რატომ გააქვს ივანიშვილს საქართველოდან მილიონებად შეფასებული ნახატები?

„ქართულ ოცნებაში“ სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას და კვლავ ჩრდილში გადასვლას აპირებს.

„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ის მართლაც რეალურად გაერიდოს პოლიტიკას. ამის თქმის საბაბს მათ ერთი გარემოება აძლევს: მთავარ მეოცნებეს საქართველოდან ნახატების კოლექცია გააქვს.

როგორც „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო კულუარებში უთხრეს, მან უკვე გაიტანა რამდენიმე ნახატი პარიზში.

ივანიშვილს საკმაოდ ძვირადღირებული ნახატების კოლექცია აქვს. ზოგჯერ ამ ნახატებს ყიდის კიდევაც. შესაძლოა, პარიზში ამჯერადაც ამიტომ გააგზავნა ნახატები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამთავრობო კულუარებში ფიქრობენ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკას.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეტყუება.  ირაკლი კობახიძის დაანონსებულ პარტიების დასჯას დასავლეთიდან უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები. სენატორ ჯიმ რიშის შემდეგ სხვებიც ამოიღებენ ხმას.

ექსპერტები და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ხელისუფლებაში  კი ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. „ქართული ოცნება“ იმასაც ამბობდა, რომ საარჩევნო კოდექსი არ შეიცვლებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწიათ დათმობაზე წასვლა. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ასე იქნება. დასავლეთი ერთპარტიულ პარლამენტს ვერ იგუებს საქართველოში. და რაც მთავარია, „ოცნება“ ბაიდენის ადმინისტრაციასთან, დიდი ალბათობით, ვერ დალაგდება.

ბიძინა ივანიშვილს კრიტიკულ მომენტში ახასიათებს ძვირფასი ნივთების საქართველოდან გატანა. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მაშინ მან სარფის გავლით ხელისუფლებას უსაფრთხო დერეფნის მოწყობა მოსთხოვა. თავისი ძვირადღირებული ნივთები (განსაკუთრებით ძვირადღირებულ ნივთებს ვგულისხმობთ, თორემ იაფიანი მას არაფერი ექნება) მან 2011 წლის ზაფხულის ბოლოსაც გაიტანა საქართველოდან, ქონების სამშვიდობოზე დაბინავების შემდეგ კი პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა. ამით მაშინ მან საკუთარი თავი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა მას, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში რომ დამარცხებულიყო.

ჩვენი წყარო ზუსტად ვერ აკონკრეტებს, ამჯერად რა მიზნით გააქვს ივანიშვილს მილიონებად შეფასებული ნახატები ქვეყნიდან.  მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ რაღაცები დეკემბრის ბოლოს გაირკვევა. მოარული ხმების მიხედვით, სწორედ მომავალ კვირაში უნდა შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილს კახა კალაძე ან ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებენ.

შორენა მარსაგიშვილი