ვჭამთ ჩვილ გოჭებსაც და ჩვილი სახელმწიფოს პერსპექტივასაც!

2

ხადურს მარტო ციკანი კი არა, ვგონებ, შემოდგომაც შემოეჭამა _ ნაადრევად რომ დაგვიზამთრდა, ფაქტია! ალბათ, ამის ბრალია, რომ ვასილ მაღლაფერიძე წინასაახალწლო ხასიათზე დამდგარა და ხუმრობით ზაფრავს საზოგადოებას, ან, უბრალოდ, იმდენად მოეწონა თავისი საპირველაპრილო ხუმრობა, რომ 1-ლ აპრილამდე ვერ შეინახა. გულმა ვერ გაუძლო. ვერ გაუძლო და ქვეყანას ცუნამივით გადაუარა მის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, 1-ლი დეკემბრიდან იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა და მირთმევა.

ქართულ ტრადიციულ სუფრას ვეღარ დაამშვენებს გოჭი ტრადიციულადო. მხოლოდ ეს როდი იკმარა? _ თემა გაშალა და რა გაშალა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონის ამოქმედების ერთი წლით გადადებას და დასაკლავი გოჭების ექვს თვემდე ჩამოწევას ითხოვს, მაგრამ ბრიუსელმა უარით უპასუხაო, გოჭების ჭამა არ არის კვებითი აუცილებლობით გამოწვეული, ფუფუნებააო და ასე შემდეგ… ქართული საზოგადოებისთვის ერთობ სენსიტიური აღმოჩნდა ეს პოსტი. სააგენტოებმა უაპელაციოდ გადააკოპირეს, მიაწყდა ხალხი და რა მიაწყდა! იყო ერთი სჯა-ბაასი და ვიშვიში, ევროპის დამუნათება.

ეჭვი მაქვს, ბევრმა ჯერაც ვერ გაარკვია, ჭამს გოჭს საახალწლოდ, თუ ბოლოკის ამარა დარჩა? ისე, რაღა დაგიმალოთ და ცუდი სულაც არ იქნებოდა, რომ აკრძალულიყო. არა, ვეგეტარიანელი სულაც არ ვარ, უბრალოდ, ჭამა გოჭისა უჰასაკოისა არ მიყვარს _ მებრალვის მუნ.

ისე, ხომ არ სჯობდა, ასეთი გზნებით, ასე შემართებით მცოცავი ოკუპაცია რომ გაეპროტესტებინა ხალხის იმხელავე მასას? მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების დიდ ნაწილს მუცლის ოკუპაცია უფრო აღელვებს, ვიდრე ქვეყნის ოკუპაცია. ან რომელ ოკუპაციაზე და ოკუპაციით აღშფოთებაზე ვსაუბრობთ, როცა საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის რუსეთი არც მტერია, არც ოკუპანტი, არც იქ სიარული და ცეკვა-თამაში აღიქმება სამშობლოს ღალატად და მეტიც _ საჭიროდაც კი მიიჩნევენ, თურმე ეს ყოფილა გზა ხსნისა, თურმე ხელოვანთა დიალოგი გადაარჩენს ქვეყანას. თუმცა იმას არავინ აკონკრეტებს, ბოლოს მოსკოვში ამღერებულმა სთარებმა ვისთან და რა თემაზე აწარმოეს დიალოგი. „პრიმუსი“ საახალწლო გოჭის გასატრუსად კი არა, თვითონ შენვე დაგჭირდება _ თმა ყალყზე დაგადგება, თუ მკერდში გული გაქვს და უსმენ, როგორ გატაცებით საუბრობენ ოკუპანტ რუსეთზე არათუ ხანდაზმულნი ზეპურნი ამა სოფლისანი, არამედ სრულიად ახალგაზრდები. მხოლოდ ეთერში რომ საუბრობდნენ, კიდე თავს დაიმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებულია თავის ინტერაქტივიანად, მაგრამ იგივე რომ ხშირად ისმის ეთერს მიღმაც? „მატარებელში ახალგაზრდებს შორის გაცხარებული კამათი მიდის. ერთნი ამბობენ, _ რუსეთს უნდა შევუერთდეთო, მეორენი კი, _ შეერთება არა, მაგრამ უნდა ვიმეგობროთო. ორმაგი მინაა და ამიტომ ფანჯრიდან ვერ ვხტები“, _ წერდა ფეისბუკზე გაბრაზებული ლაშა ჩხარტიშვილი (თეატრმცოდნე).

ასე ვინ დაგვწყევლა ეს მართლა „ბედნიერი“ ერი _ მტრის არმცნობი და მოყვრის მგმობი? როდემდე და სადამდე უნდა ჩავეშვათ კოლაბორაციონიზმის ბინძურ ჭაობში? და რაც მთავარია, როდემდე უნდა ვისმინოთ კოლაბორაციონისტების ყბედობა? თანაც ისე, უაპელაციოდ, მოწიწებით? მართალი გითხრათ, იმდენად ის კი არ მაღიზიანებს, ვინ სად გარბის და გამორბის, რამდენადაც ის, რაც აცოფებდა ოსბორნის გმირს, ჯიმ პორტერს. აი, ჰელენა ჩარლზზე რომ ამბობს: „ეგ არის ძროხა, მაგრამ ეს იმდენად არ შემაწუხებდა, მაგრამ უკვე წმინდა ძროხად იქცა და თაყვანისცემას ითხოვს“.

თვალს ადევნებ მიმდინარე მოვლენებს და გებადება კითხვა, _ საერთოდ, რა გვინდა? და მეტიც, სადამდე გავიდა რუსეთის სპეცმსასახურების მეტასტაზები? რატომ არ ჩანდა ეს ყველაფერი თუნდაც იმ „წყეულ 9 წელიწადში“? აგერ, უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა ქართველ და ერაყელ სტუდენტებს შორის. ერაყელი სტუდენტები საკუთარი კულტურის დღეს აღნიშნავდნენ და „გმირმა“ ქართველმა სტუდენტებმა ერთი დღეც ვერ აიტანეს, რომ ეს სამშობლოდან სასწავლებლად გადმოხვეწილი სტუდენტები ყოფილიყვნენ ლაღები. ვერ აიტანეს და ჩააშხამეს. რამ დაგბოღმათ, თქვენ რომ ვერსად წახვედით სასწავლებლად? რამ შეგილახათ თავმოყვარეობა? რა გინდათ, რუსის მეტი რომ არავინ გაეკაროს ამ ქვეყანას? არც ტურისტი გინდათ, არც სასწავლებლად ჩამოსული ვინმე? ვინ გმოძღვრავთ, ვის ამოძღვრინებთ თავს? ყველას, ვისაც შვილი, და, ძმა საზღვარგარეთ გყავთ გაშვებული სასწავლებლად და აქ ეს უმსგავსობა მოგწონთ? ერთი რამ მინდა გკითხოთ, _ მოგეწონებათ, თქვენს შვილებს, დებს და ძმებს რომ ასე დაერიონ იმ უცხო ქვეყნებში? რა გინდათ, მართლა არსად წაგვესვლებოდეს და არსად ჩაგვესვლებოდეს მოსკოვის გარდა?

რატომ ვერ იყავით ასე გულადები „9 წლის“ მანძილზე? რატომ ვერ უტევდით ერაყელებს? რატომ ვერ სცემდით ქუჩაში აფროამერიკელებს? რატომ არ მისდევდით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს საცემად? რატომ ვერ ახტებოდით ავტობუსებს? და ახლა რას აიწყვიტეთ? შიში ოხერი იყო, არა? გამოდის, რომ ტოლერანტული არც არასოდეს ყოფილხართ და არც არასოდეს იქნებით და თქვენისთანებისთვის მართლაც საჭიროა ის ოხერი შიში, შიში კანონის, რომ უმსგავსო ქმედებების გამო ჩაგაყუდებენ იქ, სადაც საჭიროა. ახლა გაილაღეთ და მაგ უმსგავსობას ხან სამშობლოს ერთგულებად ნათლავთ, ხან რწმენის ერთგულებად. ან თქვენ ვინ დაგნიშნათ ციციკორეებად, ან ის ზნედაცემული სოფლელები, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს?

დედაწულიანად ციხეშია შესაყრელი ყველა, ვინც ხანუმ ჯეირანოვას ჩაქოლვაში მონაწილეობდა და ისინიც, რომლებიც გულგრილად ადევნებდნენ თვალს ამ უმსგავსობას და არ გამოგლიჯეს უბედური ქალი ხელიდან, არ დარეკეს პოლიციაში! საბრალო ქალი უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ეცნენ და ისე ჩაქოლეს, ქმარს არც კი დალოდებიან. აი, ასე საჯაროდ და უტიფრად მინდა ვკითხო იმ არამკითხე ნათესავებს, _ ვინ გხნავთ თქვენ, ნათესავებო, თქვენი ნათესავის ცოლი რას იზამს?

ეს გაუგონარი სისასტიკე კახეთში მოხდა, როგორც ის გაუგონარი სისასტიკე, რომელიც ზუსტად ორი წლის წინათ მოხდა და დღემდე გამოუძიებელია _ ჩვილი რაფალიანცის მკვლელობის საქმე.

ამ დღეებში, როცა ვასილ მაღლაფერიძის წყალობით, თითქმის მთელი ქვეყანა აჭყვიტინდა უგოჭო ახალ წელზე, ფეისბუკმომხმარებელმა მაია წულაიამ დაუნდობლად დასვა რიტორიკული კითხვა: „ესე იგი, საქართველოში ერთ წლამდე ბავშვების მიზნის მისაღწევად გამოყენება დაშვებულია, გოჭების კი _ არა?“

კვირის ბოლოს კი ეკა კვესიტაძის „განსხვავებულ აქცენტებში“ ახალ გარემოებას აეხადა ფარდა _ ბავშვის დედის განცხადებით, შსს-ს გენინსპექცია მისგან ითხოვდა ეთქვა, რომ თვითონ მოკლა თავისი შვილი და თუ იგი ამას „აღიარებდა“, მსუბუქ სასჯელს მიუსჯიდნენ.

გაუგონარი სისასტიკეა, როცა ჩვილს კლავენ და არანაკლები სისასტიკეა, როცა ჩვილის მკვლელობას, როცა ჯერაც კითხულობენ, ცოცხალია თუ არა ჩვილი, უაპელაციოდ, ერთი ხელის მოსმით აბრალებ ადამიანს, მარტო იმიტომ, რომ ის ხვალ არჩევნებში შენი კონკურენტია. ხელს ადებ მას მარტო ჩვილის მკვლელობაში კი არა, აცხადებ, რომ მან ბევრი მოკლა და ეს უნდა იყოს უკანასკნელი. და კიდევ უფრო ამაზრზენია, როცა ხელისუფლება არათუ სჯის ცილისმწამებელს, აწინაურებს, მაგრამ ვინ დასჯის, როცა დღევანდელ პრემიერს აქვს მიღებული მონაწილეობა იმ კაკაფონიაში, _ სამი ძახილის ნიშნით დაწერა, რომ ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის რეალური სახე. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და სამ კვირაში რეალური სურათი ექნებოდა, შემდეგ ბრძანა რომ, _ ალბათ, ნაჩქარევი იყო ის განცხადებაო და შეგვპირდა, რომ აუცილებლად გახსნიდა საქმეს და მერე? შეხვედრაც არ იკადრეს საქმის გასარკვევად კახეთიდან ჩამოსულ რაფალიანცების ოჯახთან. არც საგამოძიებო კომისიის შექმნა დაუშვეს და ბოლოს ისევ „ნაციონალები“ დაადანაშაულა, _ საქმე მათ შეიყვანეს ჩიხშიო. მეტიც, უტიფრად ისიც კი ბრძანა, რომ უზნეო ადამიანები ამ თემით სპეკულირებენ.

განა სხვა რამეს გეუბნებოდათ იმავე ღამით გოკა გაბაშვილი, რომ პოლიტიკა არაფერ შუაში იყო და ამ თემით მანიპულირება გაუგონარი უსინდისობა იყო?

ის, რაზეც საქართველოს 2 წლის წინათ უნდა გაეღვიძა, 2 წლის შემდეგ უინტერესო გამხდარა…

სახელისუფლებო უტიფრობის ამ დოზასთან რას მოვა ის უტიფრობა, რაც ახლა მერიაში ხდება?! ჯერ თავი მოგვაწონეს, რომ პრემიებს არ აიღებდნენ და ახლა? ახლა ის, რომ ბატონმა ნარმანიამ მსუყე-მსუყე სახელფასო დანამატები დაუდგინა მერიის მაღალჩინოსნებს. ასე მაგალითად, ვიცე-მერი ყოველთვიურად 3540-ლარიან დანამატს მიიღებს, მერის მოადგილე _ 3360 ლარიანს, ადმინისტრაციის უფროსი _ 3180 ლარიანს, საქალაქო სამსახურის უფროსი _ 2600 ლარიანს, გამგებლები _ 2600-ლარიანს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ იცით, რით ახსნა? თურმე, 24-საათიანი მუშაობა უწევთ და ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა ჰქონდეთ! ჰეი, თქვენ! რიმა ხართ, რიტა ხართ თუ ზიტა ხართ, ეს სულ ერთია, ვინ ხართ, იცით, რომ ეგ თქვენი განცხადება იმაზე დიდი უტიფრობაა, ვიდრე მაგ დანამატების აღება? იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი მართლა დღე და ღამეს ასწორებს და ლუკმა-პურს ძლივს ჭამს? მაგრამ რა გინდა, რიმას თვითონ ნარმანიამ გადაასწრო და ესეც „ნაციონალებს“ გადააბრალა, თურმე, ეს წესი „ნაციონალებს“ დაუტოვებიათ და არ ესმის, რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი? თვითონ მხოლოდ მცირედი კორექტირება გაუკეთებიათ _ არც მეტი, არც ნაკლები. კი მაგრამ, მშვიდობის ხიდს რომ ებდღვენი და ველოსიპედს, თუ ეს მანკიერი პრაქტიკა დაგხვდა, ამდგარიყავი და ეგ გაგეუქმებინა? თუ რაც გაწყობს, იმას ტოვებ? მაგრამ, თურმე, ნუ იტყვით და მოტივაციაზე ზრუნავს, თურმე, მათ მიერ აღებული ხელფასისა და დანამატის ჯამური მოცულობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის ხალხს აქვთ კერძო სექტორში და რომ კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებას სჭირდება მოტივაცია… მერო ბატონო, კერძო სექტორში იმ კვალიფიციურ კადრს კერძო პირი უხდის თავისი ჯიბიდან და თავისი ბიზნესიდან და თქვენ და თქვენს მოადგილეებს ჩვენ გიხდით ჩვენი ჯიბიდან. ნაკლებად გვაღელვებს, კერძო ბიზნესმენი როგორ გაფლანგავს თავის ფულს, და თქვენ ჩვენს ხარჯზე ინარჩუნებთ ტონუსს, მადას და მოტივაციას?

იქნებ, თქვენზე და თქვენს მოადგილებზე და გამგებლებზე ბევრად კვალიფიციურ ხალხს ერთი ნულით ნაკლები ანაზღაურება აქვს ამ ქვეყანაში? და იქნებ, არც ჭკუა გვაკლია და არც მიხვედრილობა საიმისოდ, რომ დავინახოთ, ერთი მხრივ, როგორ გვეკეკლუცებით, პრემიები აღარ იქნებაო და მეორე მხრივ, როგორ იჯიბავთ იგივე თანხებს სხვა სახელით?

როდემდე უნდა ვიყოთ, ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, თქვენს „დასტუკებაში“? არა, მარგველაშვილს თქვენ ჯერ არ დაუსტუკებიხართ, მაგრამ ძიძიგური ნამდვილად დაასტუკა, აი, იმ განცხადებაზე, რამდენიმე ხნის წინ რომ გაავრცელა ძიძიგურმა, _ თუ სააკაშვილს სასამართლო გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უნდა შეიწყალოსო. ძიძიგურის ამ მოსაზრებას მარგველაშვილმა უცნაური უწოდა და მართლმსაჯულების საკითხებისადმი ძალიან გამოუცდელ და არაპროფესიონალურ მიდგომად შეაფასა… მაგრამ ამ შეფასებაში არსებითი სხვა რამ იყო _ ისინი გააკეთებენ თავის გასაკეთებელს და მე გადმომაბარებენ შესაწყალებლადო… მარგველაშვილმა გასაგებად უთხრა, _ მე რა თქვენი „გამპრავებელი“ მნახეთო? რეალურად, გოჭი კი არა, ბოლოკის გარეშეც დატოვა მარგველაშვილმა ძიძიგური, მაგრამ რა გინდა? დავიდოთ გულზე ხელი და ვთქვათ, ამ ქვეყანაში ის უფრო აღელვებთ, შეჭამენ თუ არა გოჭს ახალ წელს, ვიდრე მცოცავი ოკუპაცია, ან ის, გამოძიებული იქნება თუ არა ჩვილი რაფალიანცის მკვლელობის საქმე. ვჭამთ ჩვილ გოჭებსაც და ჩვილი ქვეყნის პერსპექტივასაც! პრასის არ იყოს, მადა გვაქვს და არსაიდან იმპორტს არ ვსაჭიროებთ.

 

                                                                                               რეზო შატაკიშვილი