არჩევნები გაყალბებულია

2020-ის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ უთხრა _ არა!
არჩევნები გაყალბდა!
დაანონსებული 63%-ის ნაცვლად „ოცნება“ მხოლოდ 48%-ს დასჯერდა და ისიც ადმინისტრაციული რესურსის, ქუჩის კრიმინალის, ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟისა და ოქმების გადაწერის ხარჯზე!
საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არსად გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილი, კენჭისყრის წინა დღეს ის გლდანში საკუთარი გამოსვლის ვიდეოჩანაწერით მივიდა და თავისი აქტივი მხოლოდ ორი წინადადებით გაამხნევა. არადა, გლდანი აპრიორი წაგებული იყო, _ ნიკა მელიამ ისე მოიგო ყველა უბანი, ბოლოს „ოცნების“ ცესკომაც კი 50,50% დაუწერა.
„ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის თავზე მოახერხა, რომ ყველა მოყვარე მტრად აქცია და პოლიტიკურ ველზე მოკავშირეების გარეშე დარჩა!
პარლამენტში შესვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ქართულმა მარშმაც“.
და პირველად საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში ბოიკოტი არის ერთსულოვანი და მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა მხოლოდ ერთი პარტიის მონაწილეობით გაიხსნება და მთავრობის დამტკიცებაც მარტოს მოუწევს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ „ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეუშვა!
ისტორიას უყვარს პარალელები:
2003 წელსაც ნოემბერი იდგა, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში პირველი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, აქციას 300-მდე აქტივისტი მართავდა, სააკაშვილი მიღებული 22%-ის აღიარებას ითხოვდა, შევარდნაძის ხელისუფლება გაჯიქდა, შედეგად კი „ვარდების რევოლუცია“ მიიღო!
ოპოზიციის ლიდერები უკვე შეხვდნენ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს, მათ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერეს, _ ლეგიტიმაციის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტიაო!
რუსთაველის გამზირი უკვე საპროტესტო აქციების ეპიცენტრად გადაიქცა. პირველი გამაფრთხილებელი აქცია არჩევნების მეორე დღესვე გაიმართა, მომდევნო საპროტესტო აქცია 8 ნოემბერს, კვირას, 16 საათზეა დაანონსებული.
დღეს ბევრს დაობენ, შეუძლია თუ არა პარლამენტს შეკრება და რას გვეუბნება ამის შესახებ კონსტიტუცია. ციფრების დათვლას არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, აღარც აქვს _ მეათე მოწვევის პარლამენტი ხალხის არჩეული არ არის!
საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი!!!
ხალხის არჩევანი მოპარულია!!!

ელისო კილაძე