კორონა კოლაფსი აჭარაში



როგორ უმკლავდებიან ბათუმელი ექიმები კოვიდს? არის თუ არა საკმარისი საწოლები საავადმყოფოებში? რა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა სახელმწიფომ პანდემიის მართვის პროცესში? რატომ დროზე და ხარისხიანად არ გადაამზადეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი? რატომ დაიკარგა ოქროს დრო? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ბათუმის „მედალფას“ ყოფილ დირექტორ ლევან ანთაძეს ესაუბრა:

შეგახსენებთ: აჭარაში ბოლო ერთი კვირის მონაცემები ასე გამოიყურება: კორონავირუსით სულ 4020 ადამიანი დაინფიცირდა, 60 კი გარდაიცვალა.

ლევან ანთაძე:
_ დავიწყოთ შეფასებით, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა ეპიდვითარებას: გაზაფხულის პირველ ტალღას ჯანდაცვის სისტემა და ხელისუფლება, მეტ-ნაკლებად, მომზადებული შეხვდა. შემთხვევათა რაოდენობა ჩვენს ქვეყნაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო. კონკრეტული მაგალითიც გვაქვს _ როცა ბათუმში 23 მაისს ბოლო გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, მას შემდეგ 1 თვე, პირველ ივლისამდე, ადგილობრივი შემთხვევა არ ყოფილა. მერე დაიწყო ისევ მატება, მაგრამ ძალიან უმნიშველო და საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ მეორე ტალღისთვის მოვმზადებულიყავით. ეს ყველამ ვიცოდით _ მედიკოსებმა, ეპიდემიოლოგებმა, რომ მეორე ტალღა გადარდაუვალი იქნებოდა. მაგრამ ხელისუფლებამ რა შემოგვთავაზა ამ პერიოდში? მომზადების ნაცვლად იყო პიარი და მხოლოდ პიარი, რაც უკავშირდებოდა არჩევნებს. ,,ქართულ ოცნებას“ „სამი მუშკეტერი“ მთავრობის შეხვედრებზე დაჰყავდა და მთავრობა დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა. როდესაც დადგა პირველი სექტემბერი და რაოდენობამ მკვეთარად მოიმატა, მახსოვს, პირველ დღეს 21 შემთხვევა იყო და აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე, რომ საერთოდ მოუმზადებლები ვართ! არადა, მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. რას ნიშნავს მოუმზადებლობა? _ ეს იყო პირველადი ჯანდავის რგოლის მოუმზადებლობა, რის გამოც მხოლოდ 1 თვის შემდეგ დაიწყეს ბინაზე მკურნალობა. მე და ჩემი კოლეგები იმაზე ვსაუბრობდით, რომ პაციენტები უნდა გადანაწილებულიყვნენ სიმძიმის მიხედვით. სორტირებით უნდა გვემკურნალა.
ვაწყდებით ასევე მეორე სისტემურ პრობლემას: ეს არის მედპერსონალის მოუმზადებლობა! 20 სექტემბრის მერე დაიწყეს პირველადი ჯანდაცვის ექიმების მომზადება და უკვე მოკლე დროში მათი მომზადების ხარისხი არ იყო მაღალი, როცა ამის შესაძლებლობა არსებობდა და 3-4 თვე ტყუილად დაიკარგა.
რაც შეეხება ფინანსების განაწილებას, ასეთ დროს, პანდემიის რთულ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია, ფინანსურადაც მზად იყოს ქვეყანა. კარანტინი ოქტომბრამდე გაგრძელდა, საუბარია ციხე-კარანტინზე, რის გამოც დღეში ნახევარი მილიონი ლარი იხარჯებოდა. დღეს სიტუაცია შეცვლილია, ციხის კარანტინი გააუქმეს, როცა ეს რიცხვი კატასტროფულად შეიცვალა. შედეგი მივიღეთ ის, რომ ჯანდაცვაში ნაკლებია ფინანსები და კარანტინში დახარჯული ფული. ამ მეთოდიკას არც ერთი სხვა ევროპული ქვეყანა არ ცნობდა, რაც ხდებოდა საქართველოში.
შუა ზაფხულში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გახსნა. ამ დროს ჩვენ გაცილებით კარგი სტატისტიკა გვქონდა, გავთამამდით და უცებ აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა რაოდენობამ დღიურად მკეთრად მოიმატა. ეს კატასტროფაა.
პრობლემა არის სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და მისი მომზადების დონე, აპარატურა, არასაკმარისი ადგილები. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სისტემა დაულაგებელია. როცა ადამიანს სიმპტომი გამოუვლინდება და კორონა დაუდასტურდება, მინიმუმ, 5 სასწრაფოს რეისია საჭირო, რომ იგი გადაიყვანონ ან საავადმყოფოში, ან _ კოვიდსასტუმროში. ეს რესურსიც ამოწურვადია. არის 2 ცხელების ცენტრი, რომელიც არასაკმარისია _ ეს გახლავთ ინფექციური საავადმყოფო და საზღვაო ჰოსპიტალი, მაგრამ იქ არ ხდება სრული გამოკვლევა, არამედ კეთდება პისიარ ტესტირება, სისხლის ანალიზი, თან ვერ უკეთებენ კათეტერს, რადგან არ აქვთ. ჩვენ რომ შევუძინოთ, ერთი დღის კარანტინის ფულია საჭირო. კოვიდზე მომუშავე კლინიკებმა აუცილებელია, რომ ცხელების ცენტრი გააკეთონ. არის შემთხვევები, როცა უადგილობის გამო ვერ ტოვებენ პაციენტებს ადგილზე და უკან აბრუნებენ, რაც იწვევს დაავადების გართულებასა და გავრცელებას.
ერთი-ერთი სირთულეა სუნთქვის აპარატები, რომლის რაოდენობაც შეზღუდულია, მაგრამ შესაძლებელია ამ პრობლების მოგვარება. პრობლემები გვარდება რუტინულად და არა სისტემურად, რაც ჩიხია. ელემენტარულად შეიძლება ცხელების ცენტრის რაოდენობის გაზრდა, რომ დიაგნოსტირება ადგილზე გახდეს შესაძლებელი და არა ისე, რომ პაციენტი ჯერ მოჰყავს სასწრაფოს, იღებენ ტესტს, მერე კი უკან სახლში აბრუნებენ ან გადაჰყავთ სასწრაფოთი სასტუმროში. ეს გზა არის სწორედ მცდარი. რამდენად შეძლებს ჯანდაცვის სისტემა მთელი რიგი პრობლემების მოგვარებას, ეჭვი მეპარება, ეს კი მათ მიდგომებში კარგად გამოიხატება. პირადად ვნახე კოვიდკლინიკაში მისული სამინისტროს წარმომადგენელი, როცა ექიმებს ელაპარაკებოდა, რომ 3 დღეში გაეწერათ პაციენტები, რათა ადგილები არ გადატვირთულიყო, თორემ მარეგულირებელი მათ დააჯარიმებდა. ამ ყველაფერს ეუბნებიან ადამიანებს, პროფესიონალებს, რომლებსაც ოჯახები გადადებული აქვთ, ისე როგორც მე და 24 საათს პაციენტებთან ატარებენ.

ხვიჩა მამულაძე