როგორ მიისაკუთრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ წართმეული ბინა? (გაგრძელება)

5

27 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავის სააღსრულებო ფურცელში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების გვერდით როლანდ ბლადაძის ქონებაც ფიგურირებს, მიუთითა, რომ „როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა გულისხმობს საკუთრებაში გადაცემას, მასზე ფლობის უფლებითა და გამოთავისუფლებული სახით კრედიტორზე (სახელმწიფო) გადაცემას“. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით როლანდ ბლადაძის საკუთრებაში უკვე შემდეგი ქონებაა აღრიცხული: საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში ერას ქ. N37, ბ.N8-ში; საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში ნ. დუმბაძის ქუჩაზე; მიწის ნაკვეთი ქობულეთის რაიონის სოფელ სამებაში.

ბლადაძის ინტერესების დამცველებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. კერძო საჩივარში აღინიშნა, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ისევე როგორც პროკურატურის სარჩელში, არსად არ არის მითითებული „გამოთავისუფლებული“ სახით სადგომის კრედიტორისთვის (სახელმწიფო) გადაცემის შესახებ. როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველთა განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო. თავიდანვე სადავო ქონებას დაედო ყადაღა, შემდგომ კი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში ერას ქუჩაზე გატარდა საჯარო რეესტრში, როგორც სახელმწიფო საკუთრება. კერძო განჩინებაში აღინიშნა, რომ სასამართლომ იკისრა მოსარჩელის როლი და გასცა ფაქტობრივად სააღსრულებო ფურცელი ბინის გამოთავისუფლების შესახებ ისე, რომ მოსამართლე ჯემალ კიკნაძეს უფლება არ ჰქონდა, გელა თავდგირიძის შუამდგომლობა განეხილა, ვინაიდან ჯემალ კიკნაძე მოსამართლეობამდე იყო აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი და მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა როლანდ ბლადაძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, მოსამართლე ჯემალ კიკნაძეს, საქმესთან დაკავშირებით, უნდა გამოეცხადებინა თვითაცილება, ამიტომაც როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველებმა მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2006 წლის 8 ნოემბერს 20:35 წუთზე აჭარის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლებმა როლანდ ბლადაძის ოჯახი ბათუმში ერას ქუჩიდან გამოასახლეს.

2007 წლის 5 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება ბლადაძის წარმომადგენლების განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. სასარჩელო განცხადებაში კანონიერი ინტერესების დამცველებმა მიუთითეს, რომ აჭარის უმაღლესმა სასამართლომ საქმე ბლადაძის სხდომაზე დასწრების გარეშე განიხილა. არც ბლადაძისთვის და არც მისი ოჯახისთვის არ გაგზავნილა შეტყობინება, სადაც სხდომის გამართვის შესახებ იქნებოდა საუბარი. ბლადაძის ინტერესები არც ადვოკატს დაუცავს სხდომაზე მაშინ, როდესაც, მინდობილობის საფუძველზე, სამოქალაქო მოსარჩელეებად ამგვარ საქმეებზე გამოდიოდნენ აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორები. მხარის განცხადებით, არსებულმა გარემოებამ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია. სწორედ ამ გარემოებების გამო მხარე მოკლებული აღმოჩნდა შესაძლებლობას, სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ იმ ქონების ძირითად ნაწილის, რასაც როლანდ ბლადაძეს და მის ოჯახს ედავებოდნენ, არც არასოდეს ფლობდა ბლადაძე და შესაბამისად, მისი ოჯახის წევრები, ხოლო მეორე ნაწილი _ ავტომანქანები _ დიდი ხნის გასხვისებული იყო, ხოლო ქ. ბათუმში ერას ქუჩაზე მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ ბლადაძის მეუღლე და შვილები, შეძენილი იყო 1999 წელს, ნოტარიულად გაფორმებული 2000 წლის დასაწყისში, ე. ი. იმ დრომდე გაცილებით ადრე, ვიდრე ის თანამდებობის პირი გახდებოდა. სასამართლომ სასარჩელო განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების თაობაზე, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველი დატოვა და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება სასამართლოში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა შევიდეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის თაობაზე სამართლებრივი დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც გაგრძელდა, რომელიც განუხილველი დატოვეს.

2004 წლის 10 სექტემბრის აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ერას ქუჩაზე მდებარე ქონება გამოცხადდა უკანონოდ, დაუსაბუთებლად და გადაეცა სახელმწიფოს, რომელიც შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1000 ლარად _ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

2007 წლის 6 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის N285 განკარგულების თანახმად ძალაში შევიდა გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“. პრეზიდენტის განკარგულებაში აღინიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემოთ მითითებულ წევრებს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ თითოეულს 1000 (ათასი) ლარად _ გადაეცეთ შემდეგი სახელმწიფო ქონება (მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთებთან ერთად): საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს _ ქ. ბათუმში ერას ქ. N37-ში ბინა N8; მოადგილეებს: კონსტატნტინე ვარძელაშვილს _ ჭავჭავაძის ქ. N113-ში ბინა N8-9; ბესიკ ლოლაძეს _ ქ. ბათუმში გამსახურდიას ქ. N2-ში ბინა  N39; წევრებს: ვახტანგ გვარამიას _ ქ. ბათუმში ასათიანის ქ. N8-ში ბინა N3; ქეთევან ერემაძეს _ ქ. ბათუმში გამსახურდიას ქ.  N38-ში ბინა N6; ბესარიონ ზოიძეს _ ქ. ბათუმში რუსთაველის ქ. N22-ში ბინა N1; ოთარ სიჭინავას _ ქ. ბათუმში რუსთაველის ქ. N22-ში ბინა N9; ჯონი ხეცურიანს _ ქ. ბათუმში გრიბოედოვის ქ. N28-ში, ბინა N13.

მაშინდელი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 12 აპრილს, საქმის შესწავლისა და ფაქტების გადამოწმებისთანავე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღო; პროკურატურამ კი სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყვიტა. პროკურატურამ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2004 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ბლადაძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება და ამავე სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ. ასევე არ დადასტურდა ბლადაძის მიერ მოქალაქე მიხეილ ბოგვერაძისთვის თანხის გამოძალვის ფაქტიც.

2013 წლის 16 მაისს ბლადაძის ინტერესების დამცველმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 21 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი, რის გამოც ბლადაძის სასარჩელო განცხადება განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო 28 მაისს გაეცნო, თუმცა 3 ივნისს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მიიღო და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოითხოვა _ რა იგულისხმებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირვანდელი მოთხოვნის აღდგენით? მოსარჩელეს უნდა დაეზუსტებინა, თუკი ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით იქნებოდა მოთხოვნილი, მკაფიო ყოფილიყო, რა ოდენობით ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ მოპასუხე მხარეებს?

ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლებულმა საქმისწარმოებამ მოულოდნელი განვითარება მიიღო. პროცესის მონაწილეებმა _ საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მესამე პირმა, გიორგი პაპუაშვილმა _ სასამართლოს წინაშე დააყენეს საკითხი სარჩელის განსჯადობის შეუსაბამობის შესახებ. ბლადაძის პოზიციას, სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სუბიექტური შეფასება უწოდა დავაში ჩართულმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მესამე პირმა _ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა. პროცესში მონაწილე მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ ბლადაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ სამართლებრივ გარემოებად სარჩელის ხანდაზმულობა უნდა დასახელებულიყო. მოპასუხეებმა სასამართლოს აღნიშნულის დასასაბუთებლად მიუთითეს ხანდაზმულობის ვადა.

7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბლადაძის წარმომადგენლის სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19 მარტის განჩინებით ბლადაძის სააპელაციო სარჩელიც არ დაკმაყოფილდა. 2013 წლის 16 მაისს მისი ინტერესების დამცველმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვის პარალელურად, საქმეზე ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით (მოპასუხე აჭარის ა/რ პროკურატურის მიმართ), ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

განვიხილოთ საკითხის ფაქტობრივი მხარეც: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის 3 ივნისს წერილით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს და შემდეგ საკითხებზე ითხოვეს გამოხმაურება:

1. გქონდათ თუ არა ინფორმაცია როლანდ ბლადაძის შესახებ, კერძოდ, იმ ბრალდებასა და სავარაუდო დანაშაულზე, რომელსაც მას სახელმწიფო ბრალდების მხარე ედავებოდა? რა ინფორმაციას ფლობდით იმ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით თქვენ გადმოგეცათ?

2. როგორია თქვენი პოზიცია _ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დგას თუ არა თქვენ წინაშე სამართლებრივი დილემის საკითხი _ რამდენად მართლზომიერია ფლობდეთ და ცხოვრობდეთ საკუთრებაში, რომლის ყოფილ კეთილსინდისიერ მხარეს გაქარწყლებული აქვს პოლიტიკური ნიშნით წაყენებული ბრალდება?

3. როგორია თქვენი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მხრიდან ჩამორთმეული ქონების მიღებაზე? თუკი თქვენი კოლეგები, მაღალი პროფესიული ბიოგრაფიით გამორჩეული მოსამართლეები, უარს ამბობენ ჩამორთმეული ქონების ფლობაზე, რამდენად გამართლებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება _ ცხოვრობდეს როლანდ ბლადაძის ყოფილ საკუთრებაში, რომელსაც დღეს არავითარი ბრალდება არ დაუმტკიცდა?

4. როგორ ფიქრობთ, როლანდ ბლადაძის მიმართ, აჭარის 2004 წლის რევოლუციის შემდგომ, ჰქონდა თუ არა ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას? მოხდა თუ არა პოლიტიკური ნიშნით მის მიმართ დევნა, როგორც აჭარის ყოფილი მეთაურის გუნდის წევრისა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი კადრის მიმართ? სხვა შემთხვევაში, რით ახსნით აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ?

5. როგორ ფიქრობთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ როლანდ ბლადაძის საქმეზე გაჩენილი კითხვები, რომელიც თქვენ სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებასთან პირდაპირ თუ ირიბად გაკავშირებთ, იქონიებს თუ არა გავლენას მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე? არსებული ისტორია რამდენად უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობას და მიუკერძოებლობას, რადგანაც თქვენ ბრძანდებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პირი?

6. როგორია თქვენი პოზიცია როლანდ ბლადაძის საქმეში არსებულ კიდევ ერთ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლის მხარეც თქვენ ბრძანდებით? კერძოდ, რამდენად კანონიერად მოხდა როლანდ ბლადაძის კუთვნილი დამხმარე ნაგებობების მისაკუთრება, კერძოდ, სამეურნეო სათავსი _ ავტოფარეხი ფართი 36,63 კვ.მ. და სადარბაზოს 13.0 კვ.მ და მანსარდაზე მიშენებული 59.31 კვ.მ., სულ _ 62.31 კვ.მ?

7. როგორ აფასებთ, რამდენად კანონიერი და მართლზომიერი მოქმედება განახორციელეთ, როდესაც თქვენს საკუთრებაში აღმოჩნდა როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხი, როდესაც უძრავი ქონება როლანდ ბლადაძის საკუთრებაში ირიცხებოდა და სახელმწიფოს აღნიშნული ავტოფარეხი არ ჩამოურთმევია? სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში ავტოფარეხის ჩამორთმევა ნახსენები არ არის.

8. თქვენ ბრძანდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც კანონი და უფლებამოსილება მაღალ პასუხისმგებლობას და სტანდარტს აკისრებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ხედვა და პოზიცია, _ როგორ აფასებთ 2003-2012 წლების ხელისუფლების საქმიანობის პერიოდში მოქალაქეებისთვის, საქმიანი სფეროს წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს?

9. როგორ აფასებთ სახელმწიფოს მხრიდან სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკას?

10. როგორ აფასებთ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივას, რომელიც, ერთი მოსაზრებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო?

11. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტი როგორ აფასებთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით? კერძოდ, გადაწყვეტილებებს, რომლის მხარედ თქვენ ხართ ჩართული?

12. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სამართლის სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა აღმოიფხვრას საკითხი და მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ქონება, რომლებსაც სახელმწიფომ უკანონდ ჩამოართვა და სხვა პირებს გადასცა?

კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა, ლია ბაგაშვილმა უპასუხა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლში 2006 წლის 7 სექტემბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა ქ. ბათუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს კანონმდებლობის, მათ შორის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები ქ. ბათუმში. იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ბინები ქ. ბათუმში გადაეცათ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და დადგენილი წესით, მათ მიიღეს საჯარო რეესტრის მონაცემებში რეგისტრირებული კანონიერი მესაკუთრისგან (სახელმწიფო) უფლებრივად უნაკლო ქონება. ამასთანავე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წერილში დასმული სხვა საკითხების განხილვა არ განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას“, _ ნათქვამია წერილში.

ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების (რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის განკარგულების საფუძველზე ბათუმში უძრავი ქონების მესაკუთრეები გახდნენ) აღნიშნული ქონება, 2014 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, გასხვისებულია და ბევრი მათგანი დატვირთულია იპოთეკით. უძრავ ქონებაზე საკუთრეების უფლებას დღემდე მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ინარჩუნებს, რომელიც როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობს.

ორგანიზაციამ წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში მოქალაქეებისთვის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ჩამორთმეული ქონების მიმართ სახელმწიფოს ახალი ხელისუფლების პოზიციით დაინტერესდა. მოსული წერილის თანახმად: „2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 10 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მოთხოვნილი შინაარსის მქონე 60 მოქალაქის განცხადება“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2013 წლის 9 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში იმ მოსამართლეების საქმიანობით დაინტერესდა, რომლებმაც 2004 წელს ბლადაძის უძრავი ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 19 ივნისის წერილის თანახმად: „2014 წლის 9 ივნისის მდგომარეობით ჯემალ კიკნაძე, დავით ანანიძე, რევაზ ბერიძე და ილია ქამადაძე არ ახორციელებენ მოსამართლის უფლებამოსილებას. მოსამართლის თანამდებობიდან პირადი სურვილის საფუძველზე განთავისუფლდნენ ილია ქამადაძე 2007 წლის 22 თებერვალს, დავით ანანიძე 2008 წლის 16 აპრილს, ჯემალ კიკნაძე 2010 წლის 2 აგვისტოს. რაც შეეხება რევაზ ბერიძეს, იგი მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლდა 2005 წლის 22 სექტემბერს, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ამასთან, დავით ანანიძეს, რეზო ბერიძესა და ილია ქამადაძეს 2007 წლიდან დღემდე არ წარმოუდგენიათ განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით“.

ორგანიზაციამ წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსაც და პროკურატურის სისტემაში 2004 წელს აჭარის ა/რ პროკურორის, გიორგი პაპუაშვილის საქმიანობით დაინტერესდა, რომელმაც როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და უძრავი ქონების ჩამორთმევა მოახდინა. მთავარი პროკურატურიდან მოსული წერილის თანახმად: „დღეის მდგომარეობით გივი პაპუაშვილი მუშაობს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მოადგილის თანამდებობაზე“. გიორგი პაპუაშვილის პროკურატურის ორგანოებში მუშაობის, მათ შორის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის ნამდვილობის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განმეორებით, 2014 წლის 29 აგვისტოსაც მიმართა, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია პაპუაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია სარწმუნო აღმოჩნდა. მთავარი პროკურატურის 2014 წლის 5 სექტემბრის წერილის თანახმად: „დღეის მდგომარეობით გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პროკურატურაში არ მუშაობს. იგი 2014 წლის 1-ლი აგვისტოდან განთავისუფლდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პროკურორების/გამომძიებლების სისტემაში ამჟამინდელი საქმიანობითაც დაინტერესდა. მთავარი პროკურატურიდან მოსული ინფორმაციის თანახმად: „დღეის მდგომარეობით შოთა ბოლქვაძე საქართველოს პროკურატურაში არ მუშაობს. იგი 2010 წლის 8 ივლისს დათხოვნილ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობიდან“. აგრეთვე, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით: „დღეის მდგომარეობით ვალერი ცერცვაძე, ვლადიმერ ხუჭუა და გიორგი ხიზანიშვილი საქართველოს პროკურატურაში არ მუშაობენ. კერძოდ: ვალერი ცერცვაძე 2005 წლის 23 თებერვალს განთავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან; გიორგი ხიზანიშვილი 2006 წლის 6 ოქტომბრიდან განთავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან; ხოლო ვლადიმერ ხუჭუა 2011 წლის 23 მაისს დათხოვნილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“.

როლანდ ბლადაძის საქმეზე დასკვნა რომ გავაკეთოთ, მკაფიოა პოლიტიკური გადაწყვეტილებების გავლენა სამართალზე, რომელიც 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდისთვის დამახასიათებელ სისტემური დანაშაულის ნიშნებს ატარებს. სამართალდამცველი თუ ადმინისტრაციული ორგანოები, სასამართლო სისტემა ბლადაძის მიმართ შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებდნენ, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის გარემოცვის წარმომადგენელთა გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხი. საქმეში არსებულმა რეალურმა მტკიცებულებებმა, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ ჩატარებულმა ხელახალმა მოკლევამ და ორგანიზაციის მიერ შესწავლილმა მასალებმა ცხადყო, რომ როლანდ ბლადაძეს სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ხოლო ქონებას, რომელსაც პროკურატურამ დაუსაბუთებელი უწოდა და სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნით გამოვიდა, პირველი _ ბლადაძეს საერთოდ არ ეკუთვნოდა და მეორე _ ის, რაც ეკუთვნოდა, მის მიერ შეძენილი იყო თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდამდე.

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე საერთო სასამართლოების ცალკეული გადაწყვეტილებები და მოქმედებები იმთავითვე იწვევს უნდობლობას და ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების შეხედულებას. მართლმსაჯულების ამოცანა დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური დაცვა არ ყოფილა, არამედ პროცესის გაჭიანურება, ჩამორთმეული ქონების მიმართ ყველა მოთხოვნის პოლიტიკური ნების შესაბამისი დასაბუთება და საქმეში არსებული რეალური მტკიცებულებების უგულებელყოფა.

მონიტორინგის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაასხვისეს მათთვის გადაცემული, 2004 წლამდე აჭარის ყოფილი მთავრობის მეთაურთან დაახლოებული პირების ჩამორთმეული ქონება. ერთადერთი, რომელიც დღემდე ჩამორთმეულ ქონებაზე საკუთრების უფლებას ინარჩუნებს, ხოლო, იმავდროულად, თავს არიდებს საკითხზე საჯარო დისკუსიას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილია. კვლევის პროცესში პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვები, რომელიც ორგანიზაციამ გაუგზავნა. პაპუაშვილის საკითხთან დაკავშირებული საჯარო პოზიცია ცნობილია, თუმცა უძრავი ქონების სახელმწიფოსგან მიღების კანონიერების ფაქტის მოშველიება ვერ იქნება საკმარისი არგუმენტი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც ბლადაძის საქმეში არსებობს, განსაკუთრებით ახალ გარემოში, როდესაც როლანდ ბლადაძის უდანაშაულობა დადასტურებულია. პაპუაშვილმა ბლადაძის უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად _ 1000 ლარად შეიძინა სახელმწიფოსგან, რაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს. აღნიშნული თანხა შეუსაბამოა იმ უძრავი ნივთისთვის, რომელიც პაპუაშვილმა დაისაკუთრა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ყველაზე მაღალი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მართებდა, როდესაც ბლადაძის უძრავი ქონების მიღებაზე სამართლებრივ პროცედურებს იწყებდა.

როლანდ ბლადაძემ საქართველოს საერთო სასამართლოებისადმი კანონით გათვალისწინებული ყველა მიმართვის ეტაპი უკვე ამოწურა, თუმცა მართლმსაჯულებამ ვერ უზრუნველყო ერთი მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.

ამჟამად როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს, რომელსაც მხარემ 2014 წლის ივნისში მიმართა, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკასაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასაბუთებას. თუმცა საქმეზე საკასაციო გადაწყვეტილებას სამართლებრივი დავის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სასამართლოში. ამასთან, დამატებითი სტრატეგია და სამართლებრივი ძალისხმევა, ეროვნულ დონეზე, გააჩენს შესაძლებლობას, საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაიწყოს მუშაობა 2004-2012 წლებში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომლის საჭიროებასაც, ჩვენი აზრით, თუნდაც აღნიშნული ერთი საქმე _ როლანდ ბლადაძის ისტორია გვაძლევს.

                                                                         თამარ ბატიაშვილი