ხათუნა ლაგაზიძე: „მთავარი ტრაგედიაა, რომ არჩევნები აზრს კარგავს!“

პოლიტიკური კრიზისის მესამე კვირას, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ მარტო დატოვა და მას სრული იგნორი გამოუცხადა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა, როგორც თავად აცხადებენ, „დამაჯერებლად“ მოიგეს. უკონკურენტოდ დარჩენილებმა ვის მოუგეს, ამაზე პასუხს, ალბათ, ვერც ვერასდროს გასცემენ. რაც მთავარია, არჩევნების „დაძაბულ“ მეორე ტურში არავისთან გამარჯვება დოლ-გარმონის ფონზე აღნიშნეს.
ცესკომ ვერც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დათვალა, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ხმების 100%-ზე მეტი დაუწერეს. უპირობო ლიდერი სოზარ სუბარი იყო, რომელსაც, ცესკოს მონაცემებით, 164%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, მეორე ადგილზე ირაკლი ჩიქოვანი გავიდა 118.8%-ით. ცესკომ მმართველი გუნდის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს კი 104.33% დაუწერა. თურმე შესაძლებელი ყოფილა 100%-ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება, ამ ყველაფერს პარალელური საქართველოდან არ გიყვებით, ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

მიზანმიმართულად უშვებს თუ არა მსგავსს შეცდომებს ცესკო? რატომ მოუწოდებს დასავლეთი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ? რა სამოქმედო გეგმა რჩება ოპოზიციურ სპექტრს?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ხათუნა, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ მარტო დარჩა. უკვე სამ კვირაზე მეტია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ამ პროცესებში რამდენად თანმიმდევრულია ოპოზიცია?
_ ენის მოჩლექით საუბრის ნაცვლად პირდაპირ გეტყვით, რა სცენარები შეიძლება განვითარდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ არის ხალხი, ვინც რეალურად წუხს ამ ერთპარტიულ მმართველობაზე, ცდება, ასეთი ხალხი ან საერთოდ არ არის „ქართულ ოცნებაში“, ან ძალიან ცოტანი არიან, იმდენად ცოტანი, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, ის, რასაც 2012 წელს ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს, 2020 წელს აუსრულა, „ნაციონალების“ გარეშე დატოვა პარლამენტი. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფაქტით შეწუხებული ნამდვილად არ იქნება. ასე რომ, ახლა ხიბლში ჩავარდნა და იმის ძახილი, რომ დემოკრატიაზე, ფაქტობრივად, უარის თქმა ან თავად „ქართულ ოცნებას“ შეაწუხებს ან „ოცნების“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს, მანამ, სანამ თავად არ შეეხებათ უშუალოდ, _ ეს არის ილუზია. ამიტომ ოპოზიციამ თავისი ქმედება უნდა დაგეგმოს აქედან გამომდინარე. ერთადერთი, რის გამოც ხელისუფლება თუნდაც ვერბალურ დონეზე მოუწოდებს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ, გახლავთ მხოლოდ დასავლეთის ყური და ამიტომაც შინაგანად ხელისუფლება არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის.
_ რატომ მოუწოდებს დასავლეთი პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას?
_ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია. ამ ნაწილში რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. პირველი არის ის, რომ თავად დასავლეთი, როგორც ერთიანი სტრატეგიული ინტერესებით გაერთიანებული სივრცე, კარგა ხანია, აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, რაღაც საერთო ინტერესები შერჩათ, მაგრამ პრობლემები იმდენად მოეძალათ, რომ ბევრ რამეში დასავლეთი, როგორც ერთიანი სტრატეგიული ღერძი, უბრალოდ, ვეღარ განიხილება. ამ შემთხვევაში ევროკავშირს, რომელიც თვითონ უამრავ პრობლემაშია ჩაძირული, იმ ინტერესის კვალიც კი აღარ შერჩა, რაც ჰქონდა 90-იანი წლების ბოლოდან 2010 წლამდე. ამიტომაც იმედის დამყარება ევროკავშირზე, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, იმ დოზით აღარ უნდა გვქონდეს, რაც გვქონდა თუნდაც 2012 წელს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავად ხელისუფლება ყანყალებს და არ გვახსოვს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ამერიკა ასეთი გამოწვევის წინაშე მდგარიყოს, როგორშიც ახლა დგას. თან ახლა გარდამავალი ხელისუუფლებაა და ამიტომაც არ არის მზად, საქართველოში კატაკლიზმებს გაუმკლავდეს და მოერიოს. ამ შემთხვევაში კატაკლიზმებში ვგულისხმობ, ხელისუფლების ცვლილების თანმდევ პერიოდს. ამერიკა დღეს თავად დგას ძალიან გარდამტეხ გზაგასაყარზე და ამ მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ამერიკამ ერთგვარი სილის გაწვნაც კი მიიღო სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, როცა პომპეომ მათ შესთავაზა სამშვიდობო ინიციატივა, ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობოების ჩაყენება, კი დათანმხდნენ ამ წინადადებას, მაგრამ ორ დღეში ცეცხლი ისევ განახლდა. ამ ამბიდან ორ კვირაში რუსი სამშვიდოებები ჩადგნენ იქ. ზოგადად, ობამადან მოყოლებული ამ რეგიონის მიმართ ინტერესი თვალსაჩინოდ შემცირდა. ამერიკას რომ ჰქონდეს იმის ინტერესი, რომ კავკასიაში ჰყავდეს ორი პროდასავლური სახელმწიფო, ამაზე უკეთესს დროს ის უბრალოდ ვერ ნახავს. ფაშინიანის გადასარჩენად დიდი ფინანსურ დახმარებებია საჭირო იმისთვის, რომ მან დაანახოს საკუთარ მოსახლეობას, დასავლეთის წყალობით მიღებული ეკონომიკური აღმავლობის სიკეთე. ჯერჯერობით, ამერიკის მხრიდან სომხეთის მიმართ მხოლოდ 5 მილიონზეა საუბარი, ლტოლვილებისთვის მინიმალური დახმარების აღმოსაჩენად. ამ ფონზე საქართველოში ხელისუფლების მტკივნეული ცვლილებისთვის, როგორც ამას „ოცნება“ ამტკიცებს, ამერიკა მზად არ არის.
_ რატომ მტკივნეული ცვლილება?
_ „ქართული ოცნება“ ამერიკას არწმუნებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მისი ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელსაც ძალიან ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის, უბრალოდ, არ შეეგუება ოპოზიციური ხელისუფლების მოსვლას სათავეში და ამან შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, _ ეს არ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც დასავლეთი უფრთხის და მეორე ფაქტორი არის ის, რომ იმდენად ჭრელია ეს ოპოზიცია, ამისაც ეშინია ამერიკას, რამდენად შეძლებს ამ ჭრელი ოპოზიციისგან შემდგარი კოალიცია გამოწვევების გამკლავებას. ესეც ფაქტორია ამერიკისთვის. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ აინტერესებს ამერიკას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასე რომ იყოს, პრობლემებთან მარტო დაგვტოვებდა. ფაქტია, აინტერესებს და ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველო თუ დატოვა, ეს იქნება მისი 30-წლიანი პოლიტიკის სრული მარცხი ამ რეგიონში და, შესაბამისად, ისინი ამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ძალიან მოზომილ ნაბიჯებს დგამენ. ამ შემთხვევაში ამერიკას საქართველოში წყლის ამღვრევას ურჩევნია, პრობლემის გადაგორების რეჟიმში იყოს.
_ სალომე სამადაშვილი „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა მეორე დღესვე ბოიკოტი გამოაცხადა. მისივე თქმით, ჯერ დასავლეთისთვის უნდა აეხსნათ მოცემულობა და შემდეგ მათი ჩართულობით გადაედგათ ნაბიჯები. თქვენი შეფასებით, დაუშვა თუ არა ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა?
_ ამას დრო გამოაჩენს. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იყო დასავლეთთან პოზიციების შესუსტება ჯერ კიდევ ამ წლის ზაფხულიდან. ჩემთვის პირადად, ამ თვალსაზრისით, ათვლის წერტილად იქცა ადამ კიზინგერის ინტერვიუ „მთავარ არხზე“, სადაც ვერაფრით დააცდენინეს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა, მაშინ, როცა 2019 წლიდან მოყოლებული იმ დრომდე, მთელი ამერიკის კონგრესი და სენატი უმძიმესი შეფასებებით გამოდიოდა მმართველი გუნდის მიმართ. ასეთი შეფასებები 2003 წელსაც კი არ გვახსოვს, მათ შორის იყო „ქართული ოცნების“ მიმართ პრორუსულობის ბრალდება, ირანთან კრიმინალური კონტაქტების არსებობა და ა. შ. ეს ყველაფერი ერთ დღეს მიჩუმდა. თქვეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში მოგვეხმარნენ და შიდა საქმეებში ვერ ჩავერევითო. მათ შიდა საქმეებში ჩარევას არც არავინ სთხოვდა, მაგრამ, ზოგადად, კრიტიკული განწყობა იქ გაჩერდა. მას შემდეგ თითქმის აღარავის გაუკეთებია კრიტიკული განცხადება „ოცნების“ მიმართ. ნამდვილად არ არის თვითმიზანი, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთმა აკრიტიკოს, მაგრამ ეს ოპოზიციისთვის განგაშის ტოლფასი და იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ „ქართული ოცნების“ ლობისტები ძალიან აქტიურად მუშაობენ ამერიკაში და შედეგები დადეს.
_ რით ხსნით ამას, ოპოზიციას „გამოეპარა“ ამერიკის მხრიდან კრიტიკული გზავნილების შეწყვეტა?
_ ვფიქრობ, რომ ზედაპირულად უდგებოდნენ როგორც ამ არჩევნებისთვის მზადებას, ასევე დასავლეთთან სწორი მესიჯების გაგზავნას. ერთი მხრივ, „ოცნება“ ეუბნება, მე თუ წავედი და ოპოზიცია მოვიდა, ამან შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოსო; მეორე მხრივ, ეს ოპოზიცია იმდენად მრავალფეროვანია, როგორც ხელისუფლება, მას გამოცდილი არ ჰყავს და ეშინია, რომ ამათმა ვერ შეძლონ სიტუაციის ხელში აღება. რაც მთავარია, ამერიკაში ძალიან დიდი ძვრის პროცესებია. ამ ფონზე ცუდი რამ არის ის იმედგაცრუება, რომელიც პირდაპირ იკითხება სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგში. იმედგაცრუება იმ თვალსაზრისით, რომ 30 წელია, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან, წვრთნიან სამხედრო თუ დემოკრატიული თვალსაზრისით, უზარმაზარი ფინანსები ჩადეს და ისევ მოვედით საწყისს წერტილზე, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთთან ვერ ახერხებს მოლაპარაკებას. ყველაზე საშიში, ჰაერში დაკიდებული შეკითხვასავით დამრჩა შთაბეჭდილება ამ ბრიფინგიდან, რომ სადამდე უნდა გავაგრძელოთ ჟანგბადზე ამ ქვეყნის აყვანა? ეს არის ყველაზე დამაფიქრებელი, რაც ამ ბრიფინგმა მაგრძნობინა. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს პროცესები ნიჰილიზმს აღვივებს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ ამომრჩევლის თვალშიც. 21 ნოემბერს მეორე ტურის გამაოგნებელი შედეგები, სადაც „ოცნების“ მაჟორიტარებს 164% ეწერათ, როცა დაიდო ცესკოს საიტზე, მალევე აიღეს, თუმცა მოგვიანებით, პედეეფ ფორმატში ორ საარჩევნო ოლქში დაუდევთ ციფრები, სადაც 100%-ზე მეტი აქვს მმართველი გუნდის კანდიდატს, ამას უკვე ტექნიკურ ხარვეზს ვერ დააბრალებენ. როგორც ჩანს, დაევალათ ბიულეტენების ჩაყრა და ვეღარ მოიფიქრეს, რომ უბანზე გამოცხადებულების რაოდენობა შეესაბამებინათ ჩაყრილ ბიულეტენებთან. ამ ფაქტის შემდეგ რას იფიქრებენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც ისედაც ძალიან დიდ სკეპტიციზმს გამოხატავდნენ? მეორე ტურში მხოლოდ „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა და აქაც კი მოახერხეს და გააყალბეს. როგორ უნდა აუხსნა ეს ელჩებს?! როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა ოლქში თავიანთ მე-10 ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციის კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, რომ ოპოზიციის კანდიდატებისთვის ვითომ 10% დაეწერათ. დღეს მთელი დღეა ვუყურებ, როგორი სიმწარე ნარევი ხუმრობით ეხმაურება ოპოზიციური ნაწილი ფეისბუქზე ამ ყველაფერს, მაგრამ აქ სახუმარო არაფერია. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია იმიტომ, რომ ესეც მიზანმიმართულად კეთდება. ვინმეს სჯერა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში იმდენად ჩლუნგები სხედან, რომ ელემენტარულ არითმეტიკას ვერ ართმევენ თავს?! თან დამკვირვებლები თავზე არ ედგნენ და სტრესული გარემო არ იყო, მაგრამ ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ არწმუნებენ ამომრჩეველს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი აღარ აქვს. ამ გაყალბებული ციფრების გამოყრა სრულიად მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იფიქროს: არჩევნებს არანაირი აზრი აღარ აქვს და საერთოდ ხელი ჩაიქნიოს ხელისუფლების ცვლილებაზე. ქვეყანაში რევოლუციური განწყობა რომ არ არის, ეს ცალსახაა და ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი ტრაგედიაა, რომ არჩევნები კარგავს აზრს. გამოდის, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩევლიდან საერთოდ აღარავინ მივა, ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიცია ზედაპირულად უდგებოდა როგორც არჩევნებისთვის სამზადისს, ასევე დასავლეთთან ურთიერთობებს. გარკვეულწილად, ოპოზიციის ზედაპირულობამ გაათამამა „ქართული ოცნება“?
_ ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ ხელისუფლებას ჰქონდა შეუდარებლად დიდი ფინანსური რესურსი, მეორე ის, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში საჯარო მოხელეების რაოდენობა გაიზარდა ისე, როგორც არასდროს და ეს ადამიანები თავს ვალდებულად გრძნობენ, წავიდნენ და „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა. მთავარია საჯარო მოხელის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ის წლების მანძილზე იძენს და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ასეთ კადრს რომ გაუშვებ და შენს შარახვეტია ნათესავს დანიშნავ, კიდევ კარგად დგას ეს ქვეყანა. რადგან იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმება არა კვალიფიკაციაზე, არამედ ამ პარტიათა ცვლაზეა დამოკიდებული, ამიტომაც ის საჯარო მოხელეები ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა. ასევე არის მეორე მომენტი, ქუჩა, _ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ხმის მობილიზებას აკეთებს ქუჩა „ქართული ოცნებისთვის“. ობიექტურად არიან დაშინებული ამომრჩევლები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში რევანშის ეშინიათ, _ ამ ამომრჩევლის რაოდენობაც არ არის მცირე. გარდა ამისა, მაჟორიტარი კანდიდატები მიყვებოდნენ, 2016 წლის შემდეგ ამომრჩეველი რადიკალურად შეცვლილიაო. შეხვედრებზე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არავისი აღარ სჯერათ, ვერავის ვენდობითო, ამიტომაც რჩებათ არჩევანის ერთადერთი მექანიზმი ის, ვინც გადაუხდით. მათ არც იმის სჯერათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება შესაძლებელია. სრული ნიჰილიზმი _ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი ფსიქოლოგიური დივერსიის გამოძახილია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ და ამის შედეგებს ვიმკით. გარდა ამისა, რაც უფრო გაღატაკებულია ამომრჩეველი, მით უფრო იოლია მისი ყიდვა, რაც ძალიან ცალსახაა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას: სექტემბერში ვამბობდით, რომ ოპოზიციას საარჩევნო კამპანია არ ჰქონდა დაწყებული. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს სამი ძირითადი მესიჯი შესთავაზა: გადასახადებისა და ბანკის პროცენტის დაწევა, მედიკამენტებზე ფასების დაწევა. ამ სამ მესიჯს ჰპირდებოდა სხვადასხვა პარტია საკუთარ ამომრჩეველს. როდესაც ამომრჩეველმა ღირებული ვერაფერი მოისმინა ამ პარტიების უმეტესობიდან, თავისთავად ამანაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ფინანსური რესურსი იყო ამ არჩევნებში გადამწყვეტი, რადგან რომ განვიხილოთ თუნდაც გაყალბებული ციფრები, „ქართული ოცნება“ 48%, ოპოზიცია _ 52%, რაც იმას ნიშნავს, რომ 52% ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ. უფრო ძლიერი, მოტივირებული ოპოზიციის შემთხვევაში, რომელიც შეძლებდა ამ აპათიის დაძლევასა და იმედის გაღვივებას ამომრჩეველში, ეს 52% გაცილებით მაღალი იქნებოდა. ამ შემთხვევაში განვიხილავ გაყალბებულ ციფრებს, რეალურად რამდენი პროცენტი იყო ეს, კიდევ სხვა თემაა.
_ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ამით ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილში ნიჰილიზმის გაღვივებას ხომ არ შეუწყობს ხელს? გარდა ამისა, თქვენი შეფასებით, რა შედეგს მიიღებს ოპოზიცია ბოიკოტით, თუნდაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სრულიად გაბანკროტებული იქნებიან?
_ „ქართული ოცნება“ დასავლეთს აშანტაჟებს დესტაბილიზაციის მუქარით, _ ასე იყო დღევანდელ დღემდე, ეს იყო ძირითადი მესიჯი დასავლეთსა და აქაურ საელჩოებთან ურთიერთობაში, რომ ოპოზიციის გამარჯვება გამოიწვევდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რადიკალიზაციას და დაიწყებოდა სამოქალაქო დაპირისპირება და რომ სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო. როგორც ჩანს, დასავლეთს ამისი სჯეროდა და როგორც ვისაუბრეთ, თავადაც უამრავი თავის ტკივილი აქვს და ამ რეგიონში არ სურდა მათთვის ნაკლებად პროგნოზირებადი პროცესების განვითარება. დღეს ხელისუფლებამ საკუთარი მომხრეების პირით ახალი მესიჯი დადო, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მომხრეები ქუჩაში გამოვლენ, _ ეს არის ხელისუფლების რუპორებისგან გაჟღერებული და ეს არის მესიჯი, რომელსაც ახლა ხელისუფლება ყველა სატელევიზიო არხზე დაატრიალებს და ასევე მიიტანს ელჩებთან. ისინი იტყვიან: ოპოზიციას უნდა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ჩემს ამომრჩეველს სურს?! ოპოზიცია ამბობს, რომ ქუჩაში გამოვალთ და თქვენ გსურთ ქუჩაში ორი დაპირისპირებული მხარე?! _ ეს გზავნილი ექნება ხელისუფლებას. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის შანტაჟის ახალი ფორმულა იპოვა, _ ამას აუცილებლად კარგად დაამუშავებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მას აქვს ორი გზა: ცუდი და უარესი. უარესი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ოპოზიციის გახლეჩა და ნაწილი პარლამენტში შევიდა, _ ეს გამოიწვევს, როგორც პარლამენტში შესული პოლიტიკოსების, ასევე გარეთ დარჩენილების მარგინალიზაციას, რადგან ახლა მთავარი ამოსავალი ამომრჩეველია. ეს მოცემულობა კი ამომრჩევლის ტოტალურ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რომ ვერ შეძლეს ერთიანობის შენარჩუნება, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა, რაც მიგვიყვანს ოპოზიციის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ტოტალურად წაგებამდე. თუ ოპოზიციას გადარჩენა სურს, ამ შექმნილ ვითარებაში ერთიანობა უპირობო მოცემულობაა, მაგრამ თუკი ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს არ დათანხმდება, ოპოზიციის ყველას ერთად ქუჩაში დარჩენაც შეიცავს მარგინალიზაციის რისკებს, იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია და ვერ დაანიშნინა ხელისუფლებას ხელახალი არჩევნები, ესეც გამოიწვევს ამომრჩევლის იმედგაცრუებას. ეს ციფრები, რაც მეორე ტურის შემდეგ აიტვირთა, 164%-იანი მოგება და ა. შ. (ამ შემთხვევაში მხოლოდ ცდომილებასთან არ გვაქვს საქმე), არის მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ტერორი ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომ მან დაინახოს: ამ ქვეყანაში არჩევნებს ძალიან დიდხანს აზრი აღარ ექნება და თავი აღარ შეიწუხოს საარჩევნო უბანზე მისვლით. ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის ხმებს ვერ დაიცავს და ვერ დაანიშნინებს რიგგარეშე არჩევნებს, _ იმედგაცრუების წყაროა ამომჩრევლისთვის, მაგრამ არა იმ დოზით, როგორადაც იქნება დაშლილი ოპოზიცია, რომლის ნაწილი პარლამენტში მოღალატის იარლიყით შევა, მაგრამ გარეთ დარჩენილებიც ვერ იქნებიან სახარბიელო დღეში იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში გამოვა: მათ ვერც ხმების დაცვა შეძლეს და ვერც ერთიანობის შენარჩუნება. ასე რომ, ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, ოპოზიციისთვის უარესი და მისთვის უკეთესი სცენარი გაითამაშოს, რასაც ჰქვია ოპოზიციის დაშლა. ამიტომაც შეიძლება, ეს ორი კვირა ხელისუფლება ოპოზიციის დაშლით იყოს დაკავებული და არა კომპრომისებზე წამოსვლით. სანამ პარლამენტის შეკრების კონსტიტუციური ვადა არ ამოიწურება, არ მგონია, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამოვიდეს. თუ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს, ამის შემდეგ უფრო მეტად არის შესაძლებელი ხელისუფლების წამოყვანა კომპრომისზე. ამავდროულად, ოპოზიციამ დასავლეთი უნდა დაარწმუნოს, რომ აქ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის საფუძველი არ არსებობს და რომ ისინი ამ დაპირისპირებას არ დაუშვებენ, რისიც ყველაზე მეტად ეშინია დასავლეთს. დღეს ეს არის ოპოზიციის ამოცანა. დემოკრატია გასაგებია, მაგრამ დასავლეთს ეშინია, ეს ქვეყანა ისეთ ქაოსში არ ჩაიძიროს, რომ დემოკრატია კი არა, სახელმწიფოებრიობა დაკარგოს რუსეთის მეზობლად. ამიტომაც ოპოზიცია ამაში უნდა არწმუნებდეს დასავლეთს, რომ არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. დემოკრატია და პროდასავლურობა გასაგებია, მაგრამ ჯერ როგორც სახელმწიფო უნდა არსებობდე. „ქართული ოცნების“ შანტაჟის ფონზე ამის რისკებს ხედავს დასავლეთი და სწორედ ოპოზიციის ვალია, რომ ეს მესიჯი მკაფიოდ მიიტანოს დასავლეთამდე.

ნენე ინჯგია