რატომ იხურება უნარშეზღუდული ბავშვების რეაბილიტაციის ცენტრები?!

1

უნარშეზღუდული ბავშვების დედები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათი შვილებისთვის აუცილებელ, რეაბილიტაციის დღის ცენტრებს არარეალური მიზეზებით ხურავს. ეს არის ჩვენი ოჯახების განაჩენი, ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, პროტესტი თავისებურად გამოვხატოთ _ ინვალიდის ეტლებით შვილებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდეთ და გზა გადავკეტოთო.

მზია ქველაძე _ 16 წლის გიორგი ორლოვსკის დედა:

_ ჩემი შვილი დაავადებულია ცერებრული დამბლით და დღის ცენტრში „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ სპეციალურ პროგრამაშია ჩართული. იქ დახმარებას უწევენ სხვადასხვა სპეციალისტები _ ასწავლიან, ღონისძიებებს აწყობინებენ, გასართობად დაჰყავთ. ბევრ ისეთ დახმარებას უტარებენ, რასაც დამოუკიდებლად ოჯახი ვერ შეძლებს. გიორგი სკოლაშიც დადის, მაგრამ ცენტრის გარეშე ვერც კი წარმოუდგენია. სკოლიდანაც ტრანსპორტით ამ ორგანიზაციას მიჰყავს. ეს ცენტრი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კუთვნილ შენობაში, მე-5 სართულზეა განთავსებული და როგორც ვიცი, ფართი უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. იქ ორი ასეთი ცენტრია _ „ეიდისი“ და „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“. „ეიდისი“-ში 6-დან 18 წლამდე უნარშეზღუდული ბავშვები დაჰყავთ, მეორე ცენტრში კი 13 წლის ზედა ასაკისანი. 1995 წლიდან არსებობს ეს ცენტრები და პრობლემა არასდროს შექმნიათ. ჩვენი ერთობლივი წვალება გასული წლიდან დაიწყო.

_ გასულ წელს რა მოხდა?

_ ახლა ამ ცენტრებს 50 ბენეფიციარის უფლება აქვთ, წინათ კი უფრო მეტი ბავშვისა თუ მოზარდის მომსახურება შეეძლოთ. გასულ წელს დაიწყო დავა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ამ ცენტრებს შორის. სამინისტრო აცხადებდა, რომ კუთვნილი ფართი სჭირდებოდა და მის დაბრუნებას სთხოვდა. ამ დავაში სხვა სტრუქტურებიც ჩაერთნენ და წელს, პირველი აგვისტოდან, 5 წლით ცენტრს იქ გაჩერების უფლება მისცეს. 364 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობია, რაც საკმარისია 50 ბენეფიციარისთვის. რადგან ამაში ცენტრის ხელმძღვანელობას ვერ შეედავენ, სხვა რამეზე მოსდეს შარი და უთხრეს, რომ ცენტრს საკმარისი რაოდენობის ტუალეტები არ ჰქონდა. აღრიცხვაზე მყოფი ბენეფიციარების უმეტესობა პამპერსს იყენებს და ორი ტუალეტი ცენტრისთვის სრულიად საკმარისიც იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრომ არ იცის უნარშეზღუდული ადამიანების მდგომარეობა, არადა, წესით, უნდა იცოდეს. საქმე ის არის, რომ ეს სამინისტრო არ ერევა ასეთი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, არ აფინანსებს მათ წამალს, პამპერსებს. რომ აფინანსებდეს, ეცოდინებოდა კიდევაც, რომ ისინი პამპერსებით ცხოვრობენ. კრუნჩხვითი მოვლენები ვისაც აქვს, ისეთ წამლებს ღებულობენ, რომ პამპერსი და სხვა ჰიგიენური საშუალებები მუდმივად სჭირდებათ. ზოგიერთს ამისთვის თვეში 300-400 ლარიც კი არ ჰყოფნის. ჩვენი ხელისუფლება სულ ევროპას გაიძახის და მას ედრება, მაგრამ იმას არ ამბობს, რომ უცხოეთში ასეთ პიროვნებებს სახელმწიფო ყველაფერში ეხმარება?! იქ უამრავი დღის ცენტრია გახსნილი, ჩვენთან კი ყველაფერი უკან-უკან მიჰყავთ და რომ ჰკითხოთ, ევროპასთან უკვე ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

სახელმწიფო გამოყოფს ვაუჩერებს დღის ცენტრებში მისატანად. ვაუჩერი რომ მოიპოვო, ბენეფიციარმა ჯერ რაიონის სოციალურ განყოფილებაში უნდა დაწერო განაცხადი, მერე სოციოლოგი უნდა მივიდეს მასთან სახლში და შეამოწმოს, რამდენად ეკუთვნის იქ მცხოვრებ უნარშეზღუდულ ადამიანს სახელმწიფოსგან დახმარება. თუ ნახა, რომ ოჯახი მატერიალურად ოდნავ მაინც უზრუნველყოფილია, რაც უნდა მძიმე ავადმყოფი ბავშვი იყოს, ვაუჩერს არ მისცემენ და დღის ცენტრშიც ყველა თანხა თავად უნდა გადაიხადონ. წინათ ვაუჩერის მოპოვებისთვის დაბალი ქულებიც საკმარისი იყო, ახლა კი 100 ათასი ქულა უნდა მოაგროვო და მხოლოდ მაშინ გამოგიყოფს სახელმწიფო ვაუჩერს. 100 ათასი ქულა რომ მიიღო, უნარშეზღუდული ბავშვის მშობლებისა და სხვა ოჯახის წევრების შემოსავალი 200 ლარამდეც არ უნდა იყოს. ბენეფიციარის ოთხსულიან ოჯახს საერთო შემოსავალი 600 ლარი თუ აქვს, შეიძლება ვაუჩერი მისცენ. ვაუჩერის დღიური ანაზღაურება კი მხოლოდ 11 ლარია. ამ თანხაში შედის დღის ცენტრის მიერ ტრანსპორტით მომსახურება, ორჯერადი კვება, სპეცპედაგოგების, ექიმების, მომვლელის მომსახურება და ა. შ. ამ ორგანიზაციებს პარალელურად გრანტებიც აქვთ მოპოვებული, თორემ სახელმწიფო ვაუჩერის ანაზღაურება იმ საქმეში, რასაც აკეთებენ, მიზერულია. ვაჟა-ფშაველას ქუჩის დღის ცენტრებში ვარკეთილიდანაც დადიან ბენეფიციარები და წარმოიდგინეთ, მათ წაყვანა-მოყვანას რამდენი თანხა და წვალება სჭირდება. ტრანსპორტიც ასეთი ბავშვებისთვის შესაფერისი არ არის და ისევ ცენტრის თანამშრომლები წვალობენ ეტლების გადატან-გადმოტანაში. ბავშვებს ცენტრში ყოფნის დროს ზოგჯერ ეპილეფსია ემართებათ, წამალი, ექიმი  სჭირდებათ და თვეში 240 ლარი სიმბოლური თანხაა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სოციალური აგენტები არ წერენ შესაბამის ქულებს. როცა ჩემს სახლში აგენტი პირველად მოვიდა, ისეთი ქულები დამიწერა, ჩემზე მდიდარი არავინ მეგონა. დიდი ბრძოლა დამჭირდა, რეალური ქულები რომ დაეწერა, ჩვენი მდგომარეობის შესაფერისი. საოცარია ისიც, რომ როცა არსებობს უმძიმესი დიაგნოზი, ასეთ ადამიანს სახელმწიფოს დახმარებისთვის ქულები რატომ უნდა სჭირდებოდეს?!

_ თუ შეიძლება, ისევ ცენტრის პრობლემებზე მესაუბრეთ…

_ მას შემდეგ, რაც გაუგრძელეს ცენტრს არსებობის ვადა და იგივე შენობაში დატოვეს, სხვა პრობლემა წამოატივტივეს _ ორი საპირფარეშო საკმარისი არ არის, ოთხი მაინც უნდა გქონდეთო. განგვიცხადეს, ძველი დრო დასრულდა, ახლა ნორმებით, ნორმატივებით და სტანდარტებით უნდა ვიმუშაოთ. წინათ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდით, მაგრამ აღარ დავხუჭავთო და ა. შ. სტანდარტებს რომ ითხოვენ, სახელმწიფო ჩვენს შვილებს უხდის იმ თანხებს, რაც ასეთ ცენტრს რეალურად სჭირდება?! წლებია, ამ 11 ლარს არაფერი მომატებია. ნაცვლად იმისა, რომ თავად სახელმწიფომ შექმნას ასეთი ცენტრები, ან დაეხმაროს დღის ცენტრებს შენობით, გაურემონტოს და ხელი შეუწყოს, იქით ედავება და კეტავს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 9 ათასი უნარშეზღუდული ადამიანია, მაგრამ ესეც არ არის ზუსტი ციფრი. რეალობა არის სრულიად სხვა. ჩვენი მონაცემებით, 400 ათასამდე უნარშეზღუდულია საქართველოში. მხოლოდ ცერებრული დამბლის დიაგნოზი არ ითვლება უნარშეზღუდვად, ამ კატეგორიაში პოსტტრავმული ავადმყოფებიც იგულისხმებიან.

მზია ჯანიაშვილი-ქაჯაია, უნარშეზღუდული ანა ქაჯაიას დედა:

_ ჩემი შვილი ზურგის ტვინის თანდაყოლილი თიაქრის ნარჩენი მოვლენებით არის ავად. ოპერაცია 7 თვის ასაკში გავუკეთეთ, რა დროსაც ფეხი გაუჩერდა. სამი წელი დამყავდა ამ ცენტრში. ასეთი ავადმყოფის შენახვის საშუალება თბილისში რომ აღარ მქონდა, რამდენიმე წელი საცხოვრებლად რაიონში გადავედი. მეუღლე, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, გარდაიცვალა. ახლა ანა 15 წლის არის და კვლავ თბილისში ვცხოვრობთ. ისევ ვაჟა-ფშაველას ცენტრში მინდოდა მიყვანა, მაგრამ იქ პატარების ჯგუფი დახურული დამხვდა. ვაუჩერი რომ არ გაუქმებულიყო, თემქაზე, სხვა ცენტრში გადავიყვანე. გარკვეული დროით მიიღეს, _ უნდა შევხედოთ, როგორ მოიქცევაო. ორი თვის მერე კი პედაგოგმა გამომიცხადა, _ ამას აქ ვერ გავაჩერებ, ბავშვებს მიწიოკებსო. ჩემი შვილი გაციებული იყო, ნახველი უგროვდებოდა და ამის გამო თითს პირში იდებდა, რაც არ მოეწონათ. ვაუჩერი ახალი დამტკიცებული გვაქვს. ერთი თვე ვერც ერთ პროგრამაში რომ ვერ ჩავრთო, ერთი წლით გაგვიუქმდება და მერე თავიც რომ მოვიკლა, ვერსად წავიყვან. რაც ეს ჯგუფი დახურეს, ბავშვები სულ სახლში სხედან, ამიტომ ისინი უფრო აგრესიულდებიან. შემდგომში ურთიერთობების დამყარებაც გაუჭირდებათ და ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევთ. სახელმწიფო ამ მდგომარებაში არ უნდა აყენებდეს ასეთ ავადმყოფებს. ასეთი ცენტრები უნარშეზღუდული ადამიანების სიცოცხლის წყაროა და მისი გადაკეტვა მათ გაწირვას ნიშნავს.

_ ხელისუფლებიდან დახმარებისთვის რატომ არავის მიმართეთ და როგორც მე მიხსნით, ასე მათაც არ აუხსენით?

_ სოციალური სამსახურის   ხელმძღვანელს, გია კაკაჩიას ფეისბუკითაც ველაპარაკე. მითხრა, _ აბა, შენმა შვილმა ისწავლა მაგ ცენტრში რამეო?! ვუთხარი, ძალიან ბევრი რამ ისწავლა-მეთქი. თვლა საერთოდ არ იცოდა და ამ ცენტრში რომ მივიყვანე, 40-მდე თავისუფლად თვლიდა. სახლში გამოკეტვა ამ ადამიანებისთვის არის ტრავმული, რადგან იქ მათ საინტერესო ცხოვრება აქვთ _ შესაძლებლობის ფარგლებში სწავლობენ ხელსაქმეს, ფერადი ქაღალდებისგან საინტერესო ფიგურებს აკეთებენ, ძერწავენ და თექაზეც მუშაობენ. თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური გეგმა აქვთ შედგენილი. კაკაჩიას ოფიციალური წერილიც გავუგზავნე და ვთხოვეთ, ჩვენს შვილებს ძალიან მოსწონთ ეს ცენტრი, დაუბრუნეთ სითბო და სიკეთე-მეთქი. ცენტრის ხელმძღვანელობამ ორი დამატებითი ტუალეტის მშენებლობა უკვე დაიწყო, მაგრამ დარწმუნებულები არ ვართ, რომ ისევ აღადგენენ ამ ჯგუფს. სხვა დღის ცენტრებსაც ანადგურებენ და ხურავენ. ჯანდაცვის მინისტრის სახელზეც დავწერე განცხადება, სადაც ყველაფერი მოვუყევით, მაგრამ ეს განცხადება მან ისევ კაკაჩიას გადაუგზავნა. ბევრმა მშობელმაც მისწერა და ყველას ანალოგიური პასუხი მოგვივიდა. გვწერენ: გაცნობებთ, რომ სტუდია „ეიბისი“-ს დღის ცენტრის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა მოცემული ორგანიზაციის მიერ ფართით სარგებლობის დამადასტუუებელი დოკუმენტის არარსებობა. დღეისთვის ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ითხოვს ბავშვთა დღის ცენტრის მიმწოდებლად რეგისტრაციას, თუმცა აღნიშნული პროცესი არის გადავადებული, ვინაიდან მას აქვს მხოლოდ ორი სველი წერტილი, ისიც არაადაპტირებული. შესაბამისად, სამინისტრო ვერ განიხილავს ამ დღის ცენტრს მიმწოდებლად იმ დრომდე, სანამ სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სველი წერტილების ადაპტირება და მესამე სველი წერტილის დამატება არ იქნება შესრულებული. აქვე დავძენთ, რომ სტუდია „ეიბისი“ დღის ცენტრის ყოფილ ბენეფიციარებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების ვაუჩერი, მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა დღის ცენტრებშიო. ეს ყველაფერი არის ტყუილი, რადგან სხვა დღის ცენტრები მათ ვერ მიიღებენ იმის გამო, რომ ყველა შევსებულია. 12 დღის ცენტრია მხოლოდ თბილისში და მან როგორ უნდა დააკმაყოფილოს 9 ათასი უნარშეზღუდული?! ეს ხომ ზღაპარია?

მზია ქველაძე:

_ კიდევ ორი დღის ცენტრი დახურეს ვითომ სტანდარტების დაუცველობის გამო. ზოგს უთხრეს, ფართი არ შეესაბამება ნორმატივებსო, ზოგს ტუალეტი საკმარისი არ არისო, ზოგსაც პედაგოგების რაოდენობა დაუწუნეს. საბაბს ეძებდნენ მათ დასახურად. რეალური მიზეზი, თუ რატომ იქცევიან ასე, არ ვიცით. ალბათ, ასეთ ბავშვებზე თანხების გაცემა აღარ უნდათ და ფულს უკეთებენ ეკონომიას. ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალურ უწყებებს ბიუჯეტიდან ყოველთვის დიდი თანხები ერიცხებათ, მაგრამ სად მიაქვთ ეს ფული, გაუგებარია. იცით, ჩვენს შვილებს პენსია რამდენი აქვთ? 18 წლამდე 100 ლარს უხდიან, უფრო ზემოთ კი _ 150 ლარს. ეს ფული მათ წამლებსაც არ ჰყოფნის. სამედიცინო კომისია მათზე გაცემულ დასკვნაში იმასაც წერს ხოლმე, რომ საჭიროებს გარეშე პირის დახმარებასო. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამ, ან ოჯახის სხვა წევრმა უნდა აჭამოს, ტუალეტში შეიყვანოს, მოუაროს და მან სხვა საქმე ვეღარ გააკეთოს. სანამ „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა მის ყველა შეკრებას ვესწრებოდი. ასეთ ბავშვებზე სპეციალური პროგრამები დაწერეს, მაგრამ როცა მოვიდნენ, იქიდან არაფერი გააკეთეს. საკოორდინაციო საბჭოც კი შექმნეს პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ სულ ტყუილად. ივანიშვილი უფრო იჩენდა ამ ბავშვების მიმართ ყურადღებას, მაგრამ ახლა რა ხდება, ვერაფერი გაგვიგია. სანამ ეს ხალხი პარლამენტში წამოსხდებოდა, გვეგონა, რომ ჩვენთვის სიცოცხლეს გაწირავდნენ. გვეუბნებოდნენ, როცა მოვალთ, თქვენ არ იცით, როგორ კარგად იქნებითო. აი, მოვიდნენ და უარეს დღეში ჩაგვყარეს. გუბაზ სანიკიძემ ჩვენი ცენტრი მაშინ მეორე სახლად აქცია და იქ ბრიფინგს ბგიფინგზე მართავდა, მაგრამ მერე აღარც გავხსენებივართ. სამწუხაროდ, გამოგვიყენეს. ტელევიზორსაც კი აღარ ვრთავთ, ეს მატყუარა ადამიანები რომ არ დავინახოთ.

კაკაჩია რომ გვწერს, ადაპტირებული არ არის ეს ცენტრებიო, მაშინ  ისიც თქვან, ამ სახელმწიფოში რა არის ჩვენნაირ ადამიანებთან ადაპტირებული?! საქართველოს ბანკის ეგიდით თბილისში უნარშეზღუდულებისთვის ტროტუარებზე პანდუსები გაკეთდა, მაგრამ იქ მუდმივად ავტომანქანებია გაჩერებული და ჩვენ ეტლის  გადასაადგილებლად ვერ ვიყენებთ. სახელმწიფომ ვერ  გამონახა საშუალება, ეს მაინც რომ მოგვიწესრიგოს. ლიფტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამ კუთხით კვლავ შეუფერებელია. არ არსებობს ტაქსი, რომელიც გათვლილი იქნება იმისთვის, ეტლი რომ მოვათავსოთ. ევროპას რომ ედრებიან, იქ სახელმწიფოს ჰყავს ე. წ. სოციალური ტაქსები, სადაც ეტლებსაც დგამენ. არც ის ვიცით, რომელ საუკუნეში დაიწყებენ ავტობუსებში და `მარშუტკებში~ ეტლების ასასვლელის გაკეთებას და ა. შ. თავად ხომ არაფერს გვიკეთებენ, სხვა რომ გვეხმარება, იმასაც ხელს უშლიან და რა უნდა ვიფიქროთ ამ ხელისუფლებაზე, თქვენ გვითხარით.

_ რას აპირებთ, თუ ყველაფერი კვლავ ძველებურად გაგრძელდა?!

_ თუ არ გამოიჩინა კეთილი ნება ჯანდაცვის სამინისტრომ, ჩვენი შვილებით მივალთ იქ, დიდუბის გზას გადავკეტავთ, მერე კი ეტლებიანად დავტოვებთ და წამოვალთ. დიდი ხანია, ამას ვპირდებდით და ახლა აუცილებლად შევუსრულებთ. თვითონ როგორ მოუვლიან, მერე დავინახავთ.

„ქრონიკა+“ ჯანდაცვის სამინისტროს   სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გია კაკაჩიას დაუკავშირდა და უნარშეზღუდული ბენეფიციარების მშობლების პრეტენზიები გადასცა.

გია კაკაჩია:

_ დღის ცენტრებისთვის ეს სტანდარტები შემოღებული არის 2010 წლიდან. ორივე დღის ცენტრი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზეა განთავსებული, ამ სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობდა. ამ ფართში არის ორი ორგანიზაცია: „ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება“ და „ეიდისი“. ერთს ჰყავს უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მეორეს შშ ბავშვები. მაისში სპორტის სამინისტრომ მოგვწერა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის სდომაზე გაიტანდა ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ საკითხს ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, მასზე გვითხრა, ასეთს ჩვენ არა ვცნობთო. სწორედ ეს გახდა „ეიდისი“-სთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. სტანდარტებს თავიც რომ დავანებოთ, ერთ-ერთი ჩვენი პირობა არის ის, რომ ორგანიზაციას ჰქონდეს ფართი. საბოლოოდ, ავისტოში, ფართი მხოლოდ ერთ ორგანიზაციას გადასცეს, რის შემდეგაც მან მოგვწერა, რომ ბავშვებზეც უნდოდათ სერვისის განხორციელება. როცა ასეთი განაცხადით შემოდის ორგანიზაცია, ჩვენ ადგილზე ვახდენთ მის შემოწმებას, რათა ნორმალური სერვისი განვახორციელებინოთ. ამ ორგანიზაციას დღეს ჰყავს 29 შშს პირი და უნდათ დაამატონ 15 ბავშვი. სტანდარტში წერია, რომ 15 ადამიანზე ერთი სველი წერტილი უნდა იყოს. ჩვენი ვიზიტით გამოიკვეთა ის, რომ მათ აქვთ ორი სველი წერტილი და რადგან ამ ეტაპისთვის 29 ბენეფიციარი ჰყავთ, სტანდარტში ჯდებიან, დამატებით 15-სთვის კი ერთი სველი წერტილის დამატებაა საჭირო. მეორე ორგანიზაცია „ეი დი სი“ უკვე გამოეთიშა ამ სიტუაციას და მასზე საუბარი აღარც არის.

_ სველ წერტილში, ალბათ, ტუალეტებს არა გულისხმობთ? ისინი ამბობენ, რომ ეს ბავშვები პამპერსებით დადიან და მათ ტუალეტი საერთოდ არ ესაჭიროებათ. ეს ჯანდაცვის სამინისტრომ არ იცის, არადა უნდა იცოდესო.

_ მოცემულ მომენტში ვინ იქნება მათი ბენეფიციარი, წინასწარ არავინ იცის. აქ არ არის საუბარი მარტო ვაუჩერით მისულ ბენეფიციარზე. ასეთ ცენტრში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და თქვას, რომ უნდა ამ პროგრამაში ჩარიცხვა. მერე ხდება მისი შეფასება და რიცხავენ. აქედან გამომდინარე, მისი მომსახურების კატეგორია როგორი იქნება, თავად ცენტრმა არ იცის. სველი წერტილი გულისხმობს როგორც უნიტაზს, ასევე ცხელ და ცივ წყალსაც. მათ ლოგიკასაც რომ გავყვეთ, ბავშვი, რომელიც პამპერსს ხმარობს, მას ხომ სჭირდება პამპერსის გამოცვლა და ჩაბანა?! ასევე არსებული ტუალეტები არ არის ადაპტირებული სათანადოდ და ეტლიან ბენეფიციარს იქ ხელით შეიყვანენ? მესამე მომენტი გახლავთ ის, რომ ერთ-ერთი დიდი ოთახი, რომელიც მათ აქვთ, არის კატასტროფულ მდგომარეობაში და მასაც სერიოზული ხელის შევლება სჭირდება. ეს სამი მოთხოვნა გვქონდა მათთან. ბოლო ათი დღის წინ გვქონდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა კიდევ შემოიტანეს წერილი, სადაც გვწერენ, რომ მესამე ტუალეტი უკვე გააკეთეს. ამ კვირაში კიდევ განხორციელდება მონიტორინგი და თუ იქ დაგვხვდება ისეთი ფიზიკური გარემო, რომლითაც შესაძლებელი იქნება 15 ბავშვი დაემატოს, არანაირი პრობლემა არ გაჩნდება.

_ ისინი აცხადებენ, რომ სხვა დღის ცენტრებიც დახურეთ და ეს რაღა მიზეზით გააკეთეთ?

_ მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილსში შშს ბავშვი ბევრია, სამწუხაროდ, ამ სერვისში გვაქვს თავისუფალი ადგილები. არ არის ბავშვების შემოდინება და ჩარიცხვა სერვისებში. ჩვენი მონიტორინგის სამსახური არ არის საგადასახადო ინპექცია. დაწესებულებებს მაშინვე არ ვადებთ ყადაღას და არ ვაუქმებთ. ვაძლევთ რეკომენდაციებს, რა და როგორ გააკეთონ და ლოგიკურ 6-7-თვიან ვადასაც ვუყოფთ ამისთვის. გამონაკლისი იყო რამდენიმე ორგანიზაცია, სადაც დაგვხვდა ცალსახად ფართის არქონის ფაქტი და ისინი სწორედ ამ პრინციპით დაიკეტა. ახალ მომწოდებლებს, რომლებიც ჩნდება ჩვენთან, უფრო მეტ მოთხოვნებს ვუყენებთ ვიდრე მოქმედებს. განათლების სამინისტროსთან უკვე ვმუშაობთ, რათა ასეთი ფართები პირდაპირ სკოლაში გამოიყოს. ბევრი შშმ ბავშვი სკოლაში არ დადის და ეს ცენტრები სწორედაც უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ისინი სკოლაში მივიყვანოთ. რამდენიმე სკოლაში უკვე გამოვყავით ფართი, რათა ეს სერვისი მიებას სკოლას. მას დააფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო.

_ ისინი ამბობენ, მართალია დღის ცენტრებს ახლა სტანდარტებს სთხოვენ, მაგრამ ჩვენს შვილებს სახელმწიფო სტანდარტებით როდის აძლევს ყველაფერსო?! საუბრობენ პენსიების სიმცირეზე, პანდუსებზე, სადაც მანქანების გაჩერებებია მოწყობილი და ა. შ.

_ მე რომ შემეკითხოთ, იმდენ პრობლემას ჩამოგითვლით მარტო შშს სფეროში, ალბათ, ერთი გვერდი არ გეყოფათ ამის დასაწერად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც გვაქვს, მასზეც თვალი დავხუჭოთ. იმის გამო, რომ ბავშვმა ნახევარი საათი გაატაროს ცენტრში და სასადილოში ჯდომის გარდაც სხვა არაფრის საშუალება იქ არ ჰქონდეს, ყველაფერს ვერ დავთანხმდებით. ეს არ არის უფასო სასადილო. ჩვენ საწყის ეტაპზე ვცდილობდით, მაქსიმალური შეღავათები მიგვეცა ასეთი ცენტრებისთვის. რასაც ვითხოვთ, ეს არის მინიმალური სტანდარტი, თორემ ამერიკული და ევროპული რომ გადმოვიღო, დამერწმუნეთ, 5 ორგანიზაციაც ვერ დააკამყოფილებს. ამ კვირაში ჩვენი ვიზიტი ზემოთ აღნიშნულ ცენტრში კიდევ  განხორციელდება და მინიმალური სტანდარტი თუ არ დაგვახვედრეს, ვერაფრის გამო ვერ ვეტყვით თანხმობას.

 

 

                                                                                                         ნელი ვარდიაშვილი