერ ამ ეტაპზე განხილვაში არსებული კანონპროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ჰუმანურობას.  ეს არის სრულად იმედის გაცრუება, როგორც პატიმრებისთვს, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. მოვითხოვთ, რომ თითოეულ პატიმარს შეეხოს ¼. ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა, დაგვპირდნენ,  განწყობა  შეგვექმნა  და თუ გავითვალისწინებთ არსებულ სიტუაციას,  პანდემიის პირობებში უნდა  განხორციელდეს ჰუმანური ამნისტია. ნამდვილად გვინდა, რომ მთავრობამ იმედები არ გაგვიცრუოს. ამის დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სალომე სიხარულიძემ.

ხვიჩა მამულაძე