ამბოხებულებს 112 უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში ჰყავთ მოქცეული

7

კიევის ხელისუფლების მიერ ახლადდანიშნული ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის გენადი მოსკალის განცხადებით, სოფელ ბახმუტოვკასთან 112 უკრაინელი ჯარისკაცი, ფედერალიზაციის მოთხოვნით აჯანყებულებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს. ,,ეროვნული გვარდიის ორ ბლოკ პოსტს, რომლებიც სოფელ ბახმუტოვკასთან მდებარეობს, ამბოხებულებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტიდან რამოდენიმე საათში სამხედროებთან კავშირი გაწყდა ისინი სეპარატისტებს ალყაში ჰყავთ მოქცეული“ – აცხადებს მოსკალი. რაც შეეხება თავად ამბოხებულებს, დონბასის თავდაცვის კომიტეტის ცენტრალური შტაბი, გუბერნატორის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ,,დღეს დილით მიღებული ინფორმაციით, სოფელ ბახმუტოვკასთან 112-ი ჩვენი მებრძოლი, ამბოხებულებმა ალყაში მოიქციეს, რამოდენიმე დაჭრილი და კანტუზირებული მეომარი ტყვედ ჩავარდა. მათ რიგებში მეთაურიც იმყოფება. დაღუპულთა შესახებ და სამხედრო ტექნიკის დაკარგვის თაობაზე ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ვფლობთ, რადგან ბლოკპოსტებთან მიახლოების საშუალება არ გვაქვს. აღნიშნული პერიმეტრი ამბოხებულების მიერ ტყის მასივში გადამალული საარტილერიო დანადგარების საშუალებით იბომბება“ – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის უწყების რეგიონალური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.