რატომ დატოვა ბათუმში „ლელო საქართველოსთვის“ და ელისაშვილის „მოქალაქეების“ პარტიამ საპროტესტო აქცია?

15 ნოემბერს ბათუმში „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მასშტაბური აქცია ჩაატარა, რომელსაც ნიკა მელია და გიორგი ბარამიძეც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. აქცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართეს.
მათი მოთხოვნა იგივე რჩება და ეს გახლავთ თამარ ჟვანიას წასვლა დაკავებული თანამდებობიდან, არჩვნების ხელახალი ჩატარება და არსებული ოქმების გაუქმება, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია დამარცხებულია.

გთავაზობთ ნიკა მელიას მიმართვას ბათუმელებისადმი:
„ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ეს გამარჯვების ქალაქია… არსად ისე, როგორც აჭარაში, იცით რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება თავისუფლებას მარწუხებში აგდებს. 1991 წლიდან 2004 წლამდე თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მყოფ ხალხს არ გვქონდა თავისუფალი ცხოვრება ამ რეგიონში, რადგან ამ ქალაქს ერთი ადამიანი მართავდა. სამწუხაროდ, იმ რეალობას ნაწილი შეეგუა, თუმცა გამოჩნდნენ აქტიური ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ეს ადამიანი არ ჩაჯდა თვითმფრინავში და არ მოშორდა აჭარას. ახლა იგივე მდგომარეობა გვაქვს უფრო დიდი მასშტაბით, ეროვნულ დონეზე, _ ივანიშვილი მარწუხებში აგდებს მთელ რესპუბლიკას და არა მარტო რესპუბლიკას. ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ, არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს“.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ასევე მიმართა „გაერთიანებული ოპოზიციის“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ და მოწოდება გააკეთა, რომ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის დერეფნები მოაწყონ:
„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის დერეფანი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 22-ში კი მოვაწყოთ ისევ დიდი აქცია“.
საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ვითარება შეიცვალა. მოქალაქეებს ორგანიზებულად დაურიგდათ პოსტერები წარწერით: „მიშა, ჩამოდი“. ამ წარწერის გამოჩენაზე ოპოზიციის ორმა პარტიამ საპროტეტო აქცია დატოვა. ეს პარტიები გახლდნენ „ლელო საქართველოსთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ გაერთიანებულ ოპოზიციაში სწორედ იმ წარწერაზე, რომელიც დღეს ბათუმში აქციის დროს გამოჩნდა? როგორც ჩანს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები იყო, ხოლო ზოგიერთისთვის _ მიუღებელი.

ბექა დიასამიძე _ „სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი:
„ეს წარწერები მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ოპოზიციის ერთიანობაზე ეს არ აისახება, ცოცხალი პროცესია, მაგრამ არის აზრთა სხვადასხვაობა“.

გიორგი ბარამიძე:
„ზუსტად არ ვიცი, რატომ დატოვეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა აქცია, ამაზე თვითონ გააკეთებენ კომენტარს, მაგრამ თუ ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქ ადამიანების უმრავლესობას ხელში ეჭირა წარწერა: „მიშა. დაბრუნდი“, ეს ძალიან არასერიოზულია, რაც ვერ იმოქმედებს საერთო ერთობაზე.
ეგზიტპოლი რამდენიმე წუთის გამოცხადებული იყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი? მიხეილ სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მისწვდები. ძალიან მიხარია, რომ აქ ვხედავ ჩვენს კოლეგებს და კონკურენტებს. ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და გვიყვარდეს. ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, განურჩევლად ეთნიკურობისა. ყველამ თუ უნდა ავიტანოთ ერთმანეთი. რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია, ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა? მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი გვინდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი არ გინდა? ასე არ გამოვა, მეგობრებო. მასე არ გამოვა, ბიძინა, ეგ ამბავი. მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა განთავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია, შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს“.

დღის ბოლოს „ლელო საქართველოს“ ბათუმის მთვარ ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი შეიკრიბა და ჩატარდა თათბირი დახურულ კარს მიღმა.
ირაკლი კუპრაძე _ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი:
„მოწოდება: „მიშა, ჩამოდი“, ჩვენთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას, თუმცა გუნდი არ აპირებს ცალკეულ „პარტიულ ღონისძიებაში“ მონაწილეობას. „ლელოს“ გუნდმა დატოვა აქცია იმის გამო, რომ ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად, „მიშა, ჩამოდი“ შეძახილები, მიშა, როგორც თითქოს მთავარი წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიციური ერთობისა, არ არსებობს, ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანებით, მაგრამ ორი ძირითადი საკითხის გარშემო. არსებობს შეთანხმება ორ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის: ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე ორიენტირებული. ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს და ეს პრინციპი შეთანხმებულია ოპოზიციური პარტიების მიერ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განთავისუფლება ივანიშვილის მარწუხებისგან და თამარ ჟვანიას გავლენებისგან. სხვა დამატებითი მოთხოვნები, „მიშა, ჩამოდი“ და ა. შ. ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი“.
ოპოზიციის დღევანდელი აქცია ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც დატოვეს. მიზეზი ტრანსპარანტები „მიშა, ჩამოდი“ გახდა.
განმარტება ჟურნალისტებთან აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენრი დოლიძემ გააკეთა:
„ყველა პარტიას აქვს შიდა პარტიული მიზანი და ასევე გვაქვს ერთი, საერთო მიზანი _ განმეორებითი არჩევნები. ჩვენ ვუერთდებით საერთო მოთხოვნებს. დღევანდელმა აქციამ სხვა სახე მიიღო, ერთი პარტიის რელსებისკენ მიემართებოდა და ჩვენ ამას გავემიჯნეთ. „მიშა, ჩამოდის“ ლოზუნგს არ ვუერთდებით“.
საბოლოოოდ, ოპოზიციური პარტიები ისევ ერთიანი არიან და ისევ რჩება ძალაში მათი მთავარი მოთხოვნა: ხელახალი არჩევნების ჩატარება და თამარ ჟვანიას გადაყენება.

ხვიჩა მამულაძე