გოჩა თევდორაძე: „მუშაობას კი დაიწყებს, მაგრამ კონსტიტუციით „ოცნება“ ახალი პარლამენტის უფლებამოსილებას ვერ ცნობს!“

მართლმორწმუნე „ქოცები“ თავს იმშვიდებენ, ოპოზიციის ბოიკოტი უკანონოა, ანუ ოპოზიციონერები შეიძლება, პარლამენტის სხდომებს არ დაესწრონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმური იქნებაო, თუმცა ეს „ქოცური“ ლოგიკა უფრო იმას ჰგავს, წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება ხოლმე, ეგებ, ბედმა გამიღიმოს და არ ჩავიძიროო. ისე, წყალწაღებულს ღმერთმა შესაძლოა, მართლაც გაუღიმოს და დახრჩობას გადაარჩინოს, მაგრამ აი, „ოცნებას“ ხავსი კი არა, გაძლიერებული ლოცვებიც ვეღარ უშველის _ დღეს თუ არა ხვალ ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებას გამოემშვიდობება, მაგრამ როგორია ის პროცედურები, რომელიც პარლამენტში არშესვლისთვის ოპოზიციამ უნდა გაიაროს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის მესამე ნომერს, გოჩა თევდორაძეს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიხსნის, თუ რატომ ვერ იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური:

გოჩა თევდორაძე:
_ …გვითხრეს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩევლის 26-მა პროცენტმა მიიღო. არადა, „ოცნების“ გათვლით, მეორე ტურში 28 პროცენტი უნდა მისულიყო. ახლა ვნახოთ, რა მოხდა ბიულეტენებში _ დაახლოებით, 10 პროცენტი ოპოზიციურმა კანდიდატებმა მიიღეს.
_ დიახ, კობახიძემ თქვა, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს თითქოს ბოიკოტი გამოუცხადეს, ჩუმად მუშაობდნენ, მაგრამ, ჯამურად, 50 ათასზე მეტი ხმა ვერ მიიღესო.
_ მოკლედ, მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩევლების 26-მა პროცენტმა მიიღო. აქედან, 10 პროცენტი ოპოზიციის კანდიდატებმა წაიღეს, ბიულეტენების, დაახლოებით, 5-6 პროცენტი კი გაბათილდა. ეს 10 და 6 პროცენტი „ოცნების“ ხმები ხომ არაა?
_ ცხადია, არა.
_ ჰოდა, მეორე ტურში „ოცნებამ“ სულ 10 პროცენტი მიიღო და საინტერესოა, ის 48 პროცენტი, რომელიც ამ პარტიამ 31 ოქტომბერს მიიღო, სად გაქრა?
დააკვირდით, კიდევ ერთ პარადოქსულ მოვლენასთან გვქონდა საქმე: ოპოზიცია და მათი კანდიდატები ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ და საკუთარ ამომრჩეველსაც მოუწოდებდნენ, არჩევნებზე ნუ მიხვალთო. აი, ამის მიუხედავად, „ოცნება“ მაინც აცხადებდა, ოპოზიცია კი ამბობს, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ ჩუმად მაინც მუშაობს და ამიტომ მოდით, ხმა მოგვეცით, თორემ „ნაციონალები“ მოიგებენო. ეს ხომ სასაცილოა, ხალხო? „ოცნება“ 9 წელია, იმ ჩარჩოს ვერ გასცდა, მე თუ არ ამირჩევ, „ნაციონალები“ მოვლენო. ამ არჩევნებზეც სწორედ ამ კარტის გათამაშება სცადა.
_ გეთანხმებით, მაგრამ საუბრის თემას ოდნავ შევცვლი, ანუ ბოიკოტი პარლამენტარობაზე უარის თქმას ნიშნავს თუ, უბრალოდ, პარლამენტის სხდომებზე არდასწრებას?
_ ბოიკოტი ისაა, რომ პარლამენტის სხდომებში მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენ, ოპოზიცია კი ვამბობთ, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ მის შედეგებს არ ვცნობთ და, შესაბამისად, ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად მოწვეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთო.
ამ დროს ქვეყანას კიდევ სხვა უბედურება სჭირს.
_ რა?
_ შეიძლება, ასე რიგითი მოქალაქე აზროვნებდეს, მაგრამ გამოდის კობახიძე, რომელიც „ოცნების“ მხოლოდ აღმასრულებელი მდივანი კი არაა, არამედ, საარჩევნო შტაბიც ებარა და ამბობს, მაგალითად, გოჩა თევდორაძეს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის მესამე ნომერია, პარლამენტის წევრობის სურვილი არ აქვს და ამაზე განცხადებაც დაწერა, მაგრამ არსად გავუშვებთო.
ე. ი., კობახიძე, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ხელბორკილებს დამადებს და, სხვა 58 ადამიანის მსგავსად, ოთხი წელი პარლამენტარი ვიქნები?!
აი, ასეთი აზროვნებისაა ადამიანი, რომელსაც „ოცნებაში“ მართვის ბერკეტები უპყრია და არჩევნებს კურირებდა!
რა არის იმაში გასაკვირი, ამ ადამიანს აზრად მოსვლოდა, არჩევნები ტოტალურად გავაყალბოთო?
_ კობახიძისგან, გეთანხმებით, გასაკვირი არაფერია, მაგრამ დამიკონკრეტეთ, „ოცნებას“ შეუძლია, რომ თქვენი დეპუტატობა თქვენივე ნების საწინააღმდეგოდ ცნოს?
_ არა, არ შეუძლია!
_ ამის შესახებ კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია?
_ ამის თაობაზე კანონში არაფერი წერია.
_ აბა, კანონში რა წერია?
_ კანონში საუბარი მხოლოდ პროპორციული სიიდან ადამიანის ამოშლა-არამოშლაზეა.
კონსტიტუციის 38-ე მუხლი პირდაპირ ამბობს: 76 კაცს შეუძლია, მუშაობას პირველ სხდომაზე შეუდგესო, თორემ 76 კაცს არ შეუძლია, რომ პარლამენტი მართოს!
საერთოდ, პარლამენტის პირველი სხდომა განსაკუთრებულია.
_ რატომ?
_ პირველი სხდომის მოწვევის წესი კონსტიტუციითაც განსაზღვრულია, საარჩევნო კოდექსითაც და პარლამენტის რეგლამენტითაც. პირველი სხდომა სპეციფიკური იმიტომაა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა და სხვა ორგანოები ჯერ არჩეული არაა. საერთოდ, არაფრისგან არაფერი ხომ არ შეიქმნება? ამიტომ 76 ადამიანს აქვს უფლება, პირველ სხდომაზე მუშაობა დაიწყოს, უხუცესს წევრს ამ სხდომის თავმჯდომარეობა დაავალოს და საქმე პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობამდე მიიყვანოს.
კონსტიტუციის 38-ე მუხლი იმასაც ამბობს, კი შეძლო 76-მა კაცმა სხდომის დაწყება, მაგრამ პარლამენტი ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას მაშინ იძენს, როცა დეპუტატების საერთო რაოდენობის 2/3-ის უფლებამოსილება არის ცნობილიო.
_ ეს 2/3 100 დეპუტატია, არა?
_ დიახ, ასი და მეტი.
კარგი, ყველა მაჟორიტარი „ოცნებისაა“ და სიითაც 60 დეპუტატი გაიყვანა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, 100 კი არა, სულ 90 დეპუტატი ეყოლება…
სხვათა შორის, კონსტიტუცია იმასაც ამბობს, თუ როდის უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება.
_ და როდის უწყდება?
_ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის ლეგიტიმაცია იქნება ცნობილი.
საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლი პიროვნების სიიდან ამოსვლის უფლებაზე საუბრობს, ანუ ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება და უფლებამოსილებას ცნობს, მათ, ვინც პარლამენტში სიით ვერ შევა, აქვთ უფლება, რომ სიიდან მხოლოდ ამის შემდეგ ამოწერონ, მაგრამ აი, მაგალითად, მე, გოჩა თევდორაძე, სიიდან ამოწერას კი არ ვითხოვ, არამედ ვამბობ, რომ ჩემი, როგორც პარლამენტარის უფლებამოსილება არ ცნონ, რადგან მიმაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.
სხვათა შორის, ამ მოთხოვნის უფლება საერთაშორისო კონვენციითაც მაქვს, ანუ პარლამენტი საჯარო სამსახურია. საჯარო სამსახურში კი ადამიანის მიღება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება.
მოკლედ, ვიმეორებ: პარტიული სიიდან ამოწერას არ ვითხოვ. ჩემი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა ჩემი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება არ ცნოს!
_ ამ მოთხოვნის, ასე ვთქვათ, სისრულეში მოსაყვანად მხოლოდ სიტყვიერი განცხადება საკმარისია, ბატონო გოჩა?
_ ეს განცხადება ცესკოს სახელზე უკვე დავწერე. მეტიც: ამ განცხადებით იმ სამდივნოსაც, უფრო სწორად, მანდატურსაც მივმართავ, რომელიც პარლამენტის პირველი სხდომის ორგანიზებაში იქნება ჩართული.
_ ე. ი., ყველა ოპოზიციური პარტიის პროპორციული სიის წევრმა იმის თაბაზე, რომ პარლამენტმა მისი უფლებამოსილება არ ცნოს, ცეკოს უნდა მიმართოს?
_ დიახ, რადგან ახლა სიის გაუქმების ან „ჩახსნის“ უფლება პარტიის თავმჯდომარეს, მართლაც, არ აქვს. ვიდრე მათი უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი, ვინც პარლამენტის წევრები გახდნენ, სიას აქტიური ჰქვია. კანონი განსაზღვრავს, რომ სანამ სია აქტიურია, პარტიის თავმჯდომარეს უფლება არ აქვს, ეს სია ჩახსნას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მე პარლამენტის წევრობა არ მენდომება, ეს პარტიული სია ისევ აქტიური გახდება და პარლამენტში ჩემი მომდევნო შევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ შევა.
_ როგორ?
_ 15 დღე აქვს იმისთვის, რომ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. თუ უარი განაცხადა, მაშინ ამ ადამიანის მომდევნოს ეძლევა ორკვირიანი ვადა, რომ პარლამენტის წევრობაზე დასთანხმდეს ან უარი თქვას. ე. ი., როცა ვამბობ, სია აქტიური ხდება-მეთქი, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატის კანდიდატის სტატუსი ჩემს მომდევნოს აღუდგება.
ერთი სიტყვით, ამ წუთას მე დეპუტატობის კანდიდატის სტატუსი მაქვს. მართალია, კონსტიტუციასა და კოდექსში არ წერია, მაგრამ პარლამენტი საჯარო სამსახურია. კანონი კი ამბობს, რომ ჩემი დასაქმება, ჩემი ნებისვე საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება. პარლამენტის წევრობა კი საჯარო სამსახურში დასაქმებაა!
_ ბატონო გოჩა, როგორც თქვენი საუბრიდან მივხვდი, „პატრიოტებმა“ ცესკოს სახელზე განცხადებები დაწერეთ და აღნიშნეთ, რომ დეპუტატობა არ გინდათ, მაგრამ იგივე ნაბიჯი სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმა გადადგეს?
_ აი, ეს სხვა საკითხია.
_ რატომ?
_ ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია და ამასთან, ამით არსებული მითქმა-მოთქმაც დასრულდება.
_ რომელი მითქმა-მოთქმა?
_ იგივე კობახიძე და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლები გამოდიან, პარლამენტში ოპოზიცია შემოვა და მარტო არ ვიქნებითო.
„პატრიოტთა ალიანსმა“ ცეკოში თავისი პარტიული სიის 120-ვე წევრის განცხადება დადო, რომ ამ პარლამენტში მოღვაწეობის სურვილი არ აქვს. თუ ანალოგიურ განცხადებას ყველა ოპოზიციური პარტია გააკეთებს და ყველაფერს წერილობით სახეს მისცემს, მხოლოდ მითქმა-მოთქმა კი არ დასრულდება, არამედ „ქართული ოცნება“ სხვა რეალობის წინაშე დადგება.
„ოცნება“ დღეს გაკერპებულია, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ და ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეთო, მაგრამ რომელ არჩევანზეა ლაპარაკი, იმაზე, რომელიც ხალხს არ გაუკეთებია?
_ ბატონო გოჩა, ჩაგეკითხებით: თქვენი ინფორმაციით, ცესკოს სახელზე ზემოხსენებული განცხადებები, „პატრიოტების“ გარდა, სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმაც დაწერეს ან დაწერას თუ აპირებენ?
_ ჩვენ ამისკენ ყველას მოვუწოდეთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე რამდენიმე პოლიტიკური ძალა უკვე მუშაობს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამის გაკეთება მარტივი არ არის.
_ რას გულისხმობთ?
_ „პატრიოტთა ალიანსმა“ შევძელით, მაგრამ ასეთი განცხადებების დაწერა გარკვეულ ძალისხმევას ითხოვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პარტიული სია 15-20 ადამიანისგან კი არ შედგება, არამედ 120-კაციანია, თან ამ 120 ადამიანიდან ბევრი რეგიონიდანაა და იმ პირობებში, რომელშიც ვართ, ყველასთან ინდივიდუალური საუბარია საჭირო.
ერთი სიტყვით, ამ საკითხის პარტიაში გატანას, ერთსულოვნების გარდა, დროც სჭირდება.
_ ცესკოში ზემოხსნებული განცხადების წარდგენის ბოლო ვადა როდისაა?
_ განცხადებები რაც მალე დაიწერება, მით უკეთესი, ანუ ამ განცხადების დაწერა, სანამ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ნებისმიერ დროს შეიძლება.
_ ანუ განცხადების დაწერის ბოლო ვადა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეა თუ განცხადების დაწერა მანამდე შეიძლება, სანამ ცესკო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს დაწერს?
_ მას შემდეგ, რაც ცესკო საბოლოო ოქმს დაწერს, ორ დღეში მათ ვინაობასაც გამოავლენს, რომელთა დეპუტატის უფლებამოსილება უნდა იქნეს ცნობილი.
ამიტომ თუ გვინდა, რომ ამ საქმეში ცესკოც იყოს ჩართული, განცხადებით მას უნდა მივმართოთ, მაგრამ თუ ცესკოს სახელზე განცხადებას ვერ დავწერთ, ტრაგედია არც ეს იქნება, რადგან განცხადების დაწერა მანამდეც შეიძლება, სანამ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება.
_ ბატონო გოჩა, თუ ყველა ოპოზიციური პარტიის პროპორციული სიის წევრები ცესკოს მიმართავენ და განაცხადებენ, რომ არ უნდათ მათი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება იქნეს ცნობილი, მეათე მოწვევის პარლამენტს შეკრების უფლება მაინც ექნება?
_ ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არანაკლებ 76 კაცი შეიკრიბოს, პირველი სხდომა გახსნას, დროებითი თავმჯდომარე აირჩიოს, შემდეგ პარლამენტს პრეზიდენტმა მიმართოს, ცესკოს თავმჯდომარემ კი იმ ადამიანთა სია გამოიტანოს, რომელთა უფლებამოსილების ცნობაც შეიძლება, მაგრამ რადგან სხდომაზე ასი დეპუტატი არ იქნება, პარლამენტი იმ რეალობის წინაშე დადგება, 76 დეპუტატი 100 დეპუტატს, ანუ მათ, ვისი უფლებამოსილების ცნობაც უნდა მოხდეს, კენჭს ვერ უყრის, რადგან პარლამენტში ასი ადამიანი არ იქნება!
ამიტომაც ახალი პარლამენტის პირველი სხდომა თავის მუშაობას ისე დაასრულებს, რომ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილი ვერ იქნება და მუშაობას ავტომატურად წინა მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს. კონსტიტუცია ამბობს, რომ ძველს უფლებამოსილება მხოლოდ ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უწყდება.
_ ძველ, ანუ მეცხრე მოწვევის პარლამენტს მუშაობა რამდენ ხანს შეუძლია?
_ სანამ ახალ პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, მუშაობა ძველს შეუძლია.
_ მაშასადამე, ხომ შეიძლება, „ოცნებამ“ ქვა ააგდოს, თავი შეუშვიროს და მეცხრე მოწვევის პარლამენტი 2024 წლამდე ამუშაოს?
_ ამას ვერ გააკეთებს.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ პარლამენტი, წესითა და რიგით, ოთხი წლის ვადით ირჩევა, ამიტომ განსასაზღვრი იქნება, წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება რა ვადით უნდა გაუგრძელდეს. ამასთან, ის მიზნებიც იქნება განსაზღვრული, ძველმა პარლამენტმა რა საკანონმდებლო ინიციატივებზე უნდა იმუშაოს.
ოპოზიციური სპექტრი ვითხოვთ, რომ ცესკოსა და ასევე ყველა დონის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი შეიცვალოს.
_ წესის შეცვლაში რას გულისხმობთ?
_ თუ ბოლო 30 წელს გადავხედავთ, საქართველოში არასოდეს ყოფილა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას რომელიმე დონის საარჩევნო კომისიას ერთ წევრზე მეტი ჰყოლოდა, მაგრამ 2017 წელს „ოცნებამ“ საკუთარ თავზე მორგებული კანონი მიიღო, რომლითაც ყველა დონის საარჩევნო კომისიაში სამი წევრი ჰყავს. ამას ის 6 წევრი ემატება, რომელიც პროფესიული ნიშნითაა, რაც მანამდე არსებობდა.
მოკლედ, როცა დაკომპლექტების წესზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ყველაფერი ეს უნდა შეიცვალოს. დღეს „ოცნება“ კომისიებში 9 წევრითაა წარმოდგენილი და ამდენი ბათილი ბიულეტენიც ამიტომ გვაქვს.
_ ანუ?
_ რომელი ხმაც საეჭვოდ მიიჩნიეს, კენჭი ამ 9 წევრმა უყარა, ე. ი., ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერა არ დასჭირდათ და ეს ბიულეტენები გააბათილეს.
ოპოზიციას ასევე გვინდა, რომ საარჩევნო გარემო მთლიანად შეიცვალოს და უფრო დემოკრატიული გახდეს. აი, ახლა ყველა ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად გამოიყენესო. ჩვენ კი დიდი ხანია ვამბობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მძიმე დანაშაულამდე მიჰყავს საქმე, ანუ არჩევნების გაყალბება მძიმე დანაშაულია, რაც სისხლის სამართლის წესით ისჯება და სასჯელიც შესაბამისია.
_ ბატონო გოჩა, ვიდრე დაგემშვიდობებით, ერთ წმინდა პოლიტიკურ კითხვას დაგისვამთ: არჩევნებამდე პოლიტიკურ კულუარებში ამბობდნენ, თუ „ოცნებას“ გაუჭირდება, მაშველ რგოლად „პატრიოტთა ალიანსს“ გამოიყენებსო, თუმცა დღევანდელი მოცემულობა ისაა, რომ არჩევნების შედეგებს არც თქვენი პარტია ცნობს. მითხარით, „ოცნების“ „მაშველ რგოლად“ რატომ მიიჩნეოდით?
_ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე აწყობდა.
_ უკაცრავად, „ნაციონალური მოძრაობა“ რა შუაშია?
_ არჩევნების პოლარიზება სჭირდებოდათ. აბა, გავიხსენოთ, პოლიტიკურ ველზე ვინ იყვნენ?
_ კი ბატონო, გავიხსენოთ…
_ 2016 წელს მოწვეულ პარლამენტში, რომელიც მუშაობას ახლაც აგრძელებს, რეალურად, სამი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი _ „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
_ „ევროპული საქართველო“ რატომ დაგავიწყდათ?
_ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოეყო, თორემ ოთხი წლის წინათ ბარიერი სულ სამმა სუბიექტმა გადალახა. ამ სამიდან ორს _ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ _ პოლიტიკური პარტიების პოლარიზება სჭირდებოდა, ანუ პოლიტიკურ ველზე „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ადგილი აღარ უნდა დარჩენილიყო. ამიტომ ორივე ზემოხსენებული ძალა იმისკენ მიდიოდა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ცალკე დამოუკიდებელ ძალად კი არა, „ოცნების“ რაღაც დანამატად წარმოჩენილიყო.
თუ ვინმეს სატელიტი და დანამატი ხარ, ცხადია, არჩევნებში ისეთ ხმებს იღებ, რომლითაც გავლენას ვერაფერზე მოახდენ.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ეს ორივე პოლიტიკურ ძალას აწყობდა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ეს აზრი ჩამოაყალიბა კიდეც.
_ მაშასადამე, ბატონო გოჩა, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა: მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტები“ არა, მაგრამ შესაძლოა, რომელიმე სხვა ოპოზიციური ძალის თუნდაც ერთი წარმომადგენელი შევიდეს, არა?
_ გამორიცხული არაა, რომ ერთი კი არა, რომელიმე ოპოზიციური ძალის 9 წარმომადგენელი შევიდეს. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ეს მოხდეს, თუმცა რომც მოხდეს, ეს იმის საფუძველი არ გახდება, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ ვინმე საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს და ამით „ოცნებას“ გაყალბებული არჩევნებით მიღებული პარლამენტის ლეგიტიმაციის საშუალება მიეცეს.
_ ახლა „ოცნებისთვის“ მთავარია, რომ პარლამენტში ოპოზიციის ერთ წარმომადგენელი მაინც შეიტყუოს?..
_ ამას გეუბნებით, რომ არავინ შევა.
_ ბატონო გოჩა, დარწმუნებული ხართ?
_ დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ არავინ შევა, თუმცა გვსურს, რომ სხვა ოპოზიციიდან ვინმე ამ ცდუნებას არ აჰყვეს, რადგან არ შეიძლება, ამ პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს. ეს გაყალბებით არჩეული პარლამენტია, არჩევნების გაყალბება არავის უნდა შერჩეს, რადგან ეს ქვეყნისთვის დამღუპველია!
_ ისე, ხმა დადის, „ოცნება“ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ოპოზიციას თავიდან 100 მილიონს სთავაზობდა, ახლა კი ეს თანხა 200 მილიონამდე გაიზარდაო. ამის შესახებ თქვენც გსმენიათ?
_ „ოცნებისთვის“ ყველაფერი იყიდე-გაყიდეს დონეზე დადის. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. „ოცნება“ და მისი წარმომადგენელი ჩვენთან ასეთ მოლაპარაკებას ვერც აწარმოებს!

გიორგი აბაშიძე