ნინო ბურჯანაძე: „არჩევნები მინიმალური სტანდარტების დაცვით თუ ჩატარდა, ოპოზიცია იგებს“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია. მის თვალწინ უამრავმა მოვლენამ ჩაიარა, მათ შორის, ტერორისტულმა აქტებმა. ახსოვს ბანკების დაყაჩაღებებიც და მძევლების აყვანაც. ის ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა სახელმწიფო ისეთი უძლური იყო, როგორც გასულ კვირას, _ ერთმა შეიარაღებულმა მძარცველმა მთელი სახელმწიფო ჩამოშალა. ნინო ბურჯანაძეს არც ის ახსენდება, რომ საქართველოში ხელისუფლებებს მძევლები თავისიანებად და სხვისიანებად დაეყო. „ქართულმა ოცნებამ“ ამ მხრივაც გამოიჩინა თავი. ბიძინა ივანიშვილი თავისიანად არასდროს მიიჩნევდა ნინო ბურჯანაძეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მოსვლა იმ აქციის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც ბურჯანაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გამართეს. დღეს არც „ოცნებას“ და არც ივანიშვილს 26 მაისის სისხლიანი დარბევა აღარ ახსოვთ.

რატომ არის ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი ფიგურა? რატომ არ სურს ირაკლი კობახიძეზე საუბარი? რატომ თქვა 2008 წელს პარლამენტის გარანტირებულ თავმჯდომარეობაზე უარი? თანამშრომლობს თუ არა „ნაციონალებთან“? რა დაგვანახა გასულ კვირას ზუგდიდში ბანკის ძარცვამ? _ ამის შესახებ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო ნინო, დღეს ქვეყანაში მთავარი სალაპარაკო თემა ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაა, რომლის დროსაც ერთმა მძარცველმა ლამის სახელმწიფო ჩამოშალა. ასეთი უსუსური ხელისუფლება ჯერ არავის უნახავს. თავად ხელისუფლება ამ ოპერაციას წარმატებულს უწოდებს. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს კარგია და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ სახელმწიფო სახელმწიფოა და როდესაც ის თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ის ფაქტი, რომ მძარცველმა აიღო ფული და თავად გაათავისუფლა მძევლები, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვყავს. როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ბანკის ძარცვიდან რამდენიმე დღეა გასული და მძარცველის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ამ შემთხვევამ თვალსაჩინო გახადა სახელმწიფოს უსუსურობა და ვერც ოპერაციას ვუწოდებ წარმატებულს, მით უმეტეს, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა _ უბრალოდ, შეიარაღებულმა ადამიანმა ფული მოითხოვა და მისცეს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა მძიმე დღეშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.
_ ხელისუფლება სულაც არ ფიქრობს ასე. თავიდან უნდოდათ, ეს ძარცვა ოპოზიციისთვის, კერძოდ კი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაებრალებინათ მხოლოდ იმიტომ, რომ მძევალთა შორის ამ პარტიის მხარდამჭერი აღმოჩნდა.
_ ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია მათ პრეტენზია წავუყენო, მაგრამ ის, რაც ხელისუფლებამ იკადრა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. თუ რამე ოდნავი ბმა მაინც არსებობს ამ ძარცვასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხელისუფლებამ გადაკრულად კი არ უნდა ისაუბროს, პირდაპირ თქვას ამის შესახებ. თუ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნიათ, მაშინ რა უფლებით არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და რა უფლებით აბრალებს, პრაქტიკულად, ტერორისტულ აქტს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არჩევნებშია ჩართული?! ეს არის უკანონო მეთოდები და ბრძოლა წესების გარეშე.
გასულ კვირას დავინახეთ ხელისუფლების ნამდვილი სახე _ მათ მძევლად აყვანილი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაყვეს. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მოქალაქეებს განიხილავს თავის მომხრეებად და ყველა დანარჩენად. ამ დანარჩენის ბედი ხელისუფლებას არ ადარდებს. „ქართულ ოცნებას“ ასევე ორი სამართალი აქვს, ერთი მათი მომხრეებისთვისაა და მეორე _ დანარჩენისთვის.
ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს, ხელისუფლებას, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ იმათზე უნდა იზრუნოს, ვინც არჩევნებზე 41 ნომერს შემოხაზავს, ქვეყნის სათავეში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. ისინი თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არ წავლენ. „ქართული ოცნება“ ხალხმა უნდა გაუშვას.
_ როგორ გგონიათ, გაუშვებს ხალხი იმ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს? ჩვენს საზოგადოებას ცოტა უცნაური გადაწყვეტილებების მიღება უყვარს.
_ ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრს ითმენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას საკადრისს პასუხს გასცემს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს. „ქართული ოცნება“ ხალხის სიდუხჭირით უსინდისოდ სარგებლობს და ყიდულობს მათ ხმებს. ერთი მხრივ, ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება, მათ საკუთარი შვილების მომავალი 50 ლარად გაყიდონ, მაგრამ, მეორე მხრივ, ცდუნება დიდია, როცა ადამიანი მშიერია და წამლის ყიდვის საშუალებაც არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობამ, ვისაც ფულს სთავაზობს ხელისუფლება, უნდა აიღოს თანხა, მაგრამ ხმა მისცეს იმას, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს.
_ ფული აიღონ და ხელისუფლება გადააგდონ?
_ ეს არ არის გადაგდება, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გადამგდები ხელისუფლებაა და ის იმსახურებს გადაგდებას. თანხა, რომელსაც ხალხს სთავაზობენ, არის ბიუჯეტის თანხა, ის თანხაა, რომელიც ჩვენ ამოგვიღეს ჯიბიდან და ახლა ამ ფულით აპირებენ ხმების ყიდვას.
წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე, უბრალოდ, არ შემხვედრია. საჯარო სექტორში დასაქმებულთა ოჯახის წევრებიც კი არ არიან ბოლომდე ხელისუფლების მომხრეები. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მინიმალური სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებიც კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უმრავლესობა აიღოს ოპოზიციამ და არა _ „ქართულმა ოცნებამ“.
_ თქვენი აზრით, ჩატარდება ეს არჩევნები მინიმალური სტანდარტების დაცვით? გასულ კვირას გავიგეთ, რომ ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიას ვერ გამოაგზავნის.
_ მართალია, ევროკავშირის მისია ვერ ჩამოდის, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენს ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთო-ოდირის დამკვირვებლები. საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი ქვეყნებიდან ჩამოსულიყო გარკვეული რაოდენობის დამკვირვებელი. ამ პროცესში თავად საელჩოების თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. ოპოზიციურმა პარტიებმა შევქმენით ხმების დაცვის შტაბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კოორდინებულად ვიმოქმედებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთმანეთის ხმები მაქსიმალურად დავიცვათ. ყველა დარღვევის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს.
ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად მოვამზადეთ წერილები, რომლებიც საელჩოებში გავაგზავნეთ. აქ დეტალურად წერია, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და რას უნდა მიაქციონ დამკვირვებლებმა ყურადღება. ამ ინფორმაციის მიწოდების სურვილი თავად დამკვირვებლებმა გამოთქვეს.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენმა მოსახლეობამაც დაიცვას თავისი ხმები. არ უნდა აყვეს პანიკას და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. არჩევნებზე დაბალი აქტივობა „ქართულ ოცნებას“ აწყობს. კოვიდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ არჩევნებზე წასვლა უმნიშვნელოვანესია. უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში კოვიდისგან თავის დაცვა ძალიან მარტივია. ვერანაირად გამოვა ისე, რომ ადამიანმა გარესამყაროსთან მთლიანად გაწყვიტოს კავშირი. ამ ხალხმა არჩევნებიც ისეთ მოვალეობად უნდა მიიჩნიოს, როგორც მაღაზიაში ჩასვლა და ბავშვისთვის საჭმლის ამოტანა.
_ საარჩევნოდ ძალიან აქტუალურია კვლევები. ბევრ პოლიტიკოსს კვლევის შედეგებზე მწვავე რეაქცია აქვს. თქვენი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის ეს საკითხი უმნიშვნელოა. თქვენც ასე უყურებთ კვლევის შედეგებს?
_ რა თქმა უნდა. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ ვინ და როგორ ატარებს ამ კვლევებს. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ რომელი კვლევა რომელი პარტიის ინტერესებს გამოხატავს. ჩვენი პარტია ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ფიზიკური წნეხის ქვეშ იყო. 2012 წელს ეს ფიზიკური წნეხი მოიხსნა, მაგრამ ახლა ჩვენი პარტია მორალური და ფინანსური წნეხის ქვეშაა. ჩვენს მომხრეებს მარტივად ეუბნებოდნენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, _ მუშაობის დაწყება თუ გინდა, ბურჯანაძის პარტიიდან წამოდი. ასე რომ ჩვენი მომხრეები არავითარ შემთხვევაში არ ამბობენ, თუ რომელ პარტიას უჭერენ მხარს. მე თავად ვეუბნები, რომ არ თქვან ამის შესახებ. 2016 წელს ხელისუფლებას ჩვენი მომხრეების სია ჰქონდა. მათთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, _ თუ ბურჯანაძის მხარდამჭერი ხარ და სხვისთვის ხმის მიცემას არ აპირებ, ისე მაინც გააკეთე, რომ არჩევნებზე საერთოდ არ წახვიდეო.
_ რატომ იყო ასეთი მოთხოვნა? დღეს რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ეს ხომ 2011 წლის 26 მაისის დამსახურებაა. ივანიშვილმა თქვა, რომ ამ სისხლიანი ღამის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. ეს აქცია თქვენმა პარტიამ და სახალხო კრებამ მოაწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის აშკარად მიუღებელი ფიგურა ხართ და რა არის ამის მიზეზი?
_ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არასდროს ამბობენ, რომ ჩვენი პარტიის აქტიურობის შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ესეც რომ არ იყოს, „ოცნების“ ლიდერისთვის ბურჯანაძე, როგორც ფიგურა, მიუღებელია. მისთვის მიუღებელია ნებისმიერი დამოუკიდებელი ადამიანი. მისთვის მიუღებელია ასევე ისეთი ადამიანი, რომელსაც მასზე კარგად იცნობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი პოლიტიკოსები. ძალიან არ მინდა, მისი ოჯახის წევრებს შევეხო, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში მისი შვილი ამბობს, რომ ბიძინას ისე ელაპარაკებიან, როგორც შუა საუკუნეების დიდ მეფეებს. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ივანიშვილს ისე ვესაუბრო, როგორც ქვეშევრდომი ელაპარაკება მეფეს. აქედან გამომდინარე არის მისთვის ბურჯანაძე მიუღებელი.
_ ამასთან ერთად, თქვენ პრინციპულიც ხართ: 2008 წლის არჩევნების წინ, პრინციპების გამო, უარი თქვით საარჩევნო სიის პრველ ნომრობაზე და მომავალი პარლამენტის სპიკერობაზე. მაშინ ითქვა, რომ სიაში თქვენი გუნდის ჩასმის უფლება არ მოგცეს და ამიტომ წახვედით.
_ „ნაციონალებმა“ მაშინ ასეთი პიარი ააგორეს: ნინო ბურჯანაძე იმიტომ კი არ წავიდა, რომ რაღაცები არ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ხალხი არ ჩაწერეს საარჩევნო სიაშიო.
_ წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ხომ ესეც იყო?
_ რა თქმა უნდა. „ნაციონალებს“ ეგონათ, რომ მათ მიერ აგორებული პიარი ჩემზე ცუდად იმოქმედებდა. მახსოვს, მაშინ ჟურნალისტები ნიშნის მოგებით მეუბნებოდნენ, _ თქვენ იმიტომ წახვედით, რომ სიაში თქვენი ხალხი არ ჩაწერესო. მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გავაკეთე, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. მხოლოდ მანდატზე არ მითქვამს უარი, მე პარლამენტის გარანტირებულ თავმჯდომარეობაზეც ვთქვი უარი. უარი ვთქვი, იმიტომ რომ არ მინდოდა, მხოლოდ პარლამენტის სხდომების წამყვანი ვყოფილიყავი.
_ 2004-2008 წლებში გყავდათ პარლამენტში თქვენი გუნდი? მაშინაც ხომ პარლამენტის სპიკერი იყავით?
_ 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში ჩემი ავტორიტეტი ჯერ კიდევ მაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სააკაშვილისა და „ნაციონალების“ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მომეხდინა.
_ მერე რა მოხდა? როგორ დაიკარგა ეს გავლენა?
_ მე კარგად ვხედავდი, რომ დროთა განმავლობაში ისინი მომაგრდნენ და ჩემი სიტყვა სულ უფრო ნაკლები წონის მატარებელი იქნებოდა, თუკი მე პარლამენტში არ მეყოლებოდა საკუთარი გუნდი. ამის გამო ვთქვი უარი ქვეყანაში მეორე პირის თანამდებობაზე და წავედი ოპოზიციაში. ეს იმ დროს გავაკეთე, როცა ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობა იყო.
_ ოპოზიციაში თქვენმა გადასვლამ თქვენს მეუღლესაც დააკარგვინა თანამდებობა. ბადრი ბიწაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსი გახლდათ.
_ ასე იყო. დღემდე მიმაჩნია, რომ მაშინ ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება მივიღე. 31 ოქტომბერს უკვე მოსახლეობამ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიდიან ჩვენს მომხრეებთან და ეუბნებიან, ნინო ბურჯანაძე მაინც ვერ მოვა ხელისუფლებაში და მისთვის ხმის მიცემას რა აზრი აქვს, ამიტომ არჩევნების დღეს სახლში დასხედითო. „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი მომხრეების გასაგონად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში, ოღონდ არა ერთპიროვნულად. ჩვენ ხელისუფლებაში კოალიციურ მთავრობასთან ერთად მოვალთ, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი დააკომპლექტებს. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რამდენი კაცი მეყოლება პარლამენტში. რამდენიმე კაცს ჩვენი პარტია უპრობლემოდ გაიყვანს საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი.
_ რისთვის გჭირდებათ ეს უფრო მეტი ადამიანი პარლამენტში?
_ თუნდაც იმ მნიშვნელოვანი პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც არაერთხელ წარვადგინეთ. ექსპერტებმა ჩვენი პროგრამა ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. ეს პროგრამა რომ განვახორციელოთ, პარლამენტში სერიოზული ძალა გვჭირდება.
_ თქვენი პარტიის მიმართ „ოცნებას“ უამრავი პრეტენზია აქვს. ერთ-ერთ მათგანს საზოგადოების ნაწილიც იზიარებს. ამბობენ, როგორ დაჯდა ბურჯანაძე „ნაციონალებთან“, რომელმაც მას და მის მომხრეებს 26 მაისი მოუწყოო. არ გაგიჭირდათ მათთან ერთად დაჯდომა?
_ მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ვანო მერაბიშვილთან გამორიცხულია. ისიც ნათლად ვთქვი, რომ თუ მერაბიშვილი იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მას არასდროს დავუჭერდით მხარს. ნიკა მელია მართალია, „ნაციონალების“ წევრია, მაგრამ მას აქვს ჩვენი მხარდაჭერა.
_ რატომ აქვს ნიკა მელიას თქვენი პარტიის მხარდაჭერა?
_ უბრალოდ, უსამართლობაა, ნიკა მელიას წაუყენო პრეტენზიები „ნაციონალების“ გაფუჭებულ საქმეებზე. ძალიან კარგად ვიცი, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ნიკა მელია საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და „ნაცონალების“ საპირისპირო მხარეს იდგა.
_ თქვენ მაშინ „ნაციონალების“ მხარეს იყავით. მაგრამ დარბევის დროს თქვენი ბრძანებით გააღეს პარლამენტის ეზოს კარი, სადაც ბევრმა ადამიანმა შეაფარა თავი.
_ ამას, რატომღაც, არ იხსენებენ. მიმაჩნია, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვიღაცები ცდილობენ, რომ 7 ნოემბერი ჩემს შავ ლაქად წარმოაჩინონ, რაც ნამდვილად უსამართლობაა.
_ აბა, რას გერჩით „ოცნება“, რომლის დიდი ნაწილი 7 ნოემბრის დარბევას ტაშს უკრავდა? განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის აგრესიაა აუხსნელი. მისი მშობლები თქვენს პარტიაში იყვნენ წლების მანძილზე.
_ ირაკლი კობახიძის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს ერჩის. მას ვერავინ დაუშავებდა იმდენს, რაც ამ ადამიანმა საკუთარ თავს დაუშავა. ის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, იურისპრუდენცია კარგად იცის. მას შეეძლო საქართველოს ისტორიაში ძალიან პოზიტიური და კარგი როლი ეთამაშა. ამის მაგივრად მან ძალიან ცუდი კვალი დატოვა, მე ეს მწყინს.
_ რატომ გწყინთ?
_ ის სხვანაირი მახსოვს. ძალიან წესიერი, მორიდებული და კარგად აღზრდილი ახალგაზრდა იყო. ის ჩვენი პარტიის ოფისში ხშირად მოდიოდა. მისი მამა, ბატონი გია კობახიძე, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი იყო. გიას მეუღლე და ირაკლის დედა ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახლდათ. როდესაც ირაკლი კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ თურმე ბურჯანაძეს რაღაც ცუდი საქმეები უკეთებია, ეს მისი მხრიდან უხერხულად ჟღერს. სხვა თუ არაფერი, მისი მშობლები ჩვენი პარტიის ძალიან აქტიური წევრები იყვნენ.
ირაკლი კობახიძეზე ბევრი საუბარი არ მინდა, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი იმ შეურაცხყოფას, რაც მან ჟურნალისტებს მიაყენა. „მთავარი“ და „პირველი არხი“ „გლავნი“ და „პერვი კანალებად“ მოიხსენია. ბიძინა ივანიშვილის პარტიისგან ქართული არხების რუსულ ენაზე მოხსენიება ძალიან უხერხულია. სხვა თუ არაფერი, „ქართული ოცნების“ ლიდერმა იშოვა 5 მილიარდი დოლარი რუსეთში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ კეთდება რუსეთში ფული. ვიცით ისიც, თუ როგორ კეთდებოდა ამ ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იან წლებში ფული. ისიც ვიცით, როგორ გამოდის მერე ამ ნაშოვნი ფულიდან ასეულობით მილიონი რუსეთიდან. თუ ამეებს არ გაგვახსენებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი. რაც მეტად ახსენებს კობახიძე „პერვი კანალს“ და „გლავნი კანალს“, ამით ვერც კი ხვდება, რომ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს ურტყამს. რუსეთთან მიმართებით გამოყენებული ნებისმიერი არასწორი ისარი ივანიშვილისკენ წავა.
რუსეთთან მიმართებით სწორი პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაგვანახა, მაგრამ ის ნამდვილად გვაჩვენა, თუ როგორ უნდა გადმოიტანო რუსეთის 90-იანი წლები საქართველოში.
_ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დიალოგის მაგიდას მიუჯდა, თქვენ რუსეთუმე პოლიტიკოსის იარლიყი მოგშორდათ. ყველას გაუკვირდა, როცა თქვენ „მთავარ“ არხზე თქვით, რუსეთი ოკუპანტია და მას ჩემი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო.
_ მე ამას ადრეც ვამბობდი, მაგრამ მაინც რუსეთუმედ მთვლიდნენ. ეს იმის პრობლემა იყო, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველა ტელევიზია, „იმედის“ გარდა, ოპოზიციისთვის გახსნილია. გამონაკლისი არც მე ვარ. ამან საშუალება მომცა, რომ ამოჭრების გარეშე მელაპარაკა ის, რასაც აქამდე ვფიქრობდი. „მთავარ“ არხზე ახალი არაფერი მითქვამს. რუსეთის ცენტრალურ არხზე გამოსვლისას ორი წლის წინათ ვთქვი, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჩექმა არ უნდა იყოს. ეს ჩვენს მოქალაქეებამდე არ მივიდა.
2008 წლიდან ჩვენი პარტიის ამოცანა იყო საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება, ხოლო რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოება, რათა გამორიცხულიყო ამ ქვეყანასთან კონფრონტაცია.
„ნაციონალების“ დროს არაერთი პრესკონფერენცია მაქვს ჩატარებული. ჟურნალისტი მეკითხებოდა, _ ქალბატონო ნინო, თქვენ წახვალთ მოსკოვში? მე ამაზე ვპასუხობდი, _ მე წავალ ყველა ქვეყნის დედაქალაქში, სადაც წასვლა ჩემს ქვეყანას დასჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბრიუსელი იქნება, ვაშინგტონი, თუ მოსკოვი. ჩემს განცხადებებს ჩეხდნენ, ეთერში გადიოდა მხოლოდ ეს ფრაზა, _ მე წავალ მოსკოვში. ასეთ ტრიუკებს წინა ხელისუფლება ხშირად იყენებდა. ასეთ რამეებზე უარს არც „ქართული ოცნება“ ამბობს.
ძალიან უხერხულია, როცა „ქართული ოცნება“ „ნაციონალებთან“ კავშირში მადანაშაულებს. „ოცნებამ“ დამნაშავე „ნაციონალებთან“ მშვენივრად გადაინაწილა ბიზნესები და ახლა ერთმანეთის ბიზნესპარტნიორები არიან. მე იმის გამო მსაყვედურობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე რატომ დავჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩემთვის „ნაციონალებთან“ ერთად დაჯდომა იოლი არ ყოფილა, მაგრამ როცა ეს ქვეყანას სჭირდება, მაშინ მოსისხლე მტერთან ერთადაც უნდა დაჯდე მოლაპარაკებებზე.

შორენა მარსაგიშვილი