სინამდვილეში როგორ მოხვდა ახალი შტამი საქართველოში და რას მალავს პაატა იმნაძე?

თითოეულ ჩვენგანს ერთი და იგივე კითხვა აწუხებს, _ რით არის სახიფათო ახალი შტამი და რა არის მასზე ცნობილი? მოემზადეთ!  _ ცნობილი, თითქმის, არაფერია. მუსირებს გარკვეული მინიშნება იმაზე, რომ ახალი შტამი ძალიან სწრაფად ედებათ ბავშვებს. არადა, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის აღმოჩენილი – უბრალოდ, ამაზე სტატისტიკა მიუთითებს.  

ასევე არ არსებობს ინფორმაცია, თუ რამდენად სასიკვდილოა მოდიფიცირებული ვირუსი. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი შტამი კორონავირუსზე სახიფათო არ არის, მხოლოდ, ბევრად სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, თუ „ძველი“ კოვიდის მატარებელს შეეძლო 1,5 ადამიანის დასნებოვნება, ახალი შტამის მატარებელი ასნებოვნებს – 2.5 ადამიანს.

ის, თუ როგორ ვლინდება ახალი შტამის სიმპტომები, ვირუსოლოგები ამაზეც ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები. ასე რომ, როდესაც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე პირველ საჯარო ბრიფინგზე უაღრესად დაბნეული სახით წარდგა და ჟურნალისტების კითხვების ნახევარსაც ვერ უპასუხა –  ეს ადვილი ასახსნელია.

ჩვენი მხრივ, ვეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს, ვიდრე ამ ბრიფინგიდან მივიღეთ და ზოგადად, ახალი შტამის შესახებ ქართულ მედიაში ითქვა.

ის, რომ ქართველ დასნებოვნებულს ვირუსი შეეყარა  „ბრიტანული“ გზით, ნაკლებ სავარაუდოა, სიმართლეს შეეფერებოდეს. აქამდე ეს აზრი  იმიტომ მუსირებდა, რომ დასნებოვნების შემთხვევები მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში იყო აღმოჩენილი. ამავე დროს, 2020 წლის 20 დეკემბერს დანიაში გამოვლინდა ახალი შტამით დასნებოვნების შემთხვევა. ეს გახლდათ მუტაცია COVID  N439K. დანიის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ აშნიშნული ახალი ვირუსის მატარებელი არის ქვეყნის მოსახლეობის 10%, რომელმაც COVID-19-ზე ტესტირება გაიარა. არ დაგავიწყდეთ, ეს არის სხვა მუტაცია, რომელიც SARS-CoV-2-ისგან განსხვავდება.

დაახლოებით ამავე პერიოდში გამოვლინდა ახალი შტამით დასნებოვნების შემთხვევები ბრაზილიაშიც, რიო-დე-ჟანეიროს  შტატში. გამოკვლეულ ნიმუშთა 94%-მა E484K S-ცილაში მუტაცია უჩვენა. კოვიდის ეს ნაირსახეობა, ჯერ კიდევ, 2020 წლის ივლისში გამოჩნდა, რის შემდეგაც შტატის 19 ქალაქში დაფიქსირდა.  არის თუ არა ეს ახალი შტამი დომინანტი, ჯერჯერობით, უცნობია.

2020 წლის 20 დეკემბერსვე იტალიის ხელისუფლებამ დაადასტურა ქვეყანაში მუტირებული კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევა, რომელიც ბრიტანეთიდან  შემოიტანეს. პაციენტი ახალი ჩამოსული გახლდათ დიდი ბრიტანეთიდან და ოჯახის წევრებთან ერთად იტალიის მთავრობამ იგი იზოლაციაში გადაიყვანა.

სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამი დეკემბრის მეორე დეკადაში დაფიქსირდა. მას დღეს აფრიკაში „ვარიანტ 501.V2-ს“ უწოდებენ. სწორედ სამხრეთ აფრიკელმა ვირუსოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მუტანტი სხვა კოვიდებზე დომინირებს და ახალი ტალღის დროს დასნებოვნების 82-92%-ს დაიჭერს.

ასე რომ, როდესაც პაატა იმნაძე და ნებისმიერი ქართველი ინფექციონისტი გამოვლენ და გადაწყვეტენ განცხადების გაკეთებას, დაე, ნუ ამყოფებენ ერს ჭურში. ახალ შტამს აქვს 10-ზე მეტი მუტაციური ფორმა და არა _ ერთი. როდესაც ამბობ, რომ გვყავს ქართველი დასნებოვნებული, კეთილი ინებე და განმარტე – რომელ მუტაციურ ფორმაზეა საუბარი? ინგლისში სხვა ფორმაა, დანიაში – სხვა, ბრაზილიაში – სხვა, სამხრეთ აფრიკაში – სხვა.   რა ფორმაა საქართველოში?!

კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს. ამაზე უკვე ითქვა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის აღნიშნულმა შტამმა მუტაცია განიცადა და შედეგად _ წარმოქმნილი ახალი შტამი ბევრად სწრაფად გადამდები აღმოჩნდა.

იმდენად სწრაფად, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალმა შტამმა დიდი ბრიტანეთში 36 000 ადამიანი დაასნებოვნა. სწორედ ამან აიძულა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა,  ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა, რომ ახალი კორონავირუსი კონტროლიდან გამოვიდა. რადიკალური ლოკდაუნიც არ დააყოვნეს – პირველი ღონისძიებები ლონდონსა და ინგლისის სამხრეთით გატარდა, სადაც 18 მილიონი მოსახლე ცხოვრობს.

ახალ შტამს ახალი სახელწოდება sars-cov-2  ეწოდა, რომელიც მრავლობითად შეცვლილი გენეტიკური ჯაჭვისგან შედგება. განსაკუთრებით ბევრი მოდიფიკაცია შეინიშნება გენში, რომელსაც სპაიკ-ცილა აკოდირებს. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით ვირუსი უჯრედში შეღწევის უნარს გამოიმუშავებს. 

ახლა კი, ყურადღებით! საერთო ჯამში, შემჩნეულია  არა ერთი, არამედ მუტაციის 14 სახეობა, რომელიც ცილოვან თანმიმდევრობას ცვლის. ასევე აღმოაჩინეს 3 დელეცია და 6 „მდუმარე“ ანუ ფარული მუტაცია. ასე და ამრიგად, ახალ შტამს აქვს 20 განსხვავება. რიგი მეცნიერებისა და ექიმების განცხადებით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მან იმოქმედოს ვაქცინის ეფექტიანობაზე.

კოვიდის ახალ ვარიანტზე, ჯერ კიდევ, 2020 წლის 19-20 დეკემბერს ალაპარაკდნენ. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში აღმოაჩინა. პირველი დასნებოვნების ფაქტები ნოემბრის შუა რიცხვებში დაფიქსირდა, თუმცა ეს იყო ერთეული შემთხვევები.

დეკემბრის პირველ დეკადაში ახალი შტამით დაავადებულთა რიცხვმა მოიმატა. პირველობა კენტისა და ესეკსის საგრაფოებმა გაინაწილეს, მეორე – ლონდონმა.

2020 წლის 10 ნოემბერს ბრიტანელმა მეცნიერებმა გაასაჯაროვეს ახალი ვირუსის სამი სიმპტომი: კუნთოვანი ტკივილი, დაღლილობის მკვეთრი შეგრძნება და წყლულები ფეხებზე. მედიკოსებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი პაციენტი სმენის დაქვეითებასაც უჩივის. ყოველივე ამის ფონზე ძირითად სიმპტომებად ისევ რჩება მომატებული ტემპერატურა, ყნოსვის დაკარგვა  და მშრალი ხველა.

ახალი შტამით დასნებოვნების შემთხვევაში ავადობა უცებ იწყება: ერთი საათით ადრე ადამიანი გადასარევად გრძნობდა თავს და აი, ჩნდება პირველი სიმპტომები. ეს არის: მკვეთრი დაღლილობა, თავის ტკივილი, სიცხე (39 გრადუსამდე), თუმცა შეიძლება – 37 ან 37,2-იც ჰქონდეს. ადამიანს უქრება გარშემომყოფებთან ყოველგვარი ურთიერთობის სურვილი. სისუსტე არ გადის, დაღლილობის შეგრძნება კი ძლიერდება. ერთ-ერთი პირველი სიმპტომთაგანია ასევე ხახუნის შეგრძნება ყელსა და ცხვირში, რასაც მშრალი ხველა მოჰყვება. ყელის ტკივილი მას არ ახასიათებს. საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში სასუნთქი გზების დაზიანება არ აღინიშნება.

ახალი შტამი ჯდება იქ, სადაც რეციპიენტს ყველაზე სუსტი ადგილი აქვს. პაციენტების ნაწილს დაავადება უვლინდება კოლიტისა და ენტერიტების სახით, სხვებს მუცლის მკვეთრი ტკივილი სტანჯავს და უწყვეტი დიარეა. ყველაზე კონტაგიოზურ (გადამდები) პერიოდად ითვლება მონაკვეთი, როდესაც ადამიანი ინფექციის გადამტანია, ანუ იმ მონაკვეთში, სანამ პირველი სიმპტომები გამოჩნდება.

ბავშვების 83%-ს ამ დროს აღენიშნება კან-ლორწოვანი ცვლილებები. მათ თვალები უწითლდებათ და უსივდებათ _ სადღაც, კვინკეს სინდრომსაც წააგავს ალერგიული რეაქციების დროს.

ბავშვებში კორონავირუსის სხვა სიმპტომებია:

მარწყვისებური ენა – ის სივდება, კაშკაშა წითელ შეფერილობას იღებს და რელიეფური ხდება; ლოყებისა და ხელის გულების დაწითლება. იშვიათ შემთხვევაში კორონავირუსი  ბავშვის ორგანიზმში იწვევს მულტისისტემურ  ანთებით პროცესს. ამ დროს ანთებითი პროცესი ლოკალიზდება სისხლძარღვებში, ფილტვებსა და გულში. ვირუსმა შეიძლება სხვა ორგანოებიც დააზიანოს. მულტისისტემური  ანთებითი პროცესი ბავშვებში თანდათანობით ვლინდება, რომლის დროსაც რამდენიმე დღის (ან კვირის) განმავლობაში შეიძლება სიცხემ არ დაიწიოს. შემდეგ ჩნდება სპეციფიკური გამონაყარი, მერე კი – სუნთქვის ძლიერი უკმარისობა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ბოლო დღეებში დაავადებულ ბავშვებს შორის აღინიშნებოდა ტოქსიკური შოკის სინდრომი, რომელიც პროვოცირდება სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით. ამ დროს ზიანდება ფილტვები, ძვლის ტვინი, თირკმლები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები. რიგ შემთხვევებში ტოქსიკური შოკის სინდრომი ბავშვებში მიოკარდიტის (გულის ანთების მძიმე ფორმა) მიზეზი ხდება.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის შტამი რაღაც ზებუნებრივია. „ჯანმოს“ აზრით, ვირუსის მუტაცია ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ცდილობს, ახალ პირობებში თავი გადაირჩინოს. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, კორონავირუსისგან დაცვის საშუალებები რამდენიმე თვის წინათ შემუშავდა. კოვიდმა რომც განიცადოს მუტაცია, ეს საშუალებები არ უნდა შეიცვალოს. იმის დამამტკიცებელ ფაქტებს, რომ ახალი შტამი არსებული ვირუსის სიმპტომატიკას აძლიერებს და უფრო სახიფათოს ხდის მას, „ჯანმოს“ არ გააჩნია.

თამარ როსტიაშვილი