გაიწვევენ თუ არა კელი დეგნანს საქართველოდან?

„ქართულმა ოცნებამ“ აგრესიული ტონი აშკარად შეარბილა. მმართველ გუნდში გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა მათ დისკომფორტს შეუქმნის. ამ მოსაზრებას პრემიერი გიორგი გახარიაც იზიარებს. ოპოზიციის არყოფნა პარლამენტში მხოლოდ თეა წულუკიანსა და ირაკლი კობახიძეს ჰგვრის სიამოვნებას.  განსაკუთრებით კარგად კობახიძე გრძნობს თავს, თუმცა იგი მაინც ცეცხლითა და მახვილით აპირებს ოპოზიციონერების შეყვანას პარლამენტში.

მის ინიციატივას, შეუჩერდეს დაფინანსება იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, დასავლეთში უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები.  ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა კობახიძის ინიციატივა დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯად შერაცხეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინათ გამოცემულ საკუთარ წიგნში კობახიძე კატეგორიული ტონით აცხადებდა, პარტიების დაფინანსება აუცილებელიაო. მისი იდეური მხარდამჭერი სოზარ სუბარი, რომელიც მომხრეა დაფინანსების შეჩერებას, 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებას წყევლიდა და კრულავდა იმის გამო, რომ ის პარტიების დაფინანსების შეჩერებას აპირებდა.

დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას ვერ გაბედავს. თავიდან ეგონათ, რომ ეს მუქარა შედეგს გამოიღებდა და პარტიები პარლამენტში შევარდებოდნენ, მაგრამ შანტაჟმა არ გაამართლა. ოპოზიციის ლიდერებმა საკმაოდ უხეში კომენტარი გააკეთეს და კობახიძეს ურჩიეს, ეს ინიციატივა დაეხვია და უადგილო ადგილას გაეკეთებინა.

 დღევანდელი მონაცემებით, ერთპარტიულ პარლამენტში ელისაშვილი და თავისი „პადძელნიკი“, „პატრიოტთა ალიანსიდან“ განდგომილი ენუქიძე და ორი თუ სამი გირჩელი შედის.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ დაფინანსების შეჩერების მუქარასაც უკან წაიღებს და სხვა დათმობებზეც წავა. ამის თქმის საბაბს მათ აშშ-ის ელჩის ბოლო განცხადებები აძლევს, რომელმაც „ფორმულის“ ეთერში აღიარა, რომ არჩევნებზე უამრავი დარღვევა იყო, რომელმაც უნდობლობა გააჩინა. არადა, არჩევნების შემდეგ კელი დეგნანი პირველი იყო, ვინც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პირადად ურეკავდა და პარლამენტში შესვლას ურჩევდა.

კელი დეგნანის ამ პოზიციამ „ქართული ოცნება“ ძალიან თავდაჯერებული და თავხედი გახადა. ირაკლი კობახიძემ საერთოდ აიშვა. ამ ახალგაზრდა კაცმა იცის, რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურას არჩევს და უნდა, აგრესიით მოაწონოს თავი ლიდერს. დასავლეთის დუმილიც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს. კარგა ხანს დუმდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დადუმდნენ და ხმა ამოიღეს. კელი დეგნანი კი, რომელიც ივანიშვილის პარტიას მაშველ რგოლად მოევლინა,  ძალიან მალე შეიძლება, საქართველოდან გაიწვიონ.

ევროკავშირში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ენტონი გარდნერი, აშშს-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ურჩევს, დონალდ ტრამპის დანიშნული ყველა ელჩი გამოიწვიოს, ანუ ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც მისი წინამორბედი _ დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას დანიშნული ყველა ელჩი გამოიწვია.

აშშ-ის ელჩის შესაძლო შეცვლის გამო „ქართულ ოცნებაში“ ძალიან არიან შეწუხებულები. ივანიშვილი და მისი გუნდი დიდხანს არჩევდნენ სასურველი ელჩის კანდიდატურას. ამ შერჩევას ერთი საერთაშორისო სკანდალიც მოჰყვა:

2018 წლის დეკემბერში გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოთხრობილი იყო, რომ აშშ-ის ელჩის ახალ კანდიდატურას, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის, არც მეტი-არც ნაკლები, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი პირადად ბლოკავს.

სტატიის ავტორები სანდო და ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდნენ, რომ აშშ-ის ახალ ელჩად კარიერულ დიპლომატ ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას თბილისი იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ ბრინკი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია.

საქართველოში აშშ-ს კარგა ხანს არ ჰყავდა ელჩი. ბოლოს არჩევანი კელი დეგნანზე შეჩერდა. ის ვეღარ ან აღარ დაბლოკეს. თავიდან კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო. სიტუაცია არჩევნების შემდეგ შეიცვალა. კელი დეგნანს ტრაგიკულად არ მიჩნია ის, რაც არჩევნებზე მოხდა. მან თქვა, რომ 30 წელია, საქართველოში სულ ყალბდება არჩევნები და რაღა ახლა მოგინდათ პროტესტიო?

ამას ელჩი ნოემბერში ამბობდა, ახლა იგი სხვა პოზიციაზე დგას და, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან მალე ის შეიძლება, შეიცვალოს. ცვლილებებზე უნდა იფიქროს „ქართულმა ოცნებამაც“. აშკარაა, რომ მათ დათმობებზე მოუწევთ წასვლა – დასავლეთი ერთპარტიულ პარლამენტს ვერ იგუებს.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება.

შორენა მარსაგიშვილი