„ნაცმოძრაობის“თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე იბრძოლებენ

გრიგოლ ვაშაძის დემარშის შემდეგ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის გარეშე დარჩა, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახალი თავმჯდომარის ვინაობას უკვე მომავალ კვირაში შევიტყობთ.

დღეს, 20 დეკემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარეს რამდენიმე დღეში აირჩევენ. ამ პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება. როგორც „ქრონიკა+“-ს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განუცხადეს, თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე იბრძოლებენ.

პარტიაში ორივე ლიდერი დიდი სიმპათიით სარგებლობს. ერთმაც და მეორემაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი, როგორც ლიდერებმა, შესაბამისად, „ნაციონალებს“ საკმაოდ მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

არჩევნების შემდეგ აჭარის რეგიონში ოპოზიციის პროტესტი არ გაჩერებულა. ამ პროტესტს ლევან ვარშალომიძე ედგა სათავეში. ნიკა მელიას რაც შეეხება, მის კისერზე ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა: მას ჯერ დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტეს, მერე – დეპუტატის უფლებამოსილება და უცხოელი დიპლომატების ჩარევა რომ არა, დიდი ალბათობით, ციხეშიც გაუშვებდნენ.

როგორც „ქრონიკა+“-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთხრეს, ლევან ვარშალომიძეს უფრო სააკაშვილის ფრთა უჭერს მხარს, ნიკა მელია კი ახალგაზრდა თაობის რჩეულია. ამ ახალგაზრდებმა უკვე შეძლეს თავისი სიტყვის თქმა. მათი პროტესტი რომ არა, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიაში ბევრად მეტ ოდიოზურ ფიგურას ვიხილავდით. როცა „ნაციონალებმა“ თავიანთ რიგებში ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი და კახა ოქრიაშვილი მიიღეს, პარტიის შიგნით დიდი ამბები ატყდა.  ამ ადამიანების წარსულიდან გამომდინარე, ახალგაზრდები არ გამორიცხავდნენ, რომ ისინი კრიტიკულ მომენტში ივანიშვილის მხარეს გადაიხრებოდნენ. მათდა საბედნიეროდ, ეს ადამიანები სხვანაირად მოიქცნენ –  სამივე მათგანი უარს ამბობს დეპუტატობაზე და ბოიკოტს უერთდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კიდევ ორი კანდიდატურა განიხილებოდა. ესენი არიან კობა ნაყოფია და ხატია დეკანოიძე. ორივე მათგანი სააკაშვილის კადრად მიიჩნევა.

რაც შეეხება პარტიის ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, ის დასვენებას გეგმავს და პარლამენტში შესვლას არ აპირიებს. ჯერჯერობით ამ პოზიციაზეა. ხვალ რა იქნება, არავინ იცის.  მან ისიც დაიგინა, თუ ჩვენს სიაში გუბაზ სანიკიძე იქნება, ამას და ამას ვიზამო, მაგრამ შემდეგ შეეგუა ბედს და პარტიაში დარჩა. სააკაშვილმაც აღარ გაამწვავა სიტუაცია და სანიკიძე პირველ ათეულში არ ჩაწერა.

შორენა მარსაგიშვილი